შემოგვიერთდით facebook-ზე
ლევან გულბათაშვილი: ჩემმა მეუღლემ გაცნობისთანავე ნარცისები მაჩუქა
6-11-2014, 22:14  /  ნახვა: 3302

ამბობს, რომ ტელე-რადიო წამყვანის ნიჭი პირველი კლასიდან აღმოაჩნდა, როცა სკოლიდან დაბრუნებულა პლასტელინით, ფანქრებით და ფერადი ფურცლებით მიკროფონი გააკეთა და ოჯახის წევრებისთვის ქართული ფილმის წარდგენა გადაწყვიტა, რის შემდეგაც შეაქეს და კარგი წამყვანობა უწინასწარმეტყველეს. თუმცა პროფესიის არჩევისას ჟურნალისტიკის ნაცვლად, შოთა მილორავას სახელობის საესტრადო საცირკო ხელოვნების სასწავლებელში ჩააბარა.

ლევან გულბათაშვილი: ჟურნალისტიკაზე არ ჩავაბარე, რადგან სიმღერა მიზიდავდა. ვმღეროდი საბავშვო ანსამბლ ,,გვირილაში" და ,,ინდიმინდიში".
– პირველად, როგორც წამყვანი, როდის მოხვდით ტელე-რადიო სივრცეში?
– არსებობდა საკაბელო ტელევიზია, სადაც ღამის ოპერატორი სჭირდებოდათ. ახლობელმა მითხრა ამის შესახებ და მივედი, იქ თითქმის ერთი წელი ვმუშაობდი. შემდეგ მუსიკალური ტელევიზია ,,ჩატ ბოქსი"გაიხსნა და სატესტო რეჟიმში გადიოდა. ერთ ღამეს დაუკითხავად შევედი პირდაპირ ეთერში და გადაცემა ექსპრომტად წავიყვანე. ამას, თურმე არხის უფროსი უყურებდა. მეორე დღეს დამირეკა და მუსიკალურ წამყვანად დამნიშნა. ასე დაიწყო ჩემი წამყვანობის კარიერა. ,,ჩატ ბოქსში" სამი წელი ვიმუშავე, იქედან რადიო ,,ევროპაში" გადავედი, რომელიც სამწუხაროდ ერთ წელში დაიხურა... შემდეგი სამი წელი კი ,,საქართველოს ხმაში" ვიყავი.
– როგორ მოხვდით რადიო ,,დარდიმანდში"? ლევან გულბათაშვილი: ჩემმა მეუღლემ გაცნობისთანავე ნარცისები მაჩუქა
– მეგობრის რეკომენდაციით ნინო ჩხეიძესთან მივედი. დამთანხმდა, რომ ხმა ჩამეწერა, მან ჩემს პიროვნებაზე არაფერი იცოდა, მხოლოდ გაგებული ჰქონდა, რომ ვინმე გულბათი ვიყავი და ვმღეროდი, რადგან ,,დარდიმანდში" ჩემი სიმღერები ტრიალებდა. საბედნიეროდ ნინოს ჩემი ჩანაწერი მოეწონა და ,,დარდიმანდულ ტალღაზე" მუშაობა დავიწყე.
– გაიხსენეთ პირველი პირდაპირი ეთერი.
– თავიდან ორი კვირა პრაქტიკაზე დავდიოდი, შემდეგ მითხრეს, რომ პირველი ეთერი 9 აპრილს უნდა მქონოდა. ძალიან ვინერვიულე, რადგან ქართველებისთვის ტრაგიკულ დღეს. ,,დარდიმანდულ რადიოში" კარგ ხასიათზე უნდა იყო და შენი პოზიტიური ენერგია მსმენელსაც გაუზიარო. ეს ორმაგად საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. თუმცა საბედნიეროდ საეთერო დრო 8 აპრილს გადმომიტანეს, რამაც ძალიან გამახარა. პირველად დაძაბული ვიყავი, რასაკვირველია ვნერვიულობდი, დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთ რეიტინგულ რადიოში პირველი ეთერი, მაგრამ გამომივიდა.
– მუსიკალურ წამყვანად სადაც გიმუშავიათ ყველგან "ლეგო" გერქვათ, ,,დარდიმანდში" კი ,,გულბათით" გიცნობენ. რატომ არ დაიტოვეთ იგივე სახელი, ამით ძველ მსმენელსაც ხომ გაახსენებდით თავს?
– ძველი მსმენელი ისედაც გადმომყვა. შეიძლება ადრე დარდიმანდულ მუსიკას არ უსმენდნენ, მაგრამ პიროვნების გამო ამ რადიოს უსმენენ. ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ჩემს მსმენელს, რომ შეიყვარეს რადიო ,,დარდიმანდი". თუმცა მსმენელი ,,დარდიმანდს" არასდროს აკლდა. როდესაც მარიამ მაღრაძესთან ერთად ქალაქური სიმღერები ჩავწერე, იქ სახელი ,,გულბათით" ვიყავი, ამ სიმღერებს ,,ლეგო" არ უხდებოდა. დარდიმანდის თანამშრომლებმაც ამ სახელით გამიცნეს.
– როგორ ახერხებთ მსმენელის მოზიდვას? ლევან გულბათაშვილი: ჩემმა მეუღლემ გაცნობისთანავე ნარცისები მაჩუქა
– როდესაც ,,დარდიმანდში" მივედი, იმ წამყვანების ფონზე, სადაც იყვნენ: ოთარ გამამხნევებელი, შანო, დიტო ქისიშვილი, ასევე გოგონები თაკო აბაშიძე და მაცაცო თოხაძე თავს ნულად ვთვლიდი. თუმცა ხალხის დიდი სიყვარული მალე დავიმსახურე. ძალიან მიყვარს ჩემი მსმენელი და ყველას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ისინი მაძლევენ სტიმულს ყოველი ეთერი ჭეშმარიტად ქართული და დარდიმანდული იყოს.
– თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
– თავისუფალი დრო ფაქტიურად არ მაქვს. სახლშიც გვიან, დასაძინებლად მიწევს მისვლა. გარდა რადიო ,,დარდიმანდისა", სხვა სამსახურშიც ვმუშაობ, ასევე მაქვს რეპეტიციები.
– თქვენს ოჯახზე ვისაუბროთ, ვინ არის თქვენი მეუღლე და სად გაიცანით?
– ჩემი მეუღლე ქეთევანი, უსაყვარლესი ადამიანია, რომლის გვერდში დგომის გარეშე არაფერი გამომივიდოდა. მადლობა უფალს, რომ ასეთ ადამიანს შემახვედრა. ერთმანეთი ძალიან სასაცილო ვითარებაში გავიცანით. ტელევიზიიდან ღამე ნათევი მოსაწესრიგებლად სახლში დავბრუნდი, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ეზოდან ამომძახა, მას ამოსვლა ვთხოვე, უარი მითხრა დაქალთან ერთად ვარო. როცა ჩავედი, ქეთი მოვიდა, ნარცისები მაჩუქა და მითხრა, რომ ჩემი ფანი იყო. გავოცდი, გამიხარდა, თან მეუხერხულა, რომ ქალბატონმა ყვავილები მაჩუქა. ბოლოს გაირკვა, რომ მეხუმრებოდნენ. ჩემს მეგობარს კი ვუთხარი, ქეთისი არ ვიცი, მაგრამ დღეიდან მე ვარ მისი თაყვანისმცემელი–მეთქი! 19 წლის ასაკში, 8 მაისს დავოჯახდით. 7 წლის თამარი და 3 წლის ნიკოლოზი გვყავს.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– მალე ჩემი ახალი სოლო სიმღერა გამოვა, საესტრადო ჟანრისაა, რომლის ტექსტი და მუსიკა ნათია ჩიკვაიძეს ეკუთვნის.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა