ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
მომღერალი ნინო ქავთარაძე, დღეს ჩვენი სტუმარია, იგი პროფესიით ფოლკლორისტი გახლავთ. მისი სიმღერის ჰანგები პირველად რადიოში გაისმა. სიყვარულით გულანთებული გოგონა სამშობლოზე მღეროდა, ჩვენს ლამაზ და ტკივილიან საქართველოზე.
- ნინო სიმღერა როდიდან დაიწყეთ?
- ბავშვობიდან მიყვარს ეს საქმე. დედა მეუბნება სიმღერით აიდგი ენაო. მას მერე ვმღერი, ხმის საშუალებით მივიქციე საზოგადოების ყურადღება, რის შედეგადაც მოვედი აქამდე.
- როგორ მოხვდა რადიოში თქვენი სიმღერა?
- სიმღერების, ლექსებისა და ჩანახატების წერა დავიწყე. მეგობრებმა იაქტიურეს, სხვებსაც გააცნეს ჩემი ნამუშევრები, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. შემდეგ ჩემს ანსამბლ ,,ზეგანთან“ ერთად, ერთ-ერთი სიმღერის არანჟირება გავაკეთეთ და ძალიან კარგი გამოგვივიდა. რომელიც შემდეგ საპატრიარქოს სტუდია ,,კოლხაში“, მერაბ მამულაშვილის მეშვეობით ჩაიწერა და რადიოში მივიტანეთ. სიმღერა ჯარისკაცებს და სრულიად საქართველოს პატრიოტ ადამიანებს ეძღვნება.
სამომავლოდაც მაქვს მომზადებული სიმღერა, იგივე თემაზე და მინდა ჩემს ხალხს გავუზიარო.
- ვინ არის თქვენი საყვარელი ფოლკლორისტი?
- გამორჩეულად მიყვარს, ჩემი ანსამბლის ხელმძღვანელი გომარ სიხარულიძე, ის ჩემთვის სამაგალითო ადამიანია.
- მომღერლები ხშირად საკუთარ ლექსებზე სიმღერებს წერენ, შენც ხომ არ წერ ლექსებს?
- დიახ, სიმღერა, რომელსაც ვასრულებ, სახელად ,,ჩემო სამშობლო“, ტექსტიცა და მუსიკაც ჩემი გახლავთ. ლექსებს ბავშვობიდან ვწერ, მაგრამ არა სისტემატიურად.
პოეზია ჩემი ჰობია და ჩემს მომავალ მეუღლესთან ერთად, კრებულის გამოცემას ვაპირებ. ჩვენი საერთო ლექსებით, რომლებსაც ძირითადად ერთმანეთს ვუძღვნით.
- დანიშნული ხართ და უნდა გათხოვდეთ, როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე, ნიკოლოზ კობიაშვილი?
- უცნაურად და კურიოზულად. ერთ უბანში ვცხოვრობდით, ჩვენი სახლის ფანჯრები ერთმანეთს უყურებდნენ, მაგრამ არასდროს არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. ნიკოლოზი ქორეოგრაფია, ქართულ ცეკვებს ასწავლის. ჩემი მასწავლებელი იყო და ყველაფერი აქედან დაიწყო. ჩემი შემოქმედება მოსწონს და ამაყობს, ის ჩემი მუზაა.
- თქვენ ჩართული ხართ პროექტში - ,,კეთილსოფელი“ - გვიამბე ამის შესახებ.
- ,,კეთილსოფელი“ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ჩემთვის მთავარი ადამიანების დახმარებაა. საშვალება მომეცა, სიმღერით ხალხს დავეხმარო, რაც იმ ადამიანებისთვის ბევრს ნიშნავს. საქართველოს ყველა კუთხეში დავდივართ, მიხარია, როცა ჩემი შემოქმედებით, მათ გულებს ბედნიერებით ვავსებ.
,,კეთილსოფელი“ ყველასთვის შენდება, ვისაც საკუთარი სახლი არ აქვს და დახმარება სჭირდება. მალე საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ,,კეთილსოფელი“ ექნება. სადაც ყველა ერთად ვიცხოვრებთ, გაჭირვებულები, ინვალიდი ბავშვები და მოხუცები. ის, ვინც საჭიროებს საკუთარ ჭერს და საზოგადოების თანადგომას.
ამ პროექტს, პოეტი მიხეილ ტყებუჩავა (,,მებაღე“) ახორციელებს, თავის მეგობრებთან ერთად. ჩვენ, საქველმოქმედო კონცერტებით, თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ. საზოგადოების ჩართულობა და ფინანსური მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ყველამ ერთად ავაშენოთ ,,კეთილსოფელი“ და ერთმანეთს დავეხმაროთ სიყვარულით. ჩემი სამომავლო გეგმებიც ამ პროექტს უკავშირდება, ყოველთვის გავაგრძელებ საქმიანობას მიხეილთან და მეგობრებთან ერთად, სადაც ჩართულია ქართული ელიტა.