შემოგვიერთდით facebook-ზე
,,სამა"-ში ყველაფერი სამასეულია
17-12-2013, 15:50  /  ნახვა: 2777

ავტორი
ეკო რევაზიშვილი
ქართული ხალხური ცეკვა ჩვენი კულტურის  ერთგვარი  საგანძურია, დღესდღეობით მსოფლიო  ხალხთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია. ეს კი ძველი და თანამედროვე  ქორეოგრაფების მიერ ყოველდღიურად  ჩატარებული დიდი და ნაყოფიერი შრომის შედეგია.
ნათია ალფაიძე: ჩვენ მხოლოდ საკუთარს ვქმნით, არავის არაფერს  ვპარავთ, არ ვბაძავთ. ,,სამა"-ში ყველაფერი ,,სამასეულია"-აცხადებს სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე და ამჟამად ანსამბლ ,,სამას" ხელმძღვანელი ნათია ალფაიძე.
- როდის და როგორ შემოვიდა ცეკვა თქვენს ცხოვრებაში?
- ცეკვა 6 წლის ასაკიდან დავიწყე. მე-4 სკოლაში ვსწავლობდი, როცა შემოვიდა ლამაზი წყვილი - ნინო ტურიაშვილი და რომიკო ტატიშვილი, ბავშვებს არჩევდნენ. იმის გამო, რომ მაღალი ვიყავი მოვეწონე და ამიყვანეს. აქედან დაიწყო ყველაფერი. თანდათან იმდენად გაიჟღინთა ჩემში ცეკვის სიყვარული, რომ გაგრძელება მომინდა. ორი წელი ვცეკვავდი მათთან. შემდეგ უკვე გადავწყვიტე სუხიშვილების სტუდიაში  მეცადა ბედი. ჩავაბარე მისაღები გამოცდები და ქალბატონმა ნინო კირვალიძემ თავის ჯგუფში ამიყვანა. ის სუხიშვილების პირველი თაობის მოცეკვავე იყო … 5 წელი ვისწავლე ამ სტუდიაში.

,,სამა"-ში ყველაფერი სამასეულია
სკოლის დამთავრების შემდეგ, კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქართული ცეკვის დამდგმელი  ქორეოგრაფის სპეციალობაზე. მისაღებ გამოცდაზე ბატონ თენგიზ სუხიშვილს მოვეწონე და მირჩია მათ ანსამბლში მეცეკვა, მაგრამ იმის გამო, რომ დასწრებულზე მინდოდა სწავლა ანსამბლ ,,როკვაში" შევედი,  … სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მივხვდი ცეკვა რამხელა შრომას მოითხოვდა. შემდეგ უკვე, როდესაც მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, გადავწყვიტე სწავლისთვის ცეკვაც შემეთავსებინა და სუხიშვილების ანსამბლში გადავედი.
- რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ წარმატებული მოცეკვავე იყო?

- ძალიან ბევრი უნდა იშრომო, ივარჯიშო, საათობით უნდა იდგე სარკის წინ და იმაზე მუშაობდე, რომ რაც შეიძლება ლამაზად მიაწოდო მაყურებელს შენი შესაძლებლობები. ახლა უფრო მეტად ვრწმუნდები ამაში, როცა საკუთარი ანსამბლი მყავს და ვხედავ, როგორ ცდილობენ ბავშვები ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ.
- 21-ე საუკუნეში სუხიშვილებმა სახეშეცვლილი პროგრამა წარუდგინეს მაყურებელს, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია...
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი ვიყავი. თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე და ვიცი, რამხელა შრომაა ეს. ცვლილებას აუცილებლად უნდა განიცდიდეს ქორეოგრაფია. ფოლკლორის სახით რომ მივაწოდოთ მაყურებელს ის, რაც ნამდვილად ფოლკლორია 21-ე საუკუნე ამას ვერ აიტანს. მომსწრე ვარ, როდესაც მაყურებელი ფეხზე იდგა და ითხოვდა, კიდევ ერთხელ განმეორებულიყო ,,ჯუთა." მახსოვს მათი პირველი ,,ზეკარი". მივესალმები ამ ყველაფერს. რაც მთავარია სუხიშვილების ანსამბლი არ კარგავს პირვანდელ სახეს.  ,,ოქროს ფონდი" - ასე უწოდებს ილიკო სუხიშვილი,  არ დაკარგულა, უბრალოდ, პროგრესს ყველა განიცდის, განვითარება ყველაფერს სჭირდება.

,,სამა"-ში ყველაფერი სამასეულია

- რამდენად ჯდება ,,ასსა ფართი" ქართულ მენტალიტეტში?
- ახალ ცეკვებში მართლა იგრძნობა ტექნიკა და უფრო მეტად გართულებულია მოძრაობები. ეს 21-ე საუკუნის ქართულია. საკლუბო ვარიანტია.
- როგორც ვიცი თქვენ ანსამბლი ,,სამას" ქორეოგრაფი ხართ. როდის და როგორ ჩამოაყალიბეთ ანსამბლი?
- ანსამბლი 2005 წლის 11 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონში ჩამოვაყალიბე, სადაც პატარა შერჩევა ჩავატარე. პირველივე შეხვედრაზე  35 ბავშვი მოვიდა. შემდეგ უკვე 2007 წელს, თბილისშიც გავხსენი საკუთარი სტუდია, იგივე სახელწოდებით.
-,,სამა", როგორც მოგეხსენებათ სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით ცეკვას ნიშნავს. ეს არის ოჯახი, სადაც უმეტეს დროს ვატარებ. ,,სამა" ჩემთვის და ჩემი მოცეკვავეებისთვის ბევრს ნიშნავს, მის სახელს ყოველთვის დავიცავ.
-  რა კრიტერიუმებით ხდება ანსამბლში მოცეკვავეების მიღება?
- ბავშვების მიღება 6 წლის ასაკიდან ხდება. პირველი თაობის ,,სამელები" უკვე ძალიან წარმატებულები არიან.

 მარიამ ჭიაბერაშვილი უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობს, ჩემს პროფესიას აგრძელებს, რაც ძალიან მეამაყება.

,,სამა"-ში ყველაფერი სამასეულია
- რა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ ,,სამა"-ში მოხვდეს?
- პირველ რიგში ნიჭი და სმენა უნდა ჰქონდეს. უნდა უყვარდეს. მოვიშველიებ დიდი ილიკო სუხიშვილის სიტყვებს: ,,შენ ადამიანი იყავი და მოცეკვავედ მე გაქცევო." ამ დევიზით ვაგრძელებ ჩემს ანსამბლში მოღვაწეობას.
- ქორეოგრაფები განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევიან ხოლმე, როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს ამ ამპლუაში?
- მომთხოვნი ვარ, იმიტომ, რომ რადგანაც იხარჯები მაქსიმუმს ითხოვ ბავშვისგან, მაგრამ ასაკსაც ვითვალისწინებ. მესმის, რომ ბავშვს ფსიქიკა არ უნდა შეურყიო შენი სიმკაცრით, არ უნდა შეაშინო. ეს ხელოვნებაა, ეს სიყვარულია. მან უნდა წარმოაჩინოს შენი ქვეყანა, არამარტო საკუთარ სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ფაქიზად მოვექცე ბავშვის სულს.
- რა არის მთავარი იმისათვის, რომ ბავშვებს ცეკვა შეაყვარო?
- ბავშვებს სათითაოდ უნდა აუხსნა, თუნდაც ის კუთხურობა, იმიტომ, რომ არ მოიძებნება მსოფლიოში არც ერთი ცეკვა, გარდა ქართული ხალხური ცეკვებისა,სადაც ამდენი კუთხურობა, ხასიათი, ილეთები, შინაარსი არსებობს. როდესაც ბავშვი ბევრ განსხვავებას პოულობს უყვარდება.
- თქვენთვის, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელისთვის, რამდენად რთულია დაკისრებული მოვალეობის შესრულება?
- ყოველი კონცერტის დროს, გამოსვლის წინ ძალიან ვნერვიულობ. ვღელავ მოცეკვავეებზე, არაფერი დაუშავდეთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ტრავმა მაქვს გამოცდილი საკუთარ თავზე.

,,სამა"-ში ყველაფერი სამასეულია
- რამდენად წარმატებულია დღესდღეობით ანსამბლი ,,სამა",  თუ იღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებში?
- ,,სამა" დაარსებიდან საქართველოს ქორეოგრაფ მოღვაწეთა  კავშირის წევრია. ბავშვებს უამრავ ღონისძიებაში აქვთ მიღებული მონაწილეობა.შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალი, ოქროს მართვე, რიდონისეული. ბესიკ სვანიძის იუბილე,მშვიდობის დესპანი, ბრავო... და კიდევ ბევრი საქველმოქმედო კონცერტებია მის ანგარიშზე... 2010 წელს, იტალიაში, მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე გასტროლებზე ვიმყოფებოდით  . ეს იყო ძალიან დიდი და მასშტაბური ტურნე. იტალიიდან ოქროს თასით დავბრუნდით.
- რატომ უნდა გახდეს ადამიანი ,,სამას" მოცეკვავე? რითვ გამოარჩევთ თქვენს ანსამბლს?
-ჩვენ მხოლოდ საკუთარს ვქმნით, არავის არაფერს ვპარავთ, არ ვბაძავთ. ანსამბლს თავისი კომპოზიტორი, ბატონი ჭაბუკა ამირანაშვილი ჰყავს. განსხვავებულია ჩვენი მუსიკალური გაფორმება, თუმცა ბენდიც გვეხმარება . 24 მაისს გვქონდა სოლო კონცერტი საგარეჯოში ცოცხალ ბენდთან ერთად. არაჩვეულებრივი ანსამბლი ,,ერქვანი" გვიმშვენებდა გვერდს.
ჩვენი კოსტიუმები განსხვავებულია, ვეძებ  ორნამენტებს,რადგან თვითონ ვხატავ. ვქმნი ისეთ კოსტიუმებს, რომელიც სხვისას არ ჰგავს. ამით ჩვენს სიტყვას ვამბობთ. ცეკვებიც განსხვავებულია. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მიბაძვა არ იყოს სხვა ცეკვებთან. ექსპერიმენტებს ვატარებ, რადგან ხელოვნება უსაზღვროა …  თუ მოეწონება მაყურებელს, იმას უფრო ვხვეწავთ და ვავითარებთ. ,,სამა"-ში ყველაფერი სამასეულია.
- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით ორიოდე სიტყვით...
- დეკემბერში გვაქვს კონცერტი ,, ბრავო ომარ". ანსამბლი ,,სამა" გალა კონცერტში იღებს მონაწილეობას. უკვე ვემზადებით მოგზაურობისთვის, ესპანეთში წასასვლელად ....

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა