შემოგვიერთდით facebook-ზე
გიორგი გაბაშვილის – ,,პოლიტ–წკიპურტები" და ორწლიანი პოლიტიკის ორი ტაიმი
14-02-2015, 17:40  /  ნახვა: 3107

მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება!
დღეს თქვენი მონამორჩილი თავის კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო მატჩს გაუძღვება.
ერთმანეთს ხვდებიან ,,ნაცები" წითელ ფორმებში და ,,ქოცები" ლურჯ ფორმებში.
ჯერ-ჯერობით მოედანზე მოწინააღმდეგე გუნდები არ გამოსულან, მაგრამ აი, უკვე ვხედავთ, როგორ მოემართებიან მოედნისკენ გუნდების მწვრთნელები - ლურჯების მოთამაშე მწვრთნელი ბატონი ბიძინა და წითლების მწვრთნელი მიშა სააკაშვილი.
მაშ ასე, გამოდიან გუნდები. გთავაზობთ შემადგენლობებს:
,,ოცნების" გუნდი: უსუფაშვილი, კალაძე, ხადური, ვოლსკი, წულუკიანი, ბესელია, კვირიკაშვილი, ალასანია, ღარიბაშვილი, მარგველაშვილი, ბატონი ბიძინა.
,,ნაცების" გუნდი: მერაბიშვილი, ახალაიაN1, ახალაიაN2, კეზერაშვილი, ბოკერია, ჩიორა, ვაშაძე, ადეიშვილი, შაშკინი, ქობალია, გილაური.
მსაჯი: ნორლანდი (აშშ).
მსაჯის სასტვენი გაისმა, მატჩი დაიწყეს ,,ქოცებმა" და გადავიდნენ შეტევაზე. ღარიბაშვილმა გადასცა ალასანიას, ალასანიას "გაეხსნა" ბიძინა, გადააწოდა ბურთი, ბიძინამ მოატყუა ერთი, მოატყუა ორი, დარტყმა კარის მიმართულებით, მერაბიშვილი ადგილზე დახვდა ბურთს.
მატჩის მაყურებლები ოვაციებით ამხნევებენ გუნდებს.
თამაში ნაცების მოედანზეა, სახიფათო მომენტი, ალასანია გაიჭრა ფლანგზე, ჩამოაწოდა, ხადურს ხვდება ბურთი თავში და კარის ბოძი ისხლეტს მას, შემდეგ კი ახალაია იგერიებს მას მოედნის ფარგლებს გარეთ.
მცველებო, თქვე რეჟიმის მცველებოო! - ისმის ლურჯმაისურიანის ყვირილი, მაგრამ ვერ ვარჩევთ რომელი მათგანია, რადგან ყველას ,,41"-ნომრიანი მაისურები აცვიათ. მატჩი გრძელდება, ნაცების გუნდს აღარ აქვს შეტევის თავი, მათი მცველები ძლივს უმკლავდებიან შეტევებს, მიშა გიჟს ჰგავს, უფრო სწორად მიშა უფრო გიჟს ჰგავს. ქოცების გუნდში შეინიშნება სწორხაზოვანი ტაქტიკა, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი მხოლოდ ბატონ ბიძინას აძლევენ პასებს. მთავრდება პირველი ტაიმი, ბიძინა და მარგველა ერთად გამოდიან მოედნიდან, ბიძინა მარჯვენა ხელის მოძრაობით, რაღაც სიტყვას უხსნის, მიჯირყვნაო თუ მიჭირხვნაო. მთავრდება პირველი ტაიმი, შევისვენოთ.
მეორე ტაიმი უკეთესი უნდა იყოს, უკეთესი, ეიმედება პუბლიკას.
მეორე ტაიმში კი როგორც ჩანს ცვლილებებია, ბატონი ბიძინა ტოვებს მოედანს, თავდასხმაში გადადიან მარგველა და ღარიბა. უპრენცენდენტოა, მაგრამ როგორც ჩანს იცვლება მსაჯიც. მსაჯი ხდება ბატონი ბიძინა.
დაიწყეს ნაციონალებმა, მაგრამ უკაცრავად მეგობრებო, შეცვლილია ნაციონალების თითქმის მთელი გუნდი. მოედანზე არ ჩანან მერაბიშვილი, ახალაიები და სხვანი. რომელიღაც ნაციონალმა ტელეკამერების წინ გაიხადა წითელი მაისური და ლურჯი მაისური გამოუჩნდა. რომელია ვერ ვარჩევ, მხოლოდ რაღაცნაირი წარბები უჩანს.
მატჩი გრძელდება და ამას რას ვხედავთ?! მარგველაშვილმა ხელით გააჩერა ბურთი, თამაშის წესების ზედმიწევნით დაიცვა ბურთი და მოწინააღმდეგეს დაუბრუნა.
ყურადღება! ცვლილებაა! ქოცების გუნდიდან გადის მარგველა, მაგრამ ვინ ცვლის არ ვიცით, არ არის კარგი ამბავი.
ხალხი სკანდირებს ირაკლიიი! ირაკლი! ირაკლი! და ღარიბა გაიჭიმა, თუმცა ხალხი ახლა უკვე ალასა ალასას სკანდირებს და ღარიბამ დაიმორცხვა. ყურადღება ცვლილებაა, ალასანიას ნაცვლად მოედანზე შემოდის ჯანელიძე.
არ დაიჯერებთ და არსად ჩანს სააკაშვილი. სათადარიგოთა სკამზე ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში პორტატული კომპიუტერი უჭირავს. მიშა სკაიპის საშუალებით გუნდს მოძღვრავს!
თამაში დაძაბულია, მაგრამ ხალხი ნელ–ნელა ტოვებს ტრიბუნებს. ,,ნაცებისა" და ,,ქოცების" გუნდები ეუხეშებიან ერთმანეთს, არ გვაჩვენებენ რისთვის არიან მოედანზე და ხალხიც ინდიფერენტული ხდება მატჩის მიმართ.
სამაგიეროდ ნათელია, რომ ლეგიონერებით გვამარაგებს "მოძმე" რუსეთის ფედერაცია.
მსაჯის სასტვენის ხმა იგვიანებს! უკაცრავად პატივცემულო საზოგადოებავ და არსად ჩანს მატჩის მსაჯი. ბატონი ბიძინა სადღაც გაქრა...
ტრიბუნაზე მოსახლეობის 30 % დარჩა, შემდეგი მატჩი ალბათ უბრალოდ ჩაიშლება უინტერესობის გამო.
ჩვენ ვამთავრებთ რეპორტაჟს.

P.შ. ვიღაცას უნახავს მატჩის შემდეგ ბიძინა, ლოჟაში მჯდარა და ბევრი ბატიბუტი ჰქონია მომარაგებული.

გიორგი გაბაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა