ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
4 წელი სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. დამთავრების, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, სადაც პროფესიონალურ მხატვრობას დაეუფლა. სიონთან არსებულ სამრევლო სკოლაში ოთხმოცამდე მოწაფე ჰყავდა, რომელთაც ხატწერას ასწავლიდა. ამბობს, რომ ხატწერა მისი სიცოცხლის წყაროა, ყოველი ნამუშევრის დასრულებას ბრძოლა მოჰყვება, რის შემდეგაც თავს გამარჯვებულად გრძნობს.
– რამდენი წელია ხატმწერი ხართ და დაახლოებით რამდენი ნამუშევარი გაქვთ?
– 17 წლის წინ, ხატმწერმა ლაშა კინწურაშვილმა საპატრიარქოში წამიყვანა, მაშინ უწმინდესი პირველად ვნახე. იმ პერიოდში ლაშას დამხმარე ვიყავი, მისი ცხოვრების წესი მომეწონა, მივხვდი, რომ სულიერად, მოწოდებით ხატმწერი უნდა ვყოფილიყავი.15 წელია ხატებს ვწერ, 10 წელი იქნება დამოუკიდებლად ტაძრების მოხატვა დავიწყე. შეიძლება ითქვას ხატწერის კანონიკიდან დაწყებული, ყველაფერი ლაშამ მასწავლა. რაც შეეხება ნამუშევრებს, 700–800 ხატი მაქვს შექმნილი, ბევრი საზღვარგარეთ არის, ნაწილი ტაძრებში შეწირული.
– პირველად რომელი ხატი დაწერეთ?
– პირველად ხელთუქმნელი ხატი დავწერე.
– თუ გაქვთ გამოფენებში მონაწილეობა მიღებული და თქვენი ნამუშევრების შესახებ გვესაუბრეთ...
– საერო მხატვრობაში ძალიან ბევრ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ხატმწერს იშვიათად აქვს პერსონალური გამოფენა. მეუფე ზენონის კურთხევით, ლონდონის საკათედრო ტაძრის ხატები მოვხატე. ჩემი ხატები არის სამების საკათედრო ტაძარში. ქურმუხის ტაძარში წავაბრძანეთ წმინდა გიორგის უზარმაზარი ხატი. აზერბაიჯანში გადასვლას დიდი პრობლემები მოჰყვა, 2 წლის განმავლობაში ეს ხატი ლაგოდეხში იყო დაბრძანებული. პატრიარქის სახლი მაქვს მოხატული, შემდეგ ეს სახლი გადაკეთდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძრად. ვაჟა-ფშაველას გამზირზე წმინდა ნინოს ეკლესია მოვხატე, ვაზისუბანში მეტრომშენის დასახლებაში - წმ.გიორგის ბაზილიკური ტაძარი, დიღომში კინოსტუდიის ეზოში - წმ.ლაზარეს ეკლესია, მაქვს გვარის კურთხევის ხატები დაწერილი, ასევე ლომისისა და გერგეთის წმ.გიორგის ხატები. ვფიქრობ, როგორც მღვდელი ემზადება მსახურებისთვის, ისე უნდა მოემზადოს ხატმწერი მუშაობისთვის. მოგეხსენებათ, ცნობილი მხატვრები: მიქელანჯელო, პიკასო, მოდილიანი ნამუშევრების დასრულების შემდეგ ხელს ააწერდნენ ნახატს. ხატმწერები ხელს არ აწერენ, ზეციურს განვამიწიერებთ, სიმბოლიკას ვქმნით. ხატწერაში დრო და სივრცე არ არის.
– თქვენი საყვარელი ხატმწერი?
– ჩემთვის გამორჩეული ხატმწერები არიან: ლაშა კინწურაშვილი, ამირან გოგლიძე, დათო ხიდაშელი, თევდორე ჯაფარიძე.
– რა არის თავისუფალ დროს თქვენი საყვარელი საქმიანობა?
– ჩემი გატაცება მხატვრობაა. ძალიან მენატრება ეს საქმიანობა, მინდა გავიდე სადმე მარტო და ვხატო. ამის დრო არ მაქვს. ასევე ჩემი ჰობი ფეხბურთის თამაშია.
– ახლა რომელ ხატს ქმნით?
– ძალიან ბევრ ხატს, თვითონ ხედავთ სახელოსნო სახლში მაქვს მოწყობილი და ყოველდღიურად ვმუშაობ. ერთ-ერთი „სამი წმინდანის“ ხატია.
– რა მასალით მუშაობთ?
– ემულსიაზე დამზადებული ბუნებრივი საღებავით.
– ძირითადად რა ფერებს იყენებთ? თუ გაქვს გამორჩეული საყვარელი ფერები?
– ჩემი საყვარელი ფერია ლაჟვარდი იგივე „ლაზურიტი“ და სინგური (წითელი ფერი).
– რომელი ხატის დაწერას ისურვებდით?
– ძალიან მინდა ბერი გაბრიელის ხატი შევქმნა, ახალი შერაცხული წმინდანია. ასევე ამერიკელი მართმადიდებელი ბერის – სერაფიმ როუზის ხატი დავწერო, ამჟამად მის ცხოვრებას ვკითხულობ.
– რა გეგმები გაქვთ?
– ხატწერის შესწავლის სკოლა-სტუდიის გახსნას ვაპირებ და ბუნებრივია საკუთარი სახელოსნოც იქ მექნება. მინდა ქართული ტრადიციული ხატწერა დამკვიდრდეს. ატენის, სიონისა და ყინწვისის გამორჩეული მხატვრობა გვაქვს, ამიტომ ბიზანტიური ელემენტების შემოტანა არ არის საჭირო, რადგან გავქვს ჩევნ ჩვენი ფუძე.