შემოგვიერთდით facebook-ზე
ბიძინა ჩხეიძე: მოდით მღვდლებო დამკორტნეთ და შემაჩვენეთ თუ მართალი არ ვარ!
12-03-2014, 15:14  /  ნახვა: 4508

ავტორი

ეკა რევაზიშვილი

როდესაც ადამიანის ფასეულობები და ცხოვრების სტილი უპირისპირდება ერთმანეთს მას გარკვეეული პროტესტი და აგრესია უჩნდება არსებული რეჟიმის მიმართ. ზოგიერთი აპროტესტებს ამ ყველაფერს, ზოგი კი საკუთარ თავში იკეტება და თავის სამყაროში იწყებს ცხოვრებას. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება მსახიობი და რეჟისორი ბიძინა ჩხეიძე, ადამიანი, რომელსაც თავისი ფილოსოფია, ფიქრები, სიღრმეები, აკვიატებული ოცნებები აქვს და თვლის, რომ ამის გამო ისჯება კიდეც.

- იქონია გავლენა თქვენზე მამის შემოქმედებითმა ცხოვრებამ?

- ალბათ იქონია, ცალსახად არაფერი არ არის, ბევრი წარმატებაც მომიტანა და ბევრად შეაჩერა კიდეც ჩემი წინსვლა ამ მიმართულებით. 

- რას გულისხმობთ ამაში?

- დღეს ფილმებს ნაკლებად იღებენ, მე კიდევ ძალიან მიყვარს თეატრი, მსახიობობა, მიყვარს შესვლა ასე ვთქვათ ადამიანის კანში და მერე ამ როლის გათავისება. ამის საშუალება იშვიათად რომ მაქვს ძალიან განვიცდი.

ბიძინა ჩხეიძე: მოდით მღვდლებო დამკორტნეთ და შემაჩვენეთ თუ მართალი არ ვარ! 

- რატომ ხდება ასე, რას ფიქრობთ?

- ჩაკეტილი ვარ საკუთარ თავში და ალბათ ამიტომ. მე მინდა, მაგრამ სხვა რეჟისორები, თეატრის თავკაცები თავს იკავებენ, არ მეძახიან.

- თავად მიგეკითხებინათ რომელიმე რეჟისორისთვის არ გიცდიათ?

- ბევრჯერ ვცადე, "თუმანიშვილის სახელობის თეათრში." "თავისუფალ თეატრში", მაგრამ ამაოდ. მოგეხსნებათ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, ასე არ ყრია ადგილები, არ მომეცა საშუალება წარმომეჩინა საკუთარი თავი.

- 16 წლის იყავით რეზო ჩხეიძემ ,,ღიმილის ბიჭებში" ბეთხოვენას როლზე რომ დაგამტკიცათ, მოდით ის პერიოდი გაიხსენეთ?

- სულიკო ჟღენტი, ვინც ამ ფილმის სცენარი დაწერა მამაჩემთან მეგობრობდა, როდესაც გმირებს ახასიათებდა უცებ წამოიძახა, რომ მე ის გმირი ვიყავი, ვინც ბეთხოვენას როლში ყავდა წარმოდგენილი. მამაჩემი ყოველთვის მიყურებდა, როგორც უცნაურ პიროვნებას, ამავდროულად  მსხიობობისათვის საინტერესო პერსონას.

ბიძინა ჩხეიძე: მოდით მღვდლებო დამკორტნეთ და შემაჩვენეთ თუ მართალი არ ვარ!

- რატომ? რა იყო თქვენში უცნაური, როგორ ფიქრობთ?

- ჩვეულებრივი ადამიანის ჩარჩოებში არ ვჯდები, განსხვავებული ადამიანი ვარ, ისეთი, როგორიც ბეთხოვენაა, რომელსაც თავისი ფიქრები, სიღრმეები, აკვიატებული ოცნებები აქვს. ფილოსოფოსი, რომელიც ქმნის ისეთ ფილოსოფიას, რომელიც შეიძლება ხალხს არც სჭირდებოდეს.  ერთი სიტყვით განყენებული ადამიანი ვარ, ჩემს სამყაროში ვცხოვრობ და ამის გამო ვისჯები კიდეც.

- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები? ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყავით?

- ძალიან მიყვარს წერა, ხატვა, ის ადამიანი ვარ, რასაც შემოქმედი ჰქვია და რომელსაც უყვარს სიმართლით სავსე ხელოვნება, იმიტომ, რომ რასაც მე ვხატავ, ვწერ და გადმოვცემ თითქოს არარეალურია, ზღაპარია. ასე ვთქვათ ტყუილების ოსტატი ვარ, არადა ისეთი სიზუსტით ვავითარებ სიცრუეს და ვუძებნი რეალურ საფუძველს, რომ ის ჩემს გულთან ძალიან ახლოს მიდის და ვინ იცის იქნებ ის სხვებისთვისაც გასაგები გახდეს. 

ამ მიმართულებას მივსდევ ცხოვრებაში და გმირებიც ასეთები მომწონს, რომლებიც ხალხისთვის იბრძვიან, მაგრამ ხალხს ისინი არ სჭირდებათ.  დამშვრალი, წარუმატებელი მანც ხალხისთვის იღწვის და კვდება. ერთი სიტყვით ალბათ დონკიხოტი ვარ. ერთხელ თენგიზ აბულაძემ ასეთი რამეც კი მითხრა - მამაშენი როგორ შეცდა დინკიხოტი რომ არ გათამაშაო. 

მე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე ლილი იოსელიანის სახელოსნოში. შემდეგ გადავედი მოსკოვში, სერგეი გერასიმოვთან. საკმაოდ  წარმატებული სტუდენტი ვიყავი. ინსტიტუტის შემდეგ ქართულ ფილმში ვმუშაობდი მამაჩემთან. 9-10 ფილმი მაქვს გადაღებული: ,,დები წყვდიადში",ანუ ,,ბერნა დალბას სახლი", ,,ზმანებები აღლუმებს შორის", ,,ბატონი ავანტიურისტები", ,,ძახილი პელაგონში"...დანარჩენი მოკლე მეტრაჟიანი ფილმებია. ,,მჭედელო,"   ,,არაჩეულებრივი რეისი"  ,,ბენზინის ჩამსხმელი," "ყუთები."

ბიძინა ჩხეიძე: მოდით მღვდლებო დამკორტნეთ და შემაჩვენეთ თუ მართალი არ ვარ!

- რამდენად პოპულარულია თქვენი ფილმები?

- სამწუხაროდ ჩემს ფილმებს არასოდეს ჰქონია პოპულარობა და წარმატება. აბობდენ კარგია, მაგრამ გენიალურობამდე ვერ მიდის, რაღაც აკლიაო. სხვათაშორის ყველა ფილმში მე თვითონ ვთამაშობ, როცა ვთამაშობ დარწმუნებული ვარ უკეთესი რეჟისორი ვარ და უკეთესად ვფიქრობ, რაც უნდა მოხდეს ეკრანზე  უკეთესად ვხედავ.  

- როლი, რომელიც თქვენს პიროვნებასთან არის ახლოს?

- ძალიან ბევრია ასეთი. ახლახანს მამაჩემმა გააკეთა ფილმი ,, მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი", იქ ვთამაშობ ერთ-ერთ ეკლესიურად ურწმუნო ადამიანს, რომელსაც 40 წლის ასაკში პატარა გოგო შეუყვარდება. ჩემთვის ახლობელი სახე იყო. მაგრამ ამჯერად ფილმი სხვა გმირის ცხოვრებას ეხებოდა და მე გვარიანად ამომჭრეს. ფილმის მონტაჟი ასეთია, საკუთარი მამაც არ დაგინდობს.

- ამით იმის თქმა გინდათ, რომ ურწმუნო ადამიანი ხართ?

- ურწმუნო არ ვარ, მაგრამ არც ეკლესიური გახლავართ. პირიქით ხშირად საწინაღმდეგო აზრებიც მახალისებს. მაგალითად მიმაჩნია რომ ცხოვრება სულაც არ არის დაყოფილი  ცოდვებად და არაცოდვებად, მორწმუნეებად და ურწმუნოებად.

ბიძინა ჩხეიძე: მოდით მღვდლებო დამკორტნეთ და შემაჩვენეთ თუ მართალი არ ვარ!

- მოდით განგვიმარტეთ რას გულისხმობთ?

- მაგალითად არსებობს 7 მომაკვდინებელი ცოდვა: ამპარტავნება, ანგარება, ნაყროვანება, შური, სიზარმაცე... ამ ყველაფერს თავისი მეორე მხარე აქვს.

ამპარტავნების საწინააღმდეგოა-სიმდაბლე; ანგარების-მოწყალება; სიძვის-უმანკოება; მრისხანების-სიმშვიდე; ნაყროვანების-მარხვა; შურის-სათნოება, სიყვარული; სიზმრის- არ ვიცი, რაღაც ქმედება. შემიძლია ყველა ცოდვაში ბევრი კარგი დავინახო, ვიდრე მის მიმართ საწინაღმდეგო ცნებაში.

მაგალითად ამპარტავნება - თუ შემოქმედი ხარ და არ გაქვს ამპარტავნება ვერაფერს შექმნი, რაღაც დოზით ამპარტავნობა უნდა ჩაისახოს შენში, რომ შექმნა რაიმე ღირებული. სულ მცირე, უნდა დარწმუნო შენი თავი გენიალობაში.

ანგარება თუ არ გაქვს, წინსვლა საერთოდ შეუძლებელია, რაღაც უნდა გინდოდეს, რომ ლამაზი სახლი აიშენო, შენი სამსახური ისე ააწყო და წარმართო, რომ საკმარისი თანხა გქონდეს, ეს ხომ ცხოვრებისეული საჭიროებაა.

სიძვა-ამასაც ბევრი მომხიბვლელი მხარე აქვს. შემოქმედებაში, პოლიტიკაში ხელოვნებაში ამას ინტრიგას ეძახიან. მოკლედ მიხვრა-მოხვრაზეა ბევრი რამე დამოკიდებული. ამის გარეშე შეიძლება ძალიან ერთფეროვანი იყო და დაკარგო რეალობაც და მიმზიდველობაც. 

მრისხანება- ადამიანი დაუმსახურებლად რომ მოგაყენებს შეურაცხყოფას და ამაზე მრისხანებას არ გამოიჩენ, მაშინ მართლა დამნაშავედ ჩაითვლები. ნაყროვანება-ეს აღზევებული ემოციების გამოხატვაა .ეს ისაა რაც ხალხს მოსწონს, რათქმა უნდა მარტო ჭამას არ ეხება ჩემი აზრით. შეიძლება ხელოვნებაში ჟანრებსაც ეხებოდეს, თუგინდ პოპ-არტის ჟანრს ეს ჭირდება, როგორც წყალი და ჰაერი.

შურიც საჭიროა, თუ შური არ გაგაჩნია ადამიანო, ცოცხალი ხარ საერთოდ?! შური არის ძალა, რომელიც არ გაკარგვინებს რეალობას. პროფესიაში შური ბევრს კარგ რაღაცეებს აკეთებინებს ადამიანს დამერწმუნეთ.

სიზარმაცეც ძალიან საჭიროა. ნათქვამია: ,,ღმერთის გზები შეუცნობადია"... იმასაც ამბობენ, რომ არის დრო ქვების შეგროვების და ქვების სროლის. სიზარმაცე ჩემი აზრით არის დრო ქვების შეგროვების, მოქმედება ყოველთვის არ შეიძლება იყოს გამართლებული. საკრარული რიცხვები რომ არსებობს ეს ყველამ იცის, არსებობს დღეები, როდესაც უნდა დაიცადო, რომ მერე  უკეთესად გააკეთო საქმე. ამიტომ  სიზარმაცე დაგეგმილი აუცილებლობაა! ასე ვთქვათ, ქმედება, რომ მოიკრიბო ძალები.

ბიძინა ჩხეიძე: მოდით მღვდლებო დამკორტნეთ და შემაჩვენეთ თუ მართალი არ ვარ!

ასეთი შეხედულება მაქვს, ეს ჩემი ფილოსოფიაა. მოდით ეხლა მღვდლებო და შემაჩვენეთ მე ცოდვილი, რომელსაც ძლიერ უყვარს ცოდვები. ისე არ გეგონოთ უფალი იესო ქრისტე არ მწამს, მწამს რათქმა უნდა, მაგრამ ნათქვამია, რომ არაფერი ადამიანუარი ჩემთვის უცხო არ არის. რწმენა და ჭეშმარიტების ძიება მუდმივი მომხიბვლელი თანაფარდობაა ჩემთვის.

- როგორც ვიცი ხატვით ხართ გატაცებული, რას ხატავთ ბატონო ბიძინა?

- მე ხატვით მოვედი და ხატვით წავალ ამ ქვეყნიდან. ვხატავ ყველაფერს, რაც ჩამესახება,  სულში და გულში და არ მავიწყდება.

- წერითაც ხართ გატაცებული, რას წერთ?

- მაქვს რამოდენიმე წიგნის კრებული: ,,აერტონის ფრიოლური თავგადასავალი", რომელიც ეხება ახალგაზრდა კაცის სხვადასხვა სასიყვარულო ამბებს. მეორე რომანი არის ,,მიმომავალი". კაცი ცხოვრობს კედლის იქით. ხან კარგ საქმეს აკეთებს, ხან ცუდს. მას ზოგჯერ ამჩნევენ და ქება-დიდებას ასხამენ, ზოგჯერ ვერ ამჩნევენ. ის კაცი მაინც მიდი-მოდის. 

- გისმენთ და ერთი ფილმი მახსენდება  თქვენი მონაწილეობით, ,,მაცივარში ვიღაც იჯდა", კაცი, რომელიც თავის სამყაროში ცხოვრობს, თავისი ფიქრები და ეჭვები აქვს. როგორ გიპოვათ ფილმის რეჟისორმა?

- არის ასეთი რეჟისორი გუგული ყარამან მრელაძე, მას გადაღებული აქვს "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", ,,ფესვები", ესეც მისი ფილმია.  მისი მთავარი პერსონაჟი ,,კოტე" მართლაც ძალიან ახლოს დგას ჩემს პიროვნებასთან, ინდივიდუალურ ფიქრებთან და ცხოვრების გააზრებასთან. პოვნა არ სჭირდებოდა, კოლეგას მეძახის. მასაც უყვარს ჩემსავით  წერა. ფილმებზე რომ არაფერი ვთქვათ.

- ბატონო ბიძინა, რა მდგომარეობაა დღეს ქართულ კინომატოგრაფიაში? როგორ ფიქრობთ, რა დაემართა ქართულ კინოს, როდესაც ის საბჭოთა ცენზურისგან გათავისუფლდა და განვითარების ნაცვლად, თითქოს, ყველაფერი  გაჩერდა?

- საბჭოთა ხელისუფლება რაც არ უნდა საზიზღარი სისტემა ყოფილიყო, მაინც ზრუნავდა ქართულ კინოზე, ამით ქართველს ჰქონდა საშუალება ეკეთებინა კინოში არამარტო საბჭოთა ქვეყნის პროპაგანდა, არამედ ნამდვილი ხელოვნება. სამწუხაროდ შემდეგ დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა საჭირო პოლიტიკური ნება, მოგეხსენებათ ამას თანხების გარდა სახემწიფოებრივი ხედვაც სჭირდება და ეს ყველაფერი  მხოლოდ  კადრს მიღმა ოცნების დონეზე დარჩა. მართალია ფილმებს ვიღებთ,ბევრ სხვა რამეებსაც წარმატებით ვასრულებთ, მაგრამ ვფიქრობ რომ კადრს მიღმა ინტერესის გარეშე ხდება ეს ყველაფერი.  

- როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა გააკეთოს ეს საქმე?

- ეს ერთობლივი საქმეა. დღეს საერთოდ არ აქვს სახელმწიფოს თავისი გარკვეული სახელმწიფოებრივი ხედვა,  ის მიყვება სხვა ქვეყნების მიერ გაკაფულ გზას. არცერთი ჩენთაგანი არაფერს ნიშნავს. მე იმას არ ვამობ, რომ არაფერი არ იქმნება, უბრალოდ სიცოცხლის სხვა კატეგორიებზე ვსაუბრობ. სულ ეს არის. მაგალითად ადამიანმა უნდა იცოდეს რომ მუყაითი შრომით კეთილ სინდისიერებით, საკუთარი პროფესიანალიზმით მეტი მიიღწევა, მაგრამ  ხელისუფლება,  რომლის პირდაპირი მოვალეობა სწორედ ის არის, რომ ააწყოს ხალხისათვის წარმატებულად  სხვადასხვა დარგები, მიმართავს არა ეფექტურ საშუალებას – სიყრუეს. რას იზამ მლიქვნელობა, პირდაპირი მომგებიანი კავშირები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ის რისი პატრონიც ხარ. მინდა რომ სახელმწიფოს გააჩნდეს თავისი პირადი ღირსეული შეხედულება, თუ როგორი სახლის აშენებისთვის მიილტვის, საით ექნება კარები,სად ფანჯარა. მაგალითად კინო ცენტრმა შესანიშნავი  პროექტი შემოგვთავაზა სახელწოდებით "კინო სკოლა". მეც შევიტანე ჩემი განაცხადი, მინდოდა მესაუბრა ბავშვებთან კინოში შექმნილ შედევრებზე, თუგინდ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. მითხრეს რომ სჯობს ამაზე არც მეფიქრა.  " ალბათ ისევ ჩარეცხილებში მოვიაზრები" უკვე ნაც-ოცნებაში. გავჩუმდი, არადა რატომ უნდა გავჩუმდე?

- დღეს რამდენად ჩართულია სახელმწიფო ეროვნული კინემატოგრაფიის განვითარებაში?

- მე მინდა ყველაზე არსებითი რამე გავიმეორო და ვუთხრა ამ მთავრობას, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში. მას დავიწყებული აქვს სახემწიფოსათვის არსებითი ფუნქცია, დააწინაუროს ყველაზე  მცოდნე და თავისი საქმის პროფესიონალი. კვლავ შემთხვევითი მეორე ხარისხოვანი ხალხი იჩეკებიან სათავეებში და განაპირობებენ ქვეყნის ბედს. სათითაოდ ყველა ცალკეულ დარგებს ვგულისხმობ. მთლიანობაში ეს ანგრევს ქვეყანას, ხალხს უკარგავს თავის თვით მყოფადობას. სავალალოა, ასეთი ჯიგრის გარეშე ქვეყანაში ცხოვრება სიკვდილს უდრის. იქნებ ეს შეთქმულებაა და ვიღაცას უნდა რომ ეს ასე იყოს? რომელ ეროვნულ კინომატოგრაფიაზეა საუბარი, ჩვენში ჯერ თავად სახემწიფოს  არ გააჩნია თავისი ეროვნული ხედვა. ვინ იცის იქნებ ყოველივე ეს ძალზე კარგიც იყოს, რომ ბოლოს და ბოლოს ოცი წლის შემდეგ ნათლად დავინახოთ  რა უნდათ მათ და რა გვინდა ჩვენ?!

- როგორი სახლი გინდათ ქართველებმა ავიშენოთ? 

- მე მხოლოდ ის მინდა რომ ვიმუშაო. თეატრში, თუგინდ კინოში და ამ სიამოვნებაში  ფულსაც მიხდიდნენ. სამწუხაროა ისიც, რომ ამაში ორგინალური არ ვარ, თორემ ვიტყოდი რომ რამე გვეშველებოდა, სხვა რა გითხრათ მკვდარი ვარ.

- სამომავლოდ არ გეგმავთ რაიმეს გაკეთებას, შექმნას, იქნებ ახლა მაინც გაგიმართლოთ?

- ახლახანს საკუთარი ნებით და მეგობრების მხარდაჭერით სრულ მეტრაჟიანი ფილმი გადავიღე. მართალია მინდოდა, რომ სპექტაკლი ყოფილიყო, მაგრამ თუმანიშვილში  შეპირებულ  სცენას  ვერა და ვერ ვეღირსე.  სპექტაკლი  მობილური ტელეფონით გადავიღე და ფილმად ვაქციე.  დარწმუნებული ვარ ამჯერად ნატანჯი წარმატება ჩემთანაც  მოვა, იმის მიუხედავად რომ არც კამერა და არც სცენა არ მქონდა.  ამჟამად მონტაჟის რთული პროცესი მიდის. ფილმს ორი სათაური აქვს, არვიცი საბოლოოდ რომელზე შევჩერდები "პარადოგმები" თუ  " თეთრი წერტილი." თუ ისევ წინაღმდეგობას შევხვდი და ეკრანს ვერ ვეღირსე  იუთუბზე დავდებ,რომ მთელმა ქვეყანამ ნახოს.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა