შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ოზურგეთის და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ყაჩაღური დაჯგუფების სამი წევრი: 1979 წელს დაბადებული მალხაზ ჯ, 1984 წელს დაბადებული შალვა გ. და 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ჯ. ყაჩაღობის მომზადების, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში გადაადგილებისას დააკავეს. მათი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია: „ა-კა-74“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდითა და 105 საბრძოლო ვაზნით, 2 ნიღაბი, წებოვანი ლენტი, ხელთათმანი და 5 პლასტიკური ბორკილი.
გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვის ბრალდებით მიმდინარეობს (18-179 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).