ბატონი ზაურ სამხარაძე წლებია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. პროფესიით იურისტი, ძალიან მდიდარი და საინტერესო წარსულის მქონე პიროვნებაა. იგი ჟურნალ ,,geoelite.ge" მკითხველს საოცრად კეთილი ადამიანის - დარეჯან თომაძის ამბავს უყვება.
ზაურ სამხარაძე: სანამ დუშეთის პანსიონატში გადავიდოდი, მანამდე თბილისის ხანზამულთა პანსიონატში ვცხოვრობდი. მახსოვს ქალბატონმა დარეჯანმა, რომელიც დირექტორად მუშაობდა, ძალიან გულთბილად მიმიღო. უპირატესობას ისეთ ხელმძღვანელებს ვანიჭებ, ვის ორგანიზაციებშიც ქურდობა არ ხდება. წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდი, ყოველთვის ვგრძნობ, როცა უსამართლობა ხდება. ქალბატონ დარეჯანში ძალიან მომხიბლა მისმა თვისებებმა, იგი შესანიშნავი მენეჯერია, უყვარს თავისი საქმე და ბენეფიციარები. როდესაც დუშეთის პანსიონატში გადავედი, იქ შერეული კონტინგენტი იყო, სხვადასხვა კატეგორიის მქონე პიროვნებები. დარეჯანი ყველას დედა და მამა იყო, მათთან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. იქ ყველაზე წლოვანი ვიყავი, თუმცა ასაკობრივი ზღვარი არც მიგვრძნია, რადგან მითხრა, შენ თავი ბენეფიციარად არ იგრძნო, შენ ძემი ძამიკო ხარო. ძალიან გამეხარდა და თავს მხნედ ვგრძნობდი. პანსიონატში ევრო-რემონტი გააკეთა, გვქონდა გათბობა, ცხელი წყალი. ქალბატონი დარეჯანი დუშეთიდან თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში გადმოიყვანეს. ყველას გული დაგვწყდა, რადგან ძალიან გვიყვარდა. მან იქ თავისივე შექმნილი ძალიან კარგი კოლექტივი დატოვა.
დარეჯანის შემდეგ ხელმძღვანელად, ასევე არაჩვეულებრივი ადამიანი შორენა ადეიშვილი მოვიდა. იქ არაჩვეულებრივი პირობები იყო, თუმცა ახალგაზრდა კონტინგეტის გამო ხმაური იყო და ვერ ვიძინებდი. ეს იყო ჩემი თბილისში გადმოსვლის მიზეზი. მიხაროდა, რომ აქ ქალბატონი დარეჯანი დამხვდებოდა. შეხვედრა ამაღელვებელი და სიხარულის ცრემლებით იყო სავსე. ვიცოდი, რომ კარგად მომხედავდნენ, რადგან ამ პანსიონატს ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავდა.
რაც ამ ხნის განმავლობაში დავინახე, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. ნუთუ წინამორბედებს არ შეეძლოთ ამ ყველაფრის გაკეთება?! მაგრამ არ გააკეთეს. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, თავის წინამორბედ ხელმძღვანელებს არ ჰგავს. მათ გათბობის გაკეთება და ეზოს შემოღობვაც კი ვერ მოახერხეს. ქალბატონი დარეჯანი კი ყველაფერზე ზრუნავს. დუშეთიდან მოყოლებული დღემდე, მას უამრავი სიკეთე აქვს ბენეფიციარებისთვის გაკეთებული. როცა დუშეთში მუშაობდა ჭა, რომელიც პანსეონატს არ ჰქონდა, საკუთარი სამკაულების გაყიდული თანხით გააკეთა. რადგან ბავშვებს უწყლოობა ძალიან აწუხებდათ, დამფინანსებელი კი არავინ იყო. ყველაფერი თავისი ხელით გააკეთა, იქაურობა სამოთხეს დაამსგავსა. აქაც ასეა და თუ დააცდიან, მომავალში კიდევ უკეთესი იქნება.
-რა მოხდა მაშინ, როცა დუშეთის პანსიონატში წაგიყვანეს.
-ნინო დვალიშვილის დირექტორობის დროს არასწორი მკურნალობა ჩამიტარდა და პროტესტის ნიშნად ვენებიც კი გადავიჭერი. იმ პერიოდში აუცილებლად განგაში უნდა ამეტეხა, რომ ჩემთვის მოეხედათ. საავადმყოფოში კი გადამიყვანეს, მაგრამ პროტესტი რეაგირების გარეშე დარჩა. ამიტომ ვამბობ, რომ დარეჯანი წინამორბედ დირექტორებს არ ჰგავს. ის არავის აპატიებდა ბენეფიციარისთვის არსწორი მკურნალობა ჩაეტარებინათ. ეზო გაალამაზა, შენობა გაარემონტა, სამომავლოდ კი ბევრი სასიკეთო საქმე აქვს ჩაფიქრებული. ამიტომ გვიყვარს ყველას. მისი წყალობით მთავრობის წარმომადგენლები ხშირად მოდიან და გვეხმარებიან. წინამორბედები კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ. ის კი ჩვენზე და საქმეზეა ორიენტირებული.
-პანსიონატის რეფორმებზე ვისაუბროთ. რა იყო მაშინ და რა შეიცვალა დღეს?
-თანამშრომლები ძალიან განსხვავებულები არიან; მოსიყვარულეები, ყოველთვის ყურადღებიანები, გვეკითხებიან ხომ არაფერი გვინდა?! ეს ყველაფერი კი ხელმძღვანელისაგან მოდის, ადრე ასე არ იყო. ყოველ ორშაბათს ესაუბრება თანამშრომლებს, ასწავლის, როგორ უნდა მოიქცნენ ბენეფიციარებთან. კვებაც შეიცვალა, ყველაფერი კარგად და სუფთად კეთდება
-რომელი პერსონალის მომსახურებით ხართ უფრო კმაყოფილი და რა რჩევას მისცემდით მათ?
-არ მეგონა ასეთი მომვლელები თუ დამხვდებოდნენ. ახალი მოსული ვარ და ჯერ ჯეროვნად ვერავის დავახასიათებ, თუმცა პრეტენზია არავისთან მაქვს. ყველანი კარგები და გულისხმიერები არიან. ქალბატონ დარეჯანს კი მხნეობას, გამძლეობას, ჯანმრთელობას და ჩვენთან დიდხანს ყოფნას ვუსურვებ.
სპეციალურად საიტისთვის