ავტორი
გიორგი გაბაშვილი
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტორია საქართველოს ლეიბორისტული პარტია. მისმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 2.9 % მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა. თუმცა ამ შედეგებს ისინი არ იზიარებენ. მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციასა და ლეიბორისტული პარტიის მომავალზე, მათ ერთ-ერთ ლიდერს - ლეილა გაფრინაშვილს ვესაუბრეთ.
- როგორ შეაფასებს ლეიბორისტული პარტია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ზოგადად სიტუაციას?
- მოგეხსენებათ, რომ შეიცვალა და მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელზეც საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებდა. ლეიბორისტული პარტია, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან, სკეპტიკურად იყო განწყობილი მის მიმართ. ვამბობდით, რომ ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა, არაფერი შეიცვლებოდა და სისტემა იგივე დარჩებოდა, არაფერი შეიცვლებოდა ეკონომიკურადაც. ის ყოველთვის ისედაც იყო პოლიტიკაში, სააკაშვილის მმართველობაც მისი ხელდასმით მოხდა, რასაც თვითონ სააკაშვილიც არ უარყოფს და ამბობს, რომ იგი მისი ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი გახლდათ. ამდენად, სისტემა უვცვლელი დარჩა, ხალხის მოლოდინი აბსოლუტურად გადავიდა ნიჰილიზმში, რაც ამ არჩევნებმაც ცხადყო. ამომრჩეველთა 35 %-ზე მეტი არჩევნებზე არ მივიდა, ის 10-11 %, რომელიც მერე მიაწერეს ახლაც ვარკვევთ, როგორ მოახერხეს.
- ანუ არჩევნები გაყალბდა?
- რასაკვირველია, არჩევნები ცალსახად გაყალბდა. ბატონი შალვა დღესაც წასულია სოფელ კირბალში, სადაც მთელმა სოფელმა მხარი მას დაუჭირა, არადა მხოლოდ 6 ხმა დაუწერეს. ამ საარჩევნო სისტემაში არაფერი შეცვლილა, ადრე უკეთესიც იყო, რადგან რამდენიმე პარტიის მხრიდან კონტროლდებოდა არჩევნები, სადაც ჩვენც ვიყავით, ახლა კი მხოლოდ ორი პარტიის მოლაპარაკებით ჩაატარდა, გააყალბეს და პირველი-მეორე ადგილი გაიყვეს. მათთან იყო შეხმატკბილებული ნინო ბურჯანაძეც, პირველი სამი ადგილი გაიყვეს მოლაპარაკებით და სისტემა იგივე დარჩა. ეკონომიკა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია, სახეზეა სრული სტაგნაცია; უმუშევართა რიცხვი გაიზარდა, გადასახადებმა იმატა, მიუხედავად იმ დაპირებებისა, რაც მათ ხალხს მისცეს, მოატყუეს და არ შეასრულეს. დღეს ხალხი სოციალურად უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში. ასევე საგარეო ვექტორი უცველი დარჩა, ვიღაცაზე დამოკიდებული ვართ, ვიღაცა განაგებს ჩვენს ქვეყანას და არა ჩვენი ხელისუფლება. ე.ი ხალხი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის 90-იანი წლებიდან, მაინც სხვა ერებზეა დამოკიდებული და მათი დიქტატით ხდება ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი.
- სამართლიანობის აღდგენის პროცესს როგორ შეაფასებთ?
- სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია. არსებობს ქონებაწართმეული, ნამუს ახდილი ხალხი (ციხის კადრები ყველას გვახსოვს), რომელთა საქმეებზეც არავინ დასჯილა. არავის არაფერი დაუბრუნებია, გარდა ივანიშვილისა, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალიან დიდი ქონება. საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა, რადგან ჩვენ მივიღებთ ოლიგარქიულ მმართველობას. კაცი, რომელსაც ჰქონდა დიდი ნდობა არჩევნებზე, გადადის სადღაც არასამთავრობო სექტორში, რაც არის ზღაპარი. ბიძინა ივანიშვილს ისე ესმის არასამთავრობო, საზოგადოებრივი მოძრაობა, როგორც რუსეთში ოლიგარქებს, რომლებიც ხშირად მართავენ ხოლმე ხელისუფლებას.
- ამ ყველაფრის ფონზე, ელოდებით თუ არა რაიმე ძირეულ ცვლილებას, ახალი პრემიერ-მინისტრის მხრიდან?
- ახალი პრემიერი აბსოლუტურად გამოუცდელია, ეს იყო ივანიშვილის ,,ხელის ბიჭი“, რომელიც მას ემსახურებოდა. ფაქტიურად ჩვენთან ნეპოტიზმია, ქვეყანას მართავენ ვიღაცის ნათესავები, კლანები. ამ კლანურ ვითარებაში გადაგვიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. „კაი ბიჭია“ - პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად გამოუცდელია და თავის თავს პლასტელინს უწოდებს. ქვეყანა წინსვლის მაგივრად, უკან წამოვიდა და თავიდან არის ბრძოლა დასაწყები. ერთადერთი კარგი რაც გააკეთეს, იყო ამინისტია, რომლის ზურგითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. რეალურად სხვა არაფერი გაკეთდა და ივანიშვილმა ხელში ჩაიგდო ძალიან დიდი ქონება. ამდენად, საქართველოს კარგი არაფერი ელოდება.
- როგორ აპირებს ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლას ლეიბორისტული პარტია?
- ჩვენ პირველივე დღიდან ვებრძვით ივანიშვილს. ვამხელთ მას ყველაფერში. თარგამაძის სიტყვებს გავიმეორებ - ,,სულს ამოვხდით და ყველაფერში ვამხელთ“, რაც მან საქართველოს გაუკეთა. მეტი, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია. ლეიბორისტული პარტია, ერთადერთი პარტიაა, რომელსაც უკან არასდროს დაუხევია. ჩვენი მიზანია საზოგადოებას ვაჩვენოთ ამ კაცის რეალური სახე და ის მიზნები, რისთვისაც პოლიტიკაში მოვიდა.
- რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, თქვენ პროგნოზირებდით, რომ შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, რის საფუძველზე გქონდათ ასეთი ვარაუდი?
- როცა შევარდნაძე ხელისუფლებაში მოვიდა, ნათელაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, შემდეგ იგივე გააკეთეს სააკაშვილმა და ივანიშვილმა. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ შალვა არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც არასდროს უღალატია საკუთარი ხალხისთვის. ჩვენ გვქონდა რეიტინგები, შემოვიარეთ ათასობით სოფელი, სადაც უამრავი გვიჭერდა მხარს. თუმცა არჩევნებზე შექმნეს ისეთი სქემა, რომელსაც ვერავინ ვერაფერი გაუგო, მათ შორის უცხოელმა დამკვირვებლებმაც. გადაწერილია ოქმები. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პირველ ტურში გაიმარჯვა ბატონმა შალვამ, იგი მარგველაშვილთან ერთად გავიდა მეორე ტურში, სადაც საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდა. მაგრამ ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ ასე არ მომხდარიყო და 3%-იც კი არ დაუწერეს. ეს იყო წარმოუდგენელი გაყალბება ივანიშვილის მხრიდან, რაშიც მას მიშა მაჭავარიანი და გიგა ბოკერია ეხმარებოდნენ.
- ქალბატონო ლეილა, ლეიბორისტული პარტია ხშირად ამბობს, რომ შალვა ნათელაშვილი იქნება ერთადერთი სახალხო პრეზიდენტი. თუმცა ჟურნალისტებისთვისაც კი ძალიან რთულია მასთან შეხვედრა. აქედან გამომდინარე, რამდენად რეალისტურია, რომ იგი ნამდვილად სახალხო პრეზიდენტი იქნება?
- ბატონი შალვა ძალიან ხშირად დადის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ახლაც თავის ამომრჩეველთანაა წასული. მისი შინაგანი კონსტიტუცია ხალხთან ურთიერთობაა. ამის გამო, იგი ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობს საზოგადოებაში. არის უღალატო, თორემ გარკვეულ გარიგებებზე, რომ წასულიყო, ან ათას სხვა მაქინაციებზე, უკვე პრეზიდენტი იქნებოდა. ასე რომ, შალვა იქნება ნამდვილად პირველი სახალხო პრეზიდენტი.