შემოგვიერთდით facebook-ზე
ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვია
10-04-2014, 17:29  /  ნახვა: 2044

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და წევრებს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.  პრემიერ მინისტრმა სასამართლო ხელისუფლებისადმი თავისი ღრმა პატივისცემა დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი და საბჭოს მდივნის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა.

საუბარი  მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს შეეხო. პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის დაპირება მოსამართლეების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით შესრულებულია.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს, რათა სრულყოფილი კანონების მიღება მოხდეს. შეხვედრისას ასევე ისაუბრეს, მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

,,მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. პრემიერ მინისტრმა თავისი მობრძანებით მთავრობის პოზიცია, კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ მას სურს ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობა.

რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. ხაზი გაესვა მოსამართლეთა ხელფასების მომატების მნიშვნელობას. მოსამართლეებისათვის ღირსეული ანაზღაურება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტიაა.

იმ საპასუხისმგებლო საქმიანობიდან გამომდინარე, რასაც მოსამართლე ახორციელებს მას სახელმწიფოს მხრიდან უნდა ჰქონდეს სათანადო დაფასება. მოსამართლეები ვალდებულნი არიან თავიანთი საქმიანობა განახორციელონ პირუთვნელად და კეთილსინდისიერად.

ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმა, რომ შეუქცევადი და წარმატებული იყოს, აუცილებლად მიმაჩნია კანონპროექტების შემუშავებაში, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება, ჩართული იყოს სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რომ თანამშრომლობა აღნიშნული კუთხით არ ხორციელდებოდეს, მხოლოდ კანონპროექტის პრეზენტაციის დროს“ - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა