შემოგვიერთდით facebook-ზე
სოსო ცინცაძე: ქვეყანაში პოლიტიკური უკულტურობაა
8-10-2013, 14:03  /  ნახვა: 2041

ავტორი
გიორგი გაბაშვილი
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მოვლენები ყოველდღიურად იცვლება. საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, 27 ოქტომბერს ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება,  პრემიერი ივანიშვილი კი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. საინტერესოა პოლიტიკური თვალსაზრისით რას მოუტანს ეს ყველაფერი საქართველოს, რა როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართული პოლიტიკური ელიტა. ამ საკითხებზე ჟურნალი ,,ქართული ელიტა" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა. 
- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, რა შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?
- ყველაზე მთავარი ის, რომ შიში გაქრა. მაგალითად ხელისუფალთან შეხვედრის შიში. პოლიტოლოგებთან ივანიშვილის ბოლო შეხვედრამ, დაგვანახა, რომ არავის ეშინოდა შეკამათებოდა მას არგუმენტირებულად. ახლა ვლაპარაკობთ პრობლემებზე და არ გვეშინია, რომ ჩვენი ნათქვამი ვიღაცას არ მოეწონება. მუდმივი თვალთვალი და ფარული მოსმენები აღარ არის, თუმცა სხვა, რადიკალურ ვცლილებებს ვერ ვხედავ. მაგალითად ბიზნესი, ისეთივე მდგომარეობაშია როგორიც  იყო, მართალია რეკეტი აღარაა, მაგრამ პრესაში იწერება, რომ კიდევ არის მცდელობები გარკვეულმა პირებმა ბიზნეს წილები ხელში ჩაიგდონ. რატომღაც ქართველი პოლიტიკოსები შეეჩვივნენ, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, უნდა გამდიდრდეს.
არჩევნებზე ხელისუფლება თავადაა სუბიექტი, ანუ თავად ატარებს მას. თუ დავუჯერებთ პრესას, ისევ ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და სოციოლოგიური კვლევების გაყალბება. არავინ დაიჯერებს, რომ ნაცოინალურ მოძაობას ორჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ქალბატონ ბურჯანაძეს. როგორც ჩანს, უკვე აუცილებელია შეიქმნას ძლიერი სოციოლოგიური კვლევების ცენტრი, რომელსაც ყველა დაუჯერებს. დღევანდელ კვლევებს ის ორგანიზაციები ატარებენ, რომლებიც ბოლო 10 წელია ამას აკეთებენ და ამიტომაც არ არსებობს ნდობა მათ მიმართ.
- ამ ყველაფრის ფონზე, როგორია პოლიტიკური სიტუაცია, არის თუ არა საარჩევნო პროცესი ყველა კანდიდატისთვის თანაბარი?
- თანაბარი სასტარტო პირობები არავის ჰქონია. მაგალითად მარგველაშვილთან შეხვედრისას მოსახლეობა კარგად ორგანიზებული, დროშებით აღჭურვილი ახალგაზრდობაა, შეძახილები და ა.შ. მეორე მხრივ კი, ბურჯანაძის მოკრძალებული შეხვედრები. როცა მარგველაშვილთან ერთად შეხვედრაზე რომელიმე მინისტრი მიდის და მოსახლეობას რაიმეს ჰპირდება, ეს უკვე ზეწოლაა. კარკვეულწილად იოლ და ინტელიგენტურ ფორმებში, მაგრამ მაინც არის.
- ასევე, საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად მოერგო ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის როლს?
- როგორც ჩანს, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ოპოზიციის ნიშა განკუთვნილი აქვთ სწორედ ნაციონალური მოძრაობისთვის. მათი აზრით უნდა იყოს 2 ძლიერი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში. კოალიციის გარეთ, ასეთი ძალა, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა. ამიტომაცაა, რომ უკვე სახელისუფლებო რეიტინგებშიც, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მეორე ადგილზეა ბაქრაძე. ასევე, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაც არ დაიშალა, როგორც მოელოდნენ, ასე რომ ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ ძლიერი პარტიად რჩება.
- თქვენი აზრით არსებობს ბალანსი ამ ორ პოლიტიკურ ძალას  შორის?
- არა, არსებობს მხოლოდ დისბალანსი. საზოგადოებრივ განწყობილებას არ ასახავს დღევანდელი პარლამენტი. დღეს რომ არჩევნები იყოს, ხმების 40 %-ს ნაციონალური მოძრაობა აიღებს? ანდა ივანიშვილის გარეშე მიიღებს კოალიცია 60 %-ს? რათქმაუნდა არა და სწორედ, ამ დისბალანსის ბალანსად  გადაქცევას ცდილობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები.
- თქვენ გარკვეულწილად დადებითად აფასებთ, ერთი წლის თავზე ხელისუფლების მუშაობას. მაგრამ მიუხედავად ამისა, დადგა თუ არა ქვეყანა გარკვეული შიდა საფრთხეების წინაშე? როგორ შეაფასებთ იგივე მინარეთის თემას?
- ეს საფრთხეები დღითიდღე იზრდება, რომელიც მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ბრალი არააა. ეს მთელ მსოფლიოში ხდება, რადგან ისლამის რენესანსი მიმდინარეობს. რაც შეეხება მინარეთს, ესაა აისბერგის ზედა ნაწილი. ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა ეთნიკურ და რელიგიურ ვითარებას, მთავარია მოსახლეობა პოლიტიკურად იყოს ქართველი. მინარეთის თემა არის ტაბუიზირებული ჩვენთან, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ცდილობს პრევენციული ზომების გატარებას. ჩემთვისაც არ არის მოსაწონი, როცა მინარეთზე დილით დგება მოლა და ლოცულობს. თუ მას დილით ამის უფლება აქვს, მოსახლეობასაც აქვს უფლება მშვიდად იძინოს. მინარეთები საერთოდ აკრძალეს შვეიცარიაში. ვართ კი, ჩვენ, მათზე ტოლერანტები და დემოკრატები? 
- ბატონო სოსო, ისევ შიდა პოლიტიკურ სიტუაციას დავუბრუნდეთ, ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა დაანონსა. მოუტანს თუ არა ეს ქვეყანას ,,უპატრონობის" განცდას?
- თუ თქვენ გულისხმობთ განცდას, რომ  ქვეყანას აღარ ჰყავს "მარჩენალი" პოლიტიკური ლიდერი, ეს რათქმაუნდა იქნება. თუმცა ეს მეორეს მხრივ, შეიძლება კარგიც იყოს. შესაძლოა ნაციონალური მოძრაობა, კვლავ დომინანტ პოლიტიკურ პარტიად იქცეს, რადგან ყველაზე მდიდარი და მარჯვე პოლიტიკოსები სწორედ მათ ჰყავთ. ლიდერის წასვლა შეიძლება კარგიც იყოს, რადგან პარტიები მამა მარჩენალის გარეშე არსებობას მიეჩვევიან. რა იქნება რთული სათქმელია, მაგრამ ეს გზაც უნდა გავიაროთ დემოკრატიისკენ. ადრე იყო, რომ შევარდნაძის "ფრთის ქვეშ" ვიყავით, შემდეგ მიშას "ფრთის ქვეშ", ახლა ივანიშვილის "ფრთის ქვეშ". უნდა გაქრეს ეს ფრთა. უნდა დარჩნენ პარტიები, რომლებსაც მხოლოდ თავად შეეძლებათ ელექტორატი მოიზიდონ. 
- თქვენი აზრით, რას ელოდება საზოგადოება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისგან?
- საზოგადოება, სიმართლე გითხრათ  ბევრს არაფერს ელოდება. დღეს, როცა საზოგადოება ივანიშვილის ხათრით ხმას ვიღაცას აძლევს, ეს არაა საზოგადოება. საქართველოს არ გააჩნია საზოგადოება, ასევე, როგორც არ გააჩნია ელიტა. რომელ ელიტაზეა საუბარი, როცა ჩვენ ელიტად ვიცნობთ ივანიშვილის მიერ გააზნაურებულ მდაბიოებს. არის ეს ელიტა? ელიტა ნიშნავს საუკეთესოს, და საზოგადოების საუკეთესო ნაწილია პარლამენტში? ახლა პარლამენტშია ხალხი, რომელიც ვერასდროს ნახავდა თავიანთ თავს იქ, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების შემთხვევაში. 
-  თქვენი აზრით რას მოუტანს ქვეყანას პოლიტიკური ელიტის არარსებობა, მიაყენებს  ზიანს ქართულ პოლიტიკურ კულტურას?
- რათქმაუნდა ეს ყველაფერი ცუდად იმოქმედებს, რადგან ქვეყანამ შეიძლება მიიღოს არა ხალხის არჩეული პრეზიდენტი, არამედ ერთი კაცის მიერ არჩეული - ერთი კაცი. ივანიშვილმა უთხრა საზოგადოებას, რომ ან აირჩევთ მას, ვინც მე დავასახელე, ან არადა წავალ, რადგან ჩემი თავი მე მეკუთვნისო. თუმცა მას ავიწყდება, რომ იგი არის არჩეული პირველი პირი და  მისი თავი ხალხს ეკუთვნის. იგი ხალხმა აირჩია თავის სამსახურში. ეს ყველაფერი პოლიტიკურ კულტურას ან უკულტურობას უსვავს ხაზს.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა