შემოგვიერთდით facebook-ზე
ლევან რუსია: მეშინია მუსიკალური გემოვნება უკან არ წავიდეს და ფანდურზე არ შევრჩეთ
24-12-2013, 15:02  /  ნახვა: 3252

ავტორი
ნათია რევაზიშვილი
ამბობენ, ჯაზი ელიტისთვის განკუთვნილი მუსიკააო, ფაქტია, ამ მიმდინარეობას ყველა ვერ უსმენს და  ვერ იგებს მის ხიბლს. ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია, თუ როგორ უსმენენ იმპროვიზაციის ამ ჟღერადობას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კავკასიაში ჯაზურმა მუსიკამ  60-იან წლებშივე მოიკიდა ფეხი. ეს ალბათ იმპროვიზაციის იმ დონემ განაპირობა, რომელიც ქართულ სიმღერაშია ჩადებული  და ამით თავისებურ სიახლოვეს ამჟღავნებს ჯაზთან. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამ მხრივ მეტად განათლებული საზოგადოება არსებობს, რომელიც ფართო ასპარეზზე არ ჩანს. ვინ უსმენს დღეს ჯაზს საქართველოში და რა პირობებია საჭირო მისი განვითარებისთვის, ამ თემებზე ქართველ ჯაზ მუსიკოსს, ლევან რუსიას ვესაუბრეთ...
-ლევან, როგორ შემოვდა ჯაზი შენს ცხოვრებაში?
-თავიდან, როგორც ყველა თინეიჯერი, მეც როკ მუსიკას ვუსმენდი. შემდეგ მოვუსმინე რამდენიმე ცნობილ ჯაზ შემსრულებელს, როგორიცაა ,,jaco pastoriusi“-ს  მუსიკას და ეს გახდა ჩემთვის იმის სტიმული, რომ ჯაზს გავყოლოდი. ყველა  შემსრულებლისგან ცოტ-ცოტა რაღაცას სწავლობ. ჩავაბარე ჯაზ აკადემიაში, სადაც ჯაზის ხელოვნებას ვსწავლობდი. შემდეგ დავამთავრე ზ. ფალიაშვილის სამუსიკო კოლეჯი სადაც მასწავლიდნენ შესანიშნავი პედაგოგები: თამაზ ყურაშვილი, ირინე ებრალიძე და სხვები. შევისწავლე ჯაზური ჰარმონია.  დღეს  ჩემი ჯგუფიდან ბევრი მოქმედი მუსიკოსია. 63შემდეგ  იმავე სასწავლებელში პედაგოგად დავრჩი. დღეს ეს კოლეჯი აღარ არსებობს, დაიხურა. ამჟამად ვასწავლი ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ბას გიტარის კლასს.  ვუკრავ „რეგეი“-ს ჯგუფში, „ამანკილა“-ში და „ლევან კემულარიას კვინტეტში“, რომელიც ახალი შექმნილია, ჯერ მხოლოდ 3 თვეა რაც არსებობს. რამოდენიმე წლის წინ  გვქონდა  ჯგუფი „confusion“, სადაც თანამედროვე ჯაზს, ფიუჟენს ვასრულებდით, გამოვუშვით ალბომიც, მაგრამ მალე დავიშალეთ. ვფიქრობ მსმენელისთვის რთული მუსიკა იყო, თვითონ ჯაზია რთული ქართველებისთვის, მოჩვენებითი მსმენელები გვყავს, მათ ჩეჩნურ მოტივებზე აწყობილი, მარტივად აღსაქმელი მუსიკა უფრო იზიდავთ. სერიოზული მუსიკა არ აინტერესებთ. ვფიქრობ, იმ დონეზე ჯაზისმოწოდებაც არ არის, რომ მსმენელი დაინტერესდეს.

ლევან რუსია: მეშინია მუსიკალური გემოვნება უკან არ წავიდეს და ფანდურზე არ შევრჩეთ
-რა არის საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოება ჯაზის ხელოვნებით დაინტერესდეს?
-ხშირად უნდა იმართებოეს კონცერტები, ფესტივალები, ჩამოგვყავდეს ცნობილი ჯაზ შემსრულებლები. ხელშეწყობა უნდა იყოს იმ ნიჭიერი მუსიკოსების, რომლებიც დღეს არ ჩანან სცენაზე. არსებობს ბევრი ისეთი ჯგუფი, რომელთაც მსოფლიო დონის პროექტები აქვთ, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ გაიცნოს ხალხმა. დღეს როკის ფესტივალები უფრო ტარდება და შესაბამისად უფრო პოპულარულიც არის. სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს ამ სფეროთი. ხალხის გემოვნებაზე ზრუნავდეს, აფინანსებდნენ ფოლკლორულ, ჯაზურ ფესტივალებს, პროექტებს, კონცერტებს. იმისათვის, რომ რამდენიმე სერიოზული ჯგუფი შეიკრას,სადაც იქნებიან ნიჭიერი შემსრულებლები, დაფინანსებაა საჭირო. არ შეიძლება ისეთი ჯგუფების მოსმენა, თუნდაც რადიოთი, რომელთაც არანაირი დონე არ გააჩნიათ და მხოლოდ ნაცნობობით ხდებიან პოპულარულები.
-რა შეიძლბა გაკეთოს სახელმწოფომ ამისთვის?
-უნდა არსებობდეს განყოფილებები ყველა ქალაქში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სადაც შეამოწმებენ ჯგუფებს, მოუსმენენ პროფესიონალები, მუსიკათმცოდნე ხალხი და გადაწყვეტენ, შეიძლება თუ არა მისი გატანა სცენაზე. დღეს ბევრია ისეთი, რომელიც არ შეიძლება, რომ ფილარმონიაში მღეროდეს. ამ დროს გემოვნებიანი მუსიკა აღარ ჩანს. ხშირია სომხურ, აზერბაიჯანულ და ჩეჩნურ მოტივებზე აგებული მუსიკა, რომელიც ხალხს ქართული ჰგონია. როცა ასტრო ჯორჯიაში ვუკრავდით, იქ სულ ქართულ ფოლკლორზე იყო აგებული ჩვენი შემოქმედება. ეს რა თქმა უნდა რთულია და სათუთად გასაკეთებელი. მაინც ვფიქრობ, რომ ქართული ფოლკლორი უნიკალურია. დღეს კლასიკურ მუსიკასაც არავინ უსმენს, ყველა ფანდურზეა გადასული. ეს არის მთის მოტივების ერთხმიანი მუსიკა. ქართული ფოლკლორი ნამდვილად არ არის.

ლევან რუსია: მეშინია მუსიკალური გემოვნება უკან არ წავიდეს და ფანდურზე არ შევრჩეთ
-თუ შეიცვალა რამე ჯაზთან დამოკიდებულებაში, ახალი ხელისუფლების პირობებში?
-ჩემი აზრით, ძველი ხელისუფლება მეტად იყო დაინტერესებული, მაშინდელ კულტურის სამინისტროს უფრო აინტერესებდა ჯაზი, ვიდრე დღევანდელს. იმის მეშინია, რომ უკან არ წავიდეს მუსიკალური გემოვნება და მხოლოდ ფანდურზე არ შევრჩეთ.
-ვინ უსმენს საქართველოში ჯაზს და სად უკეთესი მსმენელია?
-დღეს, როდესაც საქართველოში ცნობილი ჯაზ შემსრულებლები ჩამოდიან, ისევ მუსიკოსები ვესწრებით და ვუსმენთ მას. ზოგჯერ ქართველ მუსიკოსს არ აქვს იმის საშუალება, რომ დაესწროს ასეთ კონცერტს და შედის ისეთი, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს ჯაზი, უბრალოდ უნდა სათქმელად ჰქონდეს, რომ კონცერტს დაესწრო. ამისათვის უნდა არსებობდეს აბონიმენტი, რომლის საშუალებითაც 30-40 მუსიკოსი შევა და მოუსმენს მას.
საზღვარგარეთ რაც გაგვაქვს, არის ქართული ფოლკლორი, ჯაზის ელემენტებით შეზავებული, რაც ძალიან საინტერესოა და მოსწონთ, რადგან იციან რთული მუსიკის აღქმა. ჩვენთან პირიქით, რაც არ ესმით და რთულია, არც აქვთ ინტერესი გაიგონ რატომ არის რთული, რა არის მასში კარგი. ჩემი აზრით თვითონ ქართული ფოლკლორია ჯაზი, თუნდაც  გურული „კრიმანჭული“, რომელიც საკმაოდ იმპროვიზაციულია.

ლევან რუსია: მეშინია მუსიკალური გემოვნება უკან არ წავიდეს და ფანდურზე არ შევრჩეთ
-რას გეგმავთ ახლო მომავალში?
-რამდენიმე დღეში, მაგთი კლუბში გვაქვს კონცერტი, სადაც ოთხ ახალ კომპოზიციას გავიტანთ, რომელიც ჯერ არავის მოუსმენია. ასევე გვაქვს „ კემო ჯაზ კვინტეტის“ ახალი პროექტი, რომელსაც ემატება ჩემი კომპოზიციები და მას ამ კონცერტზე ავაჟღერებთ. ვგეგმავთ ფესტივალებზე გასვლას სხვადასხვა ქვეყნებში, იქიდან ჩამოსულებს უფრო დიდი ინტერესით გვხვდებიან აქ. ასევე იანვარში ვგეგმავ კონსერვატორიაში კონცერტს.
-რომელ ფესტივალებზე გაქვს მონაწილეობა მიღებული?
-ვმონაწილეობდი პროექტში,,ასტროჯორჯია“, რომელიც წარმოვადგინეთ „BLACK SEA JAZZ FESTIVAL“-ზე.  ასევე ჩვენი პროექტი ” FINGERS“  მოხვდა  “KAVKAZ JAZZ FESTIVAL „-ზე.  ეს პროექტები გატანილი გვაქვს ბალტიისპირეთის  ქვეყნებშიც. ვმუშაობთ ახალ პროექტზე- “REGGAE LIFE“, რომელსაც იანვარში „ნაით ოფისში“ დაგეგმილ კონცერტზე შევასრულებთ.
-ვის გამოარჩევდი ახალი თაობის ჯაზ მუსიკოსებიდან?
-საბედნიეროდ ბევრია ისეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი, როგორიცაა ბექა გოჩიაშვილი, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავია. ასევე პაპუნა შარიქაძე-პიანისტი, მსოფლიო დონის შემსრულებელია და საკუთარი კომპოზიციებიც აქვს. 12 წლის დრამერი გიორგი კაპანაძე, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი მუსიკოსია.
-რაში ხედავ გამოსავალს, საქართველოში ჯაზის განვითარებისთვის?
-უნდა გამოიყოს განყოფილება კულტურის სამინისტროში, რომელიც მოძებნის და მოუსმენს ქართულ ჯგუფებს. შესთავაზებს კონცერტებს. იქ გამოჩნდება ახალი ვარსკვლავები, ჯგუფები, რომლებსაც დააფინანსებენ, გაუშვებენ საზღვარგარეთ. ჯაზი ხომ ყველასია, ყველა ერის მუსიკალური ელემენტებია მასში, ამიტომ უნდა მივცეთ საშუალება საქართველოშიც დაიმკვიდროს თავის ადგილი.


 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა