ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
დარდით დაქანცული ძალას მოვიკრებ და
თვალში კვლავ მოვახჩობ სევდას,
დედი, სხვებივით რად არ დადიხარო,
შვილი მეკითხება დედას.
ეს სევდიანი სიტყვები, არაჩვეულებრივ პოეტ ქალბატონს მიმოზა ცანავას ეკუთნის. იგი ბავშვობიდან პოლიომიელიტითა დაავადებული, მაგრამ ცხოვრებას არ ეპუება, საოცრად აქტიურია. მისი ლექსები ცხოვრებაზე დაგვაფიქრებს. მას საკუთარ შემოქმედებაზე სასაუბროდ სახლში ვეწვიეთ.
მიმოზა ცანავა: ჩემი პოეტური მოღვაწეობა ბავშვობიდან დაიწყო. ლექსის წერა ჩემთვის უფლის წყალობა და დიდი ჯილდოა. მწერალთა კავშირის წევრი და 7 პოეტური კრებულის ავტორი ვარ. ეხლახანს, გამოვეცი კრებული, რომელსაც ,,კოლხური" ჰქვია. ეს წიგნი, ჩემს მშობლიურ სამეგრელოს მივუძღვენი, სადაც ჩემმა ყმაწვილქალობამ ჩაიარა და სატრფომ ყელზე მძივი დამკიდა.
- როგორ გაიხსენებდით თქვენი სიყვარულის ისტორიას?
- ძალიან რომანტიული იყო. ყავარჯნიანი გოგოს შეყვარება არც ისე იოლია, მაგრამ სიყვარული ამ ნაკლს ვერ ხედავს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გრძნობებში გამომიტყდა, მას უანგაროდ ვუყვარდი...
- თქვენს ბავშვობაზე მოგვიყევით.
- ,,უბავშვო“ ბიოგრაფია მაქვს, ეს პერიოდი ძალიან მტკივნეული და სევდიანი იყო. როცა მეგობრები სკოლაში დადიოდნენ, მე საავადმყოფოში ტკივილებს ,,ვათვინიერებდი“. მაშინ ვიპოვე ჩემი ტკივილს წამალი - პოეზია...
- რა პრობლემებს აწყდებით ახლა?
- პრობლემას ყველგან და ყველაფერში ვაწყდები, არაფერი არ არის გამოსწორებული. ეს არის ქაღალდზე დაწერილი, ვითომდა ინტეგრაცია. ჩვენს მისაღებად, არც საზოგადოებაა მზად, არადა უფრო მეტი ყურადღება გვჭირდება...
- თქვენ დედა გახდით, მომიყევით თქვენი მაშინდელი განცდების შესახებ.
- დედობა საოცარი გრძნობაა, რომელსაც ვერ აღწერ, ეს თავად უნდა განიცადო. ჩემი შვილი ნანა ჭუბაბრია, არაჩვეულებრივი ჟურნალისტია. შვილიშვილი რეზიკო ჭუბაბრია კი რჩეულიშვილის პრემიის ლაურიატი გახლავთ. რაც შეეხება მეუღლეს, არჩილ ფირცხალავას, იგი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- რომელია თქვენი საყვარელი პოეტი და რას ურჩევდით ახალგაზრდა პოეტებს?
- ჩემი უსაყვარლესი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეა, ახალგაზრდა პოეტებიდან კი ბევრია კაგრი, არ მინდა ვინმე გამოვყო, ყველა თავისებურად საინტერესოა.
- ყველა პოეტს ჰყავს მუზა, ვინ არის თქვენი მუზა?
- მუზა ჩემი წარსული და სამშობლოა, ტკივილით სავსე საქართველო.
- გაგვიმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები.
- ახლა, სამი წიგნი მაქვს გამოსაცემად გამზადებული. მინდა, მარჯანიშვილის თეატრში შემაჯამებელი საღამო გავაკეთო. რათა ჩემი ცხოვრება მაგალითად ვუჩვენო იმედდაკარგულ ადამიანებს, რომლებიც ეტლში სხედან, ლოგინს არიან მიჯაჭულნი და ცხოვრებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული.
მინდა მათ ვუთხრა, რომ ცხოვრება ბრძოლაა, თუ არ იბრძოლებ, არაფერი გამოვა. ამ ყველაფრისთვის კი კულტურის სამინისტროს და საზოგადოების თანადგომა, ასევე მედიის მხარდაჭერა მჭირდება.