შემოგვიერთდით facebook-ზე
სოფო თვაური: ამ შეგრძნებას და უხილავ კავშირს, ფულით ვერ იყიდი
31-01-2013, 16:04  /  ნახვა: 4061

 

გემოვნებიანი მუსიკოსი სოფო თვაური, მართალია ლატვიაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს წარმოჩენისთვის იღწვის... ის ლატვიაში, ერთ პატარა და ლამაზ ქალაქ ლგავაში დაიბადა. მშობლები - თემურ თვაური და მაია ნავროზაშვილი არიან. ცხრა კლასი ლატვიაში დაამთავრა, იქვე სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში და კოლეჯში. მეხუთე წელია სწავლას ლონდონში აგრძელებს, წელს კი მაგისტრატურის სტუდენტიც გახდა. იმედია, ორ წელში, უკვე მაღალ საფეხურზე მდგომი მუსიკოსი იქნება.

- სოფო, როდის დაიწყო შენი სამუსიკო კარიერა?

- მუსიკალური კარიერა საქარ­თველოში დავიწყე, სადაც ორ წელი­წადში ერთხელ ჩამოვდიოდით. ჩემი დეიდაშვილი პიანინოზე უკრავდა და მახსოვს, ხუთი წლის ასაკში მშობლებს მეც მუსიკალურ სკოლაში შეყვანა ვთხოვე. შემდეგ ჩამოსვლაზე, დეიდაშვილმა (ხატია ტერუნაშვილმა) პატარა ნაწარმოების დაკვრა მასწავლა. როცა ჩემი მშობლები ლატვიიდან თბილისში ჩამოვიდნენ (მე აქ დამტოვეს ნათესავებთან), პატარა სიურპრიზი დავახვედრეთ: მათ, გვერდით ოთახიდან მუსიკის ხმა ესმოდათ, ეგონათ ხატია უკრავდა და როცა გაიგეს მე ვიყავი, გადაწყვიტეს, როგორც კი ლატვიაში დავბრუნდებოდით (სექტემბერში ექვსი წლის ასაკში), მუსიკალურ სასწ­ავლებელში შემიყვანდნენ. ასეც მოი­ქცნენ, ორი წლის შემდეგ კი ვიოლონჩელოზე გადავედი.

სოფო თვაური: ამ შეგრძნებას და უხილავ კავშირს, ფულით ვერ იყიდი

- და რატომ ვიოლონჩელო, რა იცოდი ამაზე შვიდი წლის ასაკში?

- თვითონ სიტყვამ დამაინტერესა – ვიოლონჩელო. ჩვენი ოჯახის მეგობარი მუსიკალურ კოლეჯს ამთავრებდა. მეხუთე კურსზე (ადრე კოლეჯი ხუთ კურსიანი იყო) ბაკალავრის ხარისხი უნდა დაეცვა და ერთი მოსწავლე მოემზადებინა, გადაწყვიტა _ ეს მე ვყოფილიყავი, მეც დავთანხმდი. ისე კარგად მომამზადა, რომ გამოცდის მერე ვიოლონჩელოს სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. 2012 წლის ივლისის თვეში, ლონდონში ,,Royal College of Music,, ბაკალავრის სერთიფიკატი მივიღე. ახლა მაგისტრატურას გავდივარ. მაგრამ ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანი სკოლა, მაინც სცენაა...

- ვინ გეხმარებოდა მუსიკის შესწავლაში, ეს ხომ ურთულესი და ძალიან შრომატევადი პროფესიაა?

- მადლობელი ვარ ჩემი მშობლების და მასწავლებლის - ირინა თიტარენკოსი, რომლებმაც ყველანაირად შემიწყვეს ხელი და ამ ულამაზეს სფეროს მაზიარეს.  ქალბატონმა ირინამ დიდი ყურადღება გამოიჩინა და საჭირო ცოდნა მომცა, ამას იშვიათი ადამიანი გააკეთებს. ის ხელოვნებას მთელი ცხოვრება ემსახურება. გაკვეთილებს კვირაში ორი დღის ნაცვლად, ოთხ დღეს გვიტარებდა. ხოლო მოსწავლეებს, ვისაც ფული არ ჰქონდა, უანგაროდ ამეცადინებდა.  

ჩემი წარმატება, ასევე მშობლების უდიდესი დამსახურებაა. დედა ყველა კონკურსზე და კონცერტზე დამყვებოდა, მისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი (ფსიქოლოგიურად, მის გარეშე ძალიან ძნელი იქნებოდა). მამა  ფინანსურად მეხმარებოდა, ცდილობდა დამატებითი გაკვეთილები მქონოდა და საზღვარგარეთ კონკურსებზე გავეგზავნე. ყველამ ვიცით, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ``ჩაწყობა`` არსებობს, ამიტომ მსგავსი კონკურსების შემდეგ, ერთი კვირა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მჭირდებოდა. ამის გამო, ხშირად მიფიქრია მუსიკისთვის თავი დამენებინა. პატარა რომ ხარ, ამას უფრო მტკივნეულად განიცდი... 

- დღეში რამდენ საათს მუშაობ, რომ შედეგს მიაღწიო?

სოფო თვაური: ამ შეგრძნებას და უხილავ კავშირს, ფულით ვერ იყიდი

- კონკურსების წინ რვა საათზე მეტს ვმეცადინეობდი,Gგერმანიის კონკურსის წინ, სამი თვე, დღეში ცხრა საათს ვუკრავდი, ამ ხნის განმავლობაში სკოლაშიც კი არ მივლია, (დირექტორმა და კლასის ხელმძღვანელმა გაკვეთილებიდან გამათავისუფლეს). თუმცა, ახლა რვა-ცხრა საათს იშვიათად ვმეცადინეობ. მოსწავლეები მყავს და მათ ვამზადებ. პარალელურად კიდე ჯგუფში ვუკრავ (არტ როცკ) Olka-Dot-ვისთან ერთადაც ივლისში ჩავწერეთ 5 სიმღერა... ჩემი პირველი კონცერტის ჩანაწერების მოსმენა შეგიძლიათ youtube.com-ზე, სადაც ვიდეოები დაბალი ხარისხითაა ატვირთული, რის გამოც ბოდიშს გიხდით.

- ვინაა შენთვის ყველაზე დიდი მუსიკოსი?

- ვიოლონცელისტებიდან ყვე­ლაზე გენიალური ჩემთვის Stislav Rostropovichi და Haklin Dupre. გერმანული სკოლაც ძალიან ძლიერია. სწორედ გერმანული სკოლის ერთ-ერთ უძლიერეს წარმომადგენელთან ქალბატონთან კლეიგელთან ერთად, ორჯერ გვქონდა საშუალება მასტერკლასში მონაწილეობა მიმეღო. სიმართლეა, რომ ამბობენ ჩინელები, კორეელები და იაპონელები მაქსიმუმს აკეთებენ ამ სფეროში, მათაც ასევე ძლიერი სკოლა აქვთ. მჯერა, რომ ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ არ გვაქვს მათნაირი დისციპლინა და სურვილი. ჩემს პროფესორსაც ავღნიშნავ ღოყალ კოლეჯიდან ალექსანდრე ჩაუსიანს წარმოშობით სომეხია.

ისააკ პერლმანი, დევიდ ოისტრაჰი, იაშა ჰეიფეთზი, სერგეი რახმანინოვი (როგორც პიანისტი და როგორც კომპოზიტორი მითუმეტეს.) დენის მათსუევი, არტურ რუბინშტეინი.

სოფო თვაური: ამ შეგრძნებას და უხილავ კავშირს, ფულით ვერ იყიდი

- გიჭირს საქართველოდან შორს ცხოვრება?

- ძნელია, ყოველთვის გული მწყდება, როცა ზაფხული გადის და საქართველოდან წასვლის დღე ახლოვდება. ნათესავები საქართველოში გვყავს, ბავშვობაში მე და ჩემი ძმა ვერ ვხვდებოდით, რატომ ვცხოვრობთ საზღვარგარეთ. საქართველოში დაბრუნების სურვილი ყოველთვის გვქონდა. მომავალში, ალბათ აუცილებლად ჩამოვალთ სამშობლოში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამის პირობები არ არის.

- მუსიკის გარდა სხვა რა გიტაცებს, ხომ არ ხატავ ან წერ?

- კი, ზოგჯერ ვხატავ და ვწერ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის რჩება, საიდუმლოდ... არ ვაქვეყნებ.

- საკუთარი მუსიკალური შემოქმედებაც ხომ არ გაქვს?

- კი მაქვს ჩემი ნაწარმოებებიც. ოცნება მაქვს, რომ ჩემი ერთ-ერთი სიმღერა ქალბატონ თამარGგვერწითელს შეესრულებინა, სიმღერა, რომელიც პირველად  დავწერე. როცა საქართველოში ჩამოსვლა არ შეგვეძლო, ეს მუსიკა სწორედ მაშინ შეიქმნა, მონატრების საფუძველზე... ისე, პრო-ინსტრუმენტალური მუსიკის წერა მომწონს.

- შენთვის, გარდა ვიოლონჩელოსი, ყველაზე საინტერესო და ჟღერადი ინსტრუმენტი რომელია?

- სიმართლე გითხრათ, ინსტრ­უმენტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ვინ, რას და როგორ უკრავს. ვიოლინოც ძალიან მიყვარს, ფორტეპიანო, არფა, გიტარა, კლარნეტი.

- ვისთან ერთად ისურვებდი დაკვრას და რომელი ცნობილი დირიჟორის ხელმძღვანელობით? 

- ვისთან ერთად, ამას მნიშნელობა არ აქვს. ყველა ოცნებობს დირიჟორ ვლადიმერ შკენაზისთან, შეიჯი ოზავასთან და ვალერი გეორგიევთან დაკვრას, Berlin Symphony Orchestra-სთანაცა სიამოვნებით გამოვიდოდი. შეიძლება, ადამიანი ცნობილი არ იყოს, მაგრამ იყოს ერთგული.Aან მხოლოდ პატარა ქალაქში გქონდეს საშუალება უფასოდ დაუკრა, მაგრამ ხალხმა უფრო მეტად დაგაფასოს და შენი მადლობელი იყოს, ვიდრე გამოხვიდე ``roial Albert Hall-ში`` და მსმენელმა მხოლოდ ,,კიდე ერთი კარგი მუსიკოსის,,-ს სიაში ჩაგწეროს.

ერთხელ ცნობილი ადამიანის იუბილეზე ვუკრავდით, ყველა გვისმენდა, თუმცა ვხედავდი, რომ არ აინტერესებდათ.Mმოვიდნენ იმი­ტომ, რომ მოიწვიეს... მათთვის პრესტიჟული იყო იქ ყოფნა, რათა შემდეგ მეგობრებისთვის ეთქვათ: ,,მეც იქ ვიყავიო,,, მაგრამ ერთხელ უფასო კონცერტი ჩავატარეთ და იქ სულ სხვა შეგრძნობა იყო. როცა მსმენელი გულით გისმენს, ეს უკვე სხვა დონეა და მსმენელსა და ხელოვნებას შორის სხვა კონტაქტია. მსმენელს უხარია, რომ მისთვის ასრულებ, შენ კი გიხარია, რომ მსგავსი ადამიანების გული გაახარე. ამ შეგრძნებას და უხილავ კავშირს, ფულით ვერ იყიდი.

- რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებ?

- კურიოზები ხშირად ხდება. ერთ-ერთ კონკურსზე საქმე მამამ ჩამიშალა; ჟიურის წევრები, შესვენების დროს, მოსაწევად იყვნენ გასულები. მამაც ეწევა და ისე გამოვიდა, რომ ერთად მოხვდნენ სიგარეტის მოსაწევ ადგილას. შემთხვევით მათი საუბარი მოისმინა, ერთი მათგანი ეუბნება მეორეს ჩემზე: გოგოს ტემპერამენტით ეტყობა, რომ ქართველიაო, ლატვიელი ჟიური კი უმტკიცებდა: არა, ეს გოგო, სუფთა ლატვიელიაო. მამაჩემმა ვერ მოითმინა და უთხრა: ქართველიაო... სწორედ იმ ლატვიელმა, რომელიც ჟიურის თავმჯდომარე იყო და მოსწონდა ჩემი შესრულება, მესამე ტურში არ გადამიყვანა...

სოფო თვაური: ამ შეგრძნებას და უხილავ კავშირს, ფულით ვერ იყიდი

- სოფო, როდის დაბრუნდები საბოლოოდ საქართველოში? ვიცი, რომ ძალიან გიყვარს სამშობლო და მუდმივად გენატრება...

- ამის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ჩემი პროფესიით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველოში, იმდენი შესაძლებლობა არ მექნება, როგორც ინგლისში მაქვს (სადაც ამჟამად ვსწავლობ და ვუკრავ) ან და გერმანიასა და ამერიკაში. ბევრი ოცნებები მაქვს, პროექტები, რომელიც ჯერ მარტო ქაღალდზეა დაწერილი. სამწუხაროდ, მათი რეალიზება მხოლოდ ევროპაში მოხდება. ქალ­ბატონ ლიანა ისაკაძეს დიდ პატივს ვცემ, ყველაფერს საინტერესო კონცერტებს მართავს. იმედია, მალე, ჩვენც (ახალგაზრდობა) შევუერთდებით, მთავარია საქართველოში მშვიდობა იყოს.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა