ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
1953 წელს დაბადებულ მხატვარს, ლევან ჭოღოშვილს ცხოვრება საბჭოთა რეჟიმში მოუწია. სამხატვრო განათლება აკადემიაში მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მშობლის არჩევანით არქიტექტურულზე სწავლობდა, გადაწყვიტა ფერწერაზე გადასულიყო და ასეც მოხდა... ამბობს, რომ გაუმართლა, იმ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, როდესაც ხელოვნება დიდ ინტერესს იწვევდა.
ლევან ჭოღოშვილი გახლდათ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი (1986–1988) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. (1997–2007) ფოტოგრაფიისა და ახალი მედიების კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პროფესორი (2001–2005).
- ხატვა როდის დაიწყეთ?
- ბავშვობაში ნახატებს ვასურათებდი, 4 წლის ასაკში დავხატე ამირანისა და გველეშაპის შებრძოლება, ეს იყო ჩემი პირველი ნახატი.
ორი ბიძა მყავდა მხატვარი: ოთარ ანდრონიკაშვილი და შალვა მაყაშვილი, გარდა ამისა მხატვრების გარემოში ვიზრდებოდი. მახსოვს, მამამ მოსკოვში წამიყვანა და ფაქტობრივად ყველა მუზეუმი დამათვალიერებინა, პარალელურად მიკითხავდა თეორიას: ბერძნულსა და გერმანულ მითებს, ამან ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ჩემი ნახატები ახლობლების მოწონებას იმსახურებდა და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მხატვარი უნდა ვყოფილიყავი.
- რა არის თქვენთვის მხატვრობა?
- ყველა ხელოვანი გამქრალ მშვენიერებას აცოცხლებს, მაგალითად რუსთაველი, რომელიც ტარიელს მისტირის, ჰომეროსი კი - დაღუპულ ტროაზე გოდებს. შესაბამისად ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი აზრი, განწირულ სილამაზესა და კეთილშობილებაზე დატირებაა. ჩემთვისაც ეს არის მხატვრობა. მე როგორც მხატვარი, კომფორმისტი არ ვყოფილვარ, არ ვემორჩილებოდი მაშინდელ სამარცხვინო კანონებს და აკრძალვებს. სრულიად შეგნებულად ვხატავდი, იმას რაც მსურდა...
- ეს თქვენი პროტესტი იყო რეჟიმისადმი?
- კი, ეს ჩემი პროტესტი იყო, ამით მხოლოდ ის მემუქრებოდა, რომ ჩემს ნახატებს გამოფენებისთვის არ მიიღებდნენ...
- რომელია თქვენი საყვარელი ნამუშევარი?
- განსაკუთრებით ორი ნამუშევარი მიყვარს: საქართველოს პირველი ხუთი პატრიარქის, რომელიც ჩვენს პატრიარქს ვაჩუქე, შემდეგ პარიზში გამოფენაზე წაიღეს და დღემდე არ დაბრუნებულა. ვიმედოვნებ, საქართველო ამ ნახატს დაიბრუნებს. მეორე კი 70-იან წლებში შესრულებული ნამუშევარია - თეიმურაზ პირველის მიერ არაგვის ერისთავის მოკვლა.
ჩემი ნამუშევრები, საკუთარი შემოქმედებიდან სერიებია, განადგურებული არისტოკრატია, ძველი სურათებიდან შექმნილი ნახატები, ამან ერთგვარი წარმატება მომიტანა. ერთ-ერთი სერია დავხატე: ვენერა და მარსი, „სოც. არტ“ - ასე ეწოდება, იგი საბჭოთა კავშირის პერიოდის ირონიით აღქმაა.
- თქვენთვის გამორჩეული მხატვრები...
- ძალიან მიყვარს, ჩემი მასწავლებელი გურამ ქუთათელაძე და საქართველოს 50-იანი წლების გამორჩეულ მხატვრად მიმაჩნია. 1910-1920-იანი წლების ქართული მხატვრობა მთლიანად შესანიშნავია, მოდერნისტული და ავანგარდული ეპოქა, ამიტომ არ მინდა კიდევ ვინმე გამოვყო.
- მსოფლიოს მაშტაბით?
- ესპანური და ინგლისური მხატვრობა მიყვარს.
- რა მიმდინარეობით ხატავთ?
- ჩემი მხატვრობა, კონცეპტუალური ხელოვნებაა. ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ფრანგ მოქანდაკე რუბენს ვეთანხმები, მხატვარმა სიმართლე უნდა თქვას, ჭეშმარიტებაზე უნდა ესაუბროს დამთვალიერებელს. ჭეშმარიტება ყველა ეპოქაში იკრძალება, ჩემი ცხოვრება ისე წავიდა, ვცდილობდი ყოველთვის მეთქვა ის, რაც აკრძალულია.
- ამბობთ, რომ მხატვრობაში თავისუფლება არ არის?
- მიმაჩნია, რომ არ არის თავისუფლება და ის რაც არის, სრული სისულელეა....
- რა გჭირდებათ შთაგონებისთვის, რომ ხატოთ?
- შთაგონება უსამართლოდ დაჩაგრულის გამოსარჩლებაა, ეს მაწვდის აზრს, რომ ვხატო.
- საკმაოდ გამოცდილი მხატვარი ხართ, რომელ გამოფენებში მიგიღიათ მონაწილეობა?
- პერსონალური გამოფენები: ,,არაოფიციალური გამოფენები ქალბატონ სიდამონ-ერისთავის სახლში“, თბილისი, 1976–1978წ.
ისტორიიდან მხატვრის სახლი, თბილისი, 1985 წ.
მეფეები, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 1990 წ.
სენ პოლ დე ვანსში, საფრანგეთი, 1990 წ.
განადგურებული არისტოკრატია, მოსკოვის მხატვრის სახლი, 1993 წ.
ბრიმპტონ დავერსის სასახლე, სომერსეთი, ინგლისი 1996 წ.
აკომოდაცია, ჰობი გალერეა, თბილისი, 200 წ.
აკრძალვების მიღმა, (ვენეციის 50-ე ბიენალე ვიზუალურ ხელოვნებაში, 2003 წ. სად არის პოლონეთის მეფე? გალერეა ელექტორი, ვარშავა , 2004 წ.
გამოფენა ამერიკის საელჩოში, თბილისი , 2007 წელს და მრავალი სხვა.
- რა ფერია თქვენი სამყარო?
- ჩემი სამყარო ზომიერ ფერებშია გადაწყვეტილი და ნაკლებად ჭრელი.
- რას ფიქრობთ თანამედროვე მხატვრობაზე?
- ხელოვნება, ხელოვნების შემდეგ... მხატვრები აღარ არიან, ერთი შეხედვით ეს საოცარია, რადგან მხატვრები აღარ ხატავენ. მეორე მხრივ ყოფილა ეპოქები, როდესაც ბერძნულ-რომაული სამყარო კრიზისმა მოიცვა და მაშინდელი წარმოდგენები, ქრისტიანული მსოფლმხედველობით შეიცვალა. ამა თუ იმ დარგში ყველაფერი ძირფესვიანად შეცვლილა. ჩვენ ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ. რასაც იტალიური რენესანსი ერქვა დამთავრდა. ამჟამად, მხატვრობა დიზაინში გრძელდება, ყველაფრის დიზაინს ვგულისხმობ, რაც მოდას წინ უსწრებს და შემდეგ ქმნის კიდეც. ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელოვნებათმცოდნეები წიგნებს წერენ და შეიძლება ანალიზის გაკეთება, თუ რა ხდება.
არ შეიძლება ჩემი - ყინწვისის ფრესკის ავტორის ნამუშევრები და მეშვიდე კლასელი გოგოს ნახატები ერთად იყოს გამოფენილი და ერთნაირი ღირებულება ჰქონდეს.
- განსაკუთრებული რა გახასიათებთ თქვენს შემოქმედებაში?
- შემოქმედებაში სიახლის შეტანა. მიმაჩნია, ახლით უნდა შეიცვალოს ძველი. წინსვლა და სიახლის მიღება აუცილებელია, თუნდაც შეცდომების ხარჯზე. ხელოვნებაში, ახლისკენ სწრაფვის და ძველის შენარჩუნების ერთობლიობა სწორია.
- რა გსურთ პროფესიაში ყველაზე მეტად...
- მინდა, ორმაგი სტანდარტი არ არსებობდეს. ისეთი დრო დადგეს, ხელოვნებაში ყველაფერი სწორად ფასდებოდეს, რაც არ ხდება. ჩემი ოცნებაა დეზინფორმაციის მოსპობა.