2013 წელი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა, რამაც დიდი მოლოდინები და შესაბამისად ბევრი გამოწვევა მოიტანა. ყველაზე დიდი მიღწევა ამ მიმართულებით იყო გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირება. კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2009 წელს და მას შემდეგ სახალხო დამცველის არაერთი გამოსვლისა თუ ანგარიშის მოთხოვნა სწორედ მისი რატიფიცირება იყო. 2013 წლის 26 დეკემბერს პარლამენტმა 91 ხმით, ერთხმად მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“, თანდართული დეკლარაციის გათვალისწინებით, რატიფიკაცია.
გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები, მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ინარჩუნებენ, აძლიერებენ, ასახელებენ ან აყალიბებენ წინამდებარე კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგისათვის აუცილებელ სტრუქტურას, რომელიც საჭიროების მიხედვით მოიცავს ერთ, ან რამდენიმე დამოუკიდებელ მექანიზმს. ასეთი სახის მექანიზმის დასახელებისა ან შექმნის შემთხვევაში, მონაწილე ქვეყნები მხედველობაში იღებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის ეროვნული ინსტიტუტების სტატუსსა და ფუნქციონირების პრინციპებს.“
საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პოპულარიზაციის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ეროვნულ ინსტიტუტს, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ინსტიტუტს საგანმანათლებლო ფუნქციას ანიჭებს, ხოლო 31 მუხლის თანახმად საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს, რის საფუძველზეც ხორციელდება დახურული დაწესებულებების მონიტორინგი, რაც სწორედ მისი პრეროგატივაა. საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს 40-ზე მეტი ექსპერტი უფლებათა დაცვის საკითხებში (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დისკრიმინაციის საკითხებში ექსპერტები), აქვს მატერიალურ-ტექნიკური და ადმინისტრაციული რესუსუსები, რომელიც საჭიროა ზემოაღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად.
ინსტიტუტის რეპუტაცია, კომპეტენცია და გამოცდილება ადამიანის უფლებათა მონიტორინგის კუთხით ხაზგასასმელია და აძლევს საფუძველს სახალხო დამცველს მოუწოდოს საქართველოს მთავრობას კონვენციის რატიფიცირების შემდეგ მის ძალაში შესვლამდე გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად დასახელებულ იქნას საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათ წარმომადგენელთა სრული ჩართულობით.