ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
მათ ფართო საზოგადოება დღემდე არ იცნობთ. არც კონცერტებით და გამოსვლებით ყოფილან განებივრებულნი. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარია. ამ პატარა ოჯახში საოცარი სითბო და სიყვარული ტრიალებს - ხალხურ საკრავთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური სტუდია ,,ლამპარი”. სტუდიის ხელმძღვანელს მთვარისა ვაჭარაძეს ჟურნალი ,,ქართული ელიტა“ ესტუმრა. ჩვენი ჟურნალი პირველია, ვინც მისგან ინტერვიუ აიღო, იგი ჩვენი აღმოჩენაა.
მთვარისა ვაჭარაძე: სტუდია ,,ლამპარი“ 2011 წელს ჩამოვაყალიბე. თავიდან 5 მოსწავლე მყავდა, მაგრამ დღეს მათი რაოდენობა ასზე მეტია. მესამე წელია, რაც სტუდია ფუნქციონირებს. გვაქვს სხვადასხვა განყოფილება; საესტრადო, ხალხური და გიტარის ჯგუფი. საგალობლების ჯგუფიც გვინდოდა შეგვექმნა, მაგამ ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. ბავშვები უზომოდ მიყვარს, მათ ერთმანეთის სიყვარულს ვასწავლი. სიყვარულით იწყება პიროვნებად ჩამოყალიბება, ამას შეძლებისდაგვარად ვცდილობ და მგონი გამომდის. შეიძლება ყველა პროფესიონალ მუსიკოსად და მომღერლად ვერ ჩამოყალიბდეს, მაგრამ, როგორც პიროვნება შედგეს. ყველა ბავშვი, ვინც ჩემთან მოდის, ჯერ ჩემი საუკეთესო მეგობარია და შემდეგ მოსწავლე.
- რა წარმატებები გაქვთ დღემდე?
- აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში, მაგრამ ყველაფერი ფინანებთანაა დაკავშირებული. როცა ბავშვი კონცერტზე გამოდის, ფინანსურ მხარეს მთლიანად მშობელი აგვარებს. ამის გამო გვიჭირს გასვლითი კონცერტების ჩატარება. შარშან თურქეთის ქალაქ ანტალიაში ვიყავით, სადაც ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და მედალი ჩამოვიტანეთ.
- რაში მდგომარეობს სტუდიის ძირითადი პრობლებმა?
- ძირითადი პრობლემა ფართია, რომელიც იჯარით გვაქვს აღებული, სტუდიაში გადასახადი თითო ბავშზე 30 ლარს შეადგენს. თვეში საიჯარო და კომუნალურ გადასახადებს ვერ ვფარავთ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, ვერ მოვიძიეთ სპონსორი, რომელიც ამ ყველაფერს დააფინანსებს. უსახსრობის გამო ვერც საჭირო ინსტრუმენტები შევიძინეთ, შესაბამისად პედაგოგის ხელფასიც მიზერულია. იმედი მაქვს, რომ სპონსორობის კუთხით, მალე ყველაფერი გამოსწორდება და გამოჩნდება ადამიანი, ვინც ერთ კონცერტს მაინც დაუფინანსებს ამ ბავშვებს.
- თქვენ ანსამბლიც გყავთ, გვესაუბრეთ ამის შესახებ.
- ჩამოვაყალიბე ანსამბლი ,,გუდანი“, სადაც არ არსებობს ასაკობრივი დოგმა. ყველას შეუძლია მოვიდეს, ვისაც ამის სურვილი და ნიჭი აქვს. ჩვენს სტუდიაში მეცადინეობა ინდივიდუალურად მიმდინარეობს, ერთმანეთზე საუკეთესო ბავშვები გვყავს, მაქსიმალურად იხარჯებიან. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ესაა საოცარი სიყვარული და პატივისცემა, რომელიც ამ ბავშვებს ერთმანეთის მიმართ აქვთ. ეს დამოკიდებულება იმდენად მახარებს, რომ ბევრჯერ ცრემლებამდეც მივსულვარ. მაქსიმალურად ვიხარჯები , რომ ეს ბავშვები გავახარო, ფეხზე დავაყენო და საზოგადოების ყურადღება მიიქციონ. მერე რა რომ მატერიალურად რაღაცეები გვაკლია, ვიბრძოლებ და საბოლოოდ კეთილ მიზანს მაინც მივაღწევ. ჩემი თითოეული მოსწავლე, ჩემი სულის ნაწილია. მინდა, რომ ჩემი წვლილი ჩადებული იყოს მათ კარგ კაცობასა და ქალობაში.
- ქალბატონო მთვარისა თქვენს შესახებაც გვითხარით.
- ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, გამიტაცა მუსიკის სიყვარულმა. დავამთავრე საფორტეპიანო განყოფილება. დედა დრეულ ასაკში გარდამეცვალა, რამაც სწავლის კუთხით უკან დამწია, მაგრამ ჩემი ოჯახის მხარდაჭერითა და დახმარებით კულტსაგანმანათლებლო ფაკულტეტი დავამთავრე, საგუნდო-სადირიჟორო განხრით და 1995 წლიდან პედაგოგიური საქმიანობა დავიწყე, ჩემი სპეციალობით, ნაწილობრივ მაინც შევძელი ჩემი ოცნების ახდენა.
- 34 წლის ასაკში გეწვიათ სიყვარული, თქვენ გახდით დედა, ამ სიყვარულზე ვისაუბროთ.
- ჩემი მომავალი მეუღლე საგურამოში, ოქტომბრის თვეში გავიცანი და აპრილში უკვე მისი მეუღლე გავხდი. ძალიან კარგი ადამიანია, ხელს მიწყობს ჩემს საქმიანობაში. ამდენი წვალების შემდეგ გამიმართლა, რომ მაქვს შემდგარი ოჯახი. ჩემი მეუღლე არის ადამიანი, რომელსაც 34 წელი ველოდი.
- გყავთ 4 წლის შვილი, როგორია თქვენი დედა-შვილობა, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე?
- ძალიან კარგი, მიუხედავად რთული დღის რეჟიმისა. პატარა, ძირითადად ბებიასთან (ჩემს დედამთილთან) იზრდება, რომელმაც ფაქტიურად დედობა გამიწია. ამას ხმამაღლა ვამბობ, რომ ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა. საკუთარი დედა, რომ მყოლოდა, შეიძლება ამდენი ვერ გაეკეთებინა ჩემთვის. მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმს გააკეტებს ჩემი შვილისთვის. დიდი მადლობა მას ამისათვის.