შემოგვიერთდით facebook-ზე
ანა გოგუაძე: სტერეოტიპები, რაც ქართველებს აქვთ, სისულელეა
13-11-2013, 13:12  /  ნახვა: 4097

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ფოტოხელოვანი ანა გოგუაძე, მსახიობ გოგა პიპინაშვილის თეატრალურ სტუდია ,,არტ" ჰოლში გავიცანი. ჩემი ყურადღება თავისი საოცარი სულიერი და გარეგნული სილამაზით, მაშინვე მიიქცია, თავისი მხიარულებითა და სიხალასით მომხიბლა. მისი ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შეზღუდული უნარი არარსებობს, ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. მიუხედავად სულიერი და ფიზიკური ტკივილებისა, მის ლამაზ სხეულში ლამაზი სულია. რამოდენიმე ხანს, ანას კვალი დავკარგე. წლების შემდეგ, სოციალური ქსელის მეშვეობით ისევ აღმოვაჩინე, დავმეგობრდით და დღეს ჟურნალ ,,ქართული ელიტის“ სტუმარია.
- ანა, როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით და არის თუ არა ეს სფერო თქვენი ძირითადი პროფესია?
- 15 წლის ვიყავი, როცა ფოტოგრაფიით დავინტერესდი. ბავშვობაში სულ ვხატავდი, შემთხვევით ნინო ქათამაძემ მკითხა, მგონი ფოტოების გადაღება გამოგივაო, თავისი ფოტოაპარატი მათხოვა და ასე დაიწყო ეს ამბავი. მხოლოდ ფოტოგრაფიით არ ვარ დაკავებული, ბოლო დროს სულ სხვადასხვა რამეებს ვაკეთებ, საერთოდ 2-3 წელია იშვიათად ვიღებ.
- თქვენ ხართ პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც პროფესიონალი მოდელები, ინვალიდის ეტლში გადაიღო, რა გინდოდათ გეთქვათ ამით საზოგადოებისთვის?
- არა მხოლოდ მოდელები, ჩემთვის ლამაზი ქალბატონები. რამდენიმე მათგანი საერთოდ არ ყოფილა მოდელი, ეს არ იყო ჩემთვის პირველი გამოფენა. ალბათ იმიტომ, რომ ეტლში იჯდა ბევრი ცნობადი სახე. შეამჩნევდით, რომ ფოტოებს პომპეზური ფონი აქვს, გლამურულ სივრცეში, ეტლი გამოვიყენე, როგორც სკამი. ამით იმის ჩვენება მინდოდა, რომ ეტლი ჩვეულებრივი სკამია და არაფერი განსაკუთრებული მასში არ არის. სტერეოტიპები, რაც ქართველებს აქვთ შექმნილი, უბრალოდ სისულელეა,  ხოლო მარკეტინგული გათვლა იყო ის, რომ საზოგადოება ამ ყველაფერზე  დაფიქრებულიყო და ერთგვარი პროპაგანდა ყოფილიყო, ადაფტირებული გარემოს შესაქმნელად, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანმა, დამოუკიდებლად შეძლოს გადაადგილება. სამწუხაროდ ბევრმა ილაპარაკა იმაზე, რომ მის ობიექტს სამომავლოდ პანდუსი ექნებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ საუბრის დონეზე დარჩა, მათ ეს ყველაფერი ერთ კვირაში დაავიწყდა და დაპირებები დღემდე არ შეუსრულებია. თუმცა ამ პროექტის შემდეგ ,,ჯეოსელის“ ოფისებში არის ადაფტირებული გარემო, რაც მაგალითის მიმცემია სხვებისთვის, ამ პროექტზე, დღემდე საუბრობენ, რაც ძალიან სასიამოვნოა.

ანა გოგუაძე: სტერეოტიპები, რაც ქართველებს აქვთ, სისულელეა
- რომელიმე ფოტოს თუ გამოარჩევდით საკუთარი შემოქმედებიდან და ვინ არის თქვენი საყვარელი ფოტოგრაფი?
- ერთის დასახელება ძალიან გამიჭირდება. 
- რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ წარმატებად ფოტოხელოვნებასა და ცხოვრებაში?
- არ ვიცი, წარმატებული თუ ვარ, ან თუ ვინმეს ახსოვს ჩემი ფოტოები, ალბათ იმიტომ, რომ ემოციით მაქვს გადაღებული და საკუთარ თავს ვიღებდი. როცა იღებ, ეს ხელობა კი არ უნდა იყოს, არამედ ხელოვნება. კარგი აპარატი არაფერს ნიშნავს, თუ იმ კადრით რაიმე არ თქვი და საკუთარი პატარა ნაწილი მაინც არ მოათავსე. ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ მე ანია კიტ ლინზით მაქვს გადაღებული და გოგი გვახარიას პორტრეტი ერთი ჩვეულებრივი ქენონით, რომელსაც არ ჰქვია პროფესიონალური აპარატი.
- რა სიხშირით გაქვთ პროფესიული შეხება განსაკუთრებული უნარისა და საჭიროების მქონე ადამიანებთან?
- საკმაოდ ხშირი, მზის ფესტივალში განსაკუთრებული უნარის მქონე ბავშვები ხშირად იღებენ მონაწილეობას, სხვადასხვა პროექტების დროსაც მიწევს ურთიერთობა.
- გყავთ თუ არა ადამიანი, ვისაც პირველს აჩვენებთ თქვენს ნამუშევარ, ანუ ვის ეკუთნის თქვენი გული?
- ერთი ადამიანი არ არსებობს, ვისაც აზრს ვეკითხები, არც ფოტოგრაფიაში და არც სხვა რამეში. საერთოდ, მიყვარს სხვისი აზრის მოსმენა, ყოველთვის, როცა რამე სერიოზულ საქმეს ეხება, რამდენიმე ადამიანს ვეკითხები აზრს. საბედნიეროდ ბევრი კარგი ამხანაგი მყავს, ვისაც შესაძლოა ვკითხო აზრი, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მომისმენია 10 კაცისთვის და საბოლოოდ ის გამიკეთებია, რაც საჭიროდ ჩამითვლია.

- გვესაუბრეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა პრობლემებზე, ამ სფეროში გატარებულ სასიკეთო რეფორმებზე და რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი, გზავნილი ამ მიმართულებით?
- სასიკეთო რეფორმებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან ზღვაში წვეთია, უამრავი პრობლებმაა დღეს საქართველოში.  მოქალაქეების ადამიანური უფლებები, უკიდურესად იზღუდება და არ უნდა ამ თემაზე საუბრისას, რაღაცეებს შელამაზება.  გარემო, რომელიც არ არის მისაწვდომი; განათლება, რომელსაც ვერ ღებულობ წესიერად, ელემენტარულად ქუჩები, რომლებშიც ვერ გადაადგილდები დამოუკიდებლად და ა.შ.. მარტივად რომ ვთქვა, დღეს ეს ადამიანები ვერ ასაჩივრებენ და ვერ მოითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას, სასამართლოს გზით. აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა მოხდეს გაეროს კონვენციის რატიფიცირება და შემდგომ მისი იმპლემენტაცია. რათა ყველა მიმართულებით დაიწყოს თემაზე ეფექტური მუშაობა, რომელსაც ექნება შედეგი. წლებია ამ თემაზე, მხოლოდ საუბრობენ, ხარჯავენ გრანტებით მოპოვებულ ფულს და რეალობა კი ის არის, რომ ვერ ვისეირნებ თბილისის ქუჩებში დამოუკიდებლად...


 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა