მოთხრობა ,,სწორი თეთრი ხაზი" პირველად სკოლაში წავიკითხე, მას შემდეგ მომინდა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას სრულად გავცნობოდი. მის მოთხრობებში ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი მეორე მე დავინახე. რაზეც ოდესმე მიფიქრია, რაც კი ცხოვრებაში პასუხ გაუცემელი კითხვები მქონია, ყველაფერი გოდერძის თავის ნაწარმოებებში აქვს ნათქვამი. გოდერძი ჩოხელი ჩემთვის ილიაც არის, აკაკიც, ვაჟაც და რუსთაველიც. ის არაამქვეყნიურად მიყვარს. ამბობს ფილმის ,,მე ვარ გოდერძი ჩოხელის" რეჟისორი – თინათინ ბეკოშვილი.
რატომ გადაწყვიტეთ სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარება?
-როდესაც მისი შემოქმედება წავიკითხე ძალიან შემიყვარდა, რამაც ჩემი პროფესიის არჩევა განსაზღვრა, მინდოდა გოდერძი ჩოხელზე დოკუმენტური ფილმი გადამეღო. მის შესახებ იყო სატელევიზიო რეპორტაჟები და პატარ-პატარა ჩანახატები, მაგრამ დოკუმენტური ფილმი არ არსებობდა. როცა სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე, ვერ ვაცნობიერებდი რა იყო რეჟისურა, რამხელა პასუხისმგებლობა უნდა ამეღო საკუთარ თავზე, თუ რა დიდი შრომა და გამოცდილება დამჭირდებოდა, იმისთვის, რომ ფილმი გადამეღო. ჩავიფიქრე, რომ ჩემი პირველი ფილმი გოდერძი ცოხელზე უნდა ყოფილიყო. რისთვისაც ძალიან ბევრი ვიშრომე. თითქოს ხუთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ამ ფილმისთვის ვემზადებოდი, ვფიქრობდი და დიდმა სიყვარულმა ეს შემაძლებინა. ჩემი სადიპლომო, სადებიუტო ფილმი – ,,მე ვარ გოდერძი ჩოხელი" – გადავიღე.
როდის დაიწყეთ ფილმის გადაღებები და რა მასალა გამოიყენეთ?
-ფილმის გადაღებები ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყე. როდესაც სარეჟისორო გეგმა გავაკეთე, მოგეხსენებათ ფილმს თავისი ხარჯები აქვს, საქართველოს კულტურის სამინისტროს წერილით მივმართე, ფილმის გადასაღებლად ძალიან მცირე თანხა, დაახლოებით ორიათას ლარამდე გამოეყოთ. მინისტრის მოადგილის ქალბატონ მანანა ბერიკაშვილის წერილი მომივიდა, შემდეგი შინაარსით: ,,კულტურის სამინისტროს არ აქვს თანხა, რომ ეს ფილმი დააფინანსოს!" გული ძალიან დამწყდა, არავის განვსჯი, შეიძლება იმიტომ არ დამაფინანსეს, რომ არ იცოდნენ ვინ ვიყავი. შემდეგ წერილით ქალაქის მერიასაც მივმართე, საიდანაც სამარცხვინო და სასაცილო პასუხი მომივიდა, ნეკა სეფისკვერაძის ხელმოწერით: ,,ჩვენ მხოლოდ კულტურულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით ფილმებსა და ღონისძიებებს ვაფინანსებთო. შემრცხვა, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ, იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ხელისუფლებას ვერ გაურკვევია, გოდერძი ჩოხელის თემა კულტურულ–საგანმანათლებლოს და შემეცნებითს უნდა მიაკუთვნოს, თუ მულტიპლიკაციურ, ბოევიკურ ან სხვა ჟანრს. ორი ოქტომბერი იყო, გოდერძის დაბადების დღე, მისმა მეუღლემ ქალბატონმა ნინო მელაშვილმა და მისმა მეგობარმა ქალბატონმა ნინო ზედელაშვილმა, საფლავზე მისულს მითხრეს: ფილმის შესახებ გოდერძის სთხოვე და დაგეხმარებაო. ასეც მოვიქეცი და შევპირდი, რომ ამ ფილმს მაინც გავაკეთებდი. იმ საღამოს სასწაული მოხდა, facebook-ზე განთავსებულ ფოტოზე, ქალბატონ ასმათი ჩიტაურის კომენტარი იწერება: ,,ამ ფილმს მე დავაფინანსებ". ჩემთვის ეს შოკის მომგვრელი იყო.
იცნობდით ქალბატონ ასმათს? რატომ დააფინანსა ეს ფილმი?
-მას არ ვიცნობდი, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტია, უბრალოდ ძალიან უყვარს საქართველო, ქართული ტრადიციები და გოდერძი ჩოხელი.
გადაღებები სად მიმდინარეობდა?
-თბილისში, მცხეთაში და გუდამაყრის ხეობაში, კერძოთ ჩოხში მიმდინარეობდა.
ვინ გეხმარებოდათ ამ ფილმის გადაღებაში?
-გოდერძი ჩოხელის ოჯახი და მათი მეგობარი ქალბატონი ნინო ზედელაშვილი, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მხარში მედგნენ, მაწვდიდნენ მასალებს. ამ ფილმში ისეთი მასალებია გამოყენებული, რაც ქართველ მაყურებელს აქამდე არ უნახავს. ფილმის ოპერატორი უნიჭიერესი, შესანიშნავი ადამიანი გიგა ჯობავა გახლავთ, მას ისეთი კადრები აქვს გადაღებული, პროფესიონალ და გამოცდილ ოპერატორსაც კი გაუჭირდება. ფილმი მუსიკალურად გააფორმა და გოდერძი ჩოხელის ლექსები წაიკითხა ზურაბ ბარბაქაძემ, იგივე ,,ფანდურამ", რომელიც სრულიად უანგაროდ დამეხმარა.
სიმღერის დაწერა უანგაროდ რატომ გადაწყვიტეთ?
ზურაბ ბარბაქაძე: მე და თიკუნამ ერთმანეთი კაფე ,,არტიკსში" გავიცანით, ის ჩემთან ინტერვიუს ჩასაწერად მოვიდა. ბევრი ვისაუბრეთ, რატომღაც ერთმანეთს გავუგეთ და დავმეგობრდით. როდესაც თიკუნას ფილმისთვის მუსიკა დასჭირდა, ვუთხარი, ამაზე არ იფიქრო, მე გაჩუქებ–მეთქი. გოდერძი ჩოხელი ძალიან მიყვარს, წარმოშობით მთიული არ ვარ, მაგრამ მთაძალიან მიყვარს. არ შეიძლება მთა გიყვარდეს და გოდერძი ჩოხელი არ იცოდე. ფილმის პრემიერა ოცდაათ ივნისს უნდა ყოფილიყო, ოცდახუთ ივნისს მუსიკა ჩავწერეთ და სამ დღეში დაამონტაჟეს. ფილმში ლექსებიც წავიკითხე, თიკუნამ მთხოვა, რაზეც უარი არ მითქვამს. მანამდე ფილმი არ გამიხმოვანებია, ეს პირველი იყო და მგონი გამომივიდა, ყოველშემთხვევში ხალხს მოეწონა.
ფილმის პრემიერა სად და როდის შედგა?
თინათინ ბეკოშვილი: ფილმის პრემიერა მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ოცდაათ ივნისს შედგა. პრემიერისთვის ქალბატონი ასმათი ჩიტაური ჩამობრძანდა, ჩვენ ერთმანეთი ახლოს გავიცანით და დავმეგობრდით, უნიკალური ადამიანია, მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.
სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ, ახალ ფილმზე თუ მუშაობთ?
თინათინ ბეკოშვილი: ფილმის – ,,მე ვარ გოდერძი ჩოხელი" – ჩვენება 18 ოქტომბერს ,,წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ჯვრის" ფესტივალზე მოხდება, რომელიც კინო სახლში იხსნება. ოქტომბერის ბოლოს ფილმს საჩვენებლად საბერძნეთში წაიღებენ, ნოემბრში კი ბათუმში ფესტივალ ,,მემკვიდრეობაში" მიიღებს მონაწილეობას. შესაძლებელია, ახალი წლიდან ფილმი გერმანიასა და შვედეთში გაემგზავროს. ფილმის გეგმა, რომელიც ვაჟა ფშაველაზე უნდა გადავიღოთ, დაწერილია. ამაზეც მივმართეთ კულტურის სამინისტროს და ანალოგიური წერილი მომივიდა. არის კიდევ სხვა გეგმებიც და სავარაუდოდ ახალი წლიდან დავიწყებთ განხორციელებას.
გადამღები ჯგუფი უცვლელი იქნება?
-დიახ, ჩემი სურვილია ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელიც ასეთ დოკუმენტურ ფილმებზე იმუშავებს. ეს ჯგუფი ჩამოყალიბების გზაზე დგას.
ზურაბ ბარბაქაძე: ჩვენი პროექტი სხვადასხვა ტელევიზიებში შევიტანეთ. გვინდოდა, დიდ საზოგადო მოღვაწეებზე დოკუმენტური ფილმები გვეკეთებინა. ზოგ ტელევიზიაში გვითხრეს, რომ მათი ფორმატი არ იყო, ზოგმა ტელევიზიამ კი პროექტი არც მიიღო. ვხვდებით, რომ ,,ქართული გენი" საქართველოს ფორმატის არ არის და ის ხალხი, რომელიც ცდილობს ქართული ისტორიის და ტრადიციების შენარჩუნებას, საჭირო აღარ ვართ.
სოფო ხვიბლიანი (სპეციალურად საიტისტვის)