შემოგვიერთდით facebook-ზე
ვანო ჩხიკვაძე: ჩვენი ქვეყანა დღესაც ილია ჭავჭავაძის წუხილით ცხოვრობს
19-02-2014, 15:14  /  ნახვა: 3705

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ჟურნალი ,,ქართული ელიტა“ პოეტსა და მწერალს, ბატონ ვანო ჩხიკვაძეს თავის პატარა და ლამაზ ,,სამოთხეში“ ესტუმრა. სახლში, სადაც უამრავი რომანი და ლექსი იწერება. ბატონი ვანო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდობას ხშირად ხვდება, აძლევს რჩევებს და საინტერესო თემებზე ესაუბრება. არც ჟურნალისტების სიმცირეს უჩივის ჩვენი ერის საამაყო მწერალი. მასზე დღემდე უამრავი რამ დაწერილა...

- ბატონო ვანო, გორის რაიონის სოფელ კირბალში დაიბადეთ, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.

- ბავშვობის გახსენებისას ყოველთვის ჩემი ბებია მახსენდება, რომელიც საოცარი მექართულე გახლდათ, მან დიდი როლი ითამაშა ჩემს მწერლად ჩამოყალიბებაში. იმ გარემოს, ადამიანებსა და სითბოს ვუმადლი ყველაფერს, რაც ჩემს გარშემო სუფევდა.

- როგორი იყო თქვენი სტუდენტობა?

ვანო ჩხიკვაძე: ჩვენი ქვეყანა დღესაც ილია ჭავჭავაძის წუხილით ცხოვრობს

- სტუდენტობა ძალიან კარგი იყო, ისეთი როგორც ახალგაზრდობის პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ძვირფასი და დასაფასებელი მოვლენა. მაშინდელ უნივერსიტეტში მწერალთა წრე ძალიან აქტიური იყო, რომელსაც ცნობილი პუბლიცისტი ბესარიონ ჟღენტი ხელმძღვანელობდა. სწორედ იმ პერიოდში აღიზარდა ჩემი თაობის მწერლების დიდი პლიადა. ეს მწერალთა წრე ნიკო კეცხოველის ლექტორობის დროს დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელი ერთი პერიოდი მეც გახლდით.

- მოგვიყევით თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ.

- მთავარი სათქმელი ნაწარმოებებმა უნდა თქვან. პირველი ლექსი კი არ დავწერე გამოვთქვი, ძალიან პატარა ვიყავი და მაშინ წერა-კითხვა არ ვიცოდი. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიბეჭდა ჩემი პირველი 7 ლექსი. მერე მოთხრობების წერაც დავიწყე. ჩემი შემოქმედება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. დღემდე 45 წიგნამდე მაქვს გამოცემული.

ვანო ჩხიკვაძე: ჩვენი ქვეყანა დღესაც ილია ჭავჭავაძის წუხილით ცხოვრობს

- რას იტყვით ,,წმინდა ილია მართლის სახელობის პრემიასთან“ დაკავშირებით?

- ეს ძალიან კარგი პროექტია, ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილის შესანიშნავი წამოწყება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი წინაპრები, ახალ თაობასაც გავაცნოთ და შევახსენოთ ისინი. რათა მათი აზრებისა და კალთებ ქვეშ გაიზარდონ. წარსული კიდევ ერთხელ გვაბრუნებს ილიასთან, მისი შემოქმედება ჩვენთვის მარად ახალია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დღესაც ილიას წუხილით ცხოვრობს. რაც შეეხება ამ პროექტს, კიდევ ერთხელ მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო, როცა წლის ბოლოს, გამარჯვებულის მოლოდინში ყველა ერთად შევიკრიბებით, ეს დღე ნამდვილი ქართული ლიტერატურის ზეიმი იქნება.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პროზაიკოსებსა და პოეტებს?

- ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობს, ჩემი სტრიქონები გარკვეული დროის მანძილზე წნეხისგან განთავისუფლდა, მეტი სილაღე და გამბედაობა შეემატა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს, რომ ბევრი ვისწავლოთ, სხვისი რჩევა უნდა მივიღოთ, თუ ვთვლით, რომ იგი სწორია. ახალგაზრდა მწერალთა ნაწარმოებებში, ქართული მხატვრული სიტყვისადმი ზერელე დამოკიდებულება იგრძნობა, რაც მკითხველში ემოციას  ვერ გამოიწვევს. ბევრი უნდა იმუშაონ. ყველა ახალგაზრდა პოეტს  ქართული სიტყვის ღირსეულ მსახურებას ვუსურვებ. ახალგაზრდა თაობაში ბევრი კარგი პოეტი და მწერალი გვყავს, დიდი სიამოვნებით ვეცნობი მათ შემოქმედებას.

ვანო ჩხიკვაძე: ჩვენი ქვეყანა დღესაც ილია ჭავჭავაძის წუხილით ცხოვრობს

- აპირებთ თუ არა მწერალთა კავშირის თავჯდოარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?

- არ ვაპირებ, სკამებისათვის ბრძოლაში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია და არც ჩავერთვები. ჩემი საქმე მწერლობაა, თუმცა ვისურვებდი, რომ ამ თანამდებობაზე ღირსეული ადამიანი მოვიდეს, რომელიც სხვების ბედზეც იფიქრებს. 

- როგორ შეაფასებთ საქართველოს განათლების მოდელს სასკოლო და საუნივერსიტეტო სისტემაში?

- მეთორმეტე კლასი ბავშვებისთვის ტანჯვა იყო. ეს იმისთვის მოიგონეს რომ ის დაევიწყებინათ, რაც თერთმეტი წელი ისწავლეს. მოსწავლეები ძალიან ხშირად ჩემთან შეხვედრას ითხოვენ, უარი არასოდეს მითქვამს. მინდა მათ დახმარების ხელი გავუწოდო და ცხოვრების ამდროინდელ ამღვრეულ მდინარებას გადავარჩინო.

- თქვენი სამომავლო გეგმები.

- ახლა გორის უნივერსიტეტი ჩემი ორი წიგნის სასაჩუქრე გამოცემას აკეთებს და მათ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა