შემოგვიერთდით facebook-ზე
შორენა ხაინდრავა: სტანდარტული ბალერინას აღნაგობა არ მაქვს
30-01-2013, 11:32  /  ნახვა: 3700

- შორენა, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დედის ინიციატივით შეხვედით?

- რა თქმა უნდა, თუმცა წინააღმდეგობა მეც არ გამიწევია. ბალერინობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ცხრა წლის ასაკიდან ბალეტის ცეკვა დავიწყე. ახლა, უკვე 31 წლის ვარ, მაგრამ ისევ შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები და თეატრში,  ყველა პარტიას  წარმატებით ვასრულებ.

- როგორც ვიცი, თქვენ სპორტითაც იყავით დაკავებული...

- დიახ, სანამ ბალეტის ცეკვას დავიწყებდი, ხუთი წლის ასაკიდან ცხრა წლამდე, სინქრონულ ცურვაზე დავდიოდი, რომელიც ძალიან რთული სპორტია და დიდ ენერგიას მოითხოვს. ფიზიკურ დატვირთვას შეჩვეული, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შესასვლელად მზად ვიყავი. დედამ როცა მკითხა: სპორტი მერჩია, თუ ბალეტი, არჩევანი ამ უკანასკნელზე გავაკეთე, რადგან ცეკვა უფრო ადვილი საქმე მეგონა, თუმცა ასე არ ყოფილა...  

- გარკვეულ რეჟიმს შეჩვეული კი იყავით, მაგრამ კვების რეჟიმის დაცვა არ გაგიჭირდათ?    

კვების რეჟიმის დაცვა ბალერინასთვის აუცილებელია, თუმცა, დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ, რადგან აღნაგობიდან გამომდინარე, წონის პრობლემა არ მაწუხებს. გურმანი ვარ და ზოგჯერ, ძალიან გემრიელადაც გეახლებით...

- რას ნიშნავს თქვნთვის ბალეტი?

- ბალეტი დიდი ხელოვნებაა, თუმცა ჩემთვის, უფრო სპორტია, რომელიც უზარმაზარ შრომას და ენერგიას მოითხოვს. თუ ბუნებრივი მონაცენები, ნებისყოფა და დიდი სიყვარული არ გაგაჩნია, უბრალოდ ვერ იცეკვებ და წარმატებული ბალერინა ვერ გახდები. დედამ ჩემში, როცა ნიჭი დაინახა, მამეცადინებდა და თან სულ მეუბნებოდა: ბალეტი არ იყო, მხოლოდ ლამაზი კაბა ან ლამაზი სანახაობა, ეს არის ურთულესი პროფესია, რომელიც თავგანწირვას მოითხოვს და ამისთვის მზად უნდა იყოვო. არ ვნანობ, პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე. ძალიან მიყვარს ბალეტი და ყოველთვის მიხარია თეატრში მისვლა, სცენაზე გამოსვლა. ასევე, მიხარია სახლში დაბრუნებაც, რადგან კარგი ოჯახი მყავს; მეუღლე და ორი შვილი. ჩემი ყოველდღიური რეჟიმი ძალიან დატვირთულია; დილით 10 საათიდან, საღამოს 6 საათამდე რეპეტიციები მაქვს, სახლში ფიზიკურად და გონებრივად დაქანცული მივდივარ. მეუღლე, რომ არ მეხმარებოდეს ძალიან გამიჭირდებოდა...

შორენა ხაინდრავა: სტანდარტული ბალერინას  აღნაგობა არ მაქვს

- ვინ იყო თქვენი პირველი პედაგოგი?

- ჩემი პირველი პედაგოგი მარგარიტა ზერცალოვა იყო. თავდაპირველად, სამი წელიწადი, ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში დავდიოდი, შემდეგ, 12 წლის ასაკიდან, ოჯახური პირობების გამო, საცხოვრებლად ისრაელში გადასვლა მომიწია, ამიტომ ბალეტზე იქ ხუთი წლის განმავლობაში დავდიოდი. შემდეგ, ისევ თბილისში ჩამოვედი და დამამთავრებელ კურსზე, ჩემი პედაგოგი ანა წერეთელი იყო, რომელსაც ჩემს პროფესიულ დაოსტატებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

- იქნებ, უფრო კონკრეტულად მოგვიყვევეთ, ისრაელის საბალეტო სკოლის შესახებ?

- ისრაელში, დედასთან და დასთან ერთად ვცხოვრობდი... თავიდან ეკონომიურად ძალიან გვიჭირდა. დედა საგონებელში ჩავარდა, როგორ გადაეხადა ჩემი სწავლის საფასური, რომელიც ძალიან ძვირი იყო. საბალეტო სტუდიაში შესასვლელად გამოცდის ჩაბარება მომიწია, სადაც უმაღლესი შეფასება დავიმსახურე და სასწავლებელში უფასოდ ჩამრიცხეს.

- რით განსხვავდება იქაური საბალეტო სკოლა, ჩვენი ქორეოგრაფიული სასწავლებლისგან?

- განსხვავება მაშინ, ძალიან დიდი იყო, რადგან იმპერიოდში აქ, ბევრი რამ არ ისწავლებოდა. ისრაელში შესანიშნავი საბალეტო სკოლაა, კვალიფიკაციას გავდიოდი – ამერიკის, საფრანგეთისა და რუსეთის თეატრებიდან მოწვეულ პედაგოგებთან. კლასიკისა და სახასიათო ცეკვების გარდა, ვსწავლობდი მოდერნს და ჯაზს, რომელიც საქართველოში, მხოლოდ ახლა ინერგება...

- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში როგორ მიგიღეს?

- სასწავლებელში, შესარჩევი ეტაპი მესამე კურსზე გავიარე, წარმატებით ჩავაბარე გამოცდა და თეატრში მიმიღეს, სადაც უკვე 14 წელიწადია ვცეკვავ.

- როგორც ბალეტის კრიტიკოსები აღნიშნავენ, თქვენ საკუთარ შესაძლებლობაში დიდ ყურადღებას ჟესტსა და მიმიკას უთმობთ, ცდილობთ გქონდეთ საკუთარი ხელწერა და ინდივიდუალობა, თქვენი პირველი პარტია რომელი იყო?

- ქუჩის მოცეკვავე ,,დონ კიხოტში“, რომელიც 18 წლის ასაკში შევასრულე და ეს ჩემი საოცნებო პარტია იყო. ეს როლი ძალიან მომწონს და დღემდე, დიდი სიამოვნებით ვასრულებ. ქუჩის მოცეკვავე, იმითაც გამოირჩევა, რომ მასში ერთად არის შერწყმული კლასიკა და სახასიათო როლი, რომელიც დიდ არტისტიზმსა და გარდასახვას მოითხოვს. ცეკვისას, აუცილებელია გამოავლინო საკუთარი ხედვა და ინდივიდუალიზმი, რათა არ განმეორდე...

- სპექტაკლებში უმეტესად სოლო პარტიებს ასრულებთ?

- დიახ. საქმე იმაშია, რომ სტანდარტული ბალერინა არ გახლავართ, ჩემი სიმაღლე, ცოტა აღემატება ჩვეულებრივი ბალერინას ფიზიკურ მონაცემებს, ამის გამო, სოლო პარტიების შესრულება უფრო მიწევს. ძირითადად, მარტო ვცეკვვ, რადგან ხშირად მაქვს პარტნიორის პრობლემა...

- შორენა, სახასიათო პარტიების შესრულება თუ გიყვართ?

შორენა ხაინდრავა: სტანდარტული ბალერინას  აღნაგობა არ მაქვს

- რა თქმა უნდა, სახასიათო პარტიების შესრულებისას მთლიანად ვიხარჯები და შინაგანად ვგრძნობ რასც ვცეკვავ... ამ ეტაპზე, თეატრში, თითქმის ყველა  სპექტაკლში ვარ დაკავებული. ჩემს მიერ შესრულებული როლებია: ,,გედების ტბაში“ - დიდი გედი, პატარძალი, ,,დონ კიხოტში“ - ქუჩის მოცეკვავე, ,,დრიადების მბრძანებელი“, ბალეტ ,,ლაურენსიაში" ვარ ბოშურის სოლისტი, ბალანჩინის დადგმებში ,,სერენადა"-ში ვცეკვავდი ერთ-ერთი სოლისტის როლს. Aასევე, ,,ვესტერნ სინფონიში~ ვიყავი მესამე ნაწილის სოლისტი, ,,ჟიზელში“ კი მირკას პარტია ვიცეკვე... ძალიან მინდა სპექტაკლ - ,,დონ კიხოტში“, ჩელიტას პარტია ვიცეკვო,  თუმცა, როგორც გითხარით, სიმაღლის გამო პარტნიორის პრობლემა მაქვს და  ამიტომ, აღნიშნულ პარტიას, სამწუხაროდ, ვერ ვასრულებ...

- ამჟამად, რომელ სპექტაკლზე მუშაობთ?

- ვმონაწილეობ ჯური პოსოხოვის ახალ დადგმაში ,,ანარეკლი“ და პარალელურად, ბალანჩინის ,,ვესთერნ სინფონის"  სპექტაკლზეც ვმუშაობთ.

- დედა - ელენე ხაინდრავა წარმატებული ბალერინა იყო, ამჟამად, სად მოღვაწეობს?

- დედა წარსულში, მართლაც კარგი ბალერინა იყო, მაგრამ ახლა, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და ბასტი ბუბუს საბალეტო სტუდიაში, ბალეტის პედაგოგია.  

- გასტროლებით ხშირად მოგზაურობთ?

- საბალეტო დასთან ერთად ხშირად ვმოგზაურეობთ და ძალიან კმაყოფილები ვბრუნდებით. განსაკუთრებით მახსენდება იტალია, ვენეცია არაჩვეულებრივი ქალაქია, სადაც ჩვენი სპექტაკლი მაღალ დონეზე წარიმართა. მოვინახულეთ ჯულიეტას სახლი და საქართველოში დიდი შთაბეჭდილებით დავბრუნდით

- საქმიანი შემოთავაზება თუ გქონდათ უცხოეთიდან?

- ბავშვობაში შემოთავაზება ისრაელიდან მქონდა, მაგრამ თბილისი და ჩემი ოჯახი ისე მენატრებოდა, რომ საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე. 

- თქვენი გოგონაც ბალეტით არის დაინტერესებული?

შორენა ხაინდრავა: სტანდარტული ბალერინას  აღნაგობა არ მაქვს

- ჯერ-ჯერობით არა. ის ახლა ცხრა წლისაა და ბასტი ბუბუს სტუდიაში სწავლობს... ბალერინობას არ ვურჩევ, რადგან ეს პროფესია ძალიან შრომატევადია და დიდ თავგანწირვას მოითხოვს. ბალლერინა, ნიჭთან ერთად, ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყოს. არ მინდა ჩემი შვილი, ასეთი რთული დატვირთვისთვის გავიმეტო. მსურს ჩვეულებრი ცხოვრებით იცხოვროს, არ იყოს შეზღუდული და ჩარჩოში მოქცეული.ბალეტის მოცეკვავე, თუ - სპექტაკლისთვის ემზადება, მას თავისუფალი დრო საერთოდ არ აქვს; სულ ვარჯიშობს, კვების რეჟიმს იცავას, აქვს უზარმაზარი დატვირთვა და ხანმოკლე კარიერა, სულ რაღაც 20 წელი. რომლის შემდეგაც, 40 წლის ასაკიდან პენსიაზე გადის. ცხოვრებას თავიდან, სცენის გარეშე იწყებს... მე ჯერ აქტიური მოცეკვავე ვარ და მომავალი მიჩვენებს, რას გავაკეთებ. ალბათ, ისევ ამ სფეროში დავრჩები, რადგან ჩემი თავი, სხვაგან ვერ წარმომიდგენია.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა