შემოგვიერთდით facebook-ზე
დედაქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიაზე მიბმული დასუფთავების გადასახადი ჩამოეწერება
13-12-2014, 14:39  /  ნახვა: 1648

2015 წლის 1 იანვრიდან, დედაქალაქის მოსახლეობას 2011 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე მიბმული დასუფთავების გადასახადის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება ჩამოეწერება, - აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიამ საკრებულოს დღეს წარუდგინა.
ინიციატივის თანახმად, თბილისში მცხოვრებ 11 ათასამდე ოჯახს დასუფთავების დავალიანება მოეხსნება, რაც ჯამში 1 მილიონ ლარს შეადგენს. თბილისის მერიამ, "თბილსერვისთან" ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავალიანების მქონე აბონენტების სუფსიდირება საკუთარ თავზე თბილისის მერიამ აიღოს.
2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის წინა მთავრობამ დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის ტარიფს მიაბა და მოხმარებულ 1 კვტ.სთ-ზე დასუფთავების ტარიფი 0,05 ლარით განსაზღვრა. იმის გამო, რომ ტარიფის დადგენის წესი იყო უსამართლო, ხოლო თავად ტარიფი - მოსახლეობის შემოსავლების არაადეკვატური, ამ გადაწყვეტილებამ თბილისელთა სამართლიანი პროტესტი გამოიწვია.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2 წლის განმავლობაში მოქმედებდა და იგი 2013 წლის 1 ივნისს გაუქმდა. ამ პერიოდში, 11 ათასამდე აბონენტს ჯამში დაუგროვდა 1 მილიონი ლარის დავალიანება, რისი გადახდაც, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარ შეძლო.
ელექტროენერგიაზე მიბმული დასუფთავების გადასახადის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების ჩამოწერის დაპირება საკუთარ ამომრჩევლებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წინასაარჩევნოდ მისცა. დღეს აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად, თბილისის მერიამ "ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 7 მარტის N5-5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა