შემოგვიერთდით facebook-ზე
დიმა ჯაიანი: ხვალინდელი დღე არის აფხაზეთში დაბრუნება. ხვალინდელი დღე არის აფხაზისა და ქართველის ერთად ცხოვრება...
24-12-2013, 14:08  /  ნახვა: 3718

ავტორი
ეკა რევაზიშვილი
დიმა ჯაიანი: ხვალინდელი დღე არის აფხაზეთში დაბრუნება. ხვალინდელი დღე არის აფხაზისა და ქართველის ერთად ცხოვრება...
სოხუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, მსახიობი დიმა ჯაიანი, ახლახანს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი ,,ქართული ელიტის" მკითხველისთვის, ახალ თანამდებობაზე თავისი გეგმების შესახებ საუბრობს, ყველა კითხვას ჩვეული ექსპრესიით პასუხობს და აცხადებს, რომ მისი უწყების დაწესებულებებში დევნის დაწყებას, თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივ განთავისუფლებას არ აპირებს, თუმცა გასული წლების გამო ,,ვიღაცამ რაღაც უნდა იგრძნოს".

- რა მემკვიდრეობა ჩაიბარეთ, როგორც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, წინამორბედი მინისტრისაგან?
- მთლიანად აფხაზეთის კულტურას და განათლებას უნდა უხაროდეს, რომ დღეს მე ვარ მინისტრი. შეიძლება ეს ვიღაცას ძალიან ხმამაღალი ნათქვამი ეგონოს ჩემი მხრიდან, მაგრამ ჩვეულებრივი და მისაღებ-დასაშვები ნათქვამია.

დიმა ჯაიანი: ხვალინდელი დღე არის აფხაზეთში დაბრუნება. ხვალინდელი დღე არის აფხაზისა და ქართველის ერთად ცხოვრება...
- რას გულისხმობთ, მოდი უკეთესად ავუხსნათ მკითხველს?
- იმას, რომ მე ვარ დიმა ჯაიანი. საქართველოში ყოველი მეორე მიცნობს. ჩემზე უკეთესი მსახიობებიც არსებობენ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ღმერთმა მაინცდამაინც მე ამომარჩია. ალბათ უფლის ნება იყო ეს. უნდა უხაროდეთ ჩემს მეგობრებს, იქიდან წამოსულ ხალხს, კოლეგებს, იმიტომ კი არა, რომ რაღაც სასწაულს გავაკეთებ, არამედ იმიტომ, რომ ბევრგან მიმესვლება. გურამ ოდიშარია ჩემი უახლოესი მეგობარია, მისი დახმარებით მინდა ჟურნალი დავაფინანსო. რაღაც უკვე გაკეთდა, მაგალითად ის, რომ სახელმწიფო ანსამბლი და კაპელა შეერთდა. აფხაზეთის კაპელა ევროპაში ერთ-ერთი პირველი ანსამბლია, რომელიც დიდმა ხელოვანმა, გურამ ხორაშვილმა ჩამოაყალიბა. ეს საოცრებაა, რომელიც არ დასიზმრებია საქართველოს არასდროს. უნდა ჩავაცვა და მოვუარო მათ. უნდა საზღვარგარეთ გავიდნენ, ნახოს ხალხმა, რომ ეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლია. ამით დაიწყება აფხაზეთზე საუბარი და სასიკეთო ქმედება. ერთ ფრაზას მოვიშველიებ, რომელიც თქვა გურამ ოდიშარიამ: ,,ვიდრე აფხაზეთს დავიბრუნებდეთ, თითო-თითო აფხაზი უნდა დავიბრუნოთო". აი ამ გეგმის განხორციელება დაიწყება. საქართველო ამ გზას დაადგება. ბევრი ხელოვანი ადამიანი ყავს აფხაზეთს, შესანიშნავი პოეტები, გენო კალანდია რად ღირს მარტო, რუსთაველის პრემიის ლაურეატე, ძმები კალანდიები. მსახიობები იქნებიან ესენი, მომღერლები, კომპოზიტორები, მწერლები, პოეტები თუ მოცეკვავეები, ყველას ერთად უნდა მოვუყაროთ თავი და გამოვიყენოთ ხვალინდელი დღისათვის. ხვალინდელი დღე არის აფხაზეთში დაბრუნება. ხვალინდელი დღე არის აფხაზისა და ქართველის ერთად ცხოვრება, როგორც ეს საუკუნეები მანძილზე იყო.

დიმა ჯაიანი: ხვალინდელი დღე არის აფხაზეთში დაბრუნება. ხვალინდელი დღე არის აფხაზისა და ქართველის ერთად ცხოვრება...
- არ გეშინიათ, რომ ეს მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს?
- ეს უზარმაზარი ტვირთია, რომელსაც არც კი ვიცი რა ვუწოდო. ამაზე არასოდეს მიფიქრია. არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი, თავისუფალი კაცი ვარ, არტახებში მაქცევს ეს თანამდებობა, სკამი ჩემთვის არაფერს ნიშნავს.
- კიდევ რა შეიძლება იყოს თქვენი ყველაზე საპატიო და მძიმე მისია?
- იმას თუ მოვესწრები, რომ სოხუმში აფხაზური სიმღერის და ცეკვის ანსამბლი, სოხუმის ქართული სიმღერის და ცეკვის ანსამბლთან ერთად წარსდგება, მაყურებლის წინაშე, ფილარმონიაში და ამას დაესწრებიან ქართველები და აფხაზებიც, ეს უკვე იქნება ის, რაც სიზმარშიც მენატრება.
- ბატონო დიმა, ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება, რა არის საქართველოსთვის აფხაზური კულტურა?
- აფხაზური კულტურა იგვივე ქართული კულტურაა, ცოტათი განსხვავებული. მოქვის ეკლესია არ გავს სვეტიცხოველს, მაგრამ უზარმაზარი სიდიადე აქვს. ასევეა ბიჭვინთა, დრანდა, ბედია, იგორი, რომელსაც გადაუარეს. მინდა ჩამოვაყალიბო ძეგლთა დაცვის სამმართველო, რომელიც გაუქმებულია. ჩვენები უნდა შევიდნენ და მიხედონ საქმეს აფხაზ კოლეგებთან ერთად. არ გვჭირდება ჩვენ მესამე, რომელიც ყველაფერს თეთრად ღებავს, აფხაზი და ქართველი რესტავრატორები მიხედავენ ამ საქმეს. თუ მივაღწიე იმას, რომ ერთი ისტორიული ქვა მაინც აიღო აფხაზმა ქართველ რესტავრატორთან ერთად და თავისი ადგილი მიუჩინა, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია, როგორც მინისტრის.

დიმა ჯაიანი: ხვალინდელი დღე არის აფხაზეთში დაბრუნება. ხვალინდელი დღე არის აფხაზისა და ქართველის ერთად ცხოვრება...
- სოხუმის თეატრზე რას გვეტყვით?
- სოხუმის თეატრი სულ მალე მწყობრში ჩადგება. 27 დეკემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გახსნის სეზონს, აღდგენილია ლადო ასათიანის სპექტაკლი ,,ირმის უკანასკნელი ბღავილი", სადაც მთავარ როლს ვთამაშობ. არ მიყვარს კეკლუცობა, გადამიარეს, გადამიარა სააკაშვილის გუნდმა. საკუთარმა კოლეგებმა, ჩემმა გაზრდილებმა, რომლებისთვისაც ბევრჯელ ხელი გამიწვდია და ჭაობიდან ამომიყვანია, მაგრამ დავივიწყე ძველი, ეს შევძელი და ძალიან მიხარია, ღმერთი დამეხმარა ამაში. მინდა შევახსენო იმ მაყურებელს  და გულშემატკივარს, რომლებიც დადიოდნენ სოხუმის თეატრში, რომ კიდევ ვარსებობ. ახლა, ისევ დავუმტკიცებ საქართველოს, რომ დიმა ჯაიანი ფორმაშია.
- როგორც ხელოვან ადამიანს არ გიჭირთ ახლა მინისტრის ცხოვრებით ცხოვრება?
- სწორედ ამას ვამბობდი, არ არის ეს ჩემი საქმე. თავისუფალი პროფესიის კაცისთვის, რომელსაც შეუძლია ასნაირი, ათასნაირი  სახე განასახიეროს და შექმნას, ძალიან რთულია მინისტრის სავარძელი.
- უარი რომ გეთქვათ?
- მაინც მგონია, რომ ჩემზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა იმას, რაც მაქვს ჩაფიქრებული. შეიძლება არც გამომივიდეს, მაგრამ ვცდილობ. დახურულია ჟურნალი ,,რიცა" და ,,იალქანი". ეს უნდა აღვადგინო აუცილებლად. უბრწყინვალესი მხატვრები ჰყავს აფხაზეთს. მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი საგამოფენო დარბაზი. ვცდილობ, რომ ეს გავუკეთო და მგონია ჩემზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებს. ახლა ისეთ ასაკში ვარ, ალბათ უნდა ვითამაშო ,,მეფე ლირი", მაქვს ამის პრეტენზია, შემირცხვენია ისეთი მსახიობი, ვისაც პრეტენზია არ გააჩნია. მქონდა კიდეც შემოთავაზება, ამ წლებში ეს არ მოხერხდება. მაგრამ ის საქმე თუ გამოვა, რაც ჩაფიქრებული მაქვს, ღირს ამის დათმობად.
- ბატონო დიმა, ვინ შემოგთავაზათ მინისტრობა?
- ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ. ვიცე-სპიკერი იყო პარლამენტში, მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი. ვახტანგს იმ დროიდან ვიცნობ, როცა გალის პირველი მდივანი იყო. ამ კაცს სიკეთის და ქართული საქმის კეთების მეტი არაფერი უკეთებია. ეს არის ზუსტად იმ ტერიტორიიდან წამოსული ადამიანი, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია. სწორედ ასეთმა ჭკვიანმა ადამიანებმა, უნდა მოუარონ ქართველებისა და აფხაზების პრობლემებს. ეს ადამიანი არის ხალხის შემკრები, გამაერთიანებელი, აქვს ამის ნიჭი, ამიტომ დავთანხმდი.
- კიდევ რა სპექტაკლის აღდგენას აპირებთ?
- ჯერჯერობით, რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის ლადო ასათიანის ,,ირმის უკანასკნელი ბღავილი". შემდეგ, ალბათ დაიწყება მუშაობა სხვა სპექტაკლებზეც. მაყურებელს სიურპრიზებსაც ვთავაზობთ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად შეიძლება ისეთი კაცი მოვიდეს, ყველას გაუკკვირდეს, მაგრამ ამას წინასწარ ვერ გეტყვით,
- რობერტ სტურუას ხომ არ სთავაზობთ ან რეზო ჩხეიძეს?
- პირდაპირ გეტყვით, რეჟისორი არ არის. რეჟისორის გარდა მსახიობიც არსებობს, დრამატურგიც, ეს ამბავი თუ მოხდა, საზოგადოებისთვის ბრწყინვალე, შოკისმომგვრელი თერაპია იქნება.

დიმა ჯაიანი: ხვალინდელი დღე არის აფხაზეთში დაბრუნება. ხვალინდელი დღე არის აფხაზისა და ქართველის ერთად ცხოვრება...
- იმ გარდასული დროის ამბები გაიხსენეთ... ყველაზე მეტად გული რამ გატკინათ? აფხაზეთის თეატრის წართმევის პერიოდს ვგულისმობ.
- ის, რომ ქართულ თეატრზეა აღმოცენებული აფხაზური თეატრი, ეს ისტორია, ალბათ ყვველამ იცის. ეს არის გენიალური, მსოფლიო მნიშვნელობის შენობა, საქართველოში ასეთი მეორე არ არსებობს. როდესაც აფხაზებს გადასცეს, ასეთი ბრძანება იყო: ,,აფხაზეთის  სახელმწიფო დრამატული თეატრი", რომ ეთქვათ ,,აფხაზური", მაშინ ჩვენ გვრჩებოდა. ისტორიულად დამაარსებლები დავრჩით გარეთ. გიორგი რატიანს  ვერ დაუვიწყებ იმას, რაც მაშინ იყო, ამ ადამიანთან და მთელს თეატრთან ერთად შევძელი ის, რომ თეატრი არ მოისპო. ეს არის ჩემი და გიორგი რატიანის დამსახურება. გიორგის უნდოდა თეატრი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ყოფილიყო, კი მეგონა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ კონსტანტინე ,,მთვარის მოტაცების" ავტორია.
- რა არის აფხაზეთის თეატრის ყველაზე დიდი დანაკლისი?
- ალბათ ის, რომ ქართული თეატრი არ არის მათ გვერდით. აფხაზური თეატრი იკვებებოდა და მას დონე გააჩნდა, იმ სიტუაციაში, როდესაც იქვე ქართული თეატრი იყო.
- იქ მყოფ აფხაზებთან ერთად ხომ არ გეგმავთ რაიმეს გაკეთებას?
-აუცილებლად გავაკეთებთ. გვყავს ერთი გენიალური მსახიობი, თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი ზურაბ კოვე და კიდევ არიან ბევრი კარგი მსახიობები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, სამწუხაროდ ზოგი უკვე გარდაცვლილია.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა