ავტორი
გიორგი გაბაშვილი
საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა - გიორგი მარგველაშვლმა გადაწყვიტა, სამუშაოდ არ შევიდეს იმ საპრეზიდენტო სასახლეში, რომელშიც პრეზიდენტი სააკაშვილი ასრულებდა მოვალეობას. მარგველაშვილმა ამის მიზეზად, სასახლის პომპეზურობა დაასახელა და განაცხადა, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის მიუღებელია ძვირად ღირებული რეზიდენცია. მარგველაშვილმა მუშაობა კანცელარიის შენობაში დაიწყო. მომავალში კი რეზიდენციის აშენება, ყოფილი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ათონელის ქუჩაზე იგეგმება.
საინტერესოა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია სპეციალურად პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ააშენებინა. ავლაბრის რეზიდენცია მთელ თბილისს გადმოჰყურებს და ხშირად გვინახავს თავმომწონე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც უცხოელ სტუმრებს რეზიდენციის აივნებზე ემუსაიფებოდა. ავლაბრის რეზიდენცია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა ერთგვარ „ქართულ სახლად“. აქ მან მსოფლიოს მრავალი პოლიტიკური ლიდერი მიიღო, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა. ასევე ამ კედლებში იქნა გადაღებული ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ რამდენიმე ეპიზოდი.
ამბობენ, რომ ავლაბრის რეზიდენცია განათლების სამინისტროს გადაეცემა და შესაძლოა უნივერსტეტიც განთავსდეს. ამ იდეას საზოგადეობისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგობა მოჰყვა. მოწინააღმდეგეთა აზრით, რეზიდენციაში უნივერსიტეტის განთავსება არახელსაყრელი იქნება, როგორც მატერიალური კუთხით, ასევე ესთეტიური თვალსაზრისით.
კონტრასტისთვის საინტერესოა რუსეთისა და ამერიკის მაგალითი.
ამერიკის თეთრი სახლი ჯონ ადამსის პრეზიდენტობიდან, 1800 წლიდან მოყოლებული, ყველა ამერიკის პრეზიდენტის სამუშაო ადგილს წარმოადგენს. თეთრი სახლი ჩამოყალიბდა სახელმწიფო სიმბოლოდ და დღეს ამერიკის პრეზიდენტის ინსტიტუტი, ერთგვარად გაიგივებულია თეთრ სახლთან. მაგალითად ხშირად ამერიკის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს თეთრი სახლის სახელით აჟღერებენ.
ასევე კარგი მაგალითია რუსეთი და კრემლი. კრემლი (რომელიც ციხესიმაგრეს ნიშნავს) ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პირველ პირთა სამუშაო სივრცე იყო. წითელი მოედანი და კრემლი დღესაც რუსული პოლიტიკური ელიტის მთავარი საშინაო არენაა. კრემლი, ერთის მხრივ საბჭოთა კავშირის და მისი იდეოლოგიის სიმბოლოა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი რუსეთის აუღებელ ციხესიმაგრედ გვევლინება. სხვათა შორის, ოფიციალური მოსკოვის ოფიციალური ვებ-გვერდი, სწორედ კრემლის გავლენით Thekremlin.ru -ა.
კონტრასტის მიუხედავად, ბუნებრივია პრეზიდენტი მარგველაშვილი არაა ვალდებული ათვლის წერტილად აიღოს ამერიკისა და რუსეთის მაგალითები. ეს ქვეყნები მსოფლიოს ელმავლები არიან და მათ არც ფინანსები უჭირთ და მათ რეზიდენციებს სიმბოლოს სტატუსი, შესაძლოა საუკუნოვანი ტრადიციის გამო ჰქონდეთ.
საინტერესოა, რა ფუნქციას შეიძენს ავლაბრის რეზიდენცია, იქნება ის სასწავლებელი თუ რაიმე სხვა. არსებობს შეხედულება, რომ მოეწყოს ერთგვარი ქართული სახლი.
რაც მთავარია, რეზიდენციის ერთი ადგილიდან სხვაზე გადატანა მეოთხე პრეზიდენტმაც გადაწყვიტა და წინამორბედებს ამით დაემსგავსა. ეს მანკიერი ტრადიცია გრძელდება, რაც პოლიტიკურ უკულტორაბას კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს.