რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქებს რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდ. აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო-დასავლეთიდან – მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისის ეპარქიები. ეპარქიის სამხრეთ საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება ეკლესიათამშენებლობა. IV ს. ბოლოს მითრიდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია „ეკლესიის საფუძველი“. ვახტანგ გორგასალის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავის საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შედეგად აოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთაველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. ავტოკეფალის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
2002 წლის 17 ოქტომბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავის და მარნეულის ეპარქია. 1997-2010 წწ. ეპარქიის მმართველი იყო მღვდელმთავარი მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). ამჟამად ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). მეუფე ჩვენი ნომრის სტუმარია. იგი გვესაურება ბავშვის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, მის აღზრდასა და ცხოვრებაში საერო და სასულიერო განათლების როლზე.
- დაგვლოცე მეუფეო...
- ღმერთმა დაგლოცოთ!
- მეუფეო, ამბობენ სიტყვა „განათლების“ ძირი და არსი ნათელში მდგომარეობსო. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს გამონათქვამი. რას ეფუძვნება ჩვენი დღევანდელი განათლება და მეცნიერება, რა ღირებულებათა სისტემაზეა აგებული მსოფლმხედველობა?
- უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სამი ნათელი: ხელთუქმნელი ღვთაებრივი, ხელით ქმნილი- ღვთის მიერ ქმნილი, ფიზიკური, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და გონებრივი ნათელი, რომლითაც ჩვენი გონება წვდება ღვთის მიერ შექმნილ სამყაროს, ღვთის განგებას, ნებას და ვიმეცნებთ ჩვენს თავს და სამყაროს. ეს სამივე ნათელია. ასე, რომ თქმა იმისა, რომ "განათლებაში" მარტო ღვთაებრივ ნათელზეა საუბარი არასწორი იქნება და ამ ტერმინის შევიწროვება მოხდება. სრული განათლება არის ის, როდესაც ხილულ, ფიზიკურ სამყაროს იმეცნებს ადამიანი. თავის თავს და საზოგადოებას აწესრიგებს. სკოლა, საერო განათლების სისტემა, უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს, რომ ადამიანმა შეიცნოს გარე სამყარო და თავისთავი. თავისთავში აღმოაჩინოს უფლის მიერ მოცემული ნიჭი და ამ ნიჭის შესაბამისად იცხოვროს, თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობები განახორციელოს, რეალიზება გაუკეთოს. ეს არის საერო განათლების ნიჭი, რომ ადამიანი სწორედ იყოს ორიენტირებული სამყაროში. რაც შეეხება სულიერ-სარწმუნოებრივ მართვას, ეს უკვე დამოკიდებულია ადამიანზე. ადრე, ადამიანი სულიერი განათლებისთვის მონასტერში მიდიოდა, მოძღვართან. სულიერი განათლება შეუძლებელია სულიერი მოღვაწეობის, ლოცვის და მადლის გარეშე. ცხადია სკოლაში ძალით ვერ მოახდენ ამ ყველაფერს, რადგან იძულებითი ლოცვა ლოცვა აღარ იქნება, მაგრამ, რადგან ღვთის ხატად არის შექმნილი ადამიანი, მას ბავშვობიდანვე უნდა მიეცეს საწყისი, სიტყვიერი ცოდნა ღვთის, სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ, ლოცვა და სღმრთო ისტორია იცოდეს და შემდგომ ცხოვრებაში მას უკვე შეუძლია უფო სწორად გააკეთოს არჩევანი. თავად ადამიანმა უნდა აირჩიოს გახდება მისი ცხოვრება შეგნებულად, მიზანმიმართულად უფლისმიერი თუ მარტო მატერიალურ ცხოვრებას მიანიჭებს უპირატესობას. ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციურად განათლება არის საერო. მაგრამ საეკლესიო სკოლების არსებობა გამორიცხული არ არის. ეს არ ეწინააღმდეგება კონსტიტუცია. კარგია როცა მშობელს უნდა მისი შვილი გაიზარდოს საეკლესიო სკოლაში, რომელიც იგივე ზოგად განათლებას აძლევს ბავშვს და ათვითცნობიერებს საეკლესიო-საღმრთო ისტორიაში, ქრისტიანულ ზნეობაში, წმინდანთა ცხოვრებაში, წმინდა წერილში და ა.შ. მშობლის არჩევანი ერთია, მაგრამ შვილის არჩევანი სხვა შეიძლება იყოს. მშობელს უნდა, მაგრამ ბავშვმაც უნდა მოინდომოს.
- რამდენად მნიშვნელოვანია უფროსი თაობის როლი ბავშვის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში?
- მნიშვნელობა მართლაც დიდი აქვს. პირველი, გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება არის ოჯახი, შემდეგ უკვე ზრდასთან ერთად იძენს მეგობრებს, მისი თვალსაწიერი ფართოვდება, ამიტომ საწყისშივე თუ მისი ოჯახი ცხოვრობს ეკლესიურად, თუ ოჯახის წევრების ცნობიერება ეკლესიურია, ამ გარემოდან გამომდინარე, ასეთი ხედვა მისთვის უკვე ბუნებრივი ხდება. უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ დადგება ჟამი, როცა ბავშვი გახდება სრულწლოვანი, გამოჩნდება საზოგადოებაში და მოუწევს ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან, სხვა რჯულის მიმდევრებთან, ამიტომ საეკლესიო სკოლის მისია არამარტო სულიერი ცოდნა-განათლების მიცემაა, არამედ მომზადება ამ სოფელთან შეხებისთვის, ურთიერთობისთვის. რათა მოზარდმა ზნეობა, მშვიდობა, სიყვარული, სიკეთე, წყალობა შეინარჩუნოს და მაგალითი მისცეს სხვებს. უფროსების მისია დიდია. ჯერ მშობლების და მერე მასწავლებლების. თუ ბავშვი ეკლესიაში დადის-მოძღვრის როლიც მნიშვნელოვანია. ცხადია, რომ შვილი თვითონ აკეთებს არჩევანს. ჩვენ საღვთო ისტორიიდან გვაქვს ამის მაგალითები. ერთი მშობლის შვილები იყვნენ კაენი და აბელი, სემი და ქამი, იაკობი და ესავი. ერთ გარემოში იზრდებოდნენ, მაგრამ სხვადასხვა ხასიათის იყვნენ და სხვადასხვა არჩევანი გააკეთეს. კაენი ძმის მკვლელი გახდა, ქამი მამის გამკითხველი, ესავმა პირველშობოლება გაყიდა შეჭამანდზე. არის ჩვენთვის მიუწვდომელი განგება ღვთისა, რომ ერთიდაიმავე ოჯახში მშობლის შვილები სხვა ხასიათის იზრდებიან, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია. ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, ის თავად აკეთებს არჩევანს. ხასიათი კი აქვს გენეტიკურად მშობლისგან, მაგარმ ეს შეიძლება გამოვლინდეს, როგორც დადებით, ისე უარყოფით მოქმედებაში. შეიძლება ფიცხი კაცი თავდადებული იყოს და კაცის მკვლელი გახდეს. სიფიცხე არც მკვლელობას და არც ზნეობას არ განსაზღვრავს, თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია თავის მოქმედებაზე, თავს ვერ გაიმართლებს-მე ასე გამზარდესო. კი გაგზარდეს, მაგრამ შენ რატომ არ გაზარდე შენი თავი? აღზრდის პროცესში აუცილებლად ერთვება თვითაღზრდა.
- რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ღვთისგან დაშორებულმა ცოდნამ და მოაქვს თუ არა სიკეთე ცოდნის თვითმიზნად დასახვას?
- ცოდნა თვითმიზანი როცა ხდება, ეს უკვე თავისებური კერპია და როგორც ყველა კერპთაყვანისმცემლობა ცუდი ნაყოფი გამოაქვს. ერთ-ერთ ფიზიკოსთან საუბარში, რომელიც რწმენის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი, ამ თავის უარყოფით დამოკიდებულებას ამართლებდა. ამბობდა, რომ უამრავი უსამართლობა, ბოროტება ტრიალებს ქვეყანაზეო. ვუთხარი, რომ ეს ჩვენი ცოდვების ბრალია, მაშინ ბავშვები რა შუაში არიანო? თავად მუშაობდა ისეთ სფეროში, რომ მისი შრომის საბოლოო ნაყოფი იქნებოდა რაღაც ახალი იარაღის გამოგონება, რომელიც ვის ხელშიც აღმოჩნდებოდა, შეძლებდა თავის ნებაზე დიდი მასშტაბით ქვეყნის მართვას. შენ რომ ამას ქმნი და ეს ბოროტი კაცის ხელში ჩავარდეს, ხომ ცუდად გამოიყენებსთქო - ვუთხარი. კიო - მიპასუხა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, მე ვარ მესია და ეს არის ჩემი აღმოჩენაო. სწორედ ეს არის ბოროტების თავი. მას არაფერი ედარდებოდა თავის ამბიციის მეტი. ამით იწყება სათავე ბოროტების. უსიყვარულოდ იქცეოდა, მან გააკერპა მეცნიერების დარგი და მხოლოდ მას მსახურობდა. გარშემო ადამიანი დავიწყებული ყავდა. ასეც ვუთხარი. ყველაშემთხვევაში გაკერპეპა მეცნიერების, თუნდაც ხელოვნების ყოველთვის ამპარტავნების, ეგოიზმის გამომხატველია და შესაბამისად უსიყვარულობისაც. ეს ძალიან ცუდია.
- მეუფეო, სარწმუნოებისა და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულება არის თუ არა პრობლემა?
- ათეიზმი უპირისპირდება სარწმუნოებას, მაგრამ რეალურად ჭეშმარიტი სარწმუნოება და მეცნიერება ერთმანეთს ავსებს. ასევე როცა კერპთაყვანისმცემლობაზეა საუბარი, სარწმუნოების და მეცნიერების, რწმენის და ცოდნის, ხილულის და უხილავის, ღვთაებრივის და კაცობრივის სინთეზი თვითონ ადამიანში უნდა მოხდეს. თუ ის, ამ ცოდნას გაასაზრდოებს და გაამეცნიერებს, მაშინ სრულყოფილებას იგემებს.
- როგორ ეხმარება ცოდნა ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში?
- ცოდნის მიღება ეხმარება ადამიანს, თუ ამას თავისთვის იყენებს. ხშირად ვიყენებთ ცოდნას, იმისთვის, რომ სხვები განვიკითხოთ, შენიშვნებზე გავამახვილოთ ყურადღება, სხვებს ვასწავლოთ, მაშინ როცა ჩვენ არ ვსწავლობთ. ქრისტიანობა კი პირიქით გვეუბნება: ნუ განიკითხავ, იმიტომ, რომ შენ თავად განიკითხები. რაც არ მოგწონს სხვა ადამიანში შენში უნდა დაძლიო და რაც სხვაში მოგწონს შენში უნდა ასაზრდოო, გაუკეთე სხავს, რაც გინდა შენ გაგიკეთონ და ნუ უკეთებ იმას, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ. ამას ასწავვლის უფალი, წმინდა სახარება. ამიტომ ცოდნა აუცილებელია ადამიანისთვის, მაგრამ არასაკმარისი. ადამიანმა ცოდნის სწორი, სასიკეთოდ გამოყენება უნდა ისწავლოს.
- რამდენად დამოკიდებულია მომავალი მოზარდი თაობის გონიერებასა და სულის სიმდიდრეზე?
- ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ერის და ქვეყნის ცხოვრებაში. გახსოვთ ალბათ ეს სიტყვები: „შურმა შეიპყრას ერი უსწავლელი და ცეცხლმა შესჭამოს ისინი“. ერი, რომელიც არ ნათლდება, არ იმეცნებს გარემოს ის დიდხანს ვერ იარსებებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როგორია გარემო ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც ცნობილია, რომ მცირერიცხოვანი განათლებული ერი, დიდი ნაკლებ განათლებული ერის მიერ, რომ იყოს დაპყრობილი, მისი განათლება, გაუნათლებელზე გავლენას მოახდენს. ამ ისტორიის მრავალი მაგალითი არსებობს. მაგალითად რომმა დაიპყრო საბერძნეთი და ბერძნებისგან უამრავი რამ ისწავლა. შეიძლება მცირერიცხოვანი ერი, დიდი სახელმწიფოების გავლენის სფეროში აღმოჩნდეს, მაგრამ თუ მასში არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულების ხელოვნება, სულიერება, ზნეობრივი პრინციპები, ტრადციები ვერავინ ვერაფერს ავნებს. ყველას უნდა გვახსოვდეს რომ, ჩვენ ყველანი, დიდიც და პატარაც უფალთან უნდა მივიდეთ.