ავტორი
თიკო ბეკოშვილი
ცნობილი ჟურნალისტი გიორგი ქორქია ამბობს, რომ მისი გატაცება ექსტრემალური გადაცემებია. უყვარს მოგზაურობა და სწორედ ამიტომ გააკეთა საკუთარი ტელე-პროექტი ,,ჯეომეგზური“, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო დროებით შეწყდა, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ გადაცემას მალე განაახლებს და მაყურებელს უფრო საინტერესო კუთხით წარუდგენს.
- რატომ აირჩიე ჟურნალისტობა და იყო თუ არა ეს ვინმეს გავლენა?
- სკოლის პერიოდიდანვე გადავწყვიტე ჟურნალისტიკაზე ჩაბარება, მარტივი მიზეზის გამო - მამაჩემი და ბაბუაჩემი ამ პროფესიის იყვნენ, დიდი ბაბუა კი პუბლიცისტი. მართლაც სკოლის დათავრების შემდეგ უნივერსიტეტში ტელე-ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე.
- ტელევიზიაში რა ასაკიდან მუშაობ?
- 17 წლის ვიყავი, როცა ტელევიზიაში პრაქტიკებზე გამიშვეს და მას შემდეგ განუწყვეტლივ ამ სფეროში ვარ.
- რომელ ტელეარხებზე გიმუშავია?
- პრაქტიკები ,,მეორე ახზე“ გავიარე. წელიწადნახევრის შემდეგ კი რადიოში გადავედი. პირველ რადიოში ოთხი წელი მუსიკალურ წამყვანად ვმუშაობდი. იყო პერიოდი, დაახლოებით 2 წელი, როდესაც არსად ვმუშაობდი. მომავალში ,,პირველ მე-9 არხზე“ დავიწყე მუშაობა, იქიდან კი ტელეკომპანია ,,იბერიაში“ გადავედი, შემდეგ ,,იმედში“, გადაცემა „დროებაში“, რეპორტიორად. 2007 წლიდან უკვე ,,რუსთავი 2“-ში ვმუშაობ.
- რატომ მიატოვე ,,იმედი“?
- იყო ასეთი პროქტი „უკანასკნელი გმირი“, სადაც მუშაობა შემომთავაზეს, წამითაც არ დავფიქრებულვარ, ისე წამოვედი იმედიდან. ეს ერთჯერადი პროქეტი იყო, შესაბამისად სხვა სამსახურიც მჭირდებოდა, ამიტომ „პოსტ სკრიპტუმში“ რეპორტიორად დავიწყე მუშაობა. შემდეგ გადაცემა „დილაში“. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა პროექტებშიც მვუშოაბ.
- საკუთარ ტელეპროექტზე თუ გიფიქრია?
- დიახ და ერთჯერადად გავაკეთე კიდეც. ეს იყო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, რომელსაც „ჯეომეგზური“ ერქვა.
- რატომ შეწყდა ამ პროექტზე მუშაობა?
- ვაკეთებდი საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად, ამაში დაცული ტერიტორიების სააგენტოც იყო ჩართული. ორი სეზონი გავაკეთეთ, შემდეგ დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა და დროებით შევაჩერეთ, თუმცა წელს აღდგენას ვაპირებ.
- ჟურნალისტიკის რომელ მიმართულებაში გირჩევია მუშაობა?
- ჩემი სფერო პოლიტიკა არ არის, ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ძალიან არ მომწონს, როცა ჩემი თაობა ან ჩემზე პატარები პოლიტიკაზე არიან აქცენტირებული. ჩემი სფერო ექსტრემალური ჟურნალისტიკაა, მოგზაურობა საქართველოში. უფრო კომფორტულად თავს შემეცნებით- გასართობ ჟურნალისტიკაში ვგრძნობ.
- რომ შემოგთავაზონ პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანა დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ, არ წახვიდოდი?
- არა, უფრო სწორედ ვერ წავიდოდი, ნამდვილად ვერ შევძლებ, მაგ საქმეს თავი გავართვა, უბრალოდ არ გამომივა.
- გარდა იმისა, რომ ხარ ჟურნალისტი და მუშაობ ტელევიზიაში, სხვას რას საქმიანობ?
- სხვა საქმიანობას უბრალოდ ვერ ვასწრებ, იყო პერიოდი, როცა, ჩემს მეგობარ ბაკო ბურდულთან ერთად ვუკრავდი. ასევე ცხენოსნობით ვიყავი დაკავებული და საქართველოს ნაკრების წევრიც გახლდით, მაგრამ ამ საქმიანობასაც თავი დავანებე, ისევე მოუცლელობის გამო. ეს ყველაფერი ჰობად დავიტოვე.
- როგორი უნდა იყოს შენი აზრით ნამდვილი ჟურნალისტი?
- ძალიან ნაკითხი.
- როგორია გიორგი ქორქიას ერთი დღე?
- დილით ვდგები ხუთისნახევრზე, რადგან ექვს საათზე სამსახურში უნდა ვიყო, შემდეგ იწყება „დილა“. 11 საათზე სახლში გავდივარ, არ ვიცი ამას დასვენება ჰქვია თუ არა. ძილსაც ვერ ვასწრებ, რადგან 2 საათზე ისევ უკან, ტელევიზიაში ვბრუნდები და გვიანობამდე აქ ვრჩები. ფაქტიურად 4 სათზე მეტი არ მძინავს. კვირაში მხოლოდ ერთი დღე მაქვს დასვენება და მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად გავდივარ. რაზეც უარს ვერ ვამბობ, ეს არის ლუდი.
- გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე...
- ზემოთ ავღნიშნე, რომ ჩემი საავტორო პროექტი „გეომეგზური“ უნდა გავაკეთო, კიდევ რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, თუმცა ჯერ არ ვიტყვი, რადგან არ ვიცი გამოვა თუ არა.