შემოგვიერთდით facebook-ზე
ლადო კახაძე: მეუღლე ჩემი ეტალონი და ლექსის მუზაა
21-01-2014, 13:22  /  ნახვა: 4837

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

პიროვნება, რომელიც მრავალი წელია სიცოცხლის სადარაჯოზე დგას და მომავალი თაობის ამ ქვეყნად მოვლინებას ემსახურება. მარტო პროფესია როდი ხდის მის თვისებებსა და ხასიათს განსაკუთრებულს, თავის სათქმელს ლექსადაც გადმოქვცემს. ქართული მედიცინის კორიფე, ექიმი მეან-გინეკოლოგი ბატონი ვლადიმერ კახაძე, დღეს ჟურნალ ,,ქართული ელიტის” სტუმარი გახლავთ.

- ბატონო ვლადიმერ გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.

- მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში დავიბადე, ჩემს თაობას წილად მშობლებისა და ბებია-ბაბუებისათვის საშინელი ომის დავიწყების ფუნქცია ერგო, რომელიც იმ დროს ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა.  მზრუნველობას, რასაც ჩვენს მიმართ იჩენდნენ, იყო გაათმაგებული სიცოცხლე სიყვარულისა. ჩვენს თაობას მსგავსი კატასტროფა არ ენახა, ამიტომ მთელი ცხოვრება უფროსების მიმართ ვალდებულებებითაა მოცული. ვცდილობ, ეს ყველაფერი შთამომავლობაზე გადავანაწილო, რათა ღირსეულად იცხოვრონ თავის საამაყო სამშობლოში.

- როგორი იყო თქვენი სტუდენტობა?

- როდესაც მეკითხებიან რა არის ჩემი ყველაზე დიდი წარმატება, ცალსახად ვპასუხობ, იმ დროს, როდესაც სასტუდენტო ასაკის ვიყავი, სკოლის შემდგომ პერიოდში დიდი სურვილი მქონდა ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა, სადაც მაშინ ყველაზე დიდი კონკურსი იყო. თუმცა ყოველგვარი ზედმეტი ადმინისტრაციული ჩარევების გარეშე მოვხვდი და ვთვლი, რომ ჩემი სწორი არჩევანი შემდგომ ცხოვრებამ დაადასტურა.

- უკვე წლებია სიცოცხლეს ემსახურებით, არის თუ არა ეს თქვენთვის ერთგვარი რისკი და თავის დროზე რატომ გადაწყვიტეთ მეან-გინეკოლოგი გამხდარიყავით?

- ადამიანი ორი რამისთვის იბადება; მას მოაქვს იმედი და რწმენა, ასევე სიხარული თავისი მშობლებისა და წინამორბედი თაობებისთვის, ის მოდის სიკეთის საკეთებლად, სიცოცხლის გასაგრძელებლად, რომ ვერასდროს სიცოცხლეზე სიკვდილმა ვერ იზეიმოს, ვერ გაიმარჯვოს სიკეთეზე ბოროტებამ. სამედიცინო სფეროში ყველაზე საპასუხისმგებლო და განსაკუთრებულია მეან-გინეკოლოგია. რადგან ორ სიცოცხლეს ემსახურები. ეს მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, მაგრამ უდიდესი სიხარული მოჰყვება თან, როდესაც ახალ სიცოცხლეს ქვეყნად მოვლინებაში ეხმარები.

ლადო კახაძე: მეუღლე  ჩემი ეტალონი და ლექსის მუზაა

- თქვენ წერთ ლექსებს, გვიამბეთ ამის შესახებ.

- სკოლის მოსწავლეს ქართული ენისა და ლიტერატურის ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდნენ, რომლებიც გაკვეთილის ახსნის დროს ჩვენს კლასიკოსებს ეფერებოდნენ. ჩვენც გვიჩნდებოდა ქართული სიტყვიერების მიმართ დიდი პატივისცემა, რათა სიღრმისეულად გავცნობოდით იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომელთა გამოცდილებაც საუკვდავსაყოფო ნაწარმოებებს ქმნიდა. გიჩნდება სურვილი, რომ გამოიყენო პოტენციალი, რომელიც ღმერთმა ქართული ანბანის მეოხებით დაგახვედრა. არ ვთვლი, რომ პოეტი ვარ, მაგრამ მაინც გავბედე ფურცელზე გადამეტანა ჩემი ემოცია. პოეტობა ეს ძალიან მაღალი წოდება და ერთეულების ხვედრია, ზოგჯელ ლექსით ისეთ საიდუმლოს გასცემს, რომელიც შეიძლება ვერ გამოთქვა. ასეთი რამ ჩემს შემთხვევაში ბევრჯელ მომხდარა.

- ძალიან კარგი სიტყვებია თქვენს ლექში - ,,შენობით მომმართე და თქვენობით მომებყარი“ - რას გულისხმობთ ამაში?

- მომმართე შენობით, მაგრამ თვენობით მომებყარი, ამით ხაზს ვუსვამ პატივიცემასა და მოკრძალებას უფროსი ადამიანის მიმართ. მთავარია როგორ მომექცევი, თორემ მიმართვის ფორმა ტრაგედიას არ წარმოადგენს, ყველას ვეუბნები, ერთი დღითაც უფროსი ადამიანი შენზე უფროსია და უპირატესობა გააჩნია 24 საათითაც კი. მას რისკებიც მეტი დახვდა, მეტი უარყოფითი და დადებითი ემოცია განიცადა. ამიტომ პატივი ეცი მის გამოცდილებას. შეიძლება არ გაიზიარო ბოლომდე, მაგრამ მოუსმინო უფროსის რჩევას.

- თქვენს ლექსიკონში არის ორი მთავარი სიტყვა - ბოდიში და მადლობა - რამდენად ხშირად ამბობთ ამ სიტყვებს და ვისი მისამართით?

- ჩემი ერთ-ერთი წიგნის სათაურია ,,გმადლობ ბოდიში“. ხშირად მითქვამს და ვიმეოვრებ - ორ სიტყვას შეუძლია გადაარჩინოს სამყარო. შეიძლება ადამიანს საერთოდ არ იცნობდე, მაგრამ მას მადლობა გადაუხადო სხვისთვის გაკეთებული სიკეთის გამო. 

- თქვენ ცეკვავდით ანსამბლში, სადაც თქვენი პარტნიორი ქალბატონი ირინა ფაღავა იყო. გვესაუბრეთ ამ საინტერესო პერიოდზე.

- ირინა ფაღავა ბრწყინვალე პიროვნებაა, რომელიც იყო, არის და რჩება საუკეთესო მოცეკვავედ. ჩვენ დავიბადეთ სხვადასხვა ოჯახებში, მაგრამ ერთად გავიზარდეთ, როგორც სკოლაში ისე ანსამბლში. ჩვენი მშობლებიც უახლოესი მეგობრები იყვნენ. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში იძერწებოდა. დღესაც იგივე ემოციით ვხვდებით და ისევე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც ბავშვობაში. ირინასთან ერთად არაერთი გამარჯვება მომიპოვებია სასცენო მოღვაწეობის დროს. სუხიშვილების ანსამბლში გატარებული პერიოდი ჩემი ცხოვრების ოქროს ხანაა. სულმნათი ილიკო სუხიშვილისა და არაჩვეულებრივი ქალბატონი ნინო რამიშვილის გვერდით. შემდეგ პრიორიტეტი სამედიცინო სფეროს მივანიჭე, რასაც ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო მიესალმებოდნენ. ყოფილი მოცეკვავე არ არსებობს, არსებობს სულით მოცეკვავე, ეს ხელშეუხებელი საკითხია. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი, ილიკო სუხიშვილისგანაც მიმიღია მადლობა ქართული ცეკვის შესრულებისათვის. ჯანო ბაგრატიონის თავზე კოცნაც მახსოვს,  მიწერია ეს სიტყვები ,,ჩოხა ერთად-ერთი ეროვნული სამოსია, რომელსაც თავად უნდა მოერგო.“  დღესაც ვაგრძელებ ამ ტრადიციებით ცხოვრებას, ქართული ცეკვის პატივისცემა და სიყვარული ლექსადაც გამომითქვამს. ქართული ცეკვა დღესაც ჩემს განუყოფელ ნაწილად რჩება.

- გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, როგორი მამა და მეუღლე ხართ?

- მკაცრი მამა არ ვარ. ორი ქალიშვილი მყავს - თინათინი და ეთერი. ახლა მე და ჩემი მეუღლე რუსუდანი ორი შვილიშვილის ბებია-ბაბუა გავხდით. ჩემი ნიკოლოზი და ანდრია ძალიან კარგად სწავლობენ. ჩვენ მათი სწავლის პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები.

- როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

- მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვიყავით. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთი პროფესიის ვართ. ჩვენი ერთობლივი ცხოვრება, უკვე 45 წელიწადს ითვლის. ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ და სიზმარშიც კი ერთმანეთს ვნახულობთ. დიდი ბედნიერებაა, როცა ასეთი კარგი მეუღლე გყავს, სულიერად და გარეგნულად ლამაზი, წრფელი და დახვეწილი. იგი ჩემთვის ეტალონი და ჩემი ლექსის მუზაა. როცა პირველად ვუკითხავ ნამუშევარს მის თვალებში სხივი ენთება, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. რუსუდანი ჩემთვის ისეთი მუზაა, ყველა სხვა დაჩრდილა. 

- ძალიან ცნობილი ნათლია ხართ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეს თქვენთვის?

- ბავშვები, რომლებიც ჩემი დახმარებით დაიბადნენ, მათგან ბევრის ნათლია ვარ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შეიძლება მუდმივად ვერ იყო მათთან, ხშირად ვერ მოინახულო, მაგრამ ნათლულებისთვის ყოველთვის ილოცო.  

- გაუმხილეთ ჟურნალ ,,ქართული ელიტის“ მკითხველს თქვენი სამომავლო გეგმები.

- ორი წიგნის ავტორი ვარ, მალე მესამეც დაიბეჭდება, რომელიც გაზაფხულზე გამოვა. როგორც ექიმს, კიდევ მაქვს ერთი წიგნი მოსასწრები, იგი ულტრასონოგრაფიით დიაგნოსტიკას შეეხება. ეს წიგნი სტუდენტებისა და დამწყები ექიმებისთვის იქნება.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა