შემოგვიერთდით facebook-ზე
ერეკლე საღლიანი: მუზა ყველა კაპას ქალზე უარესია, თუ გაგექცა მისი მობრუნება ძნელია
17-02-2014, 12:33  /  ნახვა: 3998

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ბედნიერებაა დაიბადო საქართველოში, რადგან ამდენი სათაყვანებელ-მოსაფერებელი კუთხე გვაქვს. ნათქვამია, რომელი კუთხიდანაც უნდა იყოს ადამიანი, მასში ერთი წვეთი სვანის სისხლიც ურევიაო. სვანეთის ყველა მკვიდრი განსაკუთრებული და გამორჩეული ფენომენია. ჟურნალი ,,ქართული  ელიტა“ სვანეთის კოლორიტს, ბატონ ერეკლე საღლიანს ესტუმრა, იგი არაჩვეულებრივი პოეტი გახლავთ და დღემდე უამრავი წიგნი აქვს გამოცემული.  მის ცხოვრებაში ბევრი უცნობი ამბავი არსებობს, რასაც ჩვენი ჟურნალის მკითხველს დიდი სიამოვნებით უამბობს.

- ბატონო ერეკლე გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.

- ბავშვობა ყველაზე სათნო, სანატრელი და სიყვარულით აღსავსე პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო, როდესაც იწყებ ბრძოლას უკეთურებათა წინააღმდეგ, ბავშვი მეოცნებეა, იგი სხვაგვარად აღიქვამს სამყაროს და არ არის იმ დოზით შერყვნილი, რა დოზითაც ეს შემდეგ ხდება. მეცოდებიან დღევანდელი ბავშვები, მათ  ოცნება წაართვეს, რადგან არნახული ტექნოლოგიური განვითარების პირობებში საოცნებო თითქმის აღარაფერი დაუტოვეს. ოცნების გარეშე კი წარმოუდგენელია ადამიანი ჩამოყალიბდეს. პიროვნება, რომელიც მოწიფულ ასაკში დაუბრუნდება ბავშვობიდან მოყოლილ სიწმინდეს, ის უკვე გენიოსია.

ერეკლე საღლიანი: მუზა ყველა კაპას ქალზე უარესია, თუ გაგექცა მისი მობრუნება ძნელია

- როგორი იყო თქვენი სტუდენტობა?

- ძალიან კარგი სტუდენტობა მქონდა. იმდროინდელი უნივერსიტეტი ცოდნის კერა იყო, სადაც დიდი მეცნიერები მოღვაწეობდნენ, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს ქართული კულტურის ისტორიაში... 

- გვიამბეთ თქვენი პოეტური მოღვაწეობის შესახებ.

- ამაზე თვითონ ლექსები საუბრობენ... ყოფილა შემთხვევა სამი წელი არაფერი დამიწერია. ერთხელ  ჩავთვალე, რომ ჩემი შემოქმედებითი შესაძლებლობები ამოიწურა, სამწუხაროდ ბავშვობის დროინდელი ლექსებიც გადავყარე, რაც მიუტევებელი დანაშაულია. ყველას გირჩევთ, მსგავსი არ გააკეთოთ, გამოგადგებათ, ის სხვა ლექსში თავს აუცილებლად იჩენს. ჩემი ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებები იმ ლექსებთან ერთად გავანადგურე. მაგრამ მქონია შემთხვევა, როდესაც ხუთ თვეში 500 ლექსზე მეტი დამიწერია. ამიტომ ჩვენ არ გვძალმიძს ვაკონტროლოთ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები, როგორც თავის ერთ-ერთ გენიალურ ლექსში ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობს: - ,,მშვენიერება, ნათელია ზეცით მოსული“, რითაც ლექსის ფენომენს გულისხმობს. ხოლო როდის მოვა ეს ბედნიერება არავინ იცის, მუზა ყველა კაპას ქალზე უარესია, თუ გაგექცა მისი მობრუნება ძნელია. ამიტომ იგი არსად უნდა გაუშვა. პოეზიაშიც და ცხოვრებაშიც მქონია აღმასვლაც და დაღმასვლაც, თუ შემოქმედებითი მარცხის სიმწარე არ იწვნიე, ისე ღირებულს ვერაფერს შექმნი.

ერეკლე საღლიანი: მუზა ყველა კაპას ქალზე უარესია, თუ გაგექცა მისი მობრუნება ძნელია

- ლექსების განადგურებას მიუტევებელ ცოდვად მიიჩნევთ, კიდევ რა შეიძლება პოეტს ან მწერალს არ მიეტევოს, როგორც შემოქმედს?

- სვანეთში სამი მიუტევებელი ცოდვა არსებობს: მამულის გამოხვრა და ხატის წაბილწვა, ვგულისხმობ უკეთურ საქციელს, რომელიც ადამიანის გონებაში არ შეიძლება გაფიქრებული იყოს. ეს ზოგადად მხოლოდ ქართველი კაცის სულს კი არა, პოეტებსაც ეხებათ. სწორედ, რომ უკეთური საქციელი არ მიეტევება არც პოეტს და არც მწერალს.

- თქვენი ცხოვრების სიყვარულმა გაგხადათ თუ არა ორმაგად პოეტი?

- რა თქმა უნდა, მაგრამ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში, ყველაფრისადმი სიყვარული გაწყებინებს ლექსების წერას, თუ არ გიყვარს ლექსსაც ვერ დაწერ და მაშინ ადამიანიც აღარ ხარ. თუ მოყვასი არ გიყვარს ვერც უფალს შეიყვარებ. პავლე მოციქული ამბობდა - ,,სიყვარული ეს ღმერთი არს“.

- ბატონო ერეკლე, რატომ არსებობს სვანეთში თამარ მეფის კულტი?

- ეს მეც მიკვირს, ასეთი კულტი საქართველოს არცერთ კუთხეში არაა.  არსებობს ყვავილი, რომელსაც თამარის ღიმილი ჰქვია, წყარო -  თამარის ცრემლების სახელით, არსებობს თამარის კოშკიც. სვანეთის ყველა სოფელი იჩემებს იმას, რომ თამარი ზაფხულობით იქ ისვენებდა. ეს უდიდესი კულტია.

- არსებობს ულამაზესი სვანური ნანა, ამაზე მოგვიყევით.

- ეს მამაჩემის ლექსია, ჩემდამი მოძღვნილი, მუსიკა კი ჩემმა დამ მანანა საღლიანმა დაწერა.

- არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია სვანეთში ბიჭის დაბადებასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა ამას თოფების სროლა და მთელი ამბები ახლავს. ჩვენთან ვაჟი კერიის კულტია. იმიტომ, რომ იგი მომავალი მეომარი და გვარის გამგრძელებელია, მაგრამ არც ქალიშვილია ხელწამოსაკრავი, ოჯახში ორივე აუცილებელია - გოგოც და ბიჭიც.

- არსებობს თუ არა საღლიანების საგვარეუვლო რელიქვია სვანეთში?

- რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ გასაიდუმლოებულია, რომელიც ოჯახიდან ოჯახში გადადის, ეს ხდება ნათლისღების დღესასწაულზე. ბოლოს რელიქვია ოჯახში ბრუნდება, სადაც თავდაპირველად ინახებოდა.

ერეკლე საღლიანი: მუზა ყველა კაპას ქალზე უარესია, თუ გაგექცა მისი მობრუნება ძნელია

- გვიამბეთ ლამპრობის შესახებ.

- ეს არის წინამდებარე ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც ქრისტიანობამ გაითავისა. იგი მტრის განდევნასთანაა დაკავშირებული. როდესაც სვანეთში დიდი შემოსევები იყო, მამაკაცებმა ლამპრები აანთეს და მტერს შთაბეჭდილება შეუქმნეს, თითქოს ბევრნი იყვნენ, რის გამოც მტერმა უკან დაიხია. ამის შემდეგ დაწესდა როგორც დღესასწაული, რომელიც წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება. იმდენი ლამპარი ინთებოდა ოჯახში, რამდენი მამაკაციც იყო. როგორი გაბრაზებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები ერთმანეთზე, იმ დღეს არაფერი საწყენი არ უნდა ეთქვათ.

- როგორია სვანური ქორწილი?

- გენიალურია, ღამის თევა ახლავს თან. როცა ბიჭის სანათესაო მიდის გოგოსთან იქ სუფრაზე ბიჭის მხარეა თამადა, ხოლო როცა ბიჭთან მიდიან პირიქით. ეს იმიტომ ხდება,  რომ სტუმრებმა უცხოდ არ იგრძნონ თავი. შემდეგ ნეფე-პატარძალს დალოცავენ, დედამთილი რძალს ხელს მოკიდებს და კერიის გარშემო შემოატარებს, ბოლოს კი მიიყვანს და თავის ქალიშვილებს გვერდით დაუყენებს…

- ოდესმე რაიმე თანამდებობაზე გიფიქრიათ?

- არასდროს, ჩემს ახლანდელ პირობებში შემოქმედ ადამიანს, უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რომ ნაკლებად იფიქროს საყოფაცხოვრებო პრობლემებზე.

- არსებობს სოსო ჯაჭვლიანის ფილმი ,,სვანი“, ამით საზოგადოებისათვის რისი თქმა გსურდათ?

- ეს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზეა. იმაზე, რომ წესი და რიგი ირღვევა. ადათ-წესები ირყვნება, სადაც ყველაფერი ნებადართულია. ეს ფილმი იმას გვეუბნება, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ადათ წესები, თორემ ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ.

- თუ არსებობს სვანეთში საღლიანების საგვარეულო ეკლესია?

- ეს ყველა გვარს აქვს, მარტო სოფელ ცხუმარში, საიდანაც წარმოშობით ვარ, თორმეტი ეკლესიაა აშენებული.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა