ავტორი
ნათია რევაზიშვილი
ასწლეულების წინ, საქართველოში, უკვე არსებობდა ბრძოლის ხელოვნება, რომელიც საკმაოდ დახვეწილი იყო და საუკუნეების მანძილზე იმდენად განვითარდა, რომ თითოეული ქართველის ცხოვრების წესსაც კი განსაზღვრავდა. შერკინების სხვადასხვა სახეობა, ოსტატობის დონის ერთგვარი მაჩვენებელი იყო. ერთი საუკუნის წინ, კინოს დაბადებასთან ერთად, გაჩნდა „კასკადიორობის“ ხელოვნება, რომელიც კინემატოგრაფიასთან ერთად განვითარდა . მისი ძირითდი მისიაა შეასრულოს ფილმში დუბლიორის სახე, რომელიც რთულ „ტრიუკებთან“ არის დაკავშირებული. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ხელოვნების ეს დარგი, იმდენად განვითარებულია, რომ რისკის ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო შესრულების ხარისხი უმაღლესია. ადამიანი არ უნდა დაშავდეს და „ტრიუკი“ მაღალ დონეზე შესრულდეს. ეს არის მთელი სისტემა, რომელიც კინო ინდუსტრიაზეა მიბმული. მოითხოვს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მომზადებას და ინტენსიურ ვარჯიშს.
დღეს მსოფლიოში არსებობს კულტურული მოთხოვნილებები ამ სფეროს მეტად განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, აღმოსავლური ბრძოლები, სწორედ კინოს გამოყენებით გამოიტანა ასპარეზზე ცნობილმა მსახიობმა - ბრიუს ლიმ, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ის ჯეკი ჩანმა ჩაანაცვლა. სწორედ ეს ორი მსახიობი და კასკადიორი გახდა ამ სფეროს მიმდევრებისთვის მისაბაძი. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით არაერთი ახალგაზრდაა დაინტერესებული და ჩაბმული ამ სფეროში.
ჩემი დღევანდელი სტუმარი დავით ხუბუა ერთდროულად ეუფლება „კასკადიორის“ და რეჟისურის ხელოვნებას, ამავე დროს გადაღებულია არა ერთ ფილმში, სადაც ეპიზოდურ როლებს ასრულებს, თუმცა აღიარებს, რომ მისთვის დუბლიორობა უპირატესია და უახლოეს მომავალში, ამ ხელოვნების განვითარებისთვის „კასკადიორთა“ სკოლის გახსნას აპირებს...
- დათო, როდის დაინტერესდი ამ იშვიათი ხელოვნებით?
- ზუგდიდში არსებობდა „კასკადიორობის“ შემსწავლელი საოჯახო სკოლა „დაცუტი“, რომლის ხელმძღვანელი ალიკა წურწუმია, ანუ სენსეი „დაც“ იყო. მან ამ ხელოვნების შესწავლა ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო. დადიოდა კარატეს სექციაში „სანეს“ სტილზე. ასევე, რამოდენიმეჯერ გაიარა ვიეტნამური ,,კუნგ ფუს“ „ნიაt ნიამის“ სემინარები მინსკში. შემდეგ იყო ოდესის კინოსტუდიის „კასკადიორი“, ვლადიმერ ჟარიკოვის მოსწავლე. 1986 წელს,ზუგდიდში, საბრძოლო ხელოვნების საკუთარი სკოლა ჩამოაყალიბა, რომელსაც „ხეიკიდო“ დაარქვა. მოგვიანებით საბრძოლო ხელოვნებას დაემატა „კასკადიორის“ ხელოვნება, რის შემდეგაც სკოლას სახელი შეუცვალა და დაარქვა „დაცუტი“... ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ არსებობდა ასეთი სკოლა. 9 წელი ვიარე, ვისწავლე საბრძოლო ხელოვნება, კასკადიორობა, რაც ახლა ვიცი და რასაც ვიყენებ დღევანდელ ფილმებში, სწორედ „დაცუტის“ სტილია. თავიდან უბაროლოდ მიყვარდა და მაინტერესებდა ეს სფერო, ვვარჯიშობდი პერსპექტივის გარეშე. თბილისში რომ წამოვედი, უკვე მქონდა მიზანი - ჩემი ცოდნის რეალიზება მომეხდინა ...
- როგორც ვიცი, სწორედ ამ სახელით აპირებ საკუთარი სკოლის გახსნას, სადაც ბავშვებს კასკადიორობის „დაცუტის“ სტილს შეასწავლი, როდის იგეგმება სკოლის გახსნა?
- გამომდინარე იქიდან, რომ ამ სფეროში ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია, გადავწყვიტე დამეარსებინა კასკადიორთა სკოლა, რომელსაც ერქმევა იგივე სახელი, სადაც თავდაპირველად ვსწავლობდი. მინდა, რომ გაგრძელდეს ამ სკოლის ისტორია და მისი სახელი არ დაიკარგოს. ჩემი სენსეი მგულშემატკივრობს და დამპირდა, რომ დამეხმარება სკოლის აწყობაში. თვეში ერთხელ თბილისში ჩამოვა და მოსწავლეებს მასტერ კლასებს ჩაუტარებს. ეს მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჩემი სკოლისთვის. ამ გეგმის განხორციელებაში, ასევე მეხმარება სტუდია „caucasian film service“ და მათი პროდიუსერები: ვოვა კაჭარავა და მამუკა ჩიხლაძე. შერჩევა იმის მიხედვით მოხდება, თუ როგორ შეესაბამება პიროვნება ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ამ სფეროს. აუცილებლად უნდა იყოს გაწონასწორებული და კონცენტრირებული. სწავლების მიზანია, რომ მყავდეს საკუთარი ჯგუფი, რომელიც დამეხმარება საკუთარი ფილმების გადაღებაში და ასევე დააკმაყოფილებს უცხოელი მომხმარებლების მოთხოვნებს, რადგან ბოლო დროს მათი ჩამოსვლა და საქართველოში ფილმების გადაღება გახშირდა. მომზადება უფასო იქნება და რაც მთავარია, პროფესიულ დონეზე. სწავლებაში შედის, როგორც საბრძოლო, ისე კასკადიორობის ხელოვნება. ასევე შევასწავლით მსახიობის ოსტატობას და კამერასთან მუშაობას...
- რა დონეზეა განვითარებული საქართველოში ეს სფერო და რამდენად დაზღვეულები ხართ „ტრიუკების“ შესრულების დროს, რადგან ვიცი, რომ ძალიან რისკიანი და საშიში პროფესიაა...
- სამწუხაროდ, მატერიალური დონე და ტექნიკური ბაზა ამისათვის დაბალია. დამცავი ტექნოლოგიები საკმაოდ ძვირია, ამიტომ უცხოეთში, სადაც ეს სფერო მაღალ ბიუჯეტიანია, შესაბამისად დონეც მაღალია. ჩვენ არ გვაქვს ეს ტექნოლოგია, უბრალოდ რისკის მოყვარულები ვართ. როდესაც ფრანგებმა ჩვენი შესრულებული ტრიუკები ნახეს, რომლებიც ახლახანს საქართველოში ფილმის გადასაღებად იყვნენ ჩამოსულები, გაოცდნენ და ხუმრობდნენ: ,,თქვენ ნამდვილი კამიკაძეები ხართო“, ისინი ფრანგ კინემატოგრაფისტთა ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებმაც საქართველოში რუსეთ-ჩეჩნეთის ომზე ფილმი გადაიღეს. ფილმის რეჟისორია მიშელ ჰაზანოვიჩუსი, რომელსაც 5 ოსკარი აქვს აღებული. გადაღების დროს ვიყავი კასკადიორთა კოორდინატორი და გადასაღებ მოედანზე მათი მობილიზება- მომზადება მევალებოდა, თავის უსაფრთხოების წესების დაცვით. ფრანგები, მთელი გადამღები ჯგუფი, კმაყოფილები წავიდნენ ჩვენი მასპინძლობით და ორგანიზებით.
- დღევანდელ პირობებში რა წარმატებას შეძლება მიაღწიოს კასკადიორმა საქართველოში?
- დღეს ძირითადად, მაინც უცხოელების იმედზე ვართ, რომ ჩამოვლენ და დავჭირდებით. რაც მთავარია პროფესიონალი ,,კასკადიორები“ გვყავს. დღევანდელი მაყურებელი კი ზოგჯერ კინემატოგრაფზე უკეთ ერკვევა ფილმის დეტალებში და მოთხოვნაც შესაბამისად მაღალია.
- რა თვისება უნდა გააჩნდეს კარგ „კასკადიორს“?
- უპირბელესად მოითხოვს რისკის, ადრენალინის და ექსტრიმის სიყვარულს, ასევე სიმამაცეს და თავდადებას საქმეში. მთავარია აზარტული არ იყო, რადგან აზარტი ტრიუკის შესრულების დროს დამღუპველია, სიფრთხილე და შრომისმოყვარეობა სჯობს.
- დამთავრებული გაქვს თეატრალური უნივერსიტეტი, სარეჟისორო განხრით, გადაღებული გაქვს რამდენიმე ფილმიც, რას გეგმავ ამ კუთხით, რამე სიაახლეებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
- სარეჟისორო დავამთავრე, რადგან საქართველოში არ იღებენ ისეთი ჟანრის ფილმებს, როგორიც მომწონს. შევისწავლე ფილმის გადაღების წესები, როგორ უნდა იმუშაოს რეჟისორმა. ვწერ საინტერესო სცენარს სამომავლოდ, რომელსაც ფესტივალზე გავიტან. თემა ჩემს ბავშვობას ეხება, აღწერილი იქნება აფხაზეთის ომის ის დეტალები, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი, საკუთარი თვალით ნანახი. სცენარში ჩემი და ჩემი ძმის საუბარია, როცა განმუხური დაიცალა მოსახლეობისგან და შემოვიდნენ აფხაზები, როგორ გადაყავს მამას შვილები ენგურზე, თვითონ კი რჩება სოფელში. ბავშვები, რომლებიც უკან გადამწვარ სოფელს უყურებენ, ერთმანეთს ანიშნებენ: „აი, ჩვენი სახლი იწვის“...მაშინ 15 წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი 12 წლის. ბევრი საინტერესო დეტალი მახსოვს, ზოგი მეტად არასაახარბიელო საქციელიც, რომელიც რამოდენიმე ადგილობრივისგან იქნა ჩადენილი, როცა წირავდნენ ერთმანეთს. ეს იყო თვითგადარჩენის ინსტიქტი.
ამჟამად საპილოტე ვიდეოს ვაკეთებ, მძაფრ სიუჟეტიან, მოკლე მეტრაჟიან ფილმზე, რომელიც ჩაკ ნორისის პროტოტიპზეა შექმნილი და „მას ჩხაკ ბორისი“ ერქმევა. ეს იქნება ქართველი ყოვლისშემძლე ჩაკ ნორისი. მთავარ როლს მე შევასრულებ. თუ დაფინანსსდება, შეგვიძლია მაყურებელს სერიების სახით მივაწოდოთ. ქართველი მსახიობები უცხოელი ცნობადი სახეების ორეულებს შეასრულებენ. მინდა მძაფრსიუჟეტიან, კომერციულ ფილმებში, ჩემი სათქმელი ვთქვა, დღეს ამას არავინ აკეთებს და ცოტა ძნელია კონკურენტის გარეშე რამის შექმნა.
ასევე ვაპირებ გადავიღო „ნაპოლეონის ნიღაბი“, რომელიც მძაფრსიუჟეტიანი იქნება. მომავალში საკუთარ თავს, მხოლოდ კომერციული ფილმების რეჟისორად ვხედავ, არ ვაპირებ დრამის გადაღებას, არ მესმის რატომ უნდა გავუმძაფრო ადამიანს ის გრძნობა, რაც ისედაც აწუხებს. საკუთარ თავზე განცდილს რომ უყურებს - ეს ქრთამია მაყურებელთან, ის შეიძლება აინტერესებს, მაგრამ მდგომარეობას არ უმსუბუქებს. ჩემს ფილმებში აუცილებლად იქნება გამოსავალი. მინდა მაყურებელს ღიმილი და კმაყოფილების გრძნობა დავუტოვო. მომწონს კუსტურიცას, ტარანტინოს, მელ გიბსონის, სკორსეზეს გადაღებული ფილმები, სადაც არ არის გაწელილი, მდორე და გამაღიზიანებლად დასაფიქრებელი კადრები.
- ამ სფეროში გამოცდილება რამდენად მნიშვნელოვანია?
- გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ახლა იმ ასაკში ვარ, როცა რეჟისორად ყალიბდებიან. რეჟისორობას ვერავინ გასწავლის, გასწავლიან მხოლოდ გადაღების ხერხებს, ამიტომ უნდა იყო დაკვირვებული, ადამიანის სულის მდგომარეობას გვერდიდან შეხედო.
- მონაწილეობა მიღებული გაქვს რამდენიმე ფილმში, ეპიზოდურ როლებზე...
- დიახ, ლევან თუთბერიძემ გადაიღო ფილმი „ფოლკლორი“, სადაც მოხევის როლს ვასრულებ. ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს, საინტერესო გადაღებები იყო. ფილმი ეხება ქართველი ბიჭის და ინგლისელი გოგოს სიყვარულს. ძირითადად ქართულ ტრადიციებზეა აქცენტი. შემდეგი ფილმი, სადაც გეოგრაფიის და კარატეს მასწავლებლის როლზე ვარ, არის - „მე ვარ ბესო“. ფილმის რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძეა. ეს არის 13-14 წლის ბიჭის ისტორია. ფილმში თანამედროვე და რეალური ცხოვრებაა ასაახული .
მინდა წარმატებები ვუსურვო ქართულ კინემატოგრაფიას. დღეს კინო ცენტრი რასაც აფინანსებს ეს ზღვაში წვეთია. ამიტომ, მეტი განვითარებისთვის, მეტი დაფინანსებაა საჭირო.
18 წუთის წინ