შემოგვიერთდით facebook-ზე
დავით კეზერაშვილზე ძებნა გამოცხადდა
4-02-2013, 13:38  /  ნახვა: 2280

დავით კეზერაშვილის მიმართ უახლოეს მომავალში ძებნა გამოცხადდება. ჯერ სამართალდამცველებმა არ იციან, იგი ისრაელის მოქალაქეა თუ არა, რადგან მოქალაქეობის შემთხვევაში, შესაძლოა მისი ექსტრადირება გაჭირდეს. რის გამოც, ალბად ისრაელსა და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს შორის, ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი გახდება...

დავით კეზერაშვილის და მეირი ჯანაშვილის მიმართ პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამსგომლობით მიმართა. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნისა და ქრთამის აღების, ასევე საფინანსო საქმიანობაში ჩადენილი დანაშაულისთვის ედებათ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ბრალდებულად სცნეს. მასთან ერთად, დამნაშავედ სცნეს მისი დის მეუღლე, მეირი ჯანაშვილიც.

 დადგინდა, რომ დავით კეზერაშვილი, ნიკოლოზ დავითაშვილსა და იოსემ იმნაძეს, პირადი სარგებელის მიღების მიზნით, შეუთანხმდა, მისი პირადი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოეყენებინათ და სანაცვლოდ, აღნიშნულ პირებს უკანონო საქმიანობაში მფარველობას გაუწევდა.

 გამოძიებამ დაადგინა, რომ: ,,დავითაშვილმა და იმნაძემ განიზრახეს, დადგენილი ტექნოლოგიების უხეში დარღვევით – ყურძნის მასალასთან ეთილის, ან სხვა სახის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულირებით ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტი ეწარმოებინათ. ეთილის სპირტისგან კონიაკის სპირტის მსგავსი სითხის დამზადებით, კონიაკისებრი სპირიტს თვითღირებულება მცირდება და მნიშვნელოვნად იზრდება მისი რაოდენობა. Gგანზრახვის სისრულეში მოსაყვანად კი შპს ,,განთიადი" და შპს ,,ნაფარეული" დაარეგისტრირეს, ხოლო სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით დანაშაულებრივი სქემაც შეადგინეს, თუ როგორ შემოეტანათ ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ იმპორტი დაბეგვრის რეჟიმში არ მოქცეულიყო. აღნიშნული საქმის მფარველობა კი ფინანსური პოლიციის იმჟამინდელ უფროსს დავით კეზერაშვილის დის ქმარს, მეირი ჯანაშვილს სთხოვეს. კეზერაშვილმა იმის ნაცვლად, რომ საქმის აღსაკვეთად ზომები მიეღო, ქრთამის აღების სანაცვლოდ, უკანონო ბიზნესის მფარველობას დასთანხმდა. ვალდებულებას იღებდა, საბაჟო, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებზე თავისი ავტორიტეტით და გავლენით ზემოქმედება მოეხდინა.

 2007 წლის 8 იანვარს დავით კეზერაშვილის დახმარებით საქართველოში 240 ტონა სპირიტი შემოვიდა, რის სანაცვლოდ მან ქრთამის სახით 72000 ამერიკული დოლარი მიიღო. 2007 წლის 7 თებერვლიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში სულ 2445065 ლიტრი სპირიტი შემოიტანეს, რაშიც მან ქრთამის სახით 733519 დოლარი აიღო.

 2007 წლის მაისის ბოლოს იგი თავდაცვის მინისტრად ყოფნისას, ქრთამის სახით უკვე გადასახდელი თანხის გაზრდა მოითხოვა. შესაბამისად, 2007 წლის 8 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შემოტანილ 3353269 ლიტრ სპირტზე კეზერაშვილმა სულ 2011961 ამერიკული დოლარი აიღო. 

 2008 წლის იანვრიდან კეზერაშვილმა კვლავ გაზარდა მისაღები თანხის რაოდენობა და 2203646 ლიტრ სპირტზე 1542552 დოლარი მიიღო. 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე შემოტანილ 410252 ლიტრ ეთილის სპირტზე მან ქრთამის სახით 237946 დოლარი აიღო.

 დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლების შემდეგაც აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას, სათავეში ჩაუდგა ორგანიზებულ ჯგუფს, გავლენას ახდენდა საბაჟო სამსახურებზე და კონტრაბანდული სპირტის საქართველოში შემოტანას ხელმძღვანელობდა. 2009 წლიდან 2012 წლამდე სხვადასხვა პერიოდში კონდრაბანდული საქმიანობის შედეგად 7570032 დოლარი მიიღო.

 საერთო ჯამში კეზერაშვილმა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობისას, ქრთამის სახით 4669978 დოლარი, ხოლო როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, კერძო პირს, 76646705 დოლარი აქვს მიღებული. აღნიშნულ თანხებს კეზერაშვილი შუამავლის – მისი დის მეუღლის, მეირი ჯანაშვილის მეშვეობით იღებდა. თავად კეზერაშვილმა კი საერთო ჯამში უკანონო შემოსავლის სახით 12334683 დოლარი მიიღო." 

 დავით კეზერაშვილის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 338-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით აღიძრა, რაც თავისუფლების თერთმეტიდან-თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა