გუშინ თელავში მომხდარ ფაქტს, ჩვენი ჟურნალი geoelite.ge გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო 65 წლის ქალბატონის გარდაცვალებაზე. აფთიაქში ვიზიტისას მოულოდნელად გარდაცვლილი გულნაზი მესტვირიშვილის ახლობლები ამტკიცებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა გამოძახების ადგილზე, რა დროსაც ავადმყოფი ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ახლობლები პრეტენზიას გამოთქვამენ იმაზეც, რომ სასწრაფომ გარდაცვლილი ადგილზე დატოვა და მისი პროზექტურაში გადასვენება არ მოხდა, ხოლო ოჯახის წევრების მისვლისას ექიმები იქ აღარ იყვნენ.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით geoelite.ge–ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი სოფო ჭუმბურიძე დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე შემდეგი განმარტება გააკეთა: ,,გაცნობებთ, რომ ზარი გამოძახების შესახებ 112-ში 11:54 საათზე დაფიქსირდა, სსდ ცენტრს აღნიშნული გამოძახების შესახებ ინფორმაცია 11:55 საათზე მიეწოდა, ბრიგადას გამოძახება 11:58 საათზე გადაეცა, ადგილზე კი 12:02 საათზე მივიდა. შესაბამისად, ცნობა იმის შესახებ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე მისვლა დააგვაიანა, სიმართლეს არ შეესაბამება. სულ სასწრაფო დახმარების გამოძახების მოთხოვნით შემოვიდა 2 ზარი. პირველად 11:54 საათზე დარეკა გიორგი ბუიშვილის, განმეორებით კი 11:59 საათზე მირიან რომელაშვილის მიერ.
რაც შეეხება გარდაცვლილის გადასვენებას, მსგავს შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ხდება შესაბამისი სტრუქტურებისთვის გადაბარება და მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებს ადგილს. გაცნობებთ, რომ ცხედარი გადაბარდა საპატრულო ეკიპაჟს N 58. გვამის გადასვენება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კომპეტენციას სცილდება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონ გულნაზი მესტვირიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს." – აღნიშნა სოფო ჭუმბურიძემ.