შემოგვიერთდით facebook-ზე
რა სურვილები აქვთ და რაზე ოცნებობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები?!
17-01-2015, 19:49  /  ნახვა: 3033

გარშემო უამრავი ადამიანია, ვინც სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის იბრძვის. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს მიერ გაღებულ ერთ ღიმილსაც კი მათი დახმარება შეუძლია. ასეთი ჩვენს ირგვლივ უამრავია, მათ შორის ბერი ანდრიას სასტუმრო სახლში მყოფი სიმსივნით დაავდებული ბავშვები, რომელთაც საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ. ჟურნალ ,,გეოელიტე.გე_ს სტუმარია ბერი ანდრიას დედა ქალბატონი თინათინი. იგი უშუალოდ ,,ბერი ანდრიას სახელობის ფონდზე" და არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.
- რას ნიშნავს ლეიკემია და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?
- უპირველესად, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ლეიკემია და მძიმე სიმსივნური დაავადება, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. ჩვენი ფონდი, სწორედ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვას ემსახურება. სოლიდური სიმსივნე სხვადასხვა ორგანოზე ჩნდბა, განსხვავებით ლეიკემიისგან, რომელიც მხოლოდ სისხლის პრობლემას გულისხმობს. რთულია სიპტომებზე საუბარი, რადგან ეს დაავდება საკმაოდ ჩუმად მიმდინარეობს. სწორედ, ასე მოხდა მამა ადნდრიას შემთხვევაშიც. დაბადებიდან წელიწადში ორჯერ გამოკვლევებს ვუტარებდი, თუმცა დაავადება იმდენად მალულად მიმდინარეობდა, რომ ვერცერთმა ექიმმა ვერ შეძლო მისი აღმოჩენა. სოლიდური სიმსივნის ძირითად სიპტომებად უმადობა, პესიმისტური განწყობა და დაღლილობა ითვლება, ამიტომ მსგავსი ჩივილების არსებობის შემთხვევაში, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
- რამდენად ზრუნავს სახელმწიფო დაავადებულ ბავშვებზე?
- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელ ჯანდაცვის მინისტრს ,რადგან ცდილობს ყველანაირად დაგვეხმაროს, როგორც მატერიალურად, ასევე ფიზიკურად. პირადად შევხვდი ბატონ მინისტრს, გავაცანი მსგავსი პრობლემების მქონე ბავშების მშობლების და ჩემი ხედვა, რადგან ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე და ვიცი, რა უფრო მისაღებია მათთვის და მათი შვილებისთვის. ბატონ დავითს ჩვენი გეგმა ძალიან მოეწონა და დახმარებას დაგვპირდა. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მერიას და ცენტრალურ ხელისუფლებას, რადგან მათი დახმარებით, ერთ-ერთი ბავშვი გერმანიაში სამკურნალოდ გავგზავნეთ. სამწუხაროდ, სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშების მკურნალობა, სრულად არ ფინანსდება. საავადმყოფოში დაწოლა მხოლოდ 690 ლარით ანაზღაურდება, თუმცა გადასახდელი თანხა 1150 ლარია. ზოგიერთი მედიკამენტის სხვაობა ძალიან დიდია და დაფინანსების მიუხედავად, მაინც დიდი თანხის გადახდა გვიწევს.
- უშუალოდ ფონდზე და შექმნილ პირობებზე გვესაუბრეთ...
- ჩვენი ფონდი, მამა ანდრიას თხოვნით შეიქმნა. ეს ბერი ანდრიას სასტუმრო სახლი გახლავთ, რომელიც სრულიად უცნობმა ადამიანმა გვისაჩუქრა. მისი სახელიც არ ვიცოდით და მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც ბავშვებმა ლოცვებში მოხსენიების გამო სახელის გამხელა სთხოვეს. ამ ადამიანის შესახებ, მხოლოდ მისი სახელი (თემური) ვიცით. თავიდან ყველაფერი ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თავდაპირველად ბავშვებს კვირაში ერთხელ ვაკითხავდით საავადმყოფოში, შემდეგ მშობლებს დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში ვეხმარებოდით. ისინი მინდობილობას მაძლევენ, ჩვენ კი ყველა საჭირო საკითხს ვაგვარებთ, რათა რაიონიდან ჩამოსულებმა დრო არ დაკარგონ და ზედმეტი პროცედურების გარეშე საავადმყოფოში დაწვნენ. რაც მთავარია ბერი ანდრიას ფონდი, დედას საშუალებას აძლევს, მუდამ შვილის გვერდით იყოს, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. ამ სახლში არ ხდება სამედიცინო მანიპულაციები და გათვლილია, ბავშვების კომფორტზე. ჩვენს ფონდში დასასრული, ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია. ამიტომ ვზრუნავთ გარდაცვლილი ბავშვების მშობლებზეც, ისინი აქტიურად გვეხმარებიან, კეთილი საქმის კეთებაში.
- თუ შეგიძლიათ, ძირეულ პრობლემებსა და საჭიროებებზე გვესაუბრეთ.
- ბავშვი აუცილებლად უნდა მოსცილდეს საავადმყოფოს გარემოს, რადგან მას სულიერი სიმშვიდე სჭირდება, ამისათვის კი გასართობი ოთახის მოწყობაა საჭირო. გართობა და ფიზიკური მოსვენება მათი განკურნებისკენ გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ სახლში არ გვაქვს მაცივარი, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. ასევე საჭიროა სახლის აღჭურვა, მათი სრული რელაქსაციისთვის. უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ მათ არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური დახმარებაც სჭირდებათ. ჩვენი სახლის კარი ყველა ადამიანისთვის ღიაა, ამიტომ ნებისმიერს შეუძლია, გარკვეული წვლილი შეიტანოს მათ განკურნებაში. მსურს, ეს სახლი სამოთხეს დავამსგავსოთ. ისინი გამორჩეული ბავშვები არიან და არ მინდა, მათ მხოლოდ ტკივლი და განსაცდელი შეიგრძნონ.
- არა ბავშვები საკუთარ სურვილებს გიმხელენ? რა სურთ მათ?
- ბავშვები იმდენად ახლოს არიან ჩემთან, რომ დედას მეძახიან და რა თქმა უნდა საკუთარ სურვილებსაც მიმხელენ. ხშირად მესაუბრებიან პირად პრობლემებზე. ისინი იმდენად მოკრძალებულები არიან, რომ არასდროს ითხოვენ დიდი სურვილების ასრულებას. ერთ-ერთი ბავშვი ჯონი, რომელსაც თურმე ძალიან უნდოდა ლეპტოპი, არ გვეუბნებოდა, რადგან მას ერჩია ეს ფული წამლის საყიდლად გადაგვეხადა. ისინი უფლის რჩეულები და სულიერად ძალიან დიდი პიროვნებები არიან, თუმცა ფიზიკურად თავის თანატოლებს ჰგვანან და იგივე ოცნებები და სურვილები აქვთ, რაც მათი ასაკის ბავშვებს. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, თუ მათაც გაუჩნდებათ ლეპტოპისა და აიფონის მოთხოვნილება.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონებიდან ჩამოსულ ბავშებს სკოლის დიდი ხნით გაცდენა უწევთ?
- ლეიკემიით დავადებულთათვის სპეციალური პროგრამა არსებობს, რისი მეშვეობითაც მათ გაკვეთილებს უტარებენ. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები ამ პროგრამაში ვერ მოხვდნენ, რადგან მათ ჩვენი არსებობის შესახებ, არც კი იცოდნენ. შევხვდი თამთა დემურიშვილს, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნებაა და ძალიან გვეხმარება. მისი დახმარებით მივედით განათლების სამინისტროში და ვესაუბრეთ ამ პრობლემის შესახებ. ისინი დახმარებას დაგვპირდნენ, დიდ იმედებს ვამყარებთ კეთილ ადამიანებზე და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს მალე მოვაგვარებთ.
- ძვირადღირებული მედიკამენტების აუცილებლობის შემთხვევაში, როგორ ახერხებთ საჭირო თანხების მოძიებას?
- როდესაც ჩვენი თანხები წამლის ღირებულებას ვერ წვდება, მივდივარ მერიაში, საკრებულოში, ჯანდაცვის სამინისტროში და მათ ვთხოვ დახმარებას. მინდა ავღნიშნო ჟურნალისტ რუსუდან ცხომელიძის წვლილი ამ დიდ საქმეში, პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, ის მაქსიმალურად მეხმარება. აქვე მინდა გაწეული დახმარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, ნიკა ესაკიას და თინათინ მაღალაშვილს.
- ჩვენი ჟურნალის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოებას და მისცეთ სტიმული, რათა ერთად დავეხმაროთ სიმსივნით დაავდებულ ბავშვებს.
- მოვიშველიებ პატრიარქის სიტყვებს და ვიტყვი, რომ ,,ამ ბავშებს კი არ ვეხმარებით, არამედ ისინი გვეხმარებიან ჩვენ". ამიტომ ყველამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ საქმეში. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც სიხარულით გაბრწყინებულ მათ თვალებს ხედავ, ამიტომ საჭიროა დახმარების შემდეგაც მოინახულონ ეს ბავშვები და გაიზიარონ მათი სიხარული. პირადად მე სანამ ამ პრობლემას არ შევეჩეხე, არც კი მეგონა თუ ეს დაავადება არსებობდა. როდესაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე გული მეტკინა, რომ ბევრის გაკეთება შემეძლო მათთვის და ბოლოს მივხვდი, ამიტომ ნუ დაველოდებით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი გასაჭირი და ერთობლივად შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. ვთხოვ ყველა დედას, რომ მათზეც ისე იზრუნონ, როგორც საკუთარ შვილებზე ზრუნავენ.

ბერი ანდრიას სახელობის ფონდი.
საბანკო კოდი: თBჩBGE22.
ა/ა GE73თB7171536080100002
ზარი ყველა ქსელიდან:
09011500535.
(ზარის ღირებულება 1 ლარი)
591-818-813
595-399-390
თინათინი ბერი ანდრიას დედა.

მზიკო კევლიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა