ლოცვისას გვმართებს მთელი გონებით მხოლოდ უფალზე ფიქრი. არც თუ იშვიათად ამ დროს გონება განუწყვეტლივ იტვირთება გარეშე აზრებით, რაც მას განაშორებს ღვთისაგან. იმისათვის, რომ გონება სწავლობდეს ერთსა და იმავეზე ფიქრს, წმ. მამები იყენებდნენ ლოცვებს და გამუდმებით იმეორებდნენ მათ. ლოცვების განუწყვეტელი გამეორების წყალობით გონება უახლოვდებოდა ღმერთს და თავისუფლდებოდა გარეშე აზრებისაგან. მოკლე ლოცვები სხვადასხვაგვარია. ჩვენ განსაკუთრებით შევისისხლხორცეთ იესოს ლოცვა: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
რა არის იესოს ლოცვის არსი?
ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ.
ნუ შევიზღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური განმეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია - ღვთის წინაშე შეგნებული დგომა, ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით.
მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა.
ჩვენი გულისყური მთლიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს.
რატომ არის ასე აუცილებელი ეს ლოცვა ყველა ქრისტიანისთვის
ყოველი ადამიანი, რომელიც სინანულისა და ქრისტეს ძიების გზას დაადგა, თავიდანვე ღრმად უნდა ჩასწვდეს პირველ რიგში იესოს ლოცვის არსს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიმეცნოს სხვა ლოცვების მნიშვნელობა, ეს არის სულიერი მდგრადობის და შინაგანი სიმშვიდის მიღწევის უმოკლესი გზა. მრავალი, რომლისთვისაც უცნობია ეს გზა ჩერდებიან ფშვინვიერ და ხორციელ ქმედებაზე და თითქოს შრომას და დროს ამაოდ ხარჯავენ. ერთი შეხედვით, თითქოს ეს იოლია, მაგრამ თუ ბოლომდე ამას არ გავაცნობიერებთ, თუნდაც ბევრი ოფლი ვღვაროთ, ჩვენი შრომა ნაყოფს ვერ გამოიღებს და ეს იქნება თავის თვისებებით ხორციელი ქმედება. ამდენად ის ადვილია და მიმზიდველიც. შინაგანი ლოცვა კი უფრო ძნელია, რასაც მოჰყვება ყურადღების გაფანტვა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთნი მიატოვებენ შინაგან ლოცვას, რადგან ფიქრობენ, რომ ჯერ ადრეა; მაგრამ შემდგომ, უკან მოხედვისას, ხვდებიან, რომ დრო უშედეგოდ დაკარგეს და ვეღარ ლოცულობენ.
მაშ რატომ გვქეჯნის სინდისი და რატომ ვართ უკმაყოფილო?... ამ კითხვას ჩვენვე შეგვიძლია გავცეთ პასუხი - იმიტომ, რომ ღმერთი გვავიწყდება. - ეს სიმართლეა: ღვთის ხსოვნის, ღვთის შიშისა და სიყვარულის გარეშე სულის სიმშვიდეს ვერ მოვიპოვებთ. ... თუ ასეა, მაშ მთელი ძალით ვიზრუნოთ იესოს ლოცვის შესასწავლად. აზრი იმის შესახებ, თითქოს ჩვენთვის იესოს ლოცვა ნაადრევია, მცდარია. ყველამ უნდა ილოცოს გულითა და გონებით. სხვანაირი ლოცვა - ლოცვა არ არის. მაშ, კეთილი ინებეთ, გაისარჯეთ და ნუ დაიზარებთ.
თუ ლოცვისას არ იშრომებთ ოფლს არ დაღვრით იმისათვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე. ერთი სიტყვით ღვთის ხსოვნის გარეშე ბერის ლოცვაც კი ამაოა.
ის, ვინც თავს ანებებს სულიერ ღვაწლსა და იესოს ლოცვას, თვითონვე ხდება მიზეზი იმისა, რომ მისი შრომა უნაყოფოა - ამაოა მისი ოფლის ღვრა, რადგან ის მალე სრულიად გულგრილი ხდება და ამით ყველაფერი მთავრდება.
იესოსო ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ- ერისკაციც. ერთი შეხედვით, თითქოს ეს მარტივია. იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორც სხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად, გარეგნულადაც. მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად.