შემოგვიერთდით facebook-ზე
კახა მიქიაშვილი: იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე ვიმსახურებ
7-04-2014, 14:03  /  ნახვა: 4194

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ცნობილ მსახიობსა და ტელეწამყვანს, კახა მიქიაშვილს, ინტერვიუს ჩამოსართმევად თავისუფალ თეატრში ვეწვიე, სადაც უკვე წლებია მუშაობს.

მისი სამსახიობო მოღვაწეობა 16 წელს ითვლის, აწ გარდაცვლილი პედაგოგის, ბატონ შალვა გაწერელიას წყალობით, სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობა პირველივე კურსიდან ჰქონდა.  

კახა მიქიაშვილი: მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. 1998 წლიდან სცენაზე ვდგავარ. თავიდან ეს პროფესია გართობა მეგონა, შემდეგ მივხვდი, რომ ურთულესი და საინტერესო სამყარო იყო. ქართველი რეჟისორების წყალობით პროფესიულად მუდამ დაკავებული ვიყავი. უკვე მეთერთმეტე წელია თავისუფალი თეატრის მსახიობი ვარ, თითქმის ყველა წამყვან სპექტაკლში ვთამაშობ. საინტერესო როლები მაქვს, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთანდილ ვარსიმასვილს. მსახიობობასთან ერთად ტელე-წამყვანის ამპლუასაც ვითავსებ.

- პროფესიულ გზაზე თქვენთვის მთავარი სირთულე რა იყო?

- ჩემი პედაგოგი, ბატონი შალვა გაწერელია გვეუბნებოდა, რომ სამსახიობო საქმის გარდა, ყველაფერი დაგვევიწყებინა. ახლა დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ეს პროფესია ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და თვითოეული სპექტაკლი გამოცდაა. თუ საქმეში მაქსიმუმი არ ჩადე და ზერელედ ითამაშებ, აუცილებლად ცუდ შედეგს მიიღებ, სცენას და მაყურებელს ვერ მოატყუებ. ათი როლიდან ერთი რომ არ გამოგივიდეს მაყურებელი არ გაპატიებს. 

კახა მიქიაშვილი: იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე ვიმსახურებ

- მსახიობობა როდესმე თუ გინანიათ?

- არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს კრიტიკა და ჭორები ყოველთვის დაგდევს. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. მთავარია ბედი გწყალობდეს, რათა კინოსა, თუ თეატრში ადგილი დაიმკვიდრო. ვფიქრობ, ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც გამიმართლა, იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე ვიმსახურებ, ჩემზე უფლის წყალობა მოდის.

- რომელია თქვენი საოცნებო როლი და ყველაზე მეტად რომელ რეჟისორთან გსიამოვნებთ მუშაობა?

- საოცნებო როლი არ მაქვს. რაც შეეხება რეჟისორს, ბოლო წლებია ავთანდილ ვარსიმაშვილთან ვმუშაობ, ერთმანეთს კარგად ვუგებთ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბატონი შალვა გაწერელიასა და ავთანდილ ვარსიმასვილის შემთხვევაში ძალიან გამიმართლა.

- როგორი იყო ელდარ შენგელაიასთან მუშაობა?

- ბატონი ელდარი ჩემთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული რეჟისორია, გენიალური პიროვნებაა. გამიხარდა, როცა ერთ-ერთ სპექტაკლზე მოვიდა, მოვეწონე და თავის ფილმში გადამიღო. მიუხედავად იმისა, რომ რენი ჰარლენის ფილმში მაქვს ნათამაშები, ჩემთვის ბატონ ელდართან მუშაობა უფრო დიდი სიამოვნება იყო, ამით დიდი სკოლა გავიარე. 

- პროფესიას პირად ცხოვრებაში ხელი თუ შეუშლია?

- ჩემთვის არა, თუმცა ზოგადად ხელისშემშლელია, რადგან ეს საქმე დიდ დროსა და შრომას მოითხოვს.

- მსახიობი რომ არა, დღეს ვინ იქნებოდა კახა მიქიაშვილი?

- ამას ხშირად მეკითხებიან, მაგრამ პასუხი არ მაქვს.

- უნდა იტირო ან იცინო მაშინ, როცა არ გეტირება და გეცინება, რა ფენომენია მსახიობობა?

- სწორედ ეგ არის მსახიობობის ფენომენი. ხშირად მეკითხებიან, ცხოვრებაშიც ხომ არ ვთამაშობ, ცხოვრებაშიც თუ ვითამაშე, ეს პროფესია აღარ დამაინტერესებს.

- როდის ხდება პოპულარობა ადამიანისთვის გამაღიზიანებელი და რთული?

- პოპულარობა ჩვენთან არასწორადაა აღქმული. ამბობენ, შავი პიარიც პიარია, მთავარია შენზე ილაპარაკონო, ეს არასწორი მიდგომაა. თუ ადამიანი ხელოვნების რაიმე სფეროთი ცნობილი ხდება, ეს ნიშნავს, რომ ხალხს უყვარს, მაგრამ არ ვთვლი, რომ პოპულარულია. 

- თქვენზე ანტი-პიარი თუ ყოფილა და როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე?

- ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ, რაც შეეხება კრიტიკას, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული თავად ვარ - `საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ".

- აფხაზების სიძე ხართ, როგორია თქვენი მთავარი გზავნილი აფხაზების მიმართ?

- ჩვენი უწმინდესის სიტყვებით ვიტყვი, რომ ეს არ არის კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს რაღაც ბოროტი ძალითაა განპირობებული, ეს განსაცდელი ღმერთმა გამოგვიგზავნა. უნდა გვახსოვდეს, რომ შეცდომა ორივე მხარემ დავუშვით, ერთმანეთს ტკივილი მივაყენეთ. რა მნიშვნელობა აქვს ვისი ბრალი იყო, ადამიანის მთავარი ღირსება; პატიება და შემწყნარებლობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ მეგობრები ვართ და ამ კომფლიქტს ჩვენს გარდა ვერავინ მოაგვარებს. ერთმანეთთან ფესვები და კულტურა გვაერთიანებს. დიდი სიამოვნებით ჩავალ სოხუმში სპექტაკლის სათამაშოდ. 

კახა მიქიაშვილი: იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე ვიმსახურებ

- მოგვიყევით თქვენი და უწმინდესის ურთიერთობაზე. 

- ვერ წარმოვიდგენდი, უწმინდესობას თუ ისე ახლოს გავიცნობდი, რომ სახელით მომმართავდა. ხშირად მქონია მასთან პირადი საუბარი, ბევრჯერ დაულოცივარ, დიდი ფენომენია და გაკვირვებას იწვევს. თეატრზეც უსაუბრია ჩემთან, აინტერესებს რა როლებს ვთამაშობ. დღე და ღამ ლოცვასა და შრომაშია. ფანტასტიური იუმორის გრძნობა აქვს და მუდამ თანამედროვეა. ერთ შობა დღეს, უწმინდესმა სამი ახალგაზრდა შეგვკრიბა და გვეუბნება: დოსტოევსკი ამბობდა - `სილამაზე გადაარჩენს სამყაროს" - რას გულისხმობდა ამაშიო? სამივე გავჩუმდით. მე მეუბნება: შენ მსახიობი ხარ, აბა მითხარი რას ნიშნავსო. ვუპასუხე, ალბათ სამყაროს სილამაზე იყო ნაგულისხმები-მეთქი. უწმინდესმა კი მიპასუხა, – არა, იგი ამ ყველაფერში ღმერთს გულისხმობდაო. ასეთი რამ არცერთ ჩვენთაგანს არ მოსვლია თავში. მის ნაჩუქარ ჯვარს ვატარებ, რომელიც ყელზე თავისი ხელით დამკიდა. ძალიან ბედნიერი ვარ და არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. იმის მეათასედს არ ვიმსახურებ, რაც მაქვს.

- გასტროლებზე მოგვიყევით. 

- სტამბულის ფესტივალიდან ახლა ჩამოვედით. სხვა გასტროლებისთვისაც ვემზადებით. ჩვენს თეატრს უცხოეთში წელიწადში რამდენჯერმე აქვს გასვლა.

- თქვენს სპექტაკლებზე ქართველ ემიგრანტებს რა ემოციები აქვთ?

- უხარიათ, არის ტაში და ოვაციები. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში მალე დაგვიბრუნდებიან.

- ვინ არის თქვენი შემოქმედების პირველი შემფასებელი?

- ადრე ბატონი შალვა იყო. ახლა კი ბატონი ავთანდილ ვარსიმაშვილი და კიდევ რამდენიმე ახლობელი ადამიანი.

- რას გვეტყვით ნიკო გომელაურზე?

- შეუძლებელია თეატრზე ნიკოს გარეშე ვისაუბროთ, ფანტასტიური მსახიობი და სცენაზე არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო. მასთან ერთად თუ იდექი, იცოდი, რომ გამარჯვებული იქნებოდი. თეატრის საყრდენი ძალა იყო და იქნება, სანამ ჩვენ და თავისუფალი თეატრი ვიარსებებთ. ის ყოველთვის ამ თეატრის უპირველეს მსახიობად დარჩება. ღრმა პიროვნება იყო, ბევრს იგი უჟმური. მასთან შვიდი წელი ვმეგობრობდი.  ძალიან იშვიათად მახსენდება აღელვებული ნიკო. უკომპრომისო იყო, არაპროფესიონალიზმს და დილეტანტიზმს სცენაზე ვერ იტანდა. მისი პოეტური შემოქმედებიდან მიყვარს ლექსი - `ბარბარაზე", რომელიც მაშინ დაწერა, როცა სიცოცხლის ბოლო დღეები ჰქონდა. ეს ლექსი ჯერ გამოუქვეყნებელია და საზოგადოებამ არ იცის.

- რა იყო ფილმ - ,,იდიოტოკრატიის" მესიჯი?

- ეს არის ჩვენი თეატრის მიმართულება. ხალხს შიშის სინდრომი დავანახეთ.

- რომელი იყო თქვენი საეტაპო სპექტაკლი?

 - ეს იყო - ,,ძმები" და ,,კომედიანტები".

- მთელი საუბრის განმავლობაში სამ ადამიანს - ავთო ვარსიმაშვილს, შალვა გაწერელიას და ნიკო გომელაურს ახსენებთ, მათთვის რაიმე გიწყენინებიათ?

- კი ალბად, რაჭველობის მიუხედავად ფიცხი ხასიათი მაქვს.

- რა არის თქვენი ჰობი?

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ. ქუჩაში ყოველთვის ფეხით დავდივარ და საინტერესო ადგილებს ვათვალიერებ.

- თქვენი სამომავლო გეგმები.

- ამ ეტაპზე საგასტროლოდ ვემზადებით. ასევე უნდა გამოვიდეს ბატონი ელდარ შენგელაიას ფილმი - ,,კავკასიური სამეული", - სადაც მეც ვთამაშობ. 

- რაზეა ფილმი - ,,სახლი რომელიც ფანჯრიდან გაიპარა"?

- აქ აღწერილია რეალობა და ის აბსურდი, რაშიც დღეს ვცხოვრობთ. მთელი ფილმის განმავლობაში იცინი, მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ იმ რეალობას დასცინი, რომელშიც დღეს ცხოვრობ, რაც რეალურად გვჭირს. ვისაც საშუალება აქვს, ფანჯრისა თუ კარის საშუალებით ყველა გარბის. სამწუხაროდ, ეს ის რეალობაა, სადაც დღეს ვცხოვრობთ.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა