ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
ლექსის წერა მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ „დროშა“-ში, რომელსაც მწერალი გიორგი ნატროშვილი რედაქტორობდა. მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ „პირველ სხივში“, დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას, ამიტომ მისთვის ამ ტრადიციულ ჟურნალში დაბეჭდვა ძალიან საამაყო იყო. მაშინ მიხვდა, რომ ლექსმა თავისი მისამართი იპოვა... სტუდენტებმა, ჯერ კიდევ დამწყები პოეტების ლექსები იცოდნენ ზეპირად, რაც ძალიან დიდი სტიმული იყო მისთვის.
- რამდენი წიგნი გაქვთ გამოცემული, ან სად გაქვთ გამოქვეყნებული?
- სამი კრებული მაქვს გამოცემული - „მზე მამულის კვამლში“, „სანთელი“ და „პოეტის ასი ლექსი“, იანვარში კი მეოთხე წიგნი გამოვა, სახელწოდებით „დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები“. არ ვცდილობ ბევრი წიგნის გამოცემას, მთავარია ხარისხი.
- საყვარელი მწერალი და წიგნი...
- როგორ შეიძლება პოეტს მხოლოდ ერთი გატაცება ჰქონდეს, მაგრამ ჩემთვის ყველა დროის საყვარელი მწერალი ვაჟა-ფშაველაა.
- ჰობი და ცხოვრების დევიზი...
- პოეზიის გარდა, ძალიან მიყვარს ხალხური სიმღერა. ცხოვრების დევიზი კი - ვიარო მართალ კაცად და რისთვისაც გავჩნდი ის ვაკეთო, ვწერო ლექსები.
- თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები?
- ლუარსაბ თათქარიძე, ოთარაანთ ქვრივი, ვაჟას პოემის გმირები, თითოეული პერსონა ჩემთვის ძვირფასია.
- როგორც პოეტზე ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა?
- ჩემი პერიოდის ეროვნულმა და პატრიოტულმა შემოქმედებამ, შესააბამისად მაშინდელმა პოეტებმა მოახდინეს ზეგავლენა: მუხრან მაჭავარიანმა, მურმან ლებანიძემ, აღარ ვლაპარაკობ შოთა ნიშნიანიძეზე, რომელიც საოცარი სიზმრების პოეტია.
- რა ახდენს თქვენზე ზემოქმედებას, რომ ლექსი დაწეროთ?
- პოეტს ვერ გაუგებ, როდის რა უხარია, რადგან „მიზეზიანი“ ხალხი ვართ. შეიძლება მცირე რამ გაღიზიანებდეს, რომელიც ვიღაცისთვის სასაცილოა, მაგრამ შენთვის შეიძლება პოეზიის საგნად იქცეს. ამიტომ, ასე გადაჭრით ვერ გეტყვი ლექსის წერის მიზეზს.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ კრიტიკასთან?
- ძალიან კარგი. ჩვენს დროში უცებ არქმევენ ადამიანს: დიდი პოეტი, დიდი მწერალი, რომელთაც ორი-სამი საშუალო ხარისხის ლექსი აქვთ დაწერილი. არ არის ეს სასურველი. დიდი შემოქმედება ის არის, გარკვეული დროის შემდეგ, მთელი შენი შემოქმედებიდან, თუნდაც რამდენიმე ხარისხიანი ნაწარმოები რომ დარჩება.
- შეგიძლიათ თქვენი შემოქმედებიდან გამოყოთ ერთი ლექსი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
- ჩემმა ერთმა ლექსმა –„ო, დედოფალო“ , რომელიც შუშანიკს ეძღვნება, ადგილი მეტეხის ტაძარში დაიმკვიდრა. ამას კი გამოვყოფდი, რადგან ძალიან დიდი ბედნიერებაა, ლექსი ხატად არის ქცეული და შუშანიკის საფლავზე დასვენებული.
- რას იტყვით თანამედროვე პოეტებზე?
- შესანიშნავი თაობაა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა კარგად წერს. შემოქმედებაში ასაკობრივი ზღვარი არ მიყვარს. პროზაში ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოვიდა და არ ჩამოვთვლი. ყველა ასეთი, შემოქმედი ძალზე საინტერესოა.
- თქვენთვის ყველაზე კომფორტული გარემო, სადაც ლექსის წერის სურვილი გიჩნდებათ...
- სადაც მელექსება , ყველაგან ვწერ.
- სახლში გექნებათ საყვარელი ადგილი ...
- სამზარეულო, ხან სამარილეზე ყრია ჩემი ლექსები და ხან სამარილე ჩემს ლექსებზე. ეს საწუხარი არ არის, მთავარია მუზა მოვიდეს და დასაწერი დაიწერება.
- რაზე წერთ უმთავრესად თქვენს ლექსებში და ვის ეძღვნება?
- შეიძლება ლირიკით დავიწყო და პატრიოტიზმით დავამთავრო, ამას არ ვსაზღვრავ, გააჩნია სათქმელი როგორ წამოვა. პოეტს მუზა ასულდგმულებს, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე წარმოსახვაშიც. შეიძლება სიყვარულზე ვწერდე, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებას კი არ ვუძღვნიდე, არამედ რაღაც ღვთაებრივს, ამაღლებულს.
ჩემი საქმიანობა გულწრფელობას მოითხოვს, რასაც ვწერ ის მკითხველს უნდა სჯეროდეს. თუ გინდა გულს მოარტყა, სათქმელი უნდა იყოს მართალი.
- ბუნებრივია, ცხოვრებაში გარკვეული წინააღმდეგობები გექნებოდათ, რას გაიხსნებთ...
- იყო ძალიან ბევრი... წინააღმდეგობის დაძლევის სურვილი მქონდა და მერე მოთმინების. მოთმინება, მხოლოდ ბიბლიური სიტყვა არ არის და ჩვენი თაობის ახალგაზრდებს ეს გვქონდა. კარგად გაზრდილი შვილი ვიყავი. მშობლებს არაფერი მოუკლიათ ჩემთვის, თუმცა მათ გარეშე მომიხდა წინააღმდეგობების დაძლევა, სტუდენტობის პერიოდის გატარება. ძალიან განვიცდიდი ამას, დედა ძალიან მენატრებოდა, ეს სულიერი გაჭირვება იყო. პირადი განცდა ადამიანმა თვითონ უნდა გადაიტანოს ამაში ვერავინ შეგეხიდება.
პოეტი უნდა იყოს ახლობლებთან, მაგრამ მარტო. სწორად გამიგე, ეს არის შემოქმედებითი ყოფა.
- როდის ხართ ხოლმე ბედნიერი და რა არის საჭირო ამ გრძნობისთვის?
- ბედნიერი ვარ, როცა სული პოეზიას მთხოვს. ეს სიხალისე რომ არ მქონდეს გავგიჟდებოდი! ნურავის გაეცინება , ამაღლებულზე რომ ვფიქრობ, ეს არ არის ჩემი დალხინების საგანი. შეიძლება დარდი ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ ამაღლებული იყოს, შეიძლება სიხარული ჰქონდეს ისეთი მდაბიო, რომ იმას ამაღლებული დარდი სჯობდეს.
ბედნიერი ვიქნები, თუ მუზა არ მეტყვის უარს მან ხომ, ჩემს ცხოვრებას შინაარსი მისცა. მიყვარს ოჯახი, სამშობლო და ერთს ვიტყოდი, გლობალიზაციის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუ შენი ფესვები არ გიყვარს, სხვისიც არ გეყვარება.
ადამიანმა არჩეულ გზას უნდა უერთგულოს! დანარჩენი უფალმა იცის!..