შემოგვიერთდით facebook-ზე
პოეტურ–პოლიტ–ეკონომიკა და უმწეოდ დაცემული ლარი
23-02-2015, 15:58  /  ნახვა: 3169

ქართული პოლიტიკური კვირები ერთმანეთს წვიმის წვეთებივით ჰგვანან. პოზიცია და ოპოზიცია ,,საქმიან–ენერგიულად" ჩხუბობენ, ხალხი კი უკეთეს მეოთხე წელს ელოდება. მოკლედ ბევრი არაფერი იცვლება, გარდა ლარის საგანგაშო კურსის დაცემისა და ქვეყნის ეკონომიკური დაქცევისა, რასაც ჩემი ,,პოეტურ–პოლიტ–ეკონომიკური შემოქმედების" მოზღვავებული ,,მუზა" ვერსად გაექცა...

,,ქალაქში მტვერში წაიქცა ლარი
ნუკრის თვალებით თმით - მიმოზებით,
და მწუხარების მალენიავში
მოფრინდნენ ხადური, ღარიბა, კვირიკა...

შეშლილი სახით კიოდა ხალხი,
შორს სესხი დარჩა და მშობლის კერა
აღარ ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და მოისმოდა ნაცთა სიმღერა "

ლარის გაუფასურებაზე განცხადება გააკეთეს ნაციონალებმა:

,,ხომ ლამაზია ეს ჩვენი ლარი
მაგრამ ჩვენ უფრო მაღალი გვინდა....
მიშა-ბიჭივით ამაღლებული
გადიდებული ხადურივითა."

ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს მთავრობა:

,,რაც უფრო შორს ხართ, მით უფრო ვტკბებით,
ჩვენში ხალხს უყვარს ოცნება ჩვენი
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი."

ლარის გაუფასურებამ ყველაზე მეტად ყველაზე გაჭირვებულ კატეგორიას დაარტყა.
და მაშინ როცა:
,,ჩვენი ქვეყნის მომავალი სულ ფეხებზე ჰკიდიათ,
საქართველოს დღეები კი მიდიან და მიდიან" - ამ დროს ისმის გამოძახილი ქართველი ხალხისა:

,,რა დამავიწყებს თქვენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეგ ალუბლები
იცოდე როცა სხვა ხალხს ავირჩევთ
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.

ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად,
ჩვენი ნაცები წრეგადასულნი,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა,
და მოგონებად დარჩა წარსული...."

და მაინც:
,,ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!"
P.შ. იმედია მკითხველი მომიტევებს, ქართველი კლასიკოსების შემოქმედების ,,გამოყენება–მისაკუთრების" მცდელობას და არსებობისთვის ამ მეტად საჭირო ატრიბუტის – ლარის ,,გალექსვას", მაგრამ გაჭირვების დროს იუმორს და ,,ვარდისფერ სათვალეს", ხომ არაფერი სჯობს?!
გიორგი გაბაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა