შემოგვიერთდით facebook-ზე
მაყვალა გონაშვილი: პოეტი ქვეყნის ერთ-ერთი წინამძღვარი და ერის ტკივილების გამზიარებელია
17-02-2014, 13:08  /  ნახვა: 4990

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ჩვენი პირველი შეხვედრა გუშინდელი დღესავით მახსოვს. მაშინ, 16 წლის ასაკში, საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული ახალგაზრდული ფრთის საპატიო წევრი გავხდი. სულიერად და გარეგნულად ლამაზი ქალბატონის, სიყვარულით აღსავსე მზერა მეხსიერებაში სამუდამოდ დამრჩა. ამ სითბომ გულის კარი გამიღო და პოეზიისკენ მიმავალი გზა დამილოცა. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რამდენი ბრძოლა ელოდა წინ ,,დიდ მგოსანთა პატარა სამეფოს“ - მწერალთა კავშირს. იყო მისი დარბევის, დანგრევისა და მოშლის არაერთი ძალიან სერიოზული მცდელობა. მაგრამ მისმა თავჯდომარემ ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა დიდი ბრძოლის, შრომის და უძილო ღამეების შედეგად, მწერალთა კავშირს ახალი სული შთაბერა. 

მაყვალა გონაშვილი: პოეტური მოღვაწეობა 6 წლის ასაკიდან დავიწყე. დღეს ოცზე მეტი პოეტური კრებულის, თარგმანებისა და საბავშვო წიგნების ავტორი ვარ. ახლახანს გამოვეცი პოეტური კრებული - ,,ხმა მესმა", რომელიც უწმინდესს და უნეტარესს მივუძღვენი. წიგნის გამოცემის იდეა მასთან შეხვედრის შემდეგ დაიბადა. ჩვენი პატრიარქი ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის სიბრძნის სიმბოლოა. ამიტომ ამ წიგნში პირველი ლექსებიც სწორედ მას ეძღვნება.

- წლების წინ, ხმათა უმრავლესობით მწერალთა კავშირის თავჯდომარის თანამდებობაზე აგირჩიეს, როგორ გაიხსენებთ და შეაჯამებთ თქვენი მოღვაწეობის პერიოდს ამ მიმართულებით?

- ყოველთვის, როცა მწერალთა კავშირზე ვსაუბრობ, ტიციან ტაბიძის სიტყვები მახსენდება, რომელიც ამბობდა: ,,ერის სული მწერლობაში ლაპარაკობს, სხვას არავის აქვს ერის სახელით ლაპარაკის უფლება და თუ ვინმეს საქართველოს მოკვლა სურს, ჯერ მწერალს უნდა ესროლოსო.“ ერის წინამძღოლის ფუნქცია ძნელია ვინმეს მიენიჭოს. ბევრს ჰგონია, რომ მწერალთა კავშირი კომუნისტური გადმონაშთია. 1916 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დაწერა პროექტი, რომ შექმნილიყო მწერალთა ერთობა. იგი წერდა: ,,საჭიროა შეიქმნას კავშირი, რათა წინა წარუძღვეს ერსა“ და 1917 წელს მწერალთა კავშირი დაარსდა.  ზედიზედ სამჯერ ამირჩიეს ამ თანამდებობაზე, გაზაფხულზე ახალი არჩევნები იქნება, მწერალთა კავშირს ახალი თავჯდომარე ეყოლება, რასაც სულითა და გულით მივესალმები.

მაყვალა გონაშვილი: პოეტი ქვეყნის ერთ-ერთი წინამძღვარი და ერის ტკივილების გამზიარებელია

- რამდენ საპატიო წევრს ითვლის დღესდღეობით საქართველოს მწერალთა კავშირი და როგორია მათი მუშაობის პრინციპი?

- ახლა 600-ზე მეტი წევრი გვყავს, მაგრამ მწერალთა კავშირი 2004 წლიდან აღარ ფინანსდება. ამ თვალსაზრისით ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. კვირა არ გავა, რომ რაიმე ღონისძიება არ ჩავატაროთ და მწერლები არ დავაჯილდოვოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მწერალთა კავშირის ცხოვრებაში ხდება  პოეტების, პროზაიკოსებისა და მთარგმნელებისათვის ჩატარებული ახალგაზრდული კონკურსებია, რომელთაც ფულადი პრემიებით ვაჯილდოებთ. ბოლო სამი წელია ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნების მწერალთა ორგანიზაციებში მიემგზავრებიან და იქ ატარებენ ქართული პოეზიის საღამოებს. ასეთი სახის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გვქონდა. წელს გამარჯვებული ახალგაზრდები ესპანეთში გაემგზავრებიან და პოეზიის საღამოებში მონაწილეობას იქ მიიღებენ.

- რა უნდა გააკეთოს დამწყებმა პოეტმა იმისათვის, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი გახდეს და არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი?

- ის უნდა იყოს ნიჭიერი და ღირსეული ახალგაზრდა, გააჩნდეს ისეთი ზნეობრივი თვისებები, როგორიც მწერალთა კავშირის წევრს შეფერის.

- რა ლიტერატურული ფესტივალები იმართება ახალგაზრდა პოეტებისა და პროზაიკოსებისათვის, რამდენად აქტიურია მათი ჩართულობა და რა პრიზები გაიცემა?

- პროზაში არის კონკურსი - ,,ალავერდობა“, რომელიც გურამ რჩეულიშვილის სახელს ატარებს, პოეზიაში კი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის კონკურსი და პრემია - ,,მერანი“. ახლა ახალგაზრდა მთარგვნელებისათვის დაწესდა ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია. წლევანდელი პრემია იმითაცაა მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელ სტუდენტს ერთ წლიანი სტიპენდია დაენიშნება.

- თქვენს ლექსში ,,ვალი“  ამბობთ: - ,,ჩემს სამშობლოში ათ გზის ძნელია იყო პოეტი და იყო ქალი“,  ეს სიმძიმე ყველაზე მეტად როდის იგრძენით?

- ეს ლექსი 20 წლის ასაკში დავწერე, რაც შემდეგ ჩემი ცხოვრების კრედოდ იქცა. ერთი გერმანელი პოეტი წერდა - ,,მწერლობა მთავრდება იქ, სადაც იწყება სირცხვილის გრძნობა“. მწერლისათვის თავისუფლება აუცილებელია, საქართველო კი ის ქვეყანაა, სადაც თავისუფალიც უნდა იყო და არც ტრადიცია დაივიწყო, რაც ძალიან ბევრ რამეს გავალებს თუ ქალი პოეტი ხარ. როცა საქართველოს პოეტი ქალი ენატრებოდა, პაოლო იაშვილმა ელენე დარიანი გამოიგონა. საქართველოს უნიჭიერესი ქართველი ქალი პოეტები ჰყავდა. ვფიქრობ, რომ მათ რიგებში ყოფნა ძალიან საამაყოა.

- რას გულისხმობთ სიტყვებში  - ,,ვცხოვრობ უჭერო ბინაში“?

- ეს ლექსი 90-იან წლებშია დაწერილი, ძმათამკვლელი ომის დროს. ის დღეები ყველამ საკუთარ თავზე გადავიტანეთ, სახელმწიფო უჭერო ბინად იქცა, რომელიც ჩალითაც კი აღარ იყო გადახურული. ჩვენ მაშინ სახლი დაგვიწვეს, ამიტომ ფიზიკურადაც და მორალურადაც უჭერო ბინაში ვცხოვრობდით.

- გაქვთ ერთი ლექსი, რომელიც მერაბს ეძღვნება,  ვინ არის ეს ადამიანი და რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

- მერაბი ჩემი მეუღლეა, ეს ლექსი მას ეძღვნება. ჩვენი, ორივეს ნატვრაა, ერთად დიდხანს ვიყოთ ამ წუთისოფელში, თუ უფალმა ინება. ხოლო, როცა ბოლო ჟამი მოგვიწევს, ერთად წავიდეთ მარადიულ სასუფეველში.

- ჩვენ ერთი ძალიან საპატიო პრემიის პოტენციური ლაურიატები ვართ, ეს არის ,,წმინდა ილია მართლის სახელობის პრემია“, რომლის დამფუძნებელიც ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი გახლავთ, რას იტყვით ამ პროექტის შესახებ?

- მე ამ პროექტის მონაწილე ვარ. ახლახანს, კახეთში, კაჭრეთის კოლეჯ ,,აისში" ერთად ვიყავით, სადაც ერთ-ერთი საღამო ჩატარდა. ვიცი, რომ ნუგზარ ჭიაბერაშვილს არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. მიხარია, რომ ახალგაზრდა კაცი სამშობლოზე ასე ფიქრობს. მან შემთხვევით არ აირჩია ეს პრემია, მისი მისწრაფებები და სურვილები ილიას ოცნებებს ეპასუხება. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. მაგრამ სახელმწიფოსაც უნდა შეეძლოს ადამიანების გვერდით დგომა და მათთვის მადლობის თქმა. მარტო ერთი ადამიანი ამისთვის ცოდვაა. ქვეყანა, რომელმაც არ იცის კეთილშობილი ადამიანების დაფასება, ის სახელმწიფო არაა, თავისი ქვეყნის ღირსეულ შვილებს გვერდში უნდა დაუდგეს.

- იყო პერიოდი, როდესაც მწერალთა კავშირის შენობას გვართმევდნენ, ვის სურდა ეს და რატომ?

- მაშინ ყოველგვარი ეროვნული ინსტიტუტების დანგრევა და შენობების ხელში ჩაგდება უნდოდათ. თავჯდომარეობა სწორედ ამ პერიოდში მომიწია და მადლობა უფალს, რომ ეს შენობა არ გაიყიდა. იმედია, ისეთი ხელისუფლება აღარ მოვა, რომელსაც ამ შენობის გაყიდვა კვლავ მოუნდება.

- რა არის თქვენთვის პოეზია?

- ამ კითხვაზე ჩემთვის პასუხის გაცემა ადვილიცაა და ძნელიც, პოეზია ქართული სიტყვის მსახურებაა.  მიმაჩნია, რომ რადგან სიტყვა იყო ღმერთი, მეც ღმერთის ერთ-ერთი მსახური ვარ. როცა ძალიან მიჭირს, მაშინ ლექსი მშველის. პოეზია ჩემთვის გამოსავალია, იგი ჩემი წამალია, საშვალება იმისა, რომ ხალხს ვუთხრა რას ვფიქრობ. ჩემთვის პოეტი, ქვეყნის ერთ-ერთ წინამძღვარად და ერის ტკივილების გამზიარებლად რჩება.

- რას გულისხმობთ ერის წინამძღოლობაში?

- ერის წინამძღოლობა იმას ნიშნავს, რომ იგივე ტკივილებით იცხოვრო, როგორც შენი ერი ცხოვრობს. არასოდეს გაჩუმდე, მოიქცე ისე, როგორც შენს ქვეყანას სჭირდება, რაც არ უნდა საშიში იყოს. მწერლისათვის უპირველესი სიმართლეა, მაგრამ წმინდა ქართულად და არა მხოლოდ პუბლიცისტურ დონეზე. არ უნდა შეგეშინდეს, თუ შეგეშინდა და გულგრილი გახდი, იქ შენი მწერლობაც მთავრდება. ზოგჯერ ბულბული უნდა იყო, ზოგჯერ კი ძაღლი, რომელიც ქვეყნის ბედზე ყეფს, თუნდაც ქარავანი მიდიოდეს, ოდესმე მაინც გაიგებენ ამას...

- ჰამლეტ გონაშვილზე არაჩვეუვლებრივი ლექსი გაქვთ, როგორ გაიხსენებდით მას, როგორც პიროვნებას?

- ახლახანს წიგნი გამოვეცი, სადაც ჰამლეტ გონაშვილზე 100-მდე ლექსია მიძღვნილი. არცერთ ხელოვანზე არ დაწერილა იმდენი ლექსი, რამდენიც მასზე. ოთარ ჭელიძე მას ლექსით ჩემზე უკეთესად ახასიათებს, ამბობს, რომ ეს იყო თმაჭაღარა ბავშვი, რომელიც ადამიანებს შორის დადიოდა. ღმერთმა მას საოცარი ნიჭი მისცა და თავისი საოცარი გალობით, ადამიანთა სულებს კურნავდა. ერთ-ერთი გერმანელი რეჟისორი მსოფლიო კატასტროფებზე ფილმს იღებდა და ხალხურ ხმას ეძებდა, რომელიც შემდეგ გაიჟღერებდა, როგორც უფლის ხმა. ჰამლეტის სიმღერა რომ მოისმინა თქვა: ეს ხმა სამყაროს გადამრჩენელიაო. ფილმი იმით მთავრდება, რომ მომაკვდავი სამყარო ჰამლეტის ხმაზე ცოცხლდება.

- თქვენი სამომავლო გეგმები.

- უახლოეს ხანში შემოქმედებითი საღამოს გამართვას ვაპირებ, რადგან მრგვალი თარიღი მისრულდება. რაც კი ამ ბოლო ხანებში გამიკეთებია, მინდა ჩემს მკითხველს და მეგობრებს მოვასმენინო. სამომავლო გეგმებში კი ის შედის, რომ რუსთაველის პრემიის ლაურიატებისათვის; პროზაიკოსებისა და პოეტებისათვის, ასევე მუსიკოსებისათვის ვაკეთებ ათ ფილმს, რომელთა პრეზენტაციაც აუცილებლად გაიმართება.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა