შემოგვიერთდით facebook-ზე
დევნილთა საცხოვრებლების ასაშენებლად გამოყოფილი თანხის მითვისებისთვის ხუთი პირი დააკავეს
9-12-2014, 17:44  /  ნახვა: 1823

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი, რომელთაც იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი კორპუსებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებაში ედებათ ბრალი, პასუხისგებაში მისცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტდ გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს "NBG"-ის დირექტორები - ნუგზარ ენდელაძე და ალექსანდრე ხურციძე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ მაღალდაძე, ამავე სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი რატი სვანიძე და საფინანსო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამირან გოგიძე.
დადგენილია, რომ შპს "NBG"-ს ხელმძღვანელები, ლტოლვილთათვის ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილს - 1 081 611 ლარს.
გარდა ამისა, სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ შეამოწმეს სამშენებლო სამუშაოები და ყალბი აქტები დაადასტურეს ხელმოწერით.
ამასთანავე, ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია - 211 200 ლარი, რითაც სამინისტროსს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 180-ე, 332-ე, 342-ე და 362-ე მუხლით.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა