- რა ვითარება იყო ამ პერიოდში საქართველოში ევროპეიზაციის თვალსაზრისით?
- საბოლოო ჯამში, XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო რუსეთის მეშვეობით ევროპულ სამყაროს ვერ დაუკავშირდა, ევროპეიზაციის გზაზე სერიოზული ნაბიჯი ვერ გადადგა წინ. მთლიანობაში აღებული (იშვიათ გამონაკლისს არ ვგულისხმობთ) საქართველოსთვის მიუწვდომელი დარჩა ევროპული განათლება, მეცნიერება და კულტურა (მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა, ქანდაკება, არქიტექტურა). საქართველოს ევროპეიზაციის ხარისხი საკუთრივ რუსეთის ევროპეიზაციის ხარისხზე გაცილებით დაბალი იყო. საქართველო, ჩამორჩენილი რუსეთის კოლონია, კიდევ უფრო ჩამორჩენილი იყო. საქართველოსა და კავკასიის ცენტრი თბილისი ტიპიურ აზიურ ქალაქად რჩებოდა. კულტურული წინსვლის თვალსაზრისით ქართულმა საზოგადოებამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში გარკვეული პროგრესი განიცადა, მაგრამ ეს რუსეთის გზით საქართველოს ევროპეიზაციის შედეგი არ ყოფილა. ყოველივე ეს რუსეთის გარეშეც მოხდებოდა, რადგან მას საფუძველი XVIII საუკუნეში დაედო. მოგვიანებით მავანი და მავანი საქმეს ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს ევროპა ქართველი ერისათვის რუსეთმა აღმოაჩინა. არადა ევროპასთან პოლიტიკური და კულტურული კავშირები საქართველოს უკვე სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟზე ჰქონდა. ეს კავშირები ოსმალეთის მიერ ბიზანტიის იმპერიის განადგურებისა (1453 წ.) და ერთინი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ თანდათან სუსტდება და ქრება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იდეის კვდომას. იდეის რეალიზება XVIII საუკუნის დამდეს სცადა ვახტანგ VI-მ. განცდილი მარცხის მიუხედავად, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ევროპა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაზრისით საქართველოში, განსაკუთრებით ქართლ-კახეთის სამეფო კარზე, ცხოველ ინტერესს იწვევდა. იდეის რეალიზება რომ ვერ მოხერხდა ეს შექმნილი პოლიტიკური ვითარებით იყო გაპირობებული.
- მომდევნო ათასწლეულებში თუ შეიცვალა ვითარება სასიკეთოდ?
- რუსეთის ევროპეიზაცია ვერც XIX საუკუნის მეორე ნახევარში შედგა. XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დამდეგისათვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის თვალსაზრისით რუსეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს, რომელიც სადღაც, ევროპასა და აზიას შუა, ჩარჩა. პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონით რუსეთსა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის უფსკრული იყო. ევროპეიზაცია დაეტყო მხოლოდ განათლებას, მეცნიერებასა და კულტურას. რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემა სუსტი და არასტაბილური აღმოჩნდა. ხელისუფლებისა და სოციალისტების ბრძოლა რუსეთში სახელმწიფოებრიობის კრიზისში გადაიზარდა.
- ანუ საქართველოს ევროპეიზაცია ვერ შედგა?
- რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობის ასი წლისთავზე ქართველი ერისათვის ევროპეიზაცია ასეთ სურათს იძლეოდა: XIX საუკუნის განმავლობაში იმპერიის დიდ სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწეობდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერები, რომელთაც დიდი ღვაწლი დასდეს რუსული მეცნიერების, რუსეთის განათლების სისტემის ევროპეიზაციას. რას წარმოადგენდა ამ დროისათვის საქართველო? მეცნიერებისა და განათლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ევროპეიზაციაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა. საქართველოში არ არსებობდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები (ინსტიტუტები), უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამედიცინო ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი (სამხედრო აკადემია), უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი (სასულიერო აკადემია). ყოველივე ეს ჰქონდა მეტროპოლიას (რუსეთს) და არ ჰქონდა მის კოლონიას (საქართველოს). უფრო მეტიც, უნივერსიტეტები საკუთრივ რუსეთის (ველიკოროსიის) გარდა არსებობდა რუსეთის იმპერიის მიერო დაპყრობილ ესტონეთში (ტარტუში), უკრაინასა (კიევში, ოდესაში) და პოლონეთში (ვარშავაში). საქართველოსათვის გამონაკლისი არ იქნა დაშვებული. თუმცა, ცხადია, უნივერსიტეტი, თუნდაც რუსულენოვანი, ევროპეიზაციის, ევროპული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დამკვიდრების შესანიშნავი კერა იქნებოდა. ასეთი კერა (თბილისის უნივერსიტეტი) ძალზე დაგვიანებით, რუსეთის იმპერიის ნგრევის შემდეგ _ 1918 წელს შეიქმნა. მრეწველობის განვითარებით, ქალაქის ინფრასტრუქტურით, გზებითა და სატრანსპორტო ქსელით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემით საქართველო ევროპის ქვეყნებს კი არა, რუსეთსაც ბევრად ჩამორჩებოდა. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო სოფლად.
რომანოვების იმპერიის აღსასრულისათვის (1917) ცხადზე უცხადესი გახდა: რუსეთის მეშვეობით საქართველოს ევროპეიზაცია მითი იყო. რუსეთის საიმპერატორო კარს, რუსეთის მთავრობას საქართველოს ევროპეიზაცია დაუშვებლად მიაჩნდა. რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას საქართველოს დასავლეთთან დაკავშირება იმ დონითაც კი არ სურდა, რა დონითაც თვით რუსეთის (ველიკოროსიის) ევროპეიზაცია მოხდა. რუსეთს არ სურდა საქართველში განათლების ევროპული სისტემის შექმნა, არ სურდა მეცნიერების კერების დაარსება, ქართულ-ევროპული კულტურული ურთიერთობის განვითარება და გაღრმავება. საბოლოო ჯამში, ასეთი შედეგი მივიღეთ: რუსეთის იმედად აზიური სამყაროდან ევროპული სამყაროსაკენ თითქოსდა დაძრული ქართველი ერი, საქართველო იმედგაცრუებული დარჩა, ევროპეიზაციის ნაცვლად უზარმაზარი იმპერიის ,,განაპირა მხარის~, კოლონიის ხვედრი გვერგო. ამის შეცნობისათვის 117 წელი გახდა საჭირო.
- მიუხედავად ასეთის დასკვნისა მინდა გკითხოთ: რუსეთის საუნივერსიტეტო ცენტრებში აღზრდილმა ქართველმა მეცნიერებმა, როგორც ცნობილია, საფუძველი დაუდეს მეცნიერების განვითარებას საქართველოში. რას იტყოდით ამის თაობაზე?
- XX საუკუნის დამდეგს სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსულმა, რუსეთის საუნივერსიტეტო ცენტრებში აღზრდილმა, ევროპული მეცნიერების მიღწევებს დაუფლებულმა ქართველმა მეცნიერებმა ივანე ჯავახიშვილმა, პეტრე მელიქიშვილმა, კორნელი კეკელიძემ, აკაკი შანიძემ, ივანე ბერიტაშვილმა, შალვა ნუცუბიძემ, დიმიტრი უზნაძემ, ალექსანდრე ჯანელიძემ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ (თბილისის) უნივერსიტეტს. თბილისის უნივერსიტეტი სასწავლო და სამეცნიერო პროცესის ორგანიზებისა და აკადემიური დონით ევროპული უნივერსიტეტი იყო. ხსენებულ მეცნიერთა ძალებით დაარსდა 1940 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. ევროპული კულტურის სასიკეთო გავლენა განიცადა XX საუკუნის დამდეგის ქართულმა კულტურამ (მწერლობამ, მხატვრობამ, მუსიკამ, ქანდაკებამ, არქიტექტურამ). ყოველივე ეს, ერთი შეხედვით, არც ისე ცოტაა, მაგრამ ძალზე ცოტაა იმის გათვალისწინებით, რა საფასურიც გადაიხადა ყოველივე ამაში ქართველმა ერმა XIX საუკუნის დამდეგს. ძალზე ცოტაა იმიტომაც, რომ XX საუკუნის მიწურულს, ორი საუკუნის დაგვიანებით, ჩვენ იმავე გზის გავლა ხელახლა დავიწყეთ, ოღონდ ამჯერად ურუსეთოდ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი