შემოგვიერთდით facebook-ზე
გულისჯიბით ატარებდა მილიმეტრებში აცდენილ მისთვის ნასროლ ტყვიას
12-12-2014, 21:55  /  ნახვა: 2448

რუსთაველის გამზირზე, ,,ალექსანდროვის" ბაღში, ქაშვეთის ეზოში, წმინდანების მფარველობის ქვეშ აიდგა ფეხი. მერეც, მუდამ გრძნობდა, როგორ მფარველობდა წმინდა გიორგი, როგორ უყვარდა ღვთისმშობელს... ქალაქში ვერ ეტეოდა, ქალაქი ეპატარავებოდა, ეცოტავებოდა... ამიტომ პირველი ბილიკები პიონერთა სასახლიდან მთაწმინდაზე, ახლად დაარსებულ საქართველოს ტელევიზიის შენობაში, ანძისკენ გაიკვალა. მუდამ ახლის ძიებაში, ჩაფიქრებული პატარა ბიჭი, აზრიანი, მეტყველი თვალებით ტრიალებდა იმ პროფესიონალებს შორის, ვისაც საქართველოს მოსახლეობა ტელე-ეთერის კორიფეებად აღიქვამდა. ყველასთან მეგობროდა, ასაკი ბარიერი არასდროს ყოფილა. ყველასადმი მოწიწება და თაყვანისცემა, უმცროს უფროსობის ტრადიციულობის დაცვა, რაინდობა და განსაკუთრებულად დადებითი თვისებები აიგივებდა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის მცნებასთან.

ტელევიზია მისთვის მეორე კი არა, პირველი ოჯახი იყო. პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტელე-რადიო მექანიკის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე. მაინც ვერ გაჩერდა ერთ ადგილზე, რადგანაც სხვაგვარად არ შეეძლო, მისი მიზანი თავისუფლების განცდა იყო. თეატრალური ინსტიტუტის ტელე-რეჟისორის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სათაყვანებელ დედას, მეორე წითელი დიპლომიც რომ მიუტანა, დედამ ჰკითხა: – კიდევ რას აპირებო?! – საქართველოს სიყვარულში სიკვდილსო... – სიკვდილი რა მოსატანიაო, შეცბა დედა.გულისჯიბით ატარებდა მილიმეტრებში აცდენილ მისთვის ნასროლ ტყვიას
სტუდენტობის დროს ქალაქს გაერიდა. მთას მიაშურა, სივრცეები, სილაღე, თავისუფლება სწყუროდა, მთა იზიდავდა, ეძახდა... გუდამაყარში მთლად უწვერულ მთიელ ბიჭს გოდერძი ჩოხელს გადაეყარა... კომუნიზმის პიკი რომ დალაშქრეს ძმადაც გაიფიცნენ. დედაქალაქში ერთად დაბრუნდნენ, იმავე წელს გოდერძი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, მერე ერთად მიუყვებოდნენ ცხოვრების გზა-შარას, მძიმეს და მსუბუქს!... მთელი მისი ცხოვრების გზა შემოქმედებად იქცა, ის ყველგან იყო, საქართველოს ყველა კუთხეში, მას მისი თაობა საქართველოს რადიოს `პიონერთა დაფიონიდან~ იცნობდა, უამრავ წერილებს და მოკითხვის ბარათებს უგზავნიდნენ, ამხნევებდნენ, სიყვარულს არ ამადლიდნენ, გულმოდგინებას უქებდნენ და სამეგობროდ ხელს უწვდიდნენ, ასე იქცა ერთი პატარა თბილისელი ბიჭი ლეგენდარულ თამაზ პაიჭაძედ. მას მეგობრები მოფერებით ,,პაჭოს" ეძახდნენ.
პროფესორ-მასწავლებლები, ცნობადი სახეები, მაგრამ მის ყოველდღიურ ცხოვრებასთან, მაინც დიდი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი გააიგივა.
– მიშა გვეტყოდა, მიშამ გვასწავლა, მიშამ იცოდა, თითქმის ყოველ დღე იხსენებდა სათაყვანებელ უფროს მეგობარს და რაც წლები ემატებოდა, უფრო და უფრო ცხოვრობდა ბატონი მიხეილ თუმანიშვილის ცხოვრებით.
კონსტანტინე გამსახურდია, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ნინო რამიშვილი და კიდევ რამდენი საქართველოს უსაყვარლესი მამულიშვილი იყო, მისთვის პირადი მაგალითი და მეგობარი. კაკაბეთის ზარმა რომ ჩამოჰკრა საქართველოში, მაშინ ამ თემის გაჟღერება ასე მარტივი არ იყო, იქაც გმირობის ტოლფასი შრომა და გამბედაობა ჩადო, კაკაბეთის ზარებს პირველმა მან შემოჰკრა. დედაენის ხმაურიან თემასაც პირველად მან შეჰბედა! ის ყველგან იყო კამერით ხელში, ზოგჯრ კი, მარტო კამერით კი არა... იარაღითაც ხელში. ნადირობის ტრფიალი და არც თუ ხელმოცარული მონადირე, საქართველოს სილამაზით და მომხიბვლელობით ავსილი სულიერებით სტუმრობდა ყველა კუთხეს.
სვანეთი – მთელი გულზვიადობით და მედიდურობით, თვალშეუდგამი სილამაზით, შეუვალი, მაგრამ უყურადღებოდ, თაყვანისცემის გარეშე დარჩენილი, სამი წლით მისი საცხოვრისი გახდა. აიყოლია სამხატვრო აკადემიის ფერმწერთა ჯგუფი და ასე ამღერდა სვანეთის ბუმბერაზ მთებში, ეკლესია მონასტრებში ძველი, ბუნებრივი ფერები. იქიდან დაბრუნებულმა რკონს მიაშურა. რკონის მივიწყებული მონასტერი თითქოს მის მზრუნველობას, მის მოფერებას, მის ალერსს ელოდა (სადაც მიდიდოდა, ყველგან მისი დანათესავება უნდოდათ, ასე გახდა საქართველოს ყველა კუთხის ნათლია).
მერე რკონი გახდა მისი სამყოფელო, ისევ მხატვრებისა და ხუროთმოძღვრების ჯგუფები, ისევ მიდი-მოდი, ისევ დაიბრუნა სიცოცხლე რკონის მონასტერმა, ამ გაცოცხლებაში კი მისი წილი სიყვარულიც იდო, დადიოდა შინდისფერ ჩოხაში გამოწყობილი რაინდი რკინის მიწა-წყალზე და ეფერებოდა საოცნებო დავით მეფის ნაფეხურებს, ხან კი მის აჩრდილთან ერთად ფორიაქობდა საქართველოს მშფოთვარე, აწეწილ-დაწეწილი ცხოვრების გამო.
ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრში მყოფმა სწრაფად იყნოსა შიდა ქართლში მოსალოდნელი საფრთხეები, ცდილობდა ყველაფერი ეღონა, რომ ოსურ-რუსული აგრესია თავიდან აგვეცილებინა. შიშობდა, ეს ხანძარი თუ აალდებოდა, საქართველოს დიდ ზიანს მოუტანდა. საუბედუროდ მისი წინათგრძნობა ახდა. შიდა ქართლი, ისტორიული სამაჩაბლო... დღეს ჩვენი ღირსების შელახვის და უმწეობის ნიშან სვეტია.
ძალიან მძიმე იყო 1992 წლის 14 აგვისტო. საქართველოს ტელევიზიის I არხის მუშა ჯგუფმა ღამის 11 საათზე დატოვა თბილისი, დავალება – სოხუმში ლენინის ძეგლის დემონტაჟის გადაღება.
სოხუმში ჩასულები ხელჩართულ ბრძოლაში მოხვდნენ, ვიღას ახსოვდა რაღაც ძეგლები, ომი იყო, ნამდვილი ომი, შემდეგ გულისჯიბით ატარებდა მილიმეტრებში შემთხვევით აცდენილ მისთვის ნასროლ ტყვიას, რომელსაც თილისმა დაარქვა, მაგრამ უბედურებისაგან მაინც ვერ დაიფარა.
სოხუმი მის ბედისწერად იქცა, უდიდესი პასუხისმგებლობა, ინფორმაციის მინისტრის თანამდებობიდან, დიპლომატიურ ჟურნალისტამდე, მას ძალიან ბევრს ავალებდა. იმაზე მეტს რასაც საკუთარი სიცოცხლის მოფრთხილება და თავის გადარჩენა ჰქვია.
თინათინ რეხვიაშვილი

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა