შემოგვიერთდით facebook-ზე
ფილარმონიაში ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნება
24-12-2013, 13:38  /  ნახვა: 2892

ავტორი
ნათია რევაზიშვილი
ფილარმონიაში ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნება
არავინ იცის, დღეს ვინ უკეთესი პატრიოტია, ვინ მეტად ღირსეული, მაღალი ზნეობის ან მორალის მატარებელი. ამ ყველაფერს დრო და ისტორია უკეთ შეაფასებს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც  სრულიად უსამართლოდ, პოლიტიკური რეჟიმის გაუმართლებელი წნეხის შედეგად, დაკარგეს საკუთარი შემოქმედების რეალიზებისთვის საუკეთესო წლები. ერთ-ერთი მათგანი ყველასათვის კარგად ნაცნობი, უნიჭიერესი მომღრალი, ქალბატონი ირმა სოხაძე გახლავთ. მიუხდავად იმისა, რომ ათი წლის განმავლობაში, თითქმის არც ერთ კონცერტზე და გადაცემაში არ მიუწვევიათ, ამბობს: „არ ვნანობ, რომ სიმართლის თქმის გამო მდევნიდნენ, რადგან უარყოფითი რეცენზია იმ ადამიანებისგან, ვინც  შენთვის მიუღებელია, სასიამოვნოც კია...“
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ესტუმრა „ქართული ელიტა“  ქალბატონ ირმას, თუმცა სიამოვნებით გავიხსენეთ განვლილი წლებიც. გაგვანდო, თუ როგორ შეიძლება შეუთავსო ადამიანობა, პროფესია და ოჯახი ერთმანეთს, ისე ჰარმონიულად, რომ სამივე ღირსეულად შეინარჩუნო და არც ერთი არ დაზარალდეს. გავეცანით სასიამოვნო სიახლეებს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს მომღერალი. 
                                              ნარინჯისფერი ბავშვობა
ორი წლის ვიყავი, პირველად სიმღერის ნიჭი და სმენა რომ აღმომაჩნდა. ოთხი წლიდან სცენაზე ვმღერი. რვა წლის ასაკში კი სახელმწიფო ორკესტრის „რეროს“-სოლისტი გავხდი. შემდეგ იყო ,,ნარინჯისფერი სიმღერა”, რომელიც კონსტანტინე პევზნერმა დამიწერა. შემიძლია ვთქვა, რომ უცხოეთში და მთელ საბჭოთა კავშირში, ჩემი პოპულარობის განმსაზღვრელი ფაქტორი, სწორედ „ნარინჯისფერი სიმღერა“ გახდა. მას შემდეგ, დაახლოვებით ორმოცდაათი წელი გავიდა და დღესაც ამოუხსნელი ფენომენია, მაგრამ ფაქტია, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეში ეს სიმღერა ძალიან უყვარდათ. უყვარს  წინა თაობასაც და ახალგაზრდებსაც, რადგან ჩემს შემდეგ ბევრმა ცნობილმა მომღერალმა და საბავშვო ანსამბლმა შეასრულა, ამიტომ ამ სიმღერის პოპულარობა არ ნელდება.

ფილარმონიაში ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნება
                                        პირველი და უკანასკნელი სიყვარული
ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ კვარტეტ „თბილისს“, რადგან ეს იყო საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, პირველ რიგში იმიტომ, რომ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე რეზო ასათიანი... იმ დროს  ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრის სოლისტი ვიყავი  (უკვე მეორედ). 1972 წელს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თვითშემოქმედი კოლექტივი და მათ შორის კვარტეტი „თბილისი“გერმანიაში გასტროლებზე მიემგზავრებოდა. აღმოჩნდა, რომ კვარტეტის ერთ-ერთმა ბიჭმა ვერ შეძლო წამოსვლა და მის მაგივრად, პირველ ხმად მე ჩამსვეს. ამან სრულიად შეცვალა კვარტეტის სტილი, რადგან სამი ბიჭი და ერთი გოგო, უკვე სხვა ფორმატია. სწორედ იქ გავიცანი რეზო. გერმანიიდან უკვე შეყვარებული დავბრუნდი. ეს იყო ჩემი პირველი და როგორც უკვე ირკვევა - უკანასკნელი სიყვარული.
                                                      სტუდენტობა
კონსერვატორიაში საფორტეპიანო და მუსმცოდნეობის ფაკულტეტებზე ვსწავლობდი. ეს იყო ფენომენალურად მწყობრი, მრავალმხრივი და რენესანსული განათლების სისტემა, სადაც შესაძლებელი იყო ჰარმონიულ ადამიანად ჩამოყალიბება, თუკი კეთილსინდისიერად ისწავლიდი. მეგობრები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უკეთ ისწავლიდა, ვინ მეტს დაუკრავდა, მეტ ხუთს მიიღებდა. ორ ფაკულტეტზე სწავლა მეტად შრომატევადი იყო ჩემთვის, მაგრამ დიდი სტიმული გვქონდა. პირველი კურსის ბოლოს, სამ წლიანი შეხვედრების შემდეგ,  მე და რეზომ ოჯახი შევქმენით.

ფილარმონიაში ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნება
                                                                კარიერა და ოჯახი
პრიორიტეტულად ერთმანეთისგან ოჯახი ან კარიერა, ცალსახად არასოდეს გამომირჩევია, რადგან როცა ეს ხდება, ერთ-ერთი აუცილებლად ზარალდება. პრინციპში მოვახერხე და ორივე შევინარჩუნე. თუმცა, თუ გულწრფელი ვიქნები, უნდა ვთქვა, რომ არჩევანს უფრო ხშირად ოჯახის სასარგებლოდ ვაკეთებდი. მოგეხსენებათ, რამდენად აქტიურია წარმატებული  ადამიანის ცხოვრება, მაგრამ თუ არც ერთ გასტროლს არ გამოაკლდები, ყველა მიწვევას დასთანხმდები და ყველგან იქნები, მაშინ ფიზიკურად სახლში ვერ იქნები და ასეთ დროს ოჯახი ინგრევა. დიდად მეხმარებოდა ოჯახის წევრების ხელშეწყობა, ეს აუცილებელია, რადგან რაც მეტად რეალიზებული ხარ ოჯახში, წარმატებული ხარ კარიერაშიც, ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც... ბევრჯერ მომიწია ისეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა, როგორიც ერთ წლიანი გასტროლია, მეუღლის და შვილების გამო. ეს აუცილებლად დააზარალებდა ჩემს ოჯახს და ეს ამად არ მიღირდა. შემეძლო უკეთესი კარიერის აწყობა რუსეთში, მაგრამ არ მეყოლებოდა ასეთი ოჯახი.  უარი არ მითქვამს კარიერაზე, უარი ვთქვი დიდ კარიერაზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით და სწორად მოვიქეცი, რადგან ჩემთვის მთავარი, ყოველთვის ოჯახი იყო.
- თუმცა ბევრი წავიდა, თუნდაც 90-იან წლებში და ასე თუ ისე, აიწყეს კარიერა...
- 90-იან წლებში, როცა ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული იყო და გამოსავალს ყველა აქედან წასვლაში ხედავდა, არ დამიტოვებია თბილისი და არსად წავსულვარ, აქაც უამრავი საქმე იყო. ალბათ გახსოვთ, ომის შემდგომ დანგრეულ საქართველოში, სწორედ 90-იან წლებში გავმართეთ 7 ტელემარათონი და ძალიან ბევრ ბავშვს და ოჯახს დავეხმარეთ. გარდა ამისა, არსად არ ვარ ისე კომფურტულად, როგორც თბილისში. ესეც ჩემი ხასიათის თავისებურებაა, ამიტომ  არასდროს ვინანებ, რომ საქართველოდან არ წავედი. ეს არის ჩემი გარემო, ჰაერი, წყალი, ყველაფერი მომწონს, კარგიც და ცუდიც ჩემია.

ფილარმონიაში ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნება
- ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ, შარშან, დეკემბერში გქონდათ კონცერტი რუსეთში, როგორ დაგხვდათ იქაური მაყურებელი?
- მოსკოვში მიწვევები წინა წლებშიც მქონდა, მაგრამ უარს ვამბობდი. ამჯერად მალახოვის გადაცემაში ვიყავი მიწვეული, სადაც სწორედ „ნარინჯისფერი სიმღერის“ გახსენება იყო. მეგობრებმა იქ რომ დამინახეს, ჩაიკოვსკის დარბაზში საახალწლო კონცერტზე მიმიწვიეს. საოცრად თბილად  შემხვდნენ, ვიგრძენი, რომ რუს მაყურებელს ისევ ვახსოვარ.
                                                                       შავი სია
მახსოვს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა, კენჭს იყრიდა დეპუტატობაზე წყნეთის რაიონში და მას გვერდით ვედექი. წყნეთში და ბაგებში კონცერტები გავმართე, რადგან ამ რაიონში მას ცუდი შედეგი ჰქონდა. ამის შესახებ მიშა  ხუმრობდა, წყნეთში არჩევნები ირმამ მოიგოვო. მაშინ მჯეროდა, რომ მოდიოდა ახალი ძალა, რომელიც ქვეყანას ააშენებდა, სამართლიანობას დაამყარებდა, პროფესიული სტანდარტებით შეაფასებდა ხელოვანსაც და სხვა პროფესიის ადამიანებსაც, იფიქრებდა ხალხზე და არა საკუთარ თავზე, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.
- როგორ გგონიათ, რატომ გდევნიდნენ, რას გერჩოდათ ყოფილი ხელისუფლება?
- როდესაც უსამართლობა ძნელად ასატანი გახდა, არაერთხელ  დავაფიქსირე ჩემი აზრი, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბოლო 9 წელი კონცერტებზე და გადაცემებში, თითქმის არავინ მეპატიჟებოდა. ამას არ ვნანობ, რადგან უარყოფითი რეცენზია იმ ადამიანებისგან, ვინც შენთვის მიუღებელია, სასიამოვნოც კია.
ზოგადად ის ფაქტი, რომ ხელისუფლება არჩევს ხელოვან ადამიანებს, დამღუპველია. გაიხსენეთ ამ  9 წლის განმავლობაში, ხელისუფლების აზრით ვინ იყო  ღირსეული? მხოლოდ ერთი დირიჟორი, ორი რეჟისორი და ხუთი მომღერალი, მეტი არავინ. დანარჩენი ყველა „ჩარეცხილი“, გადაყრილი და პროფესიულად გამოუსადეგარი იყო. მაგრამ ეს რომ სინამდვილეში ასე არ არის,  ჩვენდა სასიკეთოდ მალე გამოჩნდება. არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება გადაირევა ჩვენს პროექტებზე და მილიონებს დახარჯავს, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა. ამხელა თანხის დახარჯვა, თუნდაც შიდა პროექტებზე, სირცხვილია, აღარაფერს ვამბობ რუსლანას და მსგავსი მომღერლების ჩამოყვანისთვის დახარჯულ თანხებზე. ბევრი ქართული პროექტი და მიუზიკლი გაკეთდა, რაც გაუმართლებელია, რომლებიც არა მარტო ჩემი აზრით, ბევრად უკეთ და  პროფესიულად უნდა გაკეთებულიყო. კრიტიკული აზრი არ არსბობდა, ან თუ გამოთქვამდა ვინმე არავის აინტერესებდა. „ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“-ო. ძაღლები იყვნენ ის ადამიანები ვინც მათ ქარავანში არ იყო ჩაბმული. ამან ცუდი შედეგი გამოიღო...

ფილარმონიაში ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნება
- რა მოხდა ,,იმედის“ ტელევიზიაში, რა მიზეზით დაგატოვებინეს დილის გადაცემა?
- როდესაც ,,იმედის“ ტელევიზიაში მიმიწვიეს, დილის გადაცემის ფორმატი გავაკეთეთ, რომელმაც ჩემი წამოსვლის შემდეგაც რვა თვე იმუშავა. გათავისუფლების მიზეზი კი “ამერიკული ხედვის გოგონა’’ იყო, რომელმაც ჩამანაცვლა, თუმცა მისი  ,,ხედვით’’ შექმნილმა დილამ, მხოლოდ სამი თვე იარსება. იძულებულები გახდნენ გადაცემა დაეხურათ. არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, ახლაც კი გული მტკივა... ეს თვალსაჩინო მაგალითია, როგორ აფასებდა ნაციონალური მოძრაობა პროფესიონალ, საქმის მცოდნე, დამსახურებულ ადამიანებს. 25 წელი ვიმუშავე ტელევიზიაში, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“  თითქმის ყველა საფეხური გავიარე. დავიწყე უმცროსი რედაქტორობიდან, ბოლოს კი გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი. იქ დღემდე სიხარულით მხვდებიან.
- ხომ არ აპირებთ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაბრუნებას?
- დიახ, ვაპირებ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოში დაბრუნებას, უკვე წარვადგინე საბუთები. იმედი მაქვს, რომ კომისია გულდასმით წაიკითხავს ჩვენს კონცეფციებს და მოქალაქეობრივი, პროფესიული თვისებებით განსაზღვარვს იმ 27 ადამიანს, რომელიც  განსახილველად პარლამენტს უნდა წარედგინოს. ალბათ გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და კარგად ვიცი რა სირთულეებს აწყდებოდა მაყურებელი პოლიტიკური ავტორიტარიზმის პირობებში. პროფესიული სტანდარტების დაცვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ახლა კი მჯერა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მართლა აქვს ნება და სურვილი აღირსოს ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი. მეც მინდა დავბრუნდე და მონაწილეობა მივიღო ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.

ფილარმონიაში ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნება
- როგორც ვიცი, წელს პირველად მიიღეთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად...
- წლევანდელ საპრეზიდენტო კამპანიის დროს, გიორგი მარგველაშვილს  რამდენიმე რეგიონში წავყევი, სადაც ჩემი აზრი და სიმპატია ღიად დავაფიქსირე. ბატონ გიორგის ადრე არ ვიცნობდი. მიხარია, რომ ამ კამპანიის დროს გავიცანი და ჩემი თანადგომის ღიად გამოხატვის საშუალება მომეცა.
                               ბატონმა ბიძინამ ხელოვანები შიმშილისგან იხსნა
იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლებამ ხელოვანებზე ხელი აიღო, ვინც მათ ხოტბას არ ასხამდა, სწორედ ბატონმა ბიძინამ იხსნა ისინი შიმშილისგან, სირცხვილისგან და ზოგი ალბათ სიკვდილისგანაც. მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. წლების განმავლობაში, ეს იყო ერთად-ერთი შემოსავლის წყარო. როგორ შეიძლება ეს ამაგი დაუკარგო ამ ადამიანს. ზოგი იმასაც ამბობდა,  იმიტომ გააკეთა, რომ პრემიერ მინისტრობა უნდოდაო. ხომ აღმოჩნდა, რომ არ უნდოდა ეს თანამდებობა. ჩემი აზრით  სამოქალაქო სექტორში იმიტომ წავიდა, რომ განაახლოს ის ქველმოქმედება, რასაც მანამდე აკეთებდა ქვეყნისთვის, როცა მიშა ლენტს ჭრიდა და მერე აღმოჩნდებოდა, რომ ბიძინას გაკეთებული იყო.
                                  განვლილი წლების შეფასება და მომავლის რწმენა
რომ გითხრათ, კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და ყველა სურვილი ავისრულე მეთქი, სისულელეა. ფაქტია, ყველაზე მნიშვნელოვანი 10 წელი ამომივარდა კარიერიდან. ახლა რომ დამწყები მომღერალი ვიყო, ამას არ ვიდარდებდი, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენი დრო დარჩა აქტიური მოღვაწეობისთვის, არავინ იცის. ამიტომ მარტო ამის პატიებაა ძნელი, სხვა მძიმე დანაშაულებებს რომ თავი დავანებოთ. ის რაც ოჯახისთვის დავთმე, ჩემი არჩევანი იყო და ამას არსდროს ვინანებ, მაგრამ როცა ეს იძულებით ხდება საკმაოდ ცუდია. 10 წლის წინ, უფრო ახალგაზრდა ვიყავი და  დიდი გამოცდილება მქონდა. ეს თანხვედრა იშვიათი და დასაფასებელია. ამიტომ მომავლისთვის ცაიტნოტურ რეჟიმში მომიწევს მუშაობა. თუმცა იმის თქმა, რომ ეს 10 წელი ვიჯექი და არაფერი გამიკეთებია, სიმართლე არ არის, თუნდაც სახელოვანი ადამიანების შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები გავიხსენოთ. ეს იყო: შოთა მილორავას, კონსტანტინე პევზნერის, ანდრეი პეტროვის, მიქაელ ტარივერდიევის, პეტრე ბაგრატიონი-გრუზინსკის საღამოები. ამ ვიდეო ჩანაწერებს მალე ,,სანო სტუდია“ გამოსცემს.
1988 წელს, მოსკოვში, ოპერა დავდგი, რომელიც მინდა, რომ ვთარგმნო და თბილისშიც გავაჟღერო. ეს ძალიან ძნელია, რადგან ქართული ტექსტი რთულად ჯდება ამ მუსიკაში, ამიტომ შეიძლება რუსულ ენაზე დავტოვო და  გრიბოედოვის თეატრში დავდგა. მინდა პროექტები გავაგრძელო ხელოვანი ადამიანების შემოქმედების შესახებ და მინდა დავბრუნდე ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.

ფილარმონიაში ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნება
- რამდენი ხანია არსებობს საბავშვო სტუდია „მხიარული ნოტები“, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ და რამდენად წარმატებულია?
- ეს სტუდია  მეცხრე წელია არსებობს და ვფიქრობ, რომ წარმატებულად. წელს თეატრ-სტუდიის ფუნქციებიც შევითავსეთ და ჩემი ერთ-ერთი მიუზიკლი „ზღაპარქალაქი“ დავდგით. გვყავს შესანიშნავი პედაგოგები, ჩემი ყოფილი სტუდენტები. ერთი პერიოდი ვმუშაობდი კულტურის და ხელოვნების უნივერსიტეტში. ის კურსი დღემდე შვილებივით მყავს, არ წყდება ჩვენი ურთიერთობა. სწორედ აქედან წამოვიდა სურვილი შეგვექმნა სტუდია. მომავალში ბევრი საინტერესო და საქველმოქმედო ჩანაფიქრი გვაქვს.
- რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ახლო მომავალში, ხომ არ გეგმავთ კონცერტის ჩატარებას?
- დიახ, აპრილში ვგეგმავ დიდ კონცერტს ფილარმონიაში, სადაც ჩემი ვარსკვლავიც გაიხსნება. ამ სიახლეს  ექსკლუზიურად თქვენს ჟურნალს გავანდობ.  ამისთვის სათანადოდ ვემზადებით, რომ იყოს საინტერესო და არასტანდარტული. ძალიან მეხმარება მერიის კულტურის სამსახური, ჩემი კოლეგები, მეგობრები, ადამიანების მთელი არმია. ამაზე მომავალში ვისაუბროთ...

                                  ყველაზე დიდი მონაპოვარი და გავლენა ...
ყველაზე დიდი მონაპოვარი ჯერ საკუთარი ოჯახია, დედ-მამიდან დაწყებული, შვილიშვილებით დამთავრებული, შემდეგ ჩემი საოცარი მეგობრები, ჩემი გოგოები, რომლებიც სკოლის მერხიდან ჩემთან არიან და რომელთა გარეშე ვერ ვძლებ...  გავლენა კი  შვილებმა, პირველ რიგში, უფროსმა შვილმა- სალომემ მოახდინა, რომელიც ახლა პრაღაში ცხოვრობს და რადიო ,,თავისუფლების“ ჟურნალისტია. ხშირად ნახევრად ხუმრობით  ვამბობ, რომ მას მეტი ამაგი აქვს ჩემზე, ვიდრე მე მასზე. მომავალშიც მისი და ნატას, ანუ ჩემი შვილების იმედი მაქვს.


 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა