შემოგვიერთდით facebook-ზე
ნატალია ივანიშვილი: ჩემთვის მგალობლობა ღვთის საჩუქარია
17-10-2013, 16:42  /  ნახვა: 3702

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
27 წლის მგალობელი ნატალია ივანიშვილი, მუსიკის მოყვარულ ოჯახში გაიზარდა, იგი ბავშვობიდან მღერის. დაამთავრა 11-ე ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა, შემდეგ დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. პროფესიით აკადემიური გუნდის დირიჟორია.  2005 წლიდან კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორულ ანსამბლში მღეროდა, 2008 წლიდან დღემდე კი, ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ მგალობელ გოგონათა გუნდ „იალონში“.
- რას ნიშნავს საეკლესიო გალობა მართმადიდებლურ სარწმუნოებაში და რა არის მისი დანიშნულება?
- გალობა ეკლესიის ღვთისმსახურებაში განუყფელ ნაწილს წარმოადგენს, ის გამშვენებული ლოცვაა. ცნობილია, რომ სანამ გალობა შეიქმნებოდა ლოცვები იკითხებოდა, გალობა იმისთვის დამკვიდრდა, რომ მრევლი შეეფხიზლებინათ, საკითხავებთან ერთად ყოფილიყო საგალობლები. ეს ტრადიცია საუკუნეებს მოსდევს.
- რამ გამოიწვია საგალობლებით თქვენი დაინტერესება?
- მონაზონების დედა მართა  ჩხიკვიშვილისა და ნინო რაზმაძის მიერ წირვა-ლოცვის სადა კილოს შემსწავლელი წიგნია  გამოცემული, რომელსაც სასწავლო დისკი მოჰყვება. როგორც მუსიკოსმა და მგალობელმა, მათთან ერთად ჩავწერე რამდენიმე საგალობელი, ინტერესი ამან გამოიწვია. რის შემდეგ ჩამოყალიბდა გუნდი, სადაც ოთხი მგალობელი გოგონა ვიყავით. თავიდან  ღვთისმშობლის პარაკლისის საგალობლების შესწავლა, ჯიხეთის მონასტერში, გურიაში დავიწყეთ.  რაც მგალობელი გავხდი, შეგრძნების თვალსაზრისით  ბევრი რამ შეიცვალა.
ტაძარში სიარული, რომ დავიწყე, მიუხედავად მგალობლობის დიდი სურვილისა, ვერ მოხერხდა მაშინვე გუნდთან ერთად მეგალობა. „იალონის“ ჩამოყალიბების შემდეგ,  ჩვენი გუნდი, არა მარტო ტაძარში მოღვაწეობს, არამედ პროპაგანდასაც ეწევა, სხვადასხვა ანსამბლებთან ერთად ხალხური სიმღერა-გალობის  ღონისძიებებზე ვმონაწილეობთ. აგრეთვე გვაქვს ჩაწერილი ორი კომპაქტდისკი.
- პირველად როდის იგალობეთ და ახლა რომელ ტაძარში გალობთ?
- პირველად შობის ღამეს 22-23 წლის ასაკში, ამაღლების ტაძარში ვიგალობე. რა თქმა უნდა ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემთვის საოცარი ღამე იყო,  მადლით სავსე. ახლა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ვგალობ.

ნატალია ივანიშვილი: ჩემთვის მგალობლობა ღვთის საჩუქარია
- რომელიმე საგალობელი გამორჩეულად თუ გიყვართ და რატომ?
- ყველა მიყვარს, ჩვენი გუნდი სულ ძიებაში ვართ  ახალ-ახალი საგალობლების გარჩევასა და შესწავლაში. მაგრამ მაინც გამოვარჩევდი  „შენ გიგალობ“ (ფ.ქორიძე), ასევე „ღირს არს ჭეშმარიტად“,  ღვთისმშობლის პარაკლისიდან.
- რით არის ქართული საგალობელი გამორჩეული და რამდენხმიანია?
- ქართული საეკლესიო გალობა მრავალხმიანობით გამოირჩევა, აგრეთვე ორიგინალური წყობითა და სტილით. იოანე პეტრიწის მოსაზრებით, ქართული სამხმიანი გალობა ყოვლად წმიდა სამების ერთიანობის ერთ-ერთი სიმბოლოა.  
- მაინც როგორი შეგრძნებაა მგალობლობა?
- ღვთის მსახურებაში მონაწილეობა, ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. ყველაფერი ზედმიწევნით უნდა იცოდე, რომ მრევლი ლოცვის დროს არ დაბრკოლდეს... კარგი იქნება, უფრო მეტმა ადამიანმა შეიგრძნოს ეს სიხარული, რომელიც ღვთის საჩუქარია.
- თქვენი სურვილი...
- რა თქმა უნდა, როგორც ყველა მგალობელს დიდი სურვილი მაქვს,  გავხდე „სრული მგალობელი“, რაც  მთელი წლის საგალობო რეპერტუარის  ზეპირად ცოდნას გულისხმობს.
- როგორ შეიცვალა ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება?
- ცვლილებებს ვგრძნობ, სარწმუნოებაში უფრო მეტად გათვითცნობიერებული ვარ. ადამიანს, რაც უფრო მადლიანი ცხოვრება აქვს, მით მეტი ბრძოლა უწევს. რთული პერიოდები მქონდა ცხოვრებაში, თუმცა შეცდომებზე ვსწავლობთ და ბევრი ვისწავლე. ამ დროს ყველაფერი მეტად გაღრმავებს სარწმუნოებაში.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა