შემოგვიერთდით facebook-ზე
ვინ არის გიორგი ბუნდოვანი?
19-09-2014, 20:02  /  ნახვა: 4761

ამ კითხვაზე თავად ასე პასუხობს: – უპირველეს ყოვლისა გახლავართ მშობელი, მეუღლე. ვარ პოეტი, შემდეგ არტისტი. 8 წლის მანძილზე, ასევე ტერენტი გრანელის პირველი საფლავის მცველი. პირდაპირი, სამართლიანობის მოყვარული და ხშირად ზედმეტად ემოციურიც. 20 წელი არტსა და პოეზიის საღამოებში გავატარე... წელიწადნახევარია, რაც ყველაფერი მივატოვე და საერო მორჩილი გავხდი, ანუ ეკლესიური. ვარ მთავარი სტიქაროსანი (დიდი დიღმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში) და ჩემი მამაოს მარჯვენა ხელი.

– რა არის ხელოვნება თქვენთვის? (განგვიმარტეთ)

– ხელოვნება მუდამ, რელიგიის დონემდე მყავდა აყვანილი! ამით ვსუნთქავდი და ვარსებობდი! არტი და პოეზია ჩემი სულის მანიფესტაცია

გახლდათ! მაგრამ ახლა ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა...

– რა კავშირია ხელოვნებასა და პოეზიას შორის?

ვინ არის გიორგი ბუნდოვანი?
– პირდაპირი! ეს ორი – ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. პოეზია ხელოვნების ნაყოფია, მაგრამ არა უბრალო, არამედ ისეთი, როგორც ადამის ფერდის ნაყოფია ევა, მაგრამ ღვთის ხელიდან შექმნილი! ასეთია, მათი ურთიერთკავშირი, ჩემთვის.
– თქვენი შემოქმედების შესახებ გვესაუბრეთ....

–7000–მდე ლექსის, ხუთი პოეტური კრებულის ავტორი და თანაავტორი გახლავართ. აქედან ორი კრებული - "სიწყნარის დაკანონება" (2003წ.) და "ანტიყოფის მანიფესტი" (2009წ.) პირადია. ერთი კრებული - "ათვლის წერტილი" (2004წ.) მეუღლესთან, პოეტთან და

არტისტთან მარიკა ჟორჟოლიანთან თანაავტორობით. ხოლო 1990 წელს - ქართველ პოეტთა ორდენი – "ქრონოფაგები" ჩამოვაყალიბეთ მე და პოეტმა ზურაბ რთველიაშვილმა... პირველი კრებული "ქრონოფაგები" –ს შემდეგ (1993წ.) მეორე "ანომალიური პოეზია" ამ ორდენის ეგითით გამოიცა. გახლდით ამ ორდენის მაგისტრის მოადგილე. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს ორდენს, რადგანაც იმ დროისათვის ის გახლდათ მეორე ოფიციალური პოეტური საძმო, ,,ცისფერყანწელთა" ორდენის შემდეგ... მაშინ უამრავი შეხვედრები, საღამოები და მასმედიით გაშუქება გვხვდა წილად ...

– თქვენ მინი ფილმებიც გაქვთ გადაღებული, რა არის მათი ძირითადი არსი და სულ რამდენია?

ვინ არის გიორგი ბუნდოვანი?

- 2006 წელს 22 მინი-არტ ფილმი შეიქმნა, რომლებიც შემდგომ 4 წელი თაროზე იყო შემოდებული. ფილმების გადაღება–მონტაჟი გამიზნულად ხდება დაბალი ტექნოლოგიით, ანუ დაბალი ხარისხით და კუსტარული ტექნიკით, რაც ნამუშევრებს თავისებურ ეფექტსა მატებს. ამგვარი ტექნოლოგიით გადაღებულ ფილმებს --,,დაბალი რეზოლუციის ვიდეოს" უწოდებენ. (გადაღება ხდება მობილური ტელეფონებით, დაბალი პიქსელიზაციის ციფრული ფოტო-აპარატებით, სამოყვარულო მინი-დივი-კამერებით და ზოგჯერ, ძველი 8 მილიმეტრიანი კინო აპარატის გამოყენებით.
რაღაც პერიოდი ჯგუფი დაიშალა. 2010 წელს კი ჩემსა და მ.გისტის მიერ, ჯგუფის რეანიმირება მოხდა. მწერალ და მხატვარ - მარსიანთან (გიორგი ბენიძესთან) ერთად, სახელიც - ,,STIGMAT"- შევარჩიეთ.

ამ მინი-არტ ფილმების კონცეფციას სრული იმპროვიზაცია და სპონტანურობა წარმოადგენს! ფილმები ყოველგვარი წინასწარ დაწერილი სცენარების გარეშე იქმნება, გადაღებების ადგილმდებარეობიდან და არტისტების შინაგანი განწყობიდან გამომდინარე.
ექვს საერთაშორისო არტ-ფესტივალსა და გამოფენაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული და შესაბამისად 6 კატალოგში მოვხვდით. ამას გარდა, მინიმუმ 30 პრეზენტაცია და ჩვენება მოვაწყვეთ, თბილისის სხვადასხვა კულტურულ, თუ არტ სივრცეებში...
58 მინი-არტ ფილმი მაქვს შექმნილი! (Film-poetry - კინო-პოეზია), რომელთა ძირითადი არსი სპონტანურობა, იმპროვიზაცია და არტისტების შიდაბუნების დაუფარავი, არაცენზურირებადი გადმოცემაა. ცოტა სიგიჟე და ბევრი სიყვარული...

ვინ არის გიორგი ბუნდოვანი?

– თქვენ შესახებ იწერებოდა პრესაში, რომ ტერენტი გრანელის საფლავს "პატრონობდით", გვიამბეთ ამის შესახებ, რა იყო თქვენი მიზანი?
– ტერენტის საფლავს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, თითქმის 8 წელი ვუპატრონე, 1987 წლამდე, სანამ დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. ამას სასტიკად ვეწინააღმდეგებოდი! ორჯერ დავაყარე მიწა, ამოთხრილ საფლავს, საკუთარი ხელით. თითქმის ყველა, მაშინდელი უმაღლესების სტუდენდობა მედგა მხარში და დღე და ღამ ტერენტის საფლავს ვდარაჯობდით. ჩუმად გადაასვენეს, დილის 5 საათზე! ჩემი და ჩემი თანამოაზრე ახალგაზრდების მიზანი და მოტივაცია, მაშინ, გახლდათ შემდეგი: ან ხელი არ ეხლოთ საერთოდ, ისედაც ცხოვრებაში მარტვილი და ნატანჯი პოეტის ნეშტისათვის, ან და გადაესვენებინათ არა დიდუბეში, არამედ მთაწმინდაზე, მისი უახლოესი მეგობრისა და კოლეგის, გალაკტიონის გვერდით. ამ საკითხზე თხოვნის წერილებით, მთავრობას და ყველა სხვა სათანადო ინსტანციებს მივმართე, თუმცა უშედეგოდ! ვწერდი მაშინდელ პრესაშიც... გადასვენების შემდეგ, მიგვიწვიეს წალენჯიხაში, ტერენტის სახლ-მუზეუმის, მისი სახელობის ქუჩისა და სკვერის გახსნაზე... მერეც არაერთხელ ვსტუმრობდი წალენჯიხას, რომელიც ჩემს მეორე სამშობლოდ მიმაჩნია! ტერენტის სახლმუზეუმში დღეს ჩემი ნაჩუქარი ექსპონატებიც ინახება... ხოლო პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ტერენტის ყოფილი საფლავი მე შევინარჩუნე და იქ დღესაც ჩემს მიერ, 1992 წელს დადებული მემორიალია! ტერენტი გრანელისა და ჩემი ცხოვრება სასწაულებრივად ჰგავს ერთმანეთს... ეს მისტიური კავშირია უდაოდ!
– როდის დაიწყეთ ლექსების წერა და ვინ ან რა არის თქვენი მუზა?

ვინ არის გიორგი ბუნდოვანი?
- პირველი ლექსი 6 წლისამ დავწერე: "...ტყეში დადის დათუჩა, უნდა ჭამოს ალუჩა..." ამ პერიოდის და დღემდე ყველა ლექსი შენახული მაქვს. ზოგადად ლექსებს არ ვანადგურებ. ყველაფერს სათუთად ვინახავ, ლექსებს, ვიდეო და ფოტო მასალებს, პრესას... მამაჩემი გახლდათ უნიჭიერესი პოეტი და ჭედურობის ოსტატი - რევაზ კახიძე (უჩინო), რომლის გავლენითა და დარიგებებით დავიწყე ლექსების წერა... მუზა კი, რა თქმა უნდა ქალია, უმეტეს წილად. პოეტი მუდამ შეყვარებული უნდა იყოს! სხვანაიერად წარმოუდგენელია... (მაგრამ ეს ძველი გიორგის სიტყვებია!)
– როგორ ფიქრობთ ხელოვან ადამიანებს  სათანადოდ რატომ არ აფასებენ?
– ასე საქართველოშია! ნონკონფორმისტი არტისტები და ხელოვანები, ანუ, ვინც არაა მედროვე და პირდაპირ გამოხატავენ სათქმელს, ამბობენ ყველაფერს თავისი ხელოვნებით და სიტყვითაც... აქ არა თუ არ ფასობენ, არამედ იბლოკებიან და იდევნებიან კიდეც გარკვეულწილად. ეს ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ ტყავზე... მასმედია მათ არ წყალობს, ანუ მთავრობებიც...
–და რა არის ძირითადი პრობლემა?

ვინ არის გიორგი ბუნდოვანი?
– პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ან ხარ რომელიმე კასტაში, თუ "კლანში" და მაშინ მიღებული ხარ "სასტავში", ან არ ხარ საერთოდ არსად... ეს ფორმულა სამწუხაროდ,ჩვენში თითქმის ყველა დარგს ეხება...
– მწერალ ნაირა გელაშვილთან ერთად ლიტერატურული არტ–კაფე გახსენით, უფრო დაწვრილებით....
- ეს ძალიან მცირე ნიუანსია ჩემი ბიოგრაფიისა... ნაირას ინიციატივა იყო ეს კაფე . მე და ,,კავკასიური სახლის" კიდევ რამდენიმე თანამშრომელი, ამოვუდექით მას მხარში და გავაკეთეთ ერთად... 3 თვეში წამოვედი ამ კაფედან. სამაგიეროდ სიამაყით აღვნიშნავდი მუდამ და ახლაც აღვნიშნავ, რომ "კავკასიურმა სახლმა" და ნაირა გელაშვილმა ჩემი სამი პოეტური კრებული გამოსცა! 7 წლის მანძილზე სამსახური მომცა და ასევე ,,კავკასიურ სახლში", ალბათ, მინიმუმ 70 არტ და ლიტერატურული ღონისძიება მაქვს გამართული ამ წლების მანძილზე... ასევე, ჩემი ლექსები ხშირად იბეჭდებოდა თავიანთ პერიოდიკაში... ნაირა გელაშვილი ნონკონფორმისტი მწერალი და დიდი საზოგადო მოღვაწე გახლავთ!
– რა პრობლემებია თანამედროვე ხელოვნებაში?
- ეს პასუხი ჩემს პირად აზრს წარმოადგენს და არავის ვახვევ თავზე: თუ არ გყავს ნაცნობობა და ახლობლობა, ძალიან ჭირს დაფინანსების მოპოვება, ასევე ჭირს მოხვედრა სხვადასხვა არტ-ფესტივალებსა, თუ გამოფენებზე... არ არსებობს ჯანსაღი არტ-კრიტიკა! (ლიტერატურული კრიტიკა კი პრაქტიკულად მკვდარია!). თითქმის ვერასოდეს გახვალ საზღვრებს გარეთ, რომ იქ გაიტანო შენი ხელოვნება... აქაც იგივეა, რაც ზემოთ აღვნიშნე: უნდა იჯდე გარკვეულ "სასტავებში"...
– თქვენი აზრით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამის აღმოსაფხვრელად?

ვინ არის გიორგი ბუნდოვანი?
- ალბათ, კულტურის მინისტრად უნდა მოვიდეს ახალგაზრდა, თანამედროვე, არტსა და ლიტერატურაში ძალიან განათლებული და გამოცდილი, თავად ხელოვანი! მიუკერძოებელი და სამართლიანი! რომელსაც ექნება მიზნად დასახული ყველა ნიჭიერი ხელოვანის გამოაშკარავება და მათთვის გზისა და ასპარეზის გახსნა... ეს ძალიან მოკლედ.
- რამ გამოიწვია თქვენი ცხოვრების ასე რადიკალურად შეცვლა?
- დაახლოებით წლინახევრის წინ შემთხვევით შევხვდი მამა გურამ ოთხოზორიას (მაშინ ჯერ დიაკონი გახლდათ) და იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც, რადიკალურად! 16 წელი ტიბეტური კლასიკური ბუდიზმის მიმდევარი გახლდით. არავის ეგონა, თუ ოდესმე რელიგიას შევიცვლიდი! და ეს მამა გურამის წყალობით მოხდა! მყარად ვიცი და ვამბობ, რომ არა მამა გურამი, ახლა ჭეშმარიტების გზაზე არ ვიდგებოდი! დღეს ჩვენ უახლოესი მეგობრები და ძმები ვართ. ყოველ დღე ერთად ვართ და მისი მორჩილიც გახლავართ. მამა გურამმა შეძლო შეუძლებელი! უფალს ვმადლობ, რომ ეს ადამიანი და მოძღვარი გამოაჩინა ჩემი ცხოვრების გზაზე და ასე დამაახლოვა მასთან! რაც მართლმადიდებელი გავხდი, მთლიანად მივატოვე ძველი ცხოვრება, არტი, ხელოვნება... ახლა მხოლოდ ქრისტიანულ თემატიკაზე ვწერ ლექსებს, იშვიათად ვჩნდები ლიტერატურულ საღამოებზე და უფრო იშვიათად ვმონაწილეობ... ქრისტიანულ ლექსებს კი ფეისბუკში ვაქვეყნებ ძირითადად. ახლახანს დავიწერეთ ჯვარი, მე და ჩემმა მეუღლემ, პოეტმა და არტისტმა - მარიკა ჟორჟოლიანმა, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ! მამა გურამმა და ეკლესიამ ეს დაგვიანებული ნაბიჯიც გადაგვადგმევინა.
ამჟამად მთლიანად წასული ვარ ეკლესიაში და ვემზადები, თუ უფალმა ინება, სადიაკვნედ...


მეგი მაჭარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა