შემოგვიერთდით facebook-ზე
ნინო ჭინჭარაძე: ოთახის კედლიდან ხმები ისმოდა, რომელიც დედა ანას ლოცვით განიდევნა
6-10-2014, 19:48  /  ნახვა: 4360

დედა ანა ოც წელზე მეტია უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წყნეთის მონასტერში მოღვაწეობს, სადაც მისი ძალისხმევით აშენებული და აღდგენილი - მძლეთის წმინდა გიორგისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიებია. მასთან მადლის მისაღებად უამრავი ხალხი მიდის. დედა ანას დარიგებით, ადამიანი, როცა მოინათლება და ქრისტეს რჯულს ეზიარება, უკვე ვალდებულია, ისე იცხოვროს, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელს მოეთხოვება, რადგან ფიქრობს - ხსნა, მხოლოდ უფლის სიყვარულით, ზიარებითა და ლოცვით მიიღწევა. წლებია, მისი ლოცვის ძალით ათასობით სნეული იკურნება და უამრავს ცხოვრების აზრს უბრუნებს. მის სასწაულებზე ბევრს ჰყვებიან და მადლიერ სიტყვებს არ იშურებენ.
ანზორ გოგინაშვილი: ორი შვილის მამა და შვილიშვილების პატრონი ვარ. ბედნიერად ვცხოვრობდით. ორი წლის უკან ჩემმა ვაჟმა შვილიანი, ქმარგანაშვები ქალი გაიცნო, რომელმაც თავგზა აურია, თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, ცოლ-შვილი მიატოვებინა და ნათესავ-მეგობრებთან კავშირი გააწყვეტინა. შვილების ნახვის სურვილიც კი არ უჩნდებოდა. ჩემმა ახლობელმა დედა ანასთან წასვლა მირჩია. ჩემს მეუღლესთან ერთად წავედი, საოცრად თბილად მიგვიღო, მოგვისმინა, ჩვენი დარდი გულთან ახლოს მიიტანა, დაგვლოცა და იმედი ჩაგვისახა. მას შემდეგ, თითქმის ყოველდღე ავდივარ დედა ანასთან, იქიდან კი მადლით სავსე ვბრუნდები. დედა ანა მარწმუნებდა, რომ რწმენით და ლოცვით უფალი დაგვეხმარებოდა და ჩემს ოჯახს ისევ სიხარული დაუბრუნდებოდა... მართლაც, მისი ლოცვით და უფლის წყალობით ჩემმა შვილმა ცოლ-შვილთან ურთიერთობა აღადგინა. უფალმა დალოცოს და დიდხანს აცოცხლოს დედა ანა!

ნინო ჭინჭარაძე: ოთახის კედლიდან ხმები ისმოდა, რომელიც დედა ანას ლოცვით განიდევნა
სოფიო წერეთელი: ჩემი სამი წლის შვილი - ნუცა, რაღაცამ შეაშინა, რაც ბავშვს საუბარზე დაეტყო. სიტყვებს გამართულად ვეღარ ამბობდა. დედა ანას შესახებ ჩემმა მულმა მითხრა, მასთან იმედით წავედი. უფლის წყალობით და დედა ანას ლოცვით გამიმართლა, პირველივე ლოცვის შემდეგ ბავშვმა ენა ძველებურად აიდგა. ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოვუხადო მას. მისმა ლოცვამ შვილი გამომიჯანმრთელა. უფალმა დიდხანს აცოცხლოს!
ირინე მჭედლიშვილი: ერთი წლის უკან, გარკვეული მიზეზების გამო ჩემს შვილს დავშორდი, რამაც დიდი ტკივილი მომაყენა. ეს დრო ჯოჯოხეთად მექცა, ძალიან ვიტანჯებოდი. ყოველი დღე ტირილით იწყებოდა და მთავრდებოდა. ვგრძნობდი, როგორ ქრებოდა ჩემი ყველანაირი სიხარული. უიმედობა, შიში და დეპრესია მიმძაფრდებოდა. მენატრებოდა, ვეძებდი, მაგრამ ამაოდ. უფალს ვევედრებოდი, ისე არ მოვკვდე, რომ შვილი ვერ ვნახო-მეთქი. ერთ დღესაც მოვედი დედა ანასთან და ჩემი გულის ტკივილი მოვუყევი. მიყურებდა თავისი სათნო და სპეტაკი სახით, დამამშვიდა, დამაწყნარა, ჯვარი თავზე დამადო და დამლოცა. მითხრა, ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნებაო. მეორედ დალოცვის შემდეგ სასაწაული მოხდა, შვილს მოულოდნელად შევხვდი და ურთიერთობა აღვადგინე. ამ ყველაფერმა რწმენა გამიღრმავა. დედა ანა ყველას ერთ რჩევას აძლევს: ,,მთავარია ადამიანმა რწმენით ილოცოს, უფალს მიენდოს და ყველაფერი კარგად იქნება." ნამდვილად, ღმერთმა გააძლიეროს და დიდხანს აცოცხლოს ეს მადლიანი ადამიანი!

ნინო ჭინჭარაძე: ოთახის კედლიდან ხმები ისმოდა, რომელიც დედა ანას ლოცვით განიდევნა
თეა მაჩხიძე: გაზაფხულზე დედაჩემს იზოლდა მაჩხიძეს უეცრად კანი გაუყვითლდა, კანკალებდა, სიცხე 39 გრადუსი ჰქონდა. ექიმთან გამოკვლევაზე წავედით, სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. დედა ანასთან წავედი, დალოცა და მითხრა, რამდენიმე დღეში თავისი ფეხით ამოვა ჩემთანო. მართლაც დედამ მასთან ასვლა შეძლო. დედა ანამ მუცელზე ჯვარი გადასახა და უთხრა, ნაღვლის ბუშტის ამოღება აუცილებელია, ნუ გეშინია ოპერაციიდან ისე გამოხვალ ვითომც არაფერიაო. მაშინ ამაზე საუბარი არც იყო, ექიმები პანკრეასზე ეჭვობდნენ. დედაოს ოპერაციის დაწყებამდე ტელეფონზე დაურეკეთ დალოცა და საოცრება მოხდა. ექიმმა ოპერაციის დასრულების შემდეგ გვითხრა, პანკრეასს არც შევხებივართ, ნაღვლის ბუშტი თავისი სადინარებით ამოვაცალეთ, ყველაფერმა კარგად ჩაიარაო. დედა ოპერაციაზე დედა ანას დალოცვის შემდეგ ისეთი რწმენით შევიდა, რომ ექიმებს ეხვეწებოდა ოპერაცია დაეჩქარებინათ. უფლის შეწევნით და დედა ანას ლოცვით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
მანანა წულაია: მადლობა დედა ანას, რომელიც განთიადიდან დაღამებამდე დაუღალავად ჩვენზე ლოცულობა, რომ ჩვენი თხოვნა–ვედრება უფალს მივაწვდინოთ. დედა ანას ლოცვით ჩემი შვილის მდგომარეობა, რომელიც იშვიათიავადმყოფობით არის არის დაავადებული, გაუმჯობესდა. ექიმები ერთმანეთთან გვამისამართებდნენ, რადგან ამ დაავადების პრაქტიკა და გამოცდილება არ აქვთ. მათ დანიშნულებებს გარკვეულ შედეგამდე მივყავდით, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად რჩებოდა. საბოლოო მცდელობად ესკოაგულაციას მიიჩნევდნენ. ვიცოდი დედა ანას ლოცვა დამეხმარებოდა. შვილთან ერთად დავდიოდი მასთან და მეექვსე ლოცვის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა, გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა. არ ვიცით მადლიერება როგორ გამოვხატოთ. ღმერთს ვთხოვ დედა ანა უფალმა ჯანმრთელად გვიმყოფოს.

ნინო ჭინჭარაძე: ოთახის კედლიდან ხმები ისმოდა, რომელიც დედა ანას ლოცვით განიდევნა
მამუკა კვირიკაშვილი: ჩემი 4 წლის ლუკა, როგორც ყველა მისი თანატოლი ცელქი და მოუსვენარი იყო. მოულოდნელად ცუდად გაგვიხდა, დიაგნოზი გამაოგნებელი და მოულოდნელი აღმოჩნდა. თავი არ დაგვიზოგავს, რის გაკეთებაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა. სწორედ ამ დროს, როცა ყველა სასოწრკვეთილი ვიყავით და ხსნას ვეძებდით, დედა ანამ სასწაული მოახდინა, ჩაგვინერგა რწმენა, რომ ჩემი შვილი აუცილებლად გამოჯანმრთელდებოდა. ის ჩემს პატარა ლუკას მფარველ ანგელოზად მოევლინა, როგორც ბევრ სხვა გაჭირვებულს. მადლობა მას ყველაფრისთვის, ის თავისი ლოცვა–კურთხევით, რასაც ის ღმერთის სახელით აკეთებს, ყველა გაჭირვებულს რწმენას აძლევს.
თათა წიკლაური: მყავს 9 წლის ვაჟი ანდრია. 6 წლის წინ მან სიზმარი ნახა, რამაც ძალიან შეაშინა. ამ სიზმრის შემდეგ ნელ–ნელა მეტყველების უნარს კარგავდა. ექიმებს მივმართეთ, წამლები დაუნიშნეს, მაგრამ ჰალუცინაციები დაეწყო. დედა ანასთან ანდრიაზე ორსულობის პერიოდშიც დავდიოდი, მასთან ჩემმა მოძღვალმა ავჭალის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ გამაგზავნა. გადავწყვიტე ახლაც დედა ანასთვის მიმემართა. სამი ლოცვის შემდეგ ანდრიამ გამართულად საუბარი დაიწყო. მყავს ერთი თვის პატარა მარიამიც. მის დაბადებამდე ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია. ორი კვირის მარიამი ხელოვნურ კვებაზე მყავდა, საჭმელი უკან ამოსდიოდა, რადგან ვერ ირგებდა. ექიმები საყლაპავი მილის შევიწროვებას ვარაუდობდნენ და ოპერაციის გაკეთებას გვირჩევდნენ. დედა ანამ გვითხრა, ბავშვს კუჭის ანთება აქვსო. მართლაც ასე აღმოჩნდა. დედა ანას ლოცვის პარალელურად წამლებს ვასმევდი, ჩემი მარიამი გამოჯანმრთელდა. გირჩევთ იწამოთ ღმერთი და დედა ანასთან იაროთ. მის ლოცვებს მართლაც დიდი ძალა აქვს.

ნინო ჭინჭარაძე: ოთახის კედლიდან ხმები ისმოდა, რომელიც დედა ანას ლოცვით განიდევნა
მარი რუსიშვილი: მოულოდნელად ცუდად გავხდი, სისხლდენა დამემართა, დილიდან საღამომდე უგონოდ ვიყავი, სანამ ჩემი რძალი არ შემოვიდა და სისხლის გუბეში არ მნახა. სასწრაფოს გამოუძახეს, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში წამიყვანეს. ახმეტიდა თბილისში გამომწერეს, რადგან ხელს და ფეხს ვეღარ ვიმორჩილებდი. თბილისში რეანიმაციაში დამაწვინეს, სამი დღის შემდეგ თავზე გამოკვლევა ჩამიტარეს, ექიმებმა სიმსივნე დამიდგინეს, რადგან თავში თეთრი ლაქები და სიმსივნური წანაზარდები მქონდა. შემდეგ ანალიზი გერმანიაში გააგზავნეს. ამავე საავადმყოფოში გოგო იწვა, რომელსაც ოპერაციას უკეთებდნენ, მისმა ნათესავებმა დედა ანასთან მიგვასწავლეს, სადაც ჩემი მეუღლე წავიდა, მან უთხრა, რომ სიმსივნე არ მქონდა. მისი რამდენიმე ლოცვის შემდეგ უკეთ გავხდი, პალატაში ჩამომიყვანეს. მალე გერმანიიდანაც ანალიზის პასუხი მოვიდა, რომ ტვინის შეშუპება მქონდა. ცოტახანში სახლში გამომწერეს, ხელსა და ფეხს ისევ ვერ ვამოძრავებდი, პირველად წყნეთის მონასტერში ჩემმა მეუღლემ ამომიყვანა, ექვსი ლოცვის შემდეგ თვითონ დავიწყე დედა ანასთან სიარული. მისი ლოცვით და უფლის წყალობით ეკლესიური გავხდი, დავდივარ წირვა–ლოცვაზე და ვეზიარები. მადლობას ვწირავ უფალს, რომ ასეთი მლოცველი, შემწე და მფარველი გვყავს.
ხათუნა ქუტიძე: წლისა და ორი თვის ანასტასიას ექიმმა დიაგნოზი ვერ დაუსვა, ბავშვი დედა ანასთან წავიყვანეთ. მან გვითხრა, რომ ვირუსული ინტოქსიკაცია ჰქონდა, მისი დიაგნოზის შემდეგ ანასტასიას სწორი მკურნალობა ჩაუტარდა.
ნინო ჭინჭარაძე: ჩემი მეუღლის გრდაცვალების შემდეგ სახლის კედლებიდან ხმები ისმოდა, რის გამოც შიშები და უძილობა დამეწყო. ჩემი გასაჭირი მეზობელს გავუზიარე, რომელმაც წყნეთში დედა ანასთან წამოსვლა მირჩია. დედა ანას წიგნის წაკითხვის შემდეგ, რომელშიც მისი ლოცვის შედეგად მომხდარ სასწაულებზე წერია, სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი, მისი ლოცვებით შიშები მომეხსნა. ლოცვებზე ყოველდღე დავდიოდი, პარალელურად კი მის წიგნს ვკითხულობდი. ლოცვიდან სამი–ოთხი დღის შემდეგ ხილვა მქონდა, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ გაჰკიოდნენ ბოროტი სულები, რომლებიც განიდევნენ ჩემი ოჯახიდან. ამ ხილვის შემდეგ მსგავსი ხმები არც მსმენია და ყოველგვარი შიშიც გამიქრა. ღმერთმა დალოცოს დედა ანა და დიდხანს იცოცხლოს, რათა ყველამ შეიგრძნოს მისი სიკეთე და მადლი.

ნინო ჭინჭარაძე: ოთახის კედლიდან ხმები ისმოდა, რომელიც დედა ანას ლოცვით განიდევნა
ინეზა ჯალაღონია: დედა ანას ქრისტესმიერი სიყვარული ისეთი სიკეთის მომნიჭებელია, რომელიც ადამიანს სრულიად ცვლის, ასხივოსნებს, ღვთიურ სიყვარულში არწმუნებს და რწმენაში აძლიერებს. ჩვენი ოჯახი, ღვთის შეწევნამ და დედა ანას ლოცვა–კურთხევამ სიყვარულით აავსო. ბევრი პრობლემა გადავლახეთ, დიდი სიხარული განვიცადეთ დედა ანასთან ახლობლობით და რაც მთავარია, უფალმა მესამე შვილიც გვაჩუქა, პატრიარქის ნათლული პატარა ლუკა. გვიყვარს და გვეიმედება დედა ანა. უფალმა დიდხანს აცოცხლოს!
გულსუნდა (ქ.გორი): წყნეთიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით ვიყავი დაშორებული, საღამოხანს თავი შეუძლოდ ვიგრძენი, ვეღარ ვხედავდი, ყურები დამეხშო, თავბრუმეხვეოდა. წამლები დავლიე, მაგრამ არაფერმა მიშველა, გული მიჩერდებოდა. ღამე როგორღაც გავათენე, დილით ადრე დედა ანას დავურეკე, ღონემიხდილმა ძლივს ჩავჩურჩულე ძალიან ცუდად ვარ დამლოცეთ–მეთქი. დედაომ მაშინვე ლოცვა დაიწყო და მითხრა, რადღეში ყოფილხარ შვილო, ნუ გეშინია მალე კარგად გახდებიო. მართლაც ხუთი წუთის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობდი. მინდა მამა ალექსანდრეს მადლობა ვუთხრა იმ კურთხევისთვის, რაც დედა ანას შესახებ მომცა.
მარიამ ჯანიაშვილი: ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა, რის გამოც ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მაინც ხშირად მექმნებოდა. სამწუხაროდ ექიმები მატყუებდნენ, მეუბნებოდნენ ოპერაცია არასწორად არის გაკეთებული და ხელახლა გაკვეთა გესაჭიროებაო. საოპერაციოდ მომზადებული ჯერ დედა ანასთან მივედი და ლოცვა ვთხოვე. მან კატეგორიულად მითხრა, კოლიტი გაქვს, არავითარი ოპერაცია არ გჭირდებაო. ჩემი პრობლემა სხვა ექიმებთან ხელახლა გამოვიკვლიე და მართლაც კოლიტის დიაგნოზი დამისვეს. ამის შემდეგ ჩემს მეუღლეს თირკმელის დაავადება აღმოაჩნდა, მისთვისაც ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. ოპერაციამდე დედა ანასთან დავდიოდით, მან ასეთი სიტყვებით დალოცა: ღმერთო, შენ გადაარჩინე, მარტო ექიმების იმედად არ დატოვოვო. თან დაარიგა, თირკმელი ძალიან დაზიანებული გაქვს, ოპერაცია აუცილებლად გაიკეთე და ნუ გეშინია, მე შენთვის ვილოცებო. ეს ოპერაცია ურთულესი აღმოჩნდა, დაჩირქებული თირკმელი სხვა ორგანოებზე იყო მიხორცებული. ამოკვეთისას ძლიერი სისხლდენა დაეწყო, მისი გადარჩენის შანსი მინიმალურ ზღვრამდე დაეცა. უფლის წყალობითა და დედა ანას ლოცვით გადარჩა. ექიმი გაკვირვებული გამოვიდა საოპერაციოდან, მითხრა ასეთი დაავადებით ოთხმოცდაათი პროცენტი იღუპება, არ ვიცი ეს როგორ გადარჩაო. მადლობა უფალს და დედა ანას, რომელმაც უამრავ განსაცდელს გადაგვარჩინა. უფალმა ჯანმრთელი დიდხანს აცოცხლოს!

ლელა მანველიძე (სპეციალურად საიტისთვის)

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა