შემოგვიერთდით facebook-ზე
ჯუბა ღებელი: ვერასოდეს შევეგუები საყურიან ბიჭებს და ვულგარულად ჩაცმულ გოგონებს
4-03-2014, 22:37  /  ნახვა: 3831

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

პოეტური მოღვაწეობა ბავშვობიდან დაიწყო. მაშინ მისი სტრიქონები ისეთი ნატიფი არ იყო, როგორც დღეს, მაგრამ მაინც დაუღალავად განაგრძობდა წერას. პოეზია დღემდე მისთვის სულიერი საზრდოა, საყვარელი და მისაბაძი პოეტი კი შოთა რუსთაველი. გადის დრო და საქართველოს ულამაზესი კუთხის, რაჭის მკვიდრი, არაჩვეულებრივ პოეტად ყალიბდება. დღეს ბატონი ჯუმბერ გოგრიჭიანი, იგივე ჯუბა ღებელი ჟურნალ ,,ქართული ელიტის" სტუმარია.

- რატომ აირჩიეთ პოეტურ ფსევდონიმად ჯუბა ღებელი?

- ღები მაღალმთიანი სოფელია რაჭაში, იგი არსებობის 4500 წელს ითვლის. ჩემს მშობლიურ სოფელში წლების განმავლობაში უამრავი არქეოლოგიური გათხრებია ჩატარებული. არაერთი საინტერესო და ისტორიული ნივთია აღმოჩენილი. რაც შეეხება ფსევდონიმს, ეს ჩემი სოფლის სიყვარულმა განაპირობა, სადაც ხალხი ყოველთვის სიბრძნითა და სიდნჯით გამოირჩეოდა.

- რა არის თქვენი ბავშვობის ყველაზე ლამაზი მოგონება?

- მთელი ჩემი ბავშვობა ლამაზი მოგონებაა, გასაკუთრებით არდადეგების პერიოდი მიყვარდა, როცა ბებია-ბაბუასთან ჩავდიოდი დასასვენებლად. უკან დაბრუნებისას კი ყოველთვის თვალცრემლიანი ვტოვებდი ჩემს მშობლიურ სოფელს.

- ორი პროფესია გაქვთ - ჟურნალისტის და რეჟისორის, რომელ ამპლუაში გრძნობთ თავს უფრო კარგად?

- გალაკტიონივით ვარ, ჩვენი დიდი პოეტი პროფესიით რეჟისორი გახლდათ, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია, ასე ვარ მეც. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი იმდროინდელი პრესის თითქმის ყველა გამოცემაში ვმუშაობდი. რაც შეეხება ტელე-რეჟისურას 8 წელი საზოგადოებრივ არხზე ვიმოღვაწევე. ვმუშაობდი სხვადასხვა ლიტერატურულ გადაცემებში;   ,,სახსოვარი“ და ,,სიტყვა კაზმული“, რომელთა რეჟისორიც გახლდით. ეს დრო ჩემს ცხოვრებაში ულამაზესი პერიოდი იყო.

ჯუბა ღებელი: ვერასოდეს შევეგუები საყურიან ბიჭებს და ვულგარულად ჩაცმულ გოგონებს

- თქვენ ბრძანდებით მწერალთა ეროვნული აკადემიის მენეჯერი, ამაზე ვისაუბროთ.

- დიახ ასეა, მე ამ აკადემიის მენეჯერი გახლავართ, პრზიდენტის პოსტი კი ბატონ თამაზ წივწივაძეს უკავია. ასევე გახლავართ მწერალთა კავშირის წევრი. მისი თავჯდომარე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი ჩემი მეგობარია. შეთანხმებულად ვმუშაობთ, იმიტომ რომ მწერალთა კავშირი არა ცალკე აკადემია, არამედ ერთი მთლიანი სისტემა იყოს. ამისათვის ძალიან მალე არჩევნები ჩატარდება. ჩემი სურვილია, რომ მწერალთა კავშირი ისევ ისეთივე ავტორიტეტული იყოს, როგორც წლების განმავლობაში. იგი კვლავ უნდა იყოს ქართველი ერის სულიერი მოძღვარი და მთავრობის პირველი ხმა.

- რა არისთქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი და კრედო?

- ერთი მიზანი მაქვს, მინდა უფრო მეტი ვწერო. ამისათვის სიმყუდროვე და თავისუფლება მჭირდება. ჩემს პოეზიას ბევრი რამ აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, ეს თემა ამოუწურავია, თუ პოეზიას ამოწურავ, მაშინ დამთავრდები როგორც პოეტი.

- ბატონო ჯუმბერ, საქართველოს თანამედროვე ცხოვრება მოგწონთ? აუწყვეთ თუ არა მას ფეხი?

- ვერასდროს შევეგუები საყურიან ბიჭებს და ვულგარულად ჩაცმულ გოგონებს. მინდა, რომ საქართველოს რეალობაში არ არსებობდეს ,,ჩაჩაჩული“ შარვლები. მოდის აყოლა ყოველთვის როდი გვარგია?! შენი მოდა ის არის რაც გიხდება.

- ლექსების გარდა პროზის ან პიესის წერა თუ გიცდიათ?

- დიახ, პიესებს ვწერდი, დიდხანს და ბევრს, ყველა არაბული პარამეტრის გათვალისწინებით. დასადგმელადაც კი გამზადდა ჩემი ერთ-ერთი პიესა. ვაპირებ, რომ მივუბრუნდე პიესას და სიახლეებზე დავწერო. პროზაშიც მაქვს ჩანახატები, მოთხრობები და ნარკვევები, მაგრამ მათი გამოქვეყნება საჭიროდ არ მივიჩნიე.

- ვის წააკითხეთ პირველად თქვენი ლექსები?

- ჩემი გზის გამკვალავები ბატონები ვაჟა ხორნაული და ბაღათერ არაბული იყვნენ, მათ დამიბეჭდეს ლექსები სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში.

- აუცილებელია თუ არა თავისუფლება იმისთვის, რომ პოეტი ღირებულ შემოქმედად ჩამოყალიბდეს?

- მურმან ლებანიძეს აქვს ასეთი სტრიქონები ,,კაცი ისეთი უნდა იყოს ადვილად არ მოტყდეს და თუ საჭიროა პატიმრად გამოდგეს.“  შეიძლება ადამიანი ციხეში მოხვდე და თავისუფლება აღგიკვეთონ, მაგრამ სულიერად უნდა იყო თავისუფალი და მეტი წერის საშვალება გქონდეს. ფიზიკური თავისუფლების აღკვეთა როდი ნიშნავს სულიერი თავისუფლების აღკვეთას. თუ სულიერად თავისუფალი ვერ ხარ, მაშინ მკვდარი ხარ და ღირებულსაც ვერაფერს შექმნი.

- რას ურჩევთ ახალგაზრდა პოეტებსა და მწერლებს?

- ერთ რჩევას მივცემ ახალგაზრდებს, რომ ბევრი ლიტერატურა იკითხონ, რადგან იგი ადამიანის სულიერი საზრდოა.

- რა უნდა აღმოაჩინოს პოეტმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში?

-  ჯერ საკუთარი თავი უნდა აღმოაჩინოს და ღირსეულად დამკვიდრდეს საზოგოებაში.

- რას იტყვით ,,წმინდა ილია მართლის პრემიასთან“ დაკავშირებით?

- ძალიან კარგი პროექტია. ყველაფერი კარგად მიდის ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილის წყალობით. საუკეთესო საზოგადოებაა შემოკრებილი.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა