შემოგვიერთდით facebook-ზე
ქეთევან ხაჟომია: ოჯახიც ერთგვარი მონასტრული ცხოვრებაა, რომელიც პასუხისმგებლობას და მოთმინებას მოითხოვს
7-03-2014, 20:24  /  ნახვა: 4039

ავტორი

ეკა რევაზიშვილი

პროფესიით ფილოლოგი და ხატმწერი ქეთევან ხაჟომია  1970 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. მან  რუსეთის სასულიერო აკადემია დაამთავრა და მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული იმ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რასაც ხატწერა ჰქვია. მისი დაწერილი ხატები საქართველოს გარდა არაერთი ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაბრძანებული: ამერიკაში, კვიპროსში, გერმანიაში, რუსეთში. მისი შექმნილი ივერიის ღვთისმშობლის ფრესკა გერმანიაში, ჰამბურგის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ტაძარშია გაკეთებული ქართული წარწერებით.

- როდის და რატომ გაგიჩნდათ ხატწერის შესწავლის სურვილი?

- უფალს ყოველი ჩვენთაგანი ჰყავს სხვადასხვა საქმისთვის განკუთვნილი. თუ ადამიანი ეცდება, რომ მოძებნოს ეს გზა, ადრე თუ გვიან ალბათ გამოუჩენს ღმერთი. პროფესიით ფილოლოგი ვარ, რომელიც ახლომდგომი პროფესიაა ხატწერასთან. საბჭოთა პერიოდში, როცა ვსწავლობდი ფილოლოგია ერთ-ერთი ფაკულტეტი იყო, სადაც წმინდანთა ცხოვრება, საღმრთო სჯული ისწავლებოდა. ბევრი რაღაც განაპირობებს ხოლმე ცხოვრებაში გზის გაკვლევას, ჩემს შემთხვევაში ეს აფხაზეთის ომს დაემთხვა. ახალგაზრდას, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი გაქვს შინაგანად, რაიმეს გასაკეთებლად, ცდილობ თვითრეალიზების გზები მოძებნო. სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი, გამეკეთებინა ისეთი რამე, რაც გააერთიანებდა ჩემს პროფესიას და უნარს. ეს გამოდგა საუკეთესო პროფესია ამ თვალსაზრისით, იმიტომ, რომ იმ სამყაროში ვცხოვრობდი, რაც ახლა რეალურად დაფაზე გადამაქვს.

ქეთევან ხაჟომია: ოჯახიც ერთგვარი მონასტრული ცხოვრებაა, რომელიც პასუხისმგებლობას და მოთმინებას მოითხოვს

- რა არის თქვენთვის ხატწერა?

- სწავლების პროცესში ვართ ყველა. არასდროს მითქვამს, რომ ხატმწერი ვარ, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ეს იქნება ჩემთვის შესწავლის საგანი.

ძალიან მშრალი ნათქვამი იქნება, რომ გითხრათ პროფესიით ხატმწერი ვარ. ჩემს მოსწავლეებს სულ ვეუბნები, რომ ეს ცხოვრების წესია და ძალიან ჰგავს მონასტრულ ცხოვრებას. ოჯახიც ერთგვარი მონასტრული ცხოვრებაა, იგივე პრინციპებია, რომელიც პასუხისმგებლობას, მოთმინებას და საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შესრულებას მოითხოვს. ხატწერაც ცხოვრების ნაწილია,  ძალიან მოწესრიგებული უნდა იყოს.

- მხატვრები ხშირად ამბობენ, რომ დახატონ ,,მუზა" უნდა მოვიდეს, ხატმწერის შემთხვევაში რამდენად აუცილებელი პირობაა ხატის შექმნისთვის ,,მუზა"?

ქეთევან ხაჟომია: ოჯახიც ერთგვარი მონასტრული ცხოვრებაა, რომელიც პასუხისმგებლობას და მოთმინებას მოითხოვს

- ხატმწერისთვის ,,მუზა" ის არის, რომ ლოცვა უნდა შეგეძლოს, ეს ყოველთვის გვევალება, რაც არ უნდა განსაცდელში ვიყოთ. ლოცვის შეძლება არ ნიშნავს ჩემთვის, რომ ჩავიკითხო ვთქვათ დილის ლოცვა ან პარაკლისი. ხატწერის პროცესში ყველანაირად ვცდილობ არ მოვწყდე იმ გარემოს, რომელიც უფალმა ჩვენთვის დაუშვა, იმისათვის, რომ რაღაც სხვა სამყარო დავიმსახუროთ.  ხატზე იხატება სამოთხე, წმინდანი უნდა იხატებოდეს დაფაზე, გაბრწყინებული მდგომარეობით.

- თუმცა მამა გაბრიელს ხშირად ხატავენ მისი პორტრეტული ასლით...

- ეს ასე ვთქვათ არაპროფესიონალური მიდგომაა, მამა გაბრიელი უნდა დავხატოთ ისეთი, როგორიც ჩვენ გვგონია რომ სამოთხეშია, გაბრწყინებული სახით და არა ისეთი, როგორსაც იცნობდნენ. ის ჩვენი თანამედროვე წმინდანია და ძალიან ბევრ ადამიანს უნახავს რეალურად სიცოცხლეში. ამიტომ ხატს როცა ქმნი, უნდა ცდილობდე, რომ ცოტათი მაინც იყო სამოთხეში. ეს არ არის ადვილი, მაგრამ როცა სურვილია,  უფალი  ამის საშუალებას გვაძლევს.

ქეთევან ხაჟომია: ოჯახიც ერთგვარი მონასტრული ცხოვრებაა, რომელიც პასუხისმგებლობას და მოთმინებას მოითხოვს

- რა სირთულეებთან არის დაკავშირებული წმინდანის სახის გადმოცემა?

- საერთოდ ცხოვრება სირთულეებთანაა დაკავშირებული, იმის დახატვა, რაც არ გინახავს რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ჩვენი ლოცვები და ქრისტიანული ცხოვრება იმისთვის არის განკუთვნილი, რომ  შევემზადოთ და თუ სამოთხეში მოვხვდით ჩვენთვის ეს იყოს ნაცნობი გარემო. ადამიანს აქვს რაღაც ინტუიციაში ჩადებული, ჩვენ ხომ სამოთხიდან გამოვიდევნეთ, ვფიქრობ, რომ ყველანაირი ცუდი მიდრეკილებები, ერთგვარად იმითიც არის გამოწვეული, რომ სამოთხეში დაბრუნებას ცდილობენ. თუნდაც ნარკომანია, შინაგანად მონატრება აქვს ადამიანს ნეტარი განცდის, რაც ჰქონდა სამოთხეში, მაგრამ არასწორი გზით ეძებენ. შეუძლებელია ნარკომანი ან მემრუშე ოდნავ მაინც ახლოს მივიდეს იმ განცდასთან.

ქეთევან ხაჟომია: ოჯახიც ერთგვარი მონასტრული ცხოვრებაა, რომელიც პასუხისმგებლობას და მოთმინებას მოითხოვს

- თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული რიტუალი, როგორ ემზადებით ხატწერის პროცესისთვის?

- რიტუალი  ყველა ჩვენთაგანს გვაქვს, ხატის დაწყების წინ აუცილებლად ვკითხულობთ ლოცვას, ყველა ხატმწერს არ აქვს ეს ბედნიერება. ჩემი სახელოსნო მაქვს, სადაც შემიძლია განვმარტოვდე და ჩემი სამყარო შევქმნა.

- რა გრძნობა ახლავს ხატის დაწერის პროცესს?

- უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი სიხარული. იშვიათია ისეთი პროფესია, რომელიც შენთვისაც არის, სხვისთვისაც და ღმერთისთვისაც. ეს არის ლოცვის ფორმა, რომელსაც დაფაზე გადმოსცემ. ეს არ არის ნახატი, რომელსაც კედელზე დაკიდებ, ეს არის ნივთი, რომელზედაც ადამიანმა უნდა ილოცოს.

ქეთევან ხაჟომია: ოჯახიც ერთგვარი მონასტრული ცხოვრებაა, რომელიც პასუხისმგებლობას და მოთმინებას მოითხოვს

- რა განცდა ახლავს ყოველი ხატის დასრულებას?

- საერთოდ რაიმეს დასრულება კარგი განცდაა, თითქოს ერთგვარად ვალი მოიხადე,  სიმძიმეც გეშვება გულიდან, თან უდიდესი სიხარულია, რადგან რაღაც შექმენი, ვიღაც მივა და სანთელს დაანთებს შენი ხატის წინ. ადამიანს რეალიზაცია ზოგადად სიამოვნებას ანიჭებს, როცა თვითრეალიზაციას ახდენ ესეც ერთგვარი მოწმობასავით არის, რომ რაღაც შეძელი და გააკეთე.

- რამდენ ხანს ანდომებთ ერთი ხატის დაწერას?

- რუსეთში რომ ვსწავლობდი  ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ხატმწერად ვითვლებოდი, როცა იცი რას აკეთებ საკმაოდ სწრაფად მუშაობ, შეიძლება ერთი კვირაც საკმარისი იყოს, ხატს გააჩნია, არსებობს ცხოვრებებიანი ხატი, რომელიც ძალიან მონუმენტური სამუშაოა და დიდ დროს მოითხოვს.

ქეთევან ხაჟომია: ოჯახიც ერთგვარი მონასტრული ცხოვრებაა, რომელიც პასუხისმგებლობას და მოთმინებას მოითხოვს

- რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას ხატის შექმნაში?

- ყველაზე კეთილშობილური პიგმენტები, რაც გამოიყენება ეს არის ნატურალური ქვები და მინერალები, მიწები, მინერალური და ორგანული პიგმენტები. ყველაზე კეთილშობილი ფერი რასაც ვიყენებ, ეს არის წითელი და ლურჯი, ეს პიგმენტებია ლაჟვარდი და სინგური, მათ გარეშე  ხატს ვერ დავწერ.

- როგორც ვიცი საკუთარი სკოლა გაქვთ, სადაც მსურველებს შეასწავლით ხატწერის ოსტატობას?

- დიახ, სკოლა 2007 წელს პატრიარქის კურთხევით გავხსენი. ის სასწავლებელი  დავამთავრე, სადაც პატრიარქი სწავლობდა თავის დროზე. მან მითხრა, რომ ასეთი სკოლა თბილიშიც გამეხსნა, თვითონ შემომთავაზა ფართი, თავისი ბინა თემქაზე, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ისევ წასვლა მომიწია დიპლომის დასაცავად, შემდეგ იმ ბინაში მონასტერი გაიხსნა. რომ ჩამოვედი სხვა ფართი შევიძინე და და გავაკეთე სკოლა, სადაც ახლა მოსწავლეებთან ერთად ვმუშაობ. წელიწადში ერთხელ საქველმოქმედო გამოფენებს ვაწყობთ, რომლითაც უპატრონო მოხუცებს ვეხმარებით, მოძღვარი მიგვყავს მათთან და ვაზიარებთ.

ქეთევან ხაჟომია: ოჯახიც ერთგვარი მონასტრული ცხოვრებაა, რომელიც პასუხისმგებლობას და მოთმინებას მოითხოვს

- გაიხსენეთ უწმინდესთან პირველი შეხვედრა?

- ამერიკაში ერთი წლით ვიყავი წასული, ის პერიოდი იყო, როდესაც ხატწერის შესწავლის გზების ძიება დავიწყე, იმ დროს ძალიან ცოტა მუშაობდა ამ დარგში. მივხვდი, რომ თვითონაც ეძებდნენ რაღაც საშუალებებს, ძიების პროცესში იყვნენ, იმიტომ რომ არანაირი სკოლა არ არსებობდა საქართველოში, მათთან დავდიოდი და რჩევებს ვიღებდი. იმ პერიოდში უწმინდესი ამერიკაში იყო ჩამოსული მოსალოცად. ჩამოიტანეს ლიტერატურა, რომელსაც გავეცანი და შევიტყვე, რომ არსებობდა ერთი რუსი ხატმწერი. დავუკავშირდი, მინდოდა რაიმე ლიტერატურა, სადაც ხატის შექმნის ტექნიკური პროცესი იქნებოდა აღწერილი. მიმიწვია ამ ადამიანმა და ერთი წელი ვიყავი მასთან. სწორედ მაშინ იყო ჩემი პირველი შეხვედრა უწმინდესთან. დავუკავშირდი მას და კურთხევა ვთხოვე, რომ რუსეთის სასულიერო აკადემიაში ჩამებარებინა. რომ ჩამოვედი პირველად მაშინ ვიყავი უწმინდესთან, როდესაც კურთხევა ავიღე. შემდეგ ღვთის წყალობით ხშირად მიწევდა მისი მონახულება, ვალდებულებასავით იყო ჩემთვის, რომ აუცილებად უნდა მენახა. ძალიან სანატრელია ჩემთვის ის პერიოდი.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა