შემოგვიერთდით facebook-ზე
მაკა ბლიაძე: პოეტი ისეთ წამს ქმნის, გულიდან სხვა გულს რომ მისწვდება და გზას არასდროს დაასრულებს
18-02-2014, 12:37  /  ნახვა: 3971

ავტორი

ეკა რევაზიშვილი

პოეზია თამაში რომ არის, ამქვეყნიური ნორმა-ჩარჩოებისგან დამოუკიდებელი, თავისუფალი სივრცე-სამყარო და თან დამოკიდებული სალექსო ჩარჩოებზე, პოეზია რომ ქაოსია და სიტყვათა ფერხული, რომლის დროსაც, როგორც გინდა სიტყვებს ისე აბურთავებ – ამ ყველაფერზე საუკუნეების განმავლობაში არაერთი რამ თქმულა.

საინტერესოა, როგორია თანამედროვე ქართული პოეზია და რამდენად ღირებულია ის.

ქართულ ლიტერატურულ წრეებში. დომინირებს აზრი, რომ საქართველოს დღეს არა ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტები,  ასეთები თითზე ჩამოსათვლელადაც ცოტაა. ზოგი კი ფიქრობს, რომ ქართული პოეზია საერთოდ ახალ საფეხურზე ადის და ამის შეფასებას უბრალოდ წლები სჭირდება.

- მაკა, როგორ შემოვიდა ლექსი თქვენს ცხოვრებაში?

- ლექსი ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის არის, მაგრამ როდის გაუღებ კარს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, როცა ძალიან გიყვარს და გულში ვერ  იტევ, ამ დროს უკვე შენი სათქმელი ხდება. ლექსი ფრთებივითაა, სხვას რომ უნაწილებ განწყობას, მას დაღვინება სჭირდება, სათქმელი უნდა გქონდეს და მერე მიაწოდო სხვას. თუ პოეზია შენშია და პოეტი ხარ უნდა შეძლო, რომ სხვამ შენი ლექსის წაკითხვის შემდეგ ოდნავ მაინც სხვაგვარად გააგრძელოს ცხოვრება.

მაკა ბლიაძე: პოეტი ისეთ წამს ქმნის, გულიდან სხვა გულს რომ მისწვდება და გზას არასდროს დაასრულებს

- რამ იქონია გავლენა თქვენს პოეტად ჩამოყალიბებაში?

- ალბათ ყველაფერმა, რაც ბავშვობაში წამიკითხავს და მომისმენია. უკვალოდ არაფერი ქრება. დგება დრო, როცა შენს სათქმელს ამბობ, რაიმეს ქმნი და აკეთებ ამას ზუსტად გრძნობ, იმიტომ, რომ დროის გადაღმა შეიძლება არიან ეს შემოქმედები. დღესაც ვიცი, რომ მათ უკეთ ესმით ჩემი, ვიდრე იმათ, ვინც დღეს გვერდით მყავს. ,,ერთი ცა გვხურავს აქაც და იქაც"- ჩემი ლექსის ფრაგმენტია, თუ გესმის, გესმის დროის  გადაღმა. არ არსებობს პოეტი, რომელსაც ერთი ლექსი მაინც არ ჰქონდეს ჩემთვის ფასეული, ამისათვის მადლობას ვეტყოდი ყოველ მათგანს.

- ალბათ საყვარელი მწერალი და პოეტი გყავთ...

- ძალიან მიყვარს ,,ვეფხისტყაოსანი", ნიკოლოზ ბარათაშვილის, ანა კალანდაძის, ვაჟა ფშაველას შემოქმედება, ჩემი ერთი კრებული ,, დღეის ფიქრადა მოსულხარ" სულ მთის კილოზეა დაწერილი.

- საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

- ავთანდილი მიყვარს ძალიან, ტარიელთანაც ვიმეგობრებდი. საერთოდ მიყვარს რაინდული ბუნების ადამიანები, რომელთაც სიყვარულთან ერთად მეგობრობაც შეუძლიათ.  მეგობრობა საოცარი თვისება და ძალაა ადამიანის, რომელიც ისეთივე სატარებელია, როგორც სიყვარული. Aამდენად ყველა პერსონაჟი ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც მეგობრობის სიმაღლეზე ტარება შეუძლია.

მაკა ბლიაძე: პოეტი ისეთ წამს ქმნის, გულიდან სხვა გულს რომ მისწვდება და გზას არასდროს დაასრულებს

- ვინ ან რა არის თქვენი ლექსების მუზა?

-თუ გიყვარს წერ, ეს სიყვარული განფენილია ყველაფერში. თუ ქმნი კიდეც იმ ამბავზე, რომ გიყვარს, მაშინ უკვე შემოქმედი ხარ, იმდენი რამ იყრის თავს ერთ ფრაზაში და ერთ ლექსში, წამი შეიძლება იპოვნო, რისთვისაც ღირს წერა. საქართველო იმდენად მიყვარს, რომ ნებისმიერი წამით დანახული მთა, ზღვა, ტბა, მღვიმე უდიდეს მუხტს მაძლევს, რომ რაიმე დავწერო.

- რას ფიქრობთ, რა მისია გაკისრიათ ამ ქვეყნად?

- ჩვენ, პოეტები მოვედით იმიტომ, რომ მოცემული წამი გავაგრძელოთ. თენდება დილა, არაფერი არ ხდება ცხოვრებაში და უცებ შენ თვითონ ქმნი გარემოს, სამყაროს. პოულობ იმ წამს, საიდანაც უნდა გააგრძელო ცხოვრება ისე, რომ მერე კიდევ სხვებს ეყოთ, ერთი გულიდან მეორე გულს მისწვდეს და არ დამთავრდეს ეს გზა. ძალიან უცნაურია ლექსის ბედი, შენში იბადება, მერე ამოსთქვამ სხვისთვის და ეს აგრძელებს თავის გზას.

- არაერთი კრებულის ავტორი ხართ...

- საკმაოდ დამიგროვდა ჩემი კრებულები. Pპირველი იყო საბავშვო კრებული ,,დილა მშვიდობისა", ,,მგზავრი ვარ", ,,ფიფქიანი ლექსები", ,,ერთი დღით მეტია რაც მიყვარხარ" და ,,დღეის ფიქრადა მოსულხარ".

- ბავშვების თემა ძალიან აქტუალურია თქვენს შემოქმედებაში...

- დიახ, ასეა, სილაღე არ უნდა დაუკარგო მათ და მაღალი დონის შემოქმედება უნდა მიაწოდო. ძალიან საინტერესო თაობა მოდის, რომელთაც უფრო კარგად ესმით ყველაფერი, ვიდრე ჩვენ გვგონია. ხანდახან ჩემი შვილი ისეთ რაღაცას მეტყვის, რომ ვხვდები ამისთვის ცხოვრება ღირს. ბავშვები არაჩვეულებრივი შემფასებლები არიან.

მაკა ბლიაძე: პოეტი ისეთ წამს ქმნის, გულიდან სხვა გულს რომ მისწვდება და გზას არასდროს დაასრულებს

- როგორც ვიცი საბავშვო ზღაპრების ავტორიც  ხართ?

- მაქვს ზღაპარი ,,მეფის ასული ფერების ქვეყნიდან", რომელიც ,,სანო-სტუდიაში" დაიბეჭდა და მას ნინელი ჭანკვეტაძე კითხულობს. ცოცხალი ისტორიაა. Eელოდება ბედი როდის გაეხსნება და დისნეიში როდის გადაიღებენ. ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს. ერთ-ერთი არის - ,,ალილო".

- როგორც წესი, ხელოვან ადამიანებს კრიტიკა მუდამ თან სდევს, რა აზრის ხართ ამაზე?

- კრიტიკა ზოგადად უნდა არსებობდეს. აუცილებლად უნდა იყვნენ თავისი საქმის მცოდნე პიროვნებები, რომლებიც შეაფასებენ ამა თუ იმ შემოქმედის ნამუშევარს. რა იყო შენამდე, ან შენ რა მოიტანე შემოქმედებაში, წინსვლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ დღეს ასეთი კრიტიკა არ არსებობს. ერთმანეთზე ლაპარაკი კრიტიკა არ არის.

- რას გულისხმობთ?

- კრიტიკას სხვა ფუნქცია აქვს, რომ ყველაფერი ერთ ადგილზე გაჩერებული არ იყოს. თუნდაც სიმღერაში, ვთვლი, რომ ცენზურა უნდა იყოს. ყველა სიმღერა არ უნდა გადიოდეს. მსმენელის და მკითხველის დონე უნდა აამაღლო და არა პირიქით. ახლა სრულიად სხვაგვარი ტენდენციაა. ხალხი პაატა ბურჭულაძეს და ოპერის მსოფლიო დონის მომღერლებს უსმენს. მათ კონცერტებზე არაჩვეულებრივი ანშლაგებია, რადგან რასაც გემოვნებიანს მიაწვდი, ადამიანი ყველაფერს იღებს.

- თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვისი აზრია?

- ალბათ ჩემი შვილების. რაც ლაპარაკი დაიწყეს მათ მას მერე ვუსმენ და მათი აზრი ჩემთვის ყველა თემასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. ფრთხილები არიან, სხვანაირი თაობაა, თავისი საინტერესო იუმორით, მათთან ურთიერთობა და მათი მოსმენა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- არაერთი სიმღერა შექმნილა თქვენს ლექსებზე...

- ორას სიმღერაზე მეტი. არაჩვეულებრივ კომპოზიტორებთან მიწევს მუშაობა, ესენი არიან: ნუნუ გაბუნია, ნინო ჩხიკვაძე, ქეთი გაბისიანი, დათო არჩვაძე, მაცაცო სეფისკვერაძე...

- პოეზიის საღამოებს თუ სტუმრობთ ხოლმე, როგორც პოეტი?

- მწერალთა კავშირმა საინტერესო პროექტი წამოიწყო, სვადასხვა რეგიონების, სოფლებისა და ქალაქების ბიბლლიოთეკებში მიგვაქვს წიგნები, რამოდენიმე პოეტი და მწერალი რომ მოვიყრით თავს, ჩვენს შემოქმედაბას ვკითხულობთ.

- ლექსის წერის გარდა, კიდევ რას აკეთებთ სიამოვნებით?

- საქართველოში მოგზაურობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მიყვარს ყველაფერთან შეხვედრა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ბევრს ვმოგზაურობ და კიდევ ბევრი მაქვს სანახავი. ძალიან ლამაზი, მოსაფერებელი და მოსაფრთხილებელია საქართველო. ის აფხაზეთი მენატრება, რომელიც მე მაქვს ნანახი, ვოცნებობ, ისევ დაგვიბრუნდეს აფხაზეთი. 

- ეს ალბათ ყოველი ჩვენთაგანის ოცნებაა, რომელსაც უწერია თუ არა ახდენა არავინ უწყის...

- მგონია, რომ მეგობრობა და პატივისცემა თუ არ არსებობს, იქ რაიმეს აღდგენა შეუძლებელია. საქმე თუ სიყვარულით არ არის გაკეთებული იქ ვერაფერი წავა წინ. ურთიერთობები თუ არ შედგა, აღდგა, დაიწყო ისე არაფერი გამოვა. ყველამ თავისებურად უნდა აღადგინოს აფხაზეთი, ვის როგორც უყვარს და ვის როგორ აკლია.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა