შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უამინდობით გამოწვეული საგზაო მოძრაობის შეფერხების გამო მთელი ღამის განმავლობაში რიკოთის უღელტეხილზე იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 35 თანამშრომელი სრული სამაშველო აღჭურვილობით. სამაშველო ოპერაციებში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ჩართვა აუცილებელი გახდა, რადგან დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე ავტომანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ, რამდენიმე მანქანა სავალი ნაწილიდანაც გადავიდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა თოვლის გამო რიკოთზე ჩარჩენილი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სპეციალური ტექნიკით ბუქსირება განახორციელეს და მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. კომპლექსური სამაშველო ოპერაციები ჩატარდა შს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან და მუნიციპალურ სამაშველო და სახანძრო სამსახურებთან ერთად. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაციები ასევე ჩაატარეს წალკა-ნინოწმინდის უღელტეხილზე.
ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილი სრულიად გათავისუფლდა თოვლში ჩარჩენილი ავტოტრანსპორტისგან.