შემოგვიერთდით facebook-ზე
პატარა ოჯახის დიდი კორიფეები
26-11-2013, 15:26  /  ნახვა: 3493

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ფილიალის უფროსი, ქალბატონი დარეჯან თომაძე, წლების წინ, ერთ-ერთი საქველმოქმედო მარათონის მზადების დროს გავიცანი. იგი მრავალი წლის განმავლობაში, დუშეთის ბავშვთა სახლის დირექტორი გახლდათ. თბილი და მოსიყვარულე, გასაოცარი ფენომენის მქონე პიროვნებაა, რომელიც გულში ჩაგიხუტებს და შენი სულის მწარე იარებს განკურნავს. გაიხდის საკუთარ ტანისამოსს, იმისათვის, რომ სხვას არ შესცივდეს. ახლა, უკვე აქ ვგრძნობთ მის ჩვეულ სიყვარულსა და სითბოს, რასაც თანაბრად უნაწილებს დიდსა, თუ პატარას. დღეს, ჩვენს ლამაზ ოჯახში, არაერთი ღვაწლმოსილი ადამიანი ცხოვრობს. ქალბატონი დარეჯანი კი, ამ პატარა ოჯახის დიდი კორიფეების ღირსეული და თავდადებული პატრონია.
- როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა განსაკუთრებული უნარის მქონე ადამიანებთან?
- 25 წელი, საბავშვო ბაღის დირექტორად ვიმუშავე, რომელიც ბოლო 5 წელი საპილოტე ბაღად გადაკეთდა და ინკლუზიური სწავლება დავიწყეთ. ამიტომ, ჩემთვის ახალი არ იყო, ასეთ ბენეფიციარებთან ურთიერთობა. შემდგომ, ბავშვთა სახლის დირექტორად გადავედი, მაგრამ ეს ბავშვთა სახლი მალევე დაიხურა. შეიქმნა საშიშროება იმისა, რომ 35 თანამშრომელი უმუშევარი დარჩენილიყო. გამოვნახე გამოსავალი და გავხსენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი დუშეთში. რაც ძალიან რთული იყო, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მქონდა. მათი დახმარებით შენობის გარემონტება და მისი სრული ადაპტირება შევძელი. სანამ ზემოთ ხსენებულ პანსიონატს გავხსნიდი, ვხვდებოდი ყველას საბავშვო ბაღისა, თუ სკოლის დირექტორებს და ვუხსნიდი, რომ უნდა გახსნილიყო ,,შშმპ პანსიონატი" და ვთხოვდი, ყოფილიყვნენ მოწყალენი, მიმტევებელნი. შეიძლება მათ რაღაც შეეშალოთ, შეიძლება არასწორად მოიქცნენ, მაგრამ ჰყავთ დედა, ჩემი სახით, რომელიც მათ მიერ ჩადენილ ყველა საქციელზე პასუხს აგებს. ჩემი ბენეფიციარების 99%-ი დედას არ იცნობდა, ისინი ყველა ბავშვთა სახლში გაზრდილები იყვნენ, ამიტომ დედას მე მეძახდნენ და მეც შესაბამისად ვიქცეოდი. ისე კარგად მოხდა ამ ბავშვების ადაპტირება საზოგადოებასთან, რომ ერთი პრობლემაც კი არ გამჩენია. ეს წლები ყველაზე დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო, ჩემი 35 წლიანი სამუშაო პრაქტიკიდან. შემდეგ, მოულოდნელად ,,თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში", სამუშაოდ გადმოსვლა მომიწია. ძალიან გამიჭირდა მათი დატოვება, მაგრამ ჩვენი დედა-შვილური და თბილი ურთიერთობა, დღემდე გრძელდება.
- თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში დაგხვდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი?
- დიახ, ბატონი ზაზა აბაზოვი, რომელიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, რომ მდინარე თერგივით შეუპოვარია. ვცდილობ, მოვიძიო ყველა საშუალება, შევუქმნა პირობები, რაც მას სჭირდება. ვფრთხილობ, არ გავაღიზიანო, რადგან პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ამის გამოცდილება მაქვს. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს, ყველაზე სათნო, მიმტევებელი და საყვარელი მოხუცები. ყოველდღე დიდ დროს ვატარებ მათთან. საოცარ ისტორიებს ვისმენ. მათგან ბევრ სასიკეთოს ვსწავლობ.

პატარა ოჯახის დიდი კორიფეები
- ჩვენს პატარა ოჯახში, რომლის წევრი მეც გახლავართ, ძალიან ბევრი ღვაწლმოსილი ადამიანი ცხოვრობს, გვიამბეთ მათ შესახებ?
- გვყავს დამსახურებული გინეკოლოგი, ქალბატონი მარიამ ამაშუკელი, რომელიც 95 წლისაა, მიუხედავად ამისა თავისი ხელით კერავს და ირეცხავს, დღემდე შემორჩენილი აქვს ის სისუფთავე და სიწკრიალე, რაც მის პროფესიას ახლავს თან. გვყავს ყოფილი პედაგოგი, სახალხო განათლების წარჩინებული ქალბატონი ცაცა მანჯგალაძე, რომელმაც ამ სფეროში 50 წელი იმუშავა და ძალიან ბევრი ღირსეული პიროვნება აღზარდა, ის ძალიან ამაყობს ამით. ასევე გვყავს, ბატონი ჯონი ცქიტიშვილი, გადასარევი პიროვნება, ის გახლავთ ერთად-ერთი ბუკინისტური წიგნების მაღაზიის დირექტორი, რომელიც ძალინ ახლოს და კარგად იცნობდა, გალაკტიონ ტაბიძეს და გოგლა ლეონიძეს, მასთან საუბარი ძალიან სასიამოვნოა.
- ქალბატონო დარეჯან, დუშეთში გატარებული დღეები, ბავშვებთან ერთად დღესასწაული იყო. საოცარი საღამოები იმართებოდა, თავად თქვენც ხომ არ ხართ, ხელოვნების რაიმე სფეროთი გატაცებული?
- საბავშვო ბაღში მუშაობის პერიოდში, წელიწადში ოთხი ზეიმის ჩატარება გვიწევდა. ძალიან მწირი იყო იმ ლექსთა რეპერტუარი, რომელიც დღესასწაულისთვის გვჭირდებოდა. ამიტომ ჩემს დაწერილ ლექსებზე, ჩვენი ბაღის პედაგოგმა და მუსიკოსმა ქალბატონმა მედეა ლეონიძემ, რამდენიმე სიმღერაც დაწერა. შემდეგ, წიგნში ,,ფერები ნაირფერები" ჩემი, რამოდენიმე ლექსი დაიბეჭდა, მომავალში კრებულის გამოცემასაც ვაპირებ. ჩვენთან ცხოვრობს უაღრესად განათლებული და ერუდირებული პიროვნება, პროფესიით ჟურნალისტი ბატონი მურმან ხაჭაპურიძე, რომელსაც ჩემი ლექსების კორექტირება ვთხოვე, ბატონი მურმანი ამ წიგნის რედაქტორი იქნება.
- თქვენ ფართო საზოგადოებამ, გადაცემა `პროფილის~ საშუალებით გაგიცნოთ, როდესაც პატარა დაიაურები, მრავალწლიანი მონობიდან დაიხსენით, როგორ ცხოვრობენ დღეს ისინი?
- ბავშვები შატილში, ერთ-ერთ ოჯახში, წლების განმავლობაში, ჯოჯოხეთურ შრომას ეწეოდნენ, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, პირუტყვს იძულებით ავლევინებდენ. ჩემი დიდი ძალისხმევის შედეგად, ისინი კეთილი ადამიანების დახმარებით, გაუსაძლისი პირობებიდან დავიხსენი, რადგან ბავშვები ჩემი ბენეფიციარები იყვნენ. შემდეგ, მათ რეაბილიტაცია, ტრეფიკინგის ცენტრში ქალბატონ მარი მესხთან გაიარეს. დღეს ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვეულებრივი, ლამაზი ცხოვრებით ცხოვრობენ.
თინათინ! - მინდა, ჩემი საუბარი ასე დავასრულო - ვიცი, რომ თქვენ ძალიან მალე მიემგზავრებით უკრაინაში, სამკურნალოდ, რაშიც ჯანდაცვის სამინისტრომ და მერიამ დიდი დახმარება გაგიწიათ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ, რომ ასე ზრუნავენ თქვენისთანა პიროვნებებზე. ასევე მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილი საქმის დაგვირგვინებაში. ყველაზე დიდი მადლობა შენს დედიკოს, ქალს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შენ შემდგარიყავი, როგორც ჟურნალისტი.
- დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო დარეჯან ყველაფრისათვის, რა საქმესაც აკეთებთ და ემსახურებით.
 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა