შემოგვიერთდით facebook-ზე
წიქარა
5-02-2013, 20:32  /  ნახვა: 5348

წიქარა

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი და აშარი ქალი გამოდგა. გერს მუდამ ცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა.

ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა, სახელად - წიქარა, რომელიც ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში მიჰყავდა, დაბინდებამდე აძოვებდა, აბანავებდა და  ჩრდილში ასვენებდა, რომ სიცხეს არ შეეწუხებინა.

დედინაცვალს კი არა მარტო გერი, მისი საყვარელი ხარიც შეძულდა და მათი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. 

ბიჭს რომ ვერაფერი მოუხერხა, ადგა და თავი მოიავადმყოფა, დაიწყო კვნესა და გმინვა.  ქმარმა ჰკითხა:

- რა გიშველისო?

- წიქარას გულ-ღვიძლის გარდა ვერაფერი მომარჩენსო, - უთხრა ქალმა. იცოდა, ხარის  დაკვლა ბიჭს დარდით დაასნეულებდა და ბოლოს მოუღებდა.

მამა შეწუხდა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ რას იზამდა? ცოლი  რომ ლოგინიდან აღარ ადგა,  გადაწყვიტა, წიქარა დაეკლა.

მეორე დილას შვილმა დაინახა, რომ მამა დანას ლესავდა.

- რად გინდა, მამა, ეგ დანა, რისთვისა ლესავო? - ჰკითხა ვაჟმა.

- წიქარა უნდა დავკლაო, - უპასუხა მამამ.

დაღონდა ბიჭი, მაგრამ რა უნდა ექნა?

- წავალ, წყალს მაინც დავალევინებო, - გაიფიქრა ბიჭმა.

წაიყვანა წიქარა მდინარეზე, ასმევს წყალსა და თან ტირის.  

- რა გატირებს, ჩემო კარგო? რაზე ითხრი თვალებს? შემოგევლოს შენი წიქარაო.

ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, ეგონა, ხმა მომესმაო. შეშინებული და განცვიფრებული დიდხანს გონს ვერ მოვიდა. ბოლოს მიხვდა, რომ  ხარი ელაპარაკებოდა.

- დაკვლას გიპირებენო, - შესტირა ბიჭმა.

- ვიცი, ვიცი, ჩემო მეგობარო, მაგრამ არც შენ მოგელის კარგი დღე. წადი, წამოიღე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი და ერთი დოქი წყალი. შემაჯექი ზურგზე და გავიპაროთო.

ბიჭმა მოიტანა ყველაფერი, წიქარამ შეისვა ის ზურგზე და გაქუსლეს. მამა ელოდა, ელოდა და შვილი რომ აღარ მობრუნდა, წავიდა მდინარეზე.  იქ არავინ დაუხვდა. აქეთ -ეცა, იქით - ეცა, მაგრამ შვილისა და წიქარას ასავალ-დასავალი ვერ შეიტყო. დედინაცვალმა გერის დაკარგვა არად ჩააგდო, მაგრამ როცა ქმარმა უთხრა, წიქარაც თან წაუყვანიაო, ერთ წყეულ ღორს გადააჯდა და გამოეკიდა.

მირბის წიქარა, მიარბენინებს პატარა მეგობარს, მისდევს ეშვებდალესილი ღორი. ის არის, უნდა დაეწიოს, რომ წიქარამ უთხრა ბიჭს:

- რაღას ელი, მეგობარო, სიკვდილი თვალწინ გვიდგას, გადაღვარე დოქიდან წყალიო.

გადაღვარა წყალი ბიჭმა და უცებ გაჩნდა უზარმაზარი ზღვა. ღელავს ზღვა შავად, სიკვდილს უქადის ყველას, მაგრამ ღორი არ ეპუება ზვირთების ცემას და მაინც მიცურავს. სანამ ღორი ზღვას გადაცურავდა, წიქარამ და მისმა მეგობარმა დიდი  გზა გაიარეს... ბოლოს წყლიდან ღორმაც გამოაღწია. წიქარამ უთხრა ბიჭს:

- თავი მიაბრუნე, აბა, მოგვდევს ღორი, თუ არაო?

მიიბრუნა ბიჭმა თავი:

- შორს ბუზისოდენად რაღაც მოჩანსო, - უთხრა წიქარას.

- ეგ შენი წყეული დედინაცვალიაო, - მიუგო ხარმა.

მირბის წიქარა, მიაქროლებს ბიჭს, მისდევს ღორი, ცოტაც და დაეწევათ.

- გადააგდე სავარცხელიო! - შესძახა ბიჭს წიქარამ.

გადააგდო ბიჭმა სავარცხელი. უცებ ისეთი უდაბური ტყე გაჩნდა, თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა. ჭრა ეშვებით ღორმა ტყე, ჭრა და გავიდა. მირბის ხარი, მიაქროლებს ბიჭს.  დიდი გზა გაიარეს. ბიჭმა უკან მოიხედა. შორს ბუზივით ისევ მოჩანდა რაღაც.

- რაღაცა ჩანსო, - უთხრა მან წიქარას.

- დედინაცვალი მოგვდევსო, - მიუგო წიქარამ.

ცოტა კიდევ, ცოტა კიდევ და სადაცაა ღორი წიქარას დაეწევა, მაგრამ გადააგდო ბიჭმა სალესავი  და წინ თვალუწვდენელი კლდე აღიმართა. ჭრის ღორი, ჭრის რაც ძალი და ღონე აქვს კლდეში საფეხურებს და ადის ზემოთ. შუამდე რომ მივიდა, დაუსხლტა ფეხი და უფსკრულში ჩაინთქა. დედინაცვალიც თან ჩაიყოლა. ჩემი და თქვენი ჭირიც წაიღო.

წიქარა და ბიჭი  სამშვიდობოს გავიდნენ. ხარმა მეგობარი ტრიალ მინდორზე გაიყვანა. იქ ერთი ალვის ხე იდგა, მისი კენწერო ცასა სწვდებოდა. შესვა ზედ, მისცა ორი სალამური: ერთი - საჭირვარამო, ერთი - სალხინო და უთხრა:

- მე წავალ, მარტოკა ვივლი მინდვრად, ბალახს მოვძოვ. შენ აქ იყავი, თუ რამე გაგიჭირდეს, საჭირვარამო სალამური დაუკარი და მაშინვე აქ გავჩნდები; თუ მოგშივდება, სალხინო სალამური დაუკარი, საჭმელსაც ის მოგიტანს და სასმელსაცო. წიქარა  გამოეთხოვა და წავიდა.

ბიჭი დასახლდა ალვის ხეზე და უკრავდა სალხინო სალამურს... ერთხელ სალამურის ხმა ერთმა მეცხვარემ გაიგონა, ძალიან მოეწონა და მიჰყვა ხმას. ხმამ ალვის ხესთან მიიყვანა. ხედავს, ბიჭი სალამურს უკრავს, პეპლები კი გარს ეხვევიან, სალამურის ხმაზე ცეკვავენ და ერთმანეთში ირევიან. მეცხვარე შურით აივსო და სალამურის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.

- ერთი დაბლა ჩამოდი, მაჩვენე ეგ სალამური, რისგან არის გაკეთებულიო, - დაუძახა ვაჟს. მაგრამ ვაჟი არ ჩამოვიდა, წიქარას გაფრთხილებული ჰყავდა, ხიდან არ ჩამოხვიდეო. გაბრაზდა  შურიანი მეცხვარე, წავიდა ხელმწიფესთან და მოახსენა:

- ამა და ამ ადგილას ერთი ბიჭი ზის ალვის ხეზე და ისე უკრავს სალამურს, რომ იმისი მოსმენით მთელი ქვეყანა ხარობსო.

ხელმწიფემ მაშინვე დაიბარა თავისი ნაზირ-ვეზირები და უბრძანა, ის ბიჭი სალამურიანად მომგვარეთო. ნაზირ-ვეზირებმა მეფეს ერთი მოხუცი ქალი მიუყვანეს.

- მე მოგგვრით იმ ბიჭსაო, - დაპირდა ხელმწიფეს ქალი.

ადგა დედაბერი, წაიყვანა ერთი თხა, წაიღო სადგისი და მივიდა ალვის ხესთან. ბიჭი  ხეზე იჯდა და სალამურს უკრავდა. დედაბერი ალვის ხის ძირში დადგა, ამოიღო სადგისი და თხას ჩხვლეტა დაუწყო. კიკინებს საწყალი თხა. ბიჭმა რომ გაიგონა, მოხუცსა გადმოსძახა:

- რასა შვრები, დედილო, რად აწვალებ მაგ თხასაო?

- დაკვლა მინდა, შვილო, და ვერ დამიკლავს,  ქენი სიკეთე,  ჩამოდი და დამიკალიო.

რას მოიფიქრებდა ბიჭი, რომ მოხუცს გულში ღალატი ედო. ჩამოძვრა ხიდან. დედაბერმა ჯადოთი გააბრუა და დააძინა. ხელმწიფის კაცებმა წაიყვანეს მძინარე ბიჭი და ჩასვეს ცხრაკლიტულში. გამოეღვიძა ბიჭს, ხედავს - დატყვევებულია. დაღონდა, დაიწყო ტირილი, ინატრა თავისი სალამურები, მაგრამ ისინი ალვის ხეზე დარჩენოდა. ბიჭი სარკმელთან დაჯდა და ცას მიაცქერდა. ამ დროს ცხრაკლიტულს ყვავმა ჩამოუფრინა, დაინახა ვაჟმა და შესძახა:

- ყვავო, ყვავო, სად მიფრინავ, სად მიგეჩქარება? წადი, შენი შვილების მზესა, მინდორში რომ ალვის ხე დგას, ზედ ჩემი სალამურებია და აქ მომიტანეო!

- მე რომ ლეშსა ვჭამდი და შენ ქვებს მესროდი, აღარ გახსოვსო? - გაახსენა ყვავმა და გაფრინდა. გააყოლა თვალი ბიჭმა და ცრემლი მოერია.

ახლა ბეღურამ გადმოიფრინა.

- ჩიტო, ჩიტო, შენი ბარტყების გაზრდას, მინდორში ალვის ხეზე სალამურები დამრჩა და მომიტანეო!

- შენ რომ მახეს გვიგებდი და ბუდეს გვიშლიდი? ვერა, მე ვერ მოგიტან, სხვას სთხოვეო, - უთხრა ბეღურამ და გასცილდა. ბიჭმა მასაც ცრემლიანი თვალები გააყოლა. ბოლოს მერცხალი გამოჩნდა. ბიჭმა შესტირა:

საით მიფრინავ, მერცხალო?

საითკენ მიეშურები?

მინდორთ რომ ალვის ხე ხარობს,

ცივნი წყარონიც დიანო,

პეპლებიც იქა სხდებიან,

ტურფად ჭრელ მხრებსა შლიანო,

შეიყრებიან ჩიტები,

ყვავილნი შეკრბებიანო,

წიქარაც იმათთან მოდის,

იქ დაინახავ, ღვთიანო!

სალამურებიც იქ არის,

უჩემოდ დალპებიანო...

გაფრინდი, აქ მომიტანე,

ჩემო ლამაზო მხრიანო. 

შეეცოდა მერცხალს, გაფრინდა და მოუტანა სალამურები. დაუკრა ბიჭმა საჭირვარამო სალამური. წიქარამ გაიგონა თუ არა სალამურის გულსაკლავი ხმა, მაშინვე გაეშურა მეგობრისაკენ. გააფთრებული ეცა რქებით ცხრაკლიტულის კარს და დაუწყო მტვრევა. რვა კარი გატეხა, მაგრამ მეცხრეს რომ მიადგა, ცალი რქა მოსტყდა! დაღონდა წიქარა, თავის რქას ისე არ ჩიოდა, როგორც მეგობრის ტყვეობას. ღმერთს ახალი რქა შესთხოვა. უცებ შიგნიდან თაგვი გამოძვრა და წიქარას უთხრა:

- რას მომცემ, რქა რომ ამოგიყვანო, შენ ლეშს ხომ მაჭმევო?

- გაჭმევო, - უთხრა წიქარამ.

თაგვმა ამოუყვანა რქა. ეცა წიქარა და შელეწა მეცხრე კარიც, შევიდა ბიჭთან, შეისვა ზურგზე და გაეშურა ალვის ხისაკენ. წიქარამ ბიჭი ალვის ხეზე შესვა და თავად კი ისევ მინდორში წავიდა.

გავიდა დრო. იჯდა ბიჭი ალვის ხეზე, უკრავდა სალხინო სალამურს და ერთობოდა. ერთხელ წიქარა მოენატრა და ნახვა მოუნდა. დაუკრა საჭირვარამო სალამური, მაგრამ ხარი არ გამოჩნდა. რას იზამდა, წავიდა საძებნელად. ბევრი ეძება. ბოლოს ერთ კორდზე მკვდარი იპოვა. ზედ დაემხო და ატირდა. ისე გულსაკლავად ტიროდა, რომ მისი ცოდვით ბალახი ტიროდა, პეპლები აღარ დაფრინავდნენ და ცრემლსა ღვრიდნენ.

- ვაიმე, ჩემო წიქარა... - მოთქვამდა ბიჭი - უშენოდ ახლა რაღა მეშველებაო?

ამ დროს საიდანღაც ის თაგვი გამოძვრა, წიქარას რომ რქა გაუმთელა, ხარის ლეშის საჭმელად მოსულიყო თურმე. რომ დაინახა ბიჭი საცოდავად ტიროდა, უთხრა:

- წიქარა რომ გაგიცოცხლო, შენს ლეშს მაჭმევო?

- ოღონდ კი ჩემი წიქარა გამიცოცხლე და გაჭმევო, - დაპირდა ბიჭი.

გაიქცა თაგვი, იქვე დაკრიფა რაღაც ბალახი, მიუსვ-მოუსვა წიქარას და გააცოცხლა. მოეხვია ბიჭი ხარს, ეალერსება, თვალებს უკოცნის. ისიც გახარებული ლოკავს ბიჭს.

- აბა, გეყოფათ, - უთხრა თაგვმა ბიჭს, - მე უკვე ძალიან მომშივდა, შენი სიკვდილის დრო მოვიდაო.

გაიქცა თაგვი, დაკრიფა სასიკვდილო ბალახი, მოიტანა და ბიჭს გაუწოდა. ბიჭს არ ეთმობოდა  სიცოცხლე, მაგრამ პირობა ხომ უნდა შეესრულებინა და თავისი მეგობრისათვის თავი გაეწირა!

ის იყო ბიჭი უნდა შეხებოდა ბალახს, რომ თაგვმა უთხრა:

- თქვენნაირი მეგობრები ჩემს დღეში არ მინახავს, პირობას ნუღარ შემისრულებ, მარად! იცოცხლეო!

მანამ  ბიჭი გონს  მოვიდოდა, თაგვი გაქრა.

წიქარა და ბიჭი სხვა მხარეს წავიდნენ, სადაც არც კუდიანი დედაბერი და არც შურიანი მეცხვარე იყო. მოძებნეს ალვის ხე. ბიჭი ისევ თავის სალამურებიანად ხეზე დასახლდა, ხარი კი მინდვრად ბალახობდა. ბიჭი ისევ სალამურზე უკრავს და ქვეყანას ატკბობს. ხარი რომ მოენატრება, მოიხმობს, ისიც მაშივე იქ გაჩნდება.

ცხოვრობენ ასე ტკბილად და ბედნიერად!

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა